ქალების წინაშე ბავშვივით ატირებული ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი... - გზაპრესი

ქალების წინაშე ბავშვივით ატირებული ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი...

ეს ყველაფერი ჩემთვის მხოლოდ სპორტი არ არის. გარდა იმისა, რომ ცხოვრების წესია, მთელი ცხოვრებაა, წლებია, ამით მოვდივარ", - ამბობს ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, კიკბოქსელი გიგა ჭიკაძე, რომელიც ჰოლანდიაში საკმაოდ წარმატებული და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენია. ჯერ კიდევ ბევრი მიზანი და ოცნება აქვს და იმ გზისთვის, რომელიც ძალიან პატარამ აირჩია, ერთხელაც არ უღალატია და საკუთარ გეგმებს თანდათან ხორცს ასხამს.

- ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ რაღაცებს ანალიზს ადრეულ ასაკშივე ვუკეთებდი.

- სპორტს რომელი ასაკიდან მისდევ?

GzaPress- 4 წლიდან დავიწყე კარატეში ვარჯიში. მამა ძიუდოისტი იყო, მაგრამ მძიმე ტრავმების გამო ვეღარ განაგრძო ასპარეზობა. საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო... მოკლედ, მამაჩემის დამსახურებაა, რომ პატარაობიდანვე ვარჯიში დავიწყე და სპორტში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ისე, ერთი ასეთი ამბავიც შემიძლია გითხრათ: რომ დავიბადე და სამშობიაროდან გამოვყავდი, მამას ასეთი ფრაზა აქვს ნათქვამი (ვიდეოც არსებობს): - აქ დაიბადა მსოფლიოს ჩემპიონი ჩხუბში, გიგა ჭიკაძე... ჰოდა, შემდგომ ასეც წარიმართა ჩემი ცხოვრება... ჯერ თბილისის ჩემპიონი გავხდი, მერე - საქართველოსი, 7 წლისა კი მოსკოვში, მწვრთნელთან ერთად, ტურნირზე აღმოვჩნდი. იმდენს ვვარჯიშობდი, რომ 9 წლისას გულზე მწვავე ნიშნები მქონდა და კარატიდან ფეხბურთზე შემიყვანეს, რადგან ვგიჟდებოდი ბრაზილიასა და ბარსელონაზე. ერთი თვე ვიარე, მაგრამ მერე მწვრთნელის შვილი (ერთად ვთამაშობდით) მაგრად ვცემე, თავხედი ბავშვი იყო (იღიმის) და კარატეზე დამაბრუნეს.

- გიგა, გარეგნულად არ გეტყობა, რომ საბრძოლო ხელოვნებას მისდევ. რატომ? მალავ შენს მონაცემებს?

- სხვებს ალბათ უყვართ საკუთარი ძალის, მონაცემების, უნარის გამომჟღავნება. მე მათ რიცხვს ალბათ არ მივეკუთვნები. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარ და ხშირად, როცა ტურნირზე გავდივარ, წონის დაგდებაც მიწევს.

- რა განათლება გაქვს?

- დავამთავრე 1-ლი კლასიკური გიმნაზია. მერე ამერიკული უნივერსიტეტი ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით, მაგრამ ამ მიმართულებით არ მიმუშავია, რადგანაც 7 წელი ჰოლანდიაში აქტიურ სპორტს მივდევდი. ახლა კი გეზი ამერიკისკენ მაქვს აღებული. მარტში ლოს-ანჯელისში მივემგზავრები, სადაც სპორტის ისეთ სახეობაში უნდა ჩავერთო, როგორიც არის ბრძოლა წესების გარეშე...

- ჰოლივუდს უახლოვდები. იქნებ ფილმშიც გადაგიღონ...

- სხვათა შორის, შემოთავაზებაც მაქვს, "როკის" ახალ სერიას იღებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ალბათ ვერ მოვახერხებ, რადგანაც სპორტული კარიერა ჯერ ამის საშუალებას არ მომცემს, დროს ვერ გამოვნახავ...

- ახლა ჰოლანდიაში ყოფნის პერიოდზე რომ ვილაპარაკოთ. როგორ აღმოჩნდი იქ?

- კარატეში კი ვვარჯიშობდი, მაგრამ რადგანაც კიკბოქსი მიყვარდა, ვცდილობდი, ძალები ამ სპორტში მეცადა და ვარჯიში დამოუკიდებლად დავიწყე, თუმცა, ამ შემთხვევაში კარატეს ბაზა საჭიროა. ის კი არა, დღემდე ვაგრძელებ კარატეში ვარჯიშს ჩემს მწვრთნელ პაატა ჭელიძესთან. ბევრი რამ ჩემს კარიერაში მისი დამსახურებაა.

GzaPressმოკლედ, იმ პერიოდში ისე მოხდა, რომ ცოლი 18 წლისამ მოვიყვანე, კარატეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი მოვიგე და რამდენიმე ჰოლანდიურ კლუბებთან წერილების გაგზავნა დავიწყე. არ მეგონა, თუ მიპასუხებდნენ, მაგრამ დამიკავშირდნენ, - აუცილებლად ჩამოდიო. ავდექი და იქ თამუნასთან (მეუღლე) ერთად ტურისტულად გავემგზავრე. თავიდან პირველი სამი თვე ამსტერდამის კლუბში ვიყავი, მაგრამ ისეთ ადგილას ვცხოვრობდი, რომ ძალიან შეგვაწუხა ხალხმრავლობამ, ტურისტების ნაკადმა, ამასთან, პლანსაც არ ვეწეოდი (იცინის) და ბრედაში გადავედით. იქ საოცნებო კლუბს, "გოლდენ გლორის" ვეწვიე, სადაც ჩემი კერპები ასპარეზობდნენ და უკვე ვარჯიშმა მათთან ერთად მომიწია. მწვრთნელიც ცნობილი იყო, რომელსაც მოვეწონე. მერე ერთ-ერთმა სპორტსმენმა ტრავმა მიიღო და ამერიკელთან მე მომიხდა მის ნაცვლად შერკინება. ის ბრძოლა მოვიგე.

- საქართველოს სახელით გამოხვედი?

- იმ კლუბის, ოღონდ, როგორც ქართველი, საქართველოს სახელითა და ჩვენი დროშით. ასე იყო სულ. არც იქაური მოქალაქე გავმხდარვარ. უბრალოდ, ცხოვრების უფლება მქონდა. თავიდან უცხო ქალაქში რთული იყო პირველი ნაბიჯების გადადგმა. საერთოდ, ასეა, ტურნირის შემდეგ, ორთვიანი პაუზაა ხოლმე, რომ ენერგია და ძალები სრულად აღიდგინო, დაისვენო, თუ ტრავმები გაქვს, მოიშუშო, მაგრამ იმის გამო, რომ თავიდან რთული იყო თავის დამკვიდრება, ამასთან, ისეთი სპორტსმენიც არ ვიყავი, ვისაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა, დაბალი შემოსავალი მქონდა, რის გამოც მიწევდა, თვეში სამჯერ მებრძოლა. ყოველი ტურის შემდეგ, ჩემი ჰონორარი იზრდებოდა. რაღაც პერიოდი ტაილანდშიც ვიყავი, ტურნირები იქაც მქონდა და მოვიგე. მერე ამსტერდამში სხვა კლუბში გადავედი. მოკლედ, რაც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

- მეუღლე ალბათ გგულშემატკივრობს, ესმის შენი?

- თამუნა რომ გავიცანი, 14 წლისა ვიყავი, ერთ სკოლაში ვსწავლობდით და როგორც კარატისტი გიგა, ისე გამიცნო. ჩემს სპორტსმენობას თავიდანვე შეგუებული იყო. როგორც უკვე ვთქვი, ოჯახი 18 წლისებმა შევქმენით და მეუღლემ ბევრ რამეში შემიწყო ხელი და დღესაც ასეა. თან, თვითონაც ახერხებს თავისი მიზნების განხორციელებას. "იესემი" დაამთავრა, ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით, რამდენიმე ქართულ კომპანიაშიც მუშაობდა (ერთი პერიოდი, როცა მე იქით ვიყავი და ის - აქეთ), ხოლო როცა ჰოლანდიაში ვცხოვრობდით, იქაც მუშაობდა. მაგისტრატურაც დაამთავრა და კარგი გეგმები აქვს...

- გიგა, მნიშვნელოვანია, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, საქველმოქმედო საქმე დაიწყე, დააარსე ფონდი - "დაამარცხე სიმსივნე" და როგორც ცნობილია, ფონდმა უკვე 20 ქალბატონის განკურნება შეძლო...

- კი, დედას მძიმე სენი 41 წლისას აღმოაჩნდა, ვუმკურნალეთ, პრობლემაც მოიხსნა, მაგრამ სხვა მძიმე სენის გამო 2013 წლის 1-ელ მარტს, 47 წლისა გარდაიცვალა. დედის გარდაცვალების შემდეგ, უმცროს დასთან, კესოსთან ერთად დავაფუძნე ფონდი - "დაამარცხე სიმსივნე," რადგანაც დედის ავადმყოფობის დროს ძალიან რთული იყო ფინანსების მოძიება. რაღაცების დაფინანსება კი შევძელით ჯანდაცვიდან, სხვადასხვა სტრუქტურიდან, საჭირო თანხის შეგროვებაში ჩემი სპორტსმენობაც მეხმარებოდა. იმ პერიოდში ძირითადად თბილისში არც ვიყავი, ტურნირები მქონდა და ჩემს მხარდაჭერას ისე გამოვხატავდი, რომ მქონდა სლოგანი: "დაამარცხე სიმსივნე", რომელიც მაისურზე იყო აღბეჭდილი, რაშიც მხარი მეგობრებმაც ამიბეს და უცხოელი სპორტსმენებიც ამ სლოგანით ასპარეზობდნენ. ვიმეორებ, დედისთვის ფინანსური მხარდაჭერა სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ გამიჭირდებოდა. ამიტომ, სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლად, ვეცადეთ, შეგვექმნა ეს ფონდი. პირველი თანხები 2014 წლის ზაფხულში, ჩემი ორგანიზებით საქართველოში სპორტის სასახლეში გამართული კიკბოქსის პირველ საერთაშორისო შოუს გაყიდული ბილეთებიდან შემოვიდა, რაც სრულად გადავრიცხეთ ფონდში. მერე რამდენიმე უცხოეთში მოღვაწე მეგობარმაც გადმორიცხა ფული. იმ პერიოდში გაეროდანაც დამიკავშირდნენ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში მთხოვეს ჩართვა. პარლელურად, ქალაქ გლობათონიაში გამართულ მარათონსაც შევუერთდი, რომლებიც სიმსივნიანი ადამიანების მხარდასაჭერად იმართება და საქართველოს რეგიონები შემოვიარეთ...

- სიმსივნიან პაციენტებს როგორ დაეხმარეთ?

- თავიდან არ ვიცოდით, როგორ გამენაწილებინა ის შეგროვებული თანხა და ვკითხულობდი, - ვინმე თუ იცით, ვის შეიძლება დავეხმაროთ-მეთქი? მერე ბევრი ადამიანი გამოჩნდა. თანხის ყველაზე განაწილება შეუძლბელი იყო, ყველას გულს კი მოვიგებდი, მაგრამ რეალურად ვერავის დავეხმარებოდი. ამიტომ, სკრინინგცენტრს დავუკავშირდი, რომლებმაც პაციენტები სხვადასხვა რეგიონიდან შეარჩია და არსებული თანხა მათზე გადანაწილდა. რაღაც დროის შემდეგ, მაცნობეს, რომ ის ქალბატონები კარგად არიან, ჯანმრთელად და თქვენთან შეხვედრა უნდათო. თავიდან მომზადებული მივედი, მათთვის უნდა მომეყოლა ჩვენი ამბავი, მაგრამ როდესაც წარმადგინეს ქალების წინაშე, ცრემლები წამომივიდა და პატარა ბავშვივით ავტირდი. ვერაფერი ვთქვი. მოკლედ, 20-მდე ქალბატონი გამოჯანმრთელდა, რომლებიც მეუბნებოდნენ, - გიგა, კი დაკარგე ერთი დედა, მაგრამ ხედავ, ჩვენი სახით რამდენი გულშემატკივარი შეიძინეო?..

- რას იტყვი შენს 5 წლის გოგონაზე?

GzaPress- ნიტას აღზრდა თავიდან, თავის თავზე დედაჩემმა აიღო, ბებიას და შვილიშვილს საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. თავიანთი სამყარო ჰქონდათ. მე და დედაც ახლო მეგობრები ვიყავით. ასტროლოგიურადაც ერთი ნიშნის ქვეშ ვართ დაბადებულები. ახლა ნიტა ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება. მაიკლ ჯექსონი უყვარს და ძალიან უნდა, ჰოლივუდში წასვლა, რომ იქ ჯექსონის სახლი ნახოს. რამდენჯერმე ჩემს ასპარეზობაზე მოვიდა და მოეწონა, რომ მამიკომ გაიმარჯვა და ისიც ესიამოვნა, იქ ჩემი სახელი და გვარი რომ გამოცხადეს. ერთი პერიოდი ამბობდა, - კიკბოქსზე სიარული მეც მინდა, რომ გარეთ, ბილბორდებზე გამოკრული ვიყოო (იღიმის). თამუნა ჩხუბებზე სულ დამყვებოდა. თავიდან, მცირე ანაზღაურება რომ მქონდა, ჩემი ასპარეზობის ვიდეომასალა უნდა გვეყიდა, მაგრამ მაგის საშუალებაც არ გვქონდა. ამიტომ თამუნა ჩემს ჩხუბს კამერით იღებდა ხოლმე. ერთხელაც, მორიგი გადაღებისას, მოწინააღმდეგის გულშემატკივარმა ხელში ჩაარტყა, - ამას კი არა, იმას გადაუღეო. ეს რინგზე მყოფმა დავინახე, ბრძოლა მოვიგე და რომ გამოვედი, მერე იმ ტიპთან მქონდა ცალკე ჩხუბი...

- ისე, როგორც პროფესიონალი სპორტსმენი ცხოვრებაში ხშირად გიწევს ილეთების გამოყენება?

- მაქსიმალურად ვცდილობ, არ გამოვიყენო, მაგრამ ქართული ხასიათი მოგეხსენებათ და საქართველოში ერთი-ორჯერ გამოვიყენე. თუ რამე შემეძლო, ყველაფერი დავთმე, ბოდიში მოვიხადე, გავერიდე სიტუაციას, მაგრამ გავიდა რაღაც პერიოდი და მომაკითხეს. მოკლედ, ყველაფერი თავის ადგილზე რომ დამეყენებინა, გამოვიყენე. ისე, ხომ ვამბობ, ვარიდებ ასეთ ამბებს თავს. რაც შეეხება რინგს, მთავარია, საკუთარი თავის ირწმუნო და ყველაფრის დაძლევას შეძლებ.

ლალი ფაცია