რა სასწაულებს ახდენს წმინდა მარიამის სარტყელი - გზაპრესი

რა სასწაულებს ახდენს წმინდა მარიამის სარტყელი

ათონის მთაზე მოხვედრა ყველა მართლმადიდებლის ოცნებაა, ზოგი ახერხებს და ზოგიც მხოლოდ იმ მონაყოლს სჯერდება, რომელსაც სხვადასხვა საშუალებით ეცნობა. როგორც ბადრიმ გვითხრა, მისი ათონზე მოხვედრა სრულიად შემთხვევით მოხდა:

- 2008 წელს ომის შემდგომ, დეკემბერში წავედი საბერძნეთში. ჩემი წასვლა სუფთა მატერიალური გარემოებებით იყო განპირობებული. არალეგალურად წავედი. ჯერ თურქეთში ჩავედი და იქიდან ფეხით გადავედი საბერძნეთში. წელიწად-ნახევარი ვიყავი სალონიკში და იქ ვმუშაობდი. მერე დამიჭირეს, როგორც არალეგალი და 4 თვე ვიყავი ციხეში. მხოლოდ ამის მერე მომცეს საბუთი, რომელიც საბერძნეთში მუშაობის უფლებას მანიჭებდა. ციხეში ყოფნისას გავიცანი ერთი ბიჭი, ვინც ათონის მთაზე იყო ნამყოფი და თავდაპირველად მან ამიხსნა იქაური სიტუაცია. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა ციხეში ყოფნისას - იქ იყვნენ მუსლიმანებიც. ჩვენ, მართლმადიდებლებმა ერთიანი ძალებით დავიწყეთ და აღვადგინეთ შვიდგზის ლოცვის ტრადიცია და ყოველდღე ვლოცულობდით. საინტერესოა ისიც, რომ მუსლიმებიც აგვყვნენ და ისინი საკუთარ რელიგიურ რიტუალებს ასრულებდნენ. 4 თვის მერე, როცა გამომიშვეს, იმ ბიჭს შევეხმიანე, რომელიც ათონზე ცხოვრობდა და მითხრა, - ათონზე ჩამოდიო. ასე მოვხვდი ამ წმინდა მთაზე. პირველად ზოგრაფის მონასტერში მივედი, სადაც ერთი დღით დავრჩი. ამის მერე 2-3 მონასტერში კიდევ ვიყავი და ბოლოს მივედი წმ. პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში, რომელიც უზარმაზრ ტერიტორიაზეა გაშენებული - ერთი პატარა დასახლებაა.

- და აქვე დაიწყეთ მუშაობა?

- საერთოდ, ძალიან რთულია, იქ სამუშაოდ მოწყობა. შევხვდი მონასტრის წინამძღვარს, მამა მაკარს, რომელიც საოცარი ადამიანია. ის ბერობის პერიოდში საქართველოში ცხოვრობდა 2 წლის განმავლობაში და უდიდესი სიყვარული აქვს ქართველების მიმართ. თვე-ნახევარი მაკვირდებოდა და მხოლოდ ამის მერე ამიყვანეს სამუშაოდ. ამ პერიოდის განმავლობაში, ღვთის სადიდებლად, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ვმუშაობდი. უხეშად რომ შევადაროთ, როგორც ბერობის მსურველს აქვს მორჩილების პერიოდი, დაახლოებით ეს იყო ჩემთვის ეს თვე-ნახევარი. იქ ძალიან მშვიდი ცხოვრება აქვთ და თუ შენ რაიმე შფოთი შეიტანე ან სხვა მხრივ შეუშალე ხელი, არავინ დაგტოვებს. ერთი დღით იქ ყველას შეუძლია დარჩენა, ყველას დააპურებენ, თუნდაც ქრისტიანი არ იყოს, მაგრამ თუ უფრო მეტხანს გინდა გაჩერება, აუცილებლად გაკვირდებიან, რამდენად შეეთვისები იქაურობას.

- რამდენადაც ვიცი, თქვენი ოცნება იყო ათონის მთაზე წასვლა და ამას ერთი კონკრეტული მიზეზიც ჰქონდა... GzaPress- დიახ, ნამდვილად ასე იყო. საქართველოში ყოფნის დროს გავიგე, რომ ივერონის მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერი ჩემი მოგვარე ყოფილა, - მამა ტიხონი შერაზადიშვილი, რომელიც 1955 წელს გარდაიცვალა. სიმართლე რომ ვთქვა, ვერც წარმომედგინა, თუ ოდესმე ათონზე მოვხვდებოდი, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა და სწორედ უფლის ნება იყო ისიც, რომ საბერძნეთის ციხეში მოვხვდი, სადაც ის ადამიანი გავიცანი, ვინც ათონზე წასვლაში დამეხმარა. ივერონის მონასტერში რომ მივედი, ჩემდა საბედნიეროდ, აღმოჩნდა ერთი მოხუცი ბერი, მამა კალენიკე, რომელიც მამა ტიხონთან ერთად მსახურობდა. მითხრა, - მთელი მონასტერი საოცარი სიყვარულით იყო მამა ტიხონისადმი განმსჭვალულიო. სამწუხაროა, რომ დღეს ივერონში ქართული კვალი აღარ შეინიშნება. წარწერები გადაკეთებულია ბერძნულ ენაზე, წირვა-ლოცვა ბერძნულ ენაზე მიმდინარეობს, ქართველი ბერი იქ არ მოღვაწეობს და ეს ცოტა არ იყოს, გულდასაწყვეტია.

- თქვენს წარმოშობას რომ იგებდნენ, უხეშად ხომ არ გექცეოდნენ?

- თქვეს, თითქოს ადრე ქართველებს უხეშად ექცეოდნენ და ივერონში მათი შეშვებისგანაც თავს იკავებდნენ, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში მსგავსი არაფერი მინახავს. რამდენჯერაც ივერონში მივედი, უდიდეს სითბოს ვგრძნობდი მათგან. ერთხელ ასეთი შემთხვევა იყო: ტრაპეზზე დავრჩი იქ. ტრაპეზის დროს წინამძღვარი ქადაგებს, კითხულობს პატერიკებს, რათა ვინემს ჭამის დროს გონება არ გაებნეს და ისევ ღმერთზე იფიქროს. სამწუხაროდ, ბერძნული კარგად არ ვიცოდი და ჩემმა მეგობარმა მითარგმნა, რომ წინამძღვარს უთქვამს, - მე ივერონის წინამძღვარი ვარ და ეს ნიშნავს, რომ მე ქართველიც ვარო. იღუმენის ეს სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავს, სიტუაციის დათბობის მანიშნებელია.

- ნაწინასწარმეტყველებია, რომ ღვთისმშობლის ხატი, მეორედ მოსვლისას, ათონის მთას დატოვებს და საქართველოში ჩამობრძანდება. მთაზე მცხოვრებნი თუ საუბრობენ ამაზე და თუ სჯერათ ამის?

- კი, ამბობენ და იციან, რომ ეს უსათუოდ მოხდება. სხვათა შორის, მანამ, ვიდრე ცივილიზაცია შევიდოდა (ტელეფონი, ინტერნეტი და სხვა), ივერონში ათონის მთის ყველა მონასტრიდან იგზავნებოდა ხოლმე ერთი ადამიანი, რომელიც ამოწმებდა, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ისევ იქ იყო თუ არა და შემდეგ მიჰქონდა ინფორმაცია თავის მონასტერში. მორწმუნეებს ეს სჯერათ და ვინც არაა მორწმუნე, შეიძლება, მათთვის მითოლოგია და დაუჯერებელი იყოს, მაგრამ მათ რომ იცოდნენ, რამხელა სასწაულებს ახდენს ღვთისმშობლის ხატი, არაფერი იქნებოდა წარმოუდგენელი. მე მქონდა ბედნიერება, ეს ხატი ხელში მჭეროდა. ენით ვერ აღვწერ, ისეთი განცდაა. გრძნობ, რომ ცოცხალ ადამიანს ეხები, საკუთარ დედას. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სითბო მოდის ხატისგან.

- ვადოპედის მონასტერში ინახება ქალწული მარიამის სარტყელი, რომელიც მას წელზე ერტყა, როდესაც მაცხოვარზე იყო ფეხმძიმედ. ათონზე სტუმრად ჩასულებს თუ აქვთ ამ სიწმინდესთან მიახლების საშუალება?

- დიახ, ეს ქამარი ინახება ვადოპედის მონასტერში და საოცარ სასწაულებს ახდენს. ძირითადად უშვილობის მკურნალად მიიჩნევა, თუმცა სხვა დაავადებებსაც კურნავს. მისი მოლოცვის საშუალება ყველას აქვს. მონასტრის სტუმარს შეუძლია, წამოიღოს ლენტი, რომელიც ამ სარტყელზეა შეხებული, სპეციალური ლოცვები ეკითხება და იძენს სასწაულმოქმედ ძალას. რამდენიმე წლის წინ ინგლისის პრინცი იმყოფებოდა მონასტერში. როდესაც სარტყლის შესახებ მოუყვნენ, მისი დელეგაციის ერთ-ერთ წევრს (რომელიც სამეფო დინასტიიდან იყო) უთქვამს, - არ ვარ მართლმადიდებელი და თუ შეიძლება წავიღო? მე და ჩემს ცოლს წლებია, შვილი არ გვყავს და მედიცინა უძლური აღმოჩნდაო. ბუნებრივია, აჩუქეს ლენტი და ზუსტად ერთი წლის შემდეგ ეს კაცი ჩამოვიდა მონასტერში, ბიჭი შემეძინაო და მონასტერს 20 მილიონი დოლარი შესწირა.

- ათონის მთაზე აკრძალულია ქალების შესვლა. გვახსოვს, რომ 2004 წლის ათენის ოლიმპიადის დროს, საბერძნეთის მთავრობას სთხოვდნენ, მთაზე ქალების შესვლის უფლება დაეშვათ. დღეს როგორი სიტუაციაა ამ მხრივ? GzaPress- საბერძნეთის მთავრობა ვერ დააკანონებს ამას, რადგან ეს ქვეყანა მაინც მართლმადიდებლურია. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მორწმუნე არაა და არ ცხოვრობენ მართლმადიდებლურად, როცა კი რაიმე პრობლემა წარმოიშვება, რომელიც სარწმუნოებას ეხება, მართლმადიდებლობის ხმალამოღებული დამცველები ხდებიან. ასე რომ, გამორიცხულია, მათ ათონზე ქალის ასვლის დაკანონება დაუშვან. ქალების დაშვებას ითხოვს ევროკავშირი, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ესაა ქალთა უფლებების დარღვევა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ გამორიცხულია, ათონზე ქალის მოხვედრა დაუშვან. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მთის ტერიტორიაზე ქალების შესვლა დაუშვეს და ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს მოხდა დოჰიარში. ეს მონასტერი არ არის, ეს ასე ვთქვათ, მისაღებია, საიდანაც მერე მთის სხვადასხვა მონასტერში ნაწილდება ხალხი. დოჰიარის პორტში წინა ბაქანი დაუთმეს კუნძულებიდან გამოხიზნულ ადამიანებს, რომლებიც ფაშისტებს გამოექცნენ და დოჰიარიდან სხვა გემებით უნდა მომხდარიყო მათი სამშვიდობოზე გაყვანა. მხოლოდ ამ ერთხელ მოხდა ქალების შესვლა და ისიც მხოლოდ ნაპირზე. ესეც იმიტომ დაუშვეს, რომ ადამიანების გადარჩენაზე იყო საუბარი.

- ბადრი, თქვენ მსახურობთ რუსულ მონასტერში. ქართულ-რუსული ურთიერთობა დღეს, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან ცუდია და ამაზე თუ საუბრობთ ხოლმე მონასტრის საძმოსთან?

- ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთ ურთიერთობას ძალიან განიცდიან. იქ მყოფ ქართველებს ძალიან თბილად გვეპყრობიან და თითქოს ამით გამოხატავენ ჩვენდამი თანადგომას. უდიდესი პატივისცემა აქვთ ჩვენი პატრიარქის მიმართ. მათი მიდგომა ილია მეორის პიროვნებისადმი შეიძლება შევადაროთ წმინდანთან მორწმუნის ურთიერთობას. საოცარი რიდი და სიყვარული აქვთ წმინდა ბერი გაბრიელ-სალოსის მიმართაც. ეს განცდა ჯერ კიდევ მანამდე ჰქონდათ, ვიდრე წმინდანად შერაცხავდნენ და ახლა უკვე ხატებს ეთაყვანებიან.

- დღესდღეობით ქართული წირვა-ლოცვა თუ აღესრულება მთაზე?

- სიმონა პეტრას მონასტრის იღუმენმა ქართველ ბერებს დაუთმო სკიტი. ესაა ბერძნული მონასტერი, მაგრამ მონასტრის საძმომ კეთილი ნება გამოიჩინა და ერთი სკიტი ქართველებს დაუთმო. შარშან, 21 სექტემბერს, 80-წლიანი ინტერვალის შემდეგ, პირველად აღევლინა წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე. 1932 წელს დაიწვა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სკიტი (სხვათა შორის, ახლაც იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სკიტში მიმდინარეობს ქართული წირვა-ლოცვა), მაშინ ბერებიც გარდაიცვალნენ და მას შემდეგ ქართული წირვა-ლოცვა აღარ ყოფილა. ამჟამად კიდევ შენდება ორი ქართული სკიტი. ათონის მთის შიდა კანონმდებლობით, 20 მონასტერზე მეტი იქ არ შეიძლება იყოს და სწორედ 20 მონასტერია ახლა, ამიტომ სკიტის აშენებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საოცრად ტკბილია ათონის მთაზე ქართული წირვის მოსმენა. ლადო გოგოლაძე, ჟურნალი "გზა"