"ეკობიჭი" უკანა ფშავიდან - გზაპრესი

"ეკობიჭი" უკანა ფშავიდან

ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ე.წ. მაღალმთიანი სოფლების შესახებ კანონმა საშემოსავლო გადასახადზე დააწესა შეღავათები 18 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისათვის, თუმცა, ბოლო ოცწლეულში მთის მოსახლეობისათვის ამ კანონს არ უმოქმედია, რადგან ამ ზონის მოსახლეობა დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული.

ახალი კანონპროექტი, რომელიც თებერვლის ბოლოდან იქნება პარლამენტის განხილვის თემა, ითვალისწინებს მთაში ბიზნესის "ამტანთათვის" გადასახადებისგან გათავისუფლებას 3 წლით. თუნდაც მიღებული იქნას ეს კანონპროექტი, საქართველოს მთიან რეგიონებში არც გზაა, არც - ელექტროენერგია და არც - მუშახელი. ანუ, კანონი ფაქტობრივად, უმოქმედობისთვის არის განწირული.

ქართული მთის სულმიხდილი სოფლების არსებობისთვის აუცილებლად გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები, მოტივაციის გაზრდა და ისეთი ახალგაზრდების წახალისება, როგორიც უკანაფშაველი ნოდარ ტოხოსაშვილია.

GzaPressნოდარი თბილისში დაიბადა. ახლა 23 წლისაა, ჩვილობიდან 7 წლის ჩათვლით უკანა ფშავში (სოფელ ტოლისოფელში) ცხოვრობდა. დედით ფშაველი, მამით ქისტი პირველ კლასში "დაუსწრებლად" სწავლობდა: მშობლის ხელმძღვანელობით შეისწავლა წერა-კითხვა და არითმეტიკა. ბოლო ორი კვირა იარა მხოლოდ საშუალო სკოლის პირველ კლასში, შემდეგ დუშეთში წავიდა ოჯახი, რადგან "დაუსწრებლად" დანარჩენ კლასებს ვერ დაასრულებდა. ზაფხულის არდადეგებსაც სხვებზე ადრე იწყებდა, მასწავლებლებს დაეთხოვებოდა და უკანაფშავისკენ ხალისით მიდიოდა. დეკა, ფშავის არაგვი, საუკეთესო ჰავა, დედის მზრუნველობა ერთბაშად დაეტყო და BIO BOY-დ გაიზარდა. "ბიობიჭობას" შეხედვისთანავე შეატყობ. ნოდარი ლამის "ორმეტრიანია". ხალისიანი თვალები, სწრაფი მოძრაობა, ალკოჰოლისა და სიგარეტის უარყოფა, შრომისმოყვარეობა, მთის სიყვარული და მარკეტინგის ნიჭი მისაბაძ ახალგაზრდა კაცად წარმოგვიდგენს ახალგაზრდა ტოხოსაშვილს.

საშუალო განათლების კვალობაზე, ნოდარს კარგი ცოდნა აქვს. "გაქცეული ინგლისელის" მოსაბრუნებელი ინგლისურიც იცის, დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიასაც კარგად ფლობს, კარაქ-ერბოსა და ყველს თავისი ხელით აკეთებს, კარტოფილს, სტაფილოს, ბოლოკს, ნიორს, კიტრს თესავს და დაზამთრებამდე ბარისკენ გზავნის გასაყიდად.

ტოლისოფლიდან შუაფხომდე 14-კილომეტრიანი რთული გზაა. მაღალი გამავლობის მანქანების გარდა, უკანა ფშავში ვერაფერი აღწევს. თუ სხვა ავტომობილით გადაწყვეტ მგზავრობას, მანქანიდან ჯართი შეგრჩება. მაღალი გამავლობის მანქანების დაქირავება ძვირი ჯდება. სამაგიეროდ, შედარებით იაფია ცხენი და ცხენზე უფრო იაფი კი - საკუთარი ზურგით ტვირთის ზიდვა. ნოდარს კი მგლის მუხლი აქვს, შეიძლება - დევის და სულაც არ უჭირს ტვირთის შუაფხომდე ჩატანა. თუმცა, ვიდრე წამოსაღები ექნება რამე, მანამდე უკანა ფშავში თოვლის გალღობისთანავე უნდა ავიდეს, ბარგი-ბარხანით. სასტარტოდ ფქვილი, შაქარი, სამიოდე გოჭი, სიავითა და ერთგულებით გამორჩეული ბომბორა ძაღლი ტუია, ათასი წვრილმან-მსხვილმანი უნდა წაიყოლოს დუშეთიდან სოფლისკენ. მერე მიწას უნდა შეეჭიდოს, ბარით ხუთოყიანი ბელტები ამოაბრუნოს, დასათესი დათესოს და ლაფანყურიდან ამოყვანილი ასაზიარებელი ძროხები მიიბაროს. თუ კარტოფილი, სტაფილო განსაკუთრებული მზრუნველობის გარეშე იზრდება და სარეველების შემოცილების გარდა არაფერი სჭირდება, ძროხების პატრონობაა რთული. 10-12 ძროხა დღეში 100 ლიტრ რძეს მაინც იძლევა. ხელნატკენი დედა ამდენ რძეს ვერ ჩამოწველის. სამაგიეროდ, ნოდარს ბოლო წვეთამდე შეუძლია გამოაცალოს რძე იალაღებზე გათამამებულ პირუტყვს და 8-9-კილოგრამიანი ყველის თავები (წველები) ამოიყვანოს. ცალკე ისაა საფიქრალი, ნადირმა ფშავის არაგვი არ გამოტოპოს მალულად და ძროხები ხინკალივით არ გადაყლაპოს. მოკლედ, მოსაწყენად და დეპრესიაში ჩასავარდნად არ სცალია ნოდარს.

ნახევარი ღალა ძროხების მეპატრონისაა, ნახევარი კი მომვლელს ეკუთვნის, დაუწერელი კანონის მიხედვით. დღეში 15-20 კილოგრამი მოუხდელი ყველი ცოტა არ არის. ნელა მიზოზინობს ზაფხულის გრძელი დღეები, მაგრამ სწრაფად ივსება ყველით, ერბოთი და კარაქით ჭურჭლები, ტომრებში კარტოფილი და სხვა ძირხვენები მოექცევა, ფშაური სახლის ჭერ-სახურავიც თავისას მოითხოვს და ავდრისგან გაფუჭებული გზაც. ყველაფერს სჭირდება ნოდარის ხელი, მაგრამ არ წუწუნებს. შვეიცარიული ალპური სოფელი მისთვის სანიმუშოა. ასეთად უნდა აქციოს უკანაფშავი. ახლახან გაიგო, რომ ქართული რუხი ფუტკრის სუფთა გენეტიკური ხაზი გასულ საუკუნეში, მის სოფელში აღმოუჩენიათ. ცდილობს, რომ ფუტკარიც მოაშენოს, მთის სუფთა პროდუქტები დედაქალაქის მოსახლეობას დროულად მიაწოდოს (განა მარტო თავისი, მეზობლებისაც) და ქვეყანას გააგებინოს, რომ შვიდიოდე ოჯახს ფშაურ სოფელში დენი და კავშირგაბმულობა არა აქვს, მაგრამ პერსპექტივა კი დიდია! ხელის კულტივატორის ყიდვას აპირებს, თუ არა და, ბარის ტრიალიც არ უჭირს. გასულ წლებში სოფლის პროგრამით დაუხნეს სავარგულები, მაგრამ ფქვილის ტომრისხელა ბელტები თავიდან დასამუშავებელი გაუხდა. კოოპერატივის დაარსებაზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან უკანა ფშავში მუდმივად მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს და მათგან უმეტესი ხანდაზმულია.

გერმანიაში ერთხელ ნამყოფია, მაგრამ კიდევ უნდა წასვლა. ისიც მხოლოდ მაშინ, როცა აგროსექტორში "დიდი დასვენება" იქნება. ბერლინური "მწვანე კვირეული" მისი პროდუქციისათვის სამოთხე იქნება. ფიქრობს, რომ მოცვისა და დეკას ჩაი, დამბალხაჭო, ყველი, კარაქ-ერბო და თავისი მოწეული მცენარეული სხვა პროდუქტი გაიყოლოს გერმანიაში.

რა სჭირდება უკანაფშავს იმისათვის, რომ შვეიცარიას ტოლი არ დაუდოს? გზა, მიკროჰესი, მობილური კავშირგაბმულობა, შეღავათიანი სესხები, დანარჩენი თავისით მოჰყვება მუშაკაცის მცდელობას.

სოციალურ ქსელებს თუ ბევრი ახალგაზრდა ლაზღანდარობისა და დროის გასატარებლად იყენებს, ნოდარი თავისი "სამსუნგით" პირდაპირ მარკეტინგულ-სარეკლამო აქციებს აწყობს. უკვე ბევრმა იცის, როდის რას ჩაიტანს ფშავიდან "ეკობიჭი" და როგორ გაყიდის იმ პროდუქციას, რომლის ხარისხიც ფასზე მეტია. უბრალოდ, ნოდარი ჯერ ვერ ახერხებს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას ანუ ტრაფარეტულად თუ ვიტყვით, მიწოდებას მოთხოვნა აჭარბებს.

GzaPressშემოდგომამდე სამი გოჭი სამ უზარმაზარ ღორად იქცევა, წიწილები - ქათმებად, სათესლე კარტოფილი ხუთმაგდება, დაკეცილი ცელოფანები ივსება ყველითა და სხვა სანოვაგით. მოწეული მოსავალი და სანოვაგე წინა წლის თოვლივით ქრება თბილისში ჩასვლისთანავე. სამაგიეროდ, ჯიბე ისე ივსება, რომ მომდევნო წლის დადგომამდე სხვისი ხელის შემყურე არ იქნება ტოხოსაშვილი.

ჰო, კიდევ! ისეთი ცოლი უნდა შეირთოს, რომელსაც სოფელიც ეყვარება და შრომაც. ჯერ არ ფიქრობს დაქორწინებას, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ერთი ტოხოსაშვილის ნაკვალევს რამდენიმე მგლისმუხლა უნდა მიჰყვეს, რომ უკანა ფშავში იყოს სოფელი და არა - კიდევ ერთი ნასოფლარი!

გერმანია იქნება თუ სხვა სახელმწიფო, თუნდაც თბილისი თუ ხაშური, ნოდარ ტოხოსაშვილი ყველგან იქნება ფშავის კეთილი ნების ელჩი. უყვარს სოფელი და არასდროს იცხოვრებს სოციალური შემწეობის ან პენსიის მოლოდინით. ტყე, მიწა, პირუტყვი იმდენად არ გაძუნწდება, რომ თავმოყვარე ჯანმრთელ ადამიანს გემრიელი და ნოყიერი ლუკმა დაამადლოს. ასე ფიქრობს ტოხოსაშვილი და სული კბილით უჭირავს, როდის მოვა აპრილი, რომ გუდა-ნაბადი აიკრას და არაგვის ხეობაში სიცოცხლის დინებას ფეხი აუწყოს!

- მინდა, საქართველოში იყოს ეკოსოფლები, სადაც ხალხი უწყვეტად შეძლებს პროდუქციის წარმოებას, ტრანსპორტირებასა და გასაღებას. შეიძლება, ამაზე ბევრს გაეცინოს, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება. შვეიცარიული სოფლები რომ მოგვწონს, იქ ბევრი შრომაა ჩადებული, მაგრამ მსგავსის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია. საოჯახო სასტუმროები და აგროტურიზმი უნდა განვითარდეს, მაგრამ უდენოდ და ინტერნეტის გარეშე მთის სოფელში ვერავის ამოიყვან, გზებიც უნდა მოწესრიგდეს. დუშეთიდან უკანაფშავამდე 80 კილომეტრია და მანქანის დაქირავება 200 ლარი ჯდება, შუაფხოდან ჩემს ბებერ სახლამდე მისვლისთვის 50 ლარი უნდა გადაიხადო ქირა. კარგი გზა იაფ ტრანსპორტირებას ნიშნავს, იაფი ტრანსპორტი პროდუქციის უწყვეტად მიწოდებას. რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ ქართული მთის ასაღორძინებლად, - ამბობს ნოდარი და ოცნებით ფერადოვნად ხატავს თავის მომავალს.

ახლახან ერთი საინტერესო წინადადება შესთავაზა ნოდარმა "ფეისბუკის" მომხმარებლებს: კარტოფილის თესლი მომაწოდეთ და ერთს ორად დავაბრუნებ, თან - ეკოლოგიურად სუფთასო. მსურველი ბევრი გამოჩნდა და კიდევ მეტი გამოჩნდება. ნოდარს კი იმ აგრეგატის იმედი აქვს, რომელსაც "წიქარას" ეძახის.

- მინიტრაქტორით უკანაფშაურ მიწას ადვილად და ხარისხიანად დავამუშავებ, მცირედით დავიწყებ და ბევრს მივაღწევო. ოცნება არ არის ეს, რეალური გეგმაა და მის განხორციელებაში ვერავინ შეუშლის ხელს თვალებბრიალა ეკობიჭს!

როლანდ ხოჯანაშვილი