ავტოავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი შეეწირა - გზაპრესი

ავტოავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი შეეწირა

შედეგი უმძიმესია. ადგილზე დაიღუპნენ მცირეწლოვანი ძმები, 6 წლის ლაშა-გიორგი და 4 წლის ოთარ ჩუბინიანები, მათი დედა, რუსუდან ხუციშვილი კი მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, ის გზაში გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყველაფერი წამებში მოხდა. მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, შეჯახება ძლიერი იყო და მგზავრების ნაწილი მიკროავტობუსიდან გადმოცვივდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ოპერატიულად იმუშავეს, იქ მისულებს დაშავებულები შემთხვევის ადგილზე მიმოფანტული დახვდათ. მგზავრები ქარელისა და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სხვადასხვა სახის დაზიანება 7-მა მგზავრმა მიიღო, აქედან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, ამიტომ მათი თბილისში გადაყვანა გადაწყდა. ერთი არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მას თავის ქალის ტრავმა აქვს.

GzaPressსამწუხაროდ, ტრაგედიის მეორე დღეს დაშავებულებიდან კიდევ ერთი ქალბატონი, ლალი სიხარულიძე გარდაიცვალა. ის მეუღლესთან ერთად ბორჯომში მიდიოდა. თავად სიხარულიძის მეუღლე სიკვდილს გადაურჩა, მას ხელი აქვს მოტეხილი. დანარჩენი მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათი ნაწილი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სახლში გაუშვეს.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ეს მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

სამართალდამცავებმა მიკროავტობუსის მძღოლი უკვე დააკავეს. ის თბილისში მცხოვრებია. თურმე წლებია, თბილისი-ვალეს რეისზე მუშაობს.

უმძიმესი ვითარებაა ჩუბინიანების ოჯახში. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, დედა და მისი ორი პატარა ვაჟკაცი ახალციხეში გადაასვენეს. ისინი ქალაქის ცენტრში, კორპუსში ცხოვრობდნენ. მომხდარმა შეძრა მთელი ქალაქი. უამრავმა ადამიანმა დაიტირა ცხარე ცრემლით. 27 თებერვალს მიაბარეს მიწას. დაღუპულების ახლობლები ისე განიცდიან მომხდარს, რომ მათზე წარსულ დროში საუბარი ძალიან უჭირთ, ამიტომ ინტერვიუსგან ყველამ თავი შეიკავა.

30 წლის რუსუდან ხუციშვილი ქარელიდან იყო, მან სიყვარულით შექმნა ოჯახი. ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად ქარელში, მშობლებთან ყოფილა სტუმრად. როგორც მეზობელმა გვითხრა, რუსოს მამა იყო ავად და გოგონა მამის მოსანახულებლად ჩავიდა სოფელში. იმ საბედისწერო დღეს, შვილებთან ერთად შინ, ახალციხეში ბრუნდებოდა. ისინი მიკროავტობუსს ქარელის გადასახვევთან დახვდნენ. ახალი ასულები იყვნენ მანქანაში, როცა ეს საშინელი ავარია მოხდა.

მომხდარი ტრაგედიის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა რუსუდანის მეუღლე. ის ისრაელში იყო სამუშაოდ წასული. იქიდან ჩამოიყვანეს და ეს საშინელი სურათი დახვდა. მეზობლების თქმით, ძალიან განიცდის მომხდარს, უმძიმეს მდგომარეობაშია. სასულიერო პირები ახალგაზრდა ბიჭს თურმე გვერდში უდგანან. ცოლ-შვილის დაკრძალვის შემდეგ მამებმა იგი ახალციხის ერთ-ერთ მონასტერში წაიყვანეს. მომხდარი ტრაგედია უცხოეთში შეიტყვეს გარდაცვლილი ბავშვების ბიძებმა და ისინიც ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩუბინიანების ოჯახის საწუხარი ყველას სტკივა. ამბობენ, რომ ძალიან შრომისმოყვარე ოჯახი ჰქონდათ და წყვილს ძალიან უყვარდა ერთმანეთი.

GzaPress"რამდენიმე თვეა, რუსოს ქმარი ისრაელშია წასული. თავზარდაცემულია მომხდარი უბედურებით, დანა პირს არ უხსნიდა. ქალივით მოთქვამდა საწყალი ბიჭი. რუსო ძალიან კარგი ადამიანი იყო. მაღაზიაში მუშაობდა, შვილები სულ მოვლილი და მოწესრიგებული ჰყავდა. ძნელია, იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ჩვენ ახლა განვიცდით. ხუთშაბათს დაკრძალეს, სამი მიცვალებული გამოასვენეს სახლიდან, ამ დღის დავიწყება მინდა. არ ვიცით, იყო თუ არა მძღოლი დამნაშავე. გამოძიება დაადგენს მიზეზს, მაგრამ ეს ვერავითარი ნუგეშია განადგურებული ოჯახისთვის. ძნელია, ანუგეშო ბავშვების ბებია. თქვენ არ იცით, თავს როგორ ევლებოდა შვილიშვილებს. მათზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. რუსო სულ მუშაობდა, ამიტომ ბებო ხშირად ასეირნებდა ეზოში პატარებს. საშინელ დღეშია, არ ვიცი, ამ ტრაგედიას ბებო და ეს ოჯახი საერთოდ, როგორ გადაიტანს. ძალიან საყვარელი, თბილი პატარები იყვნენ. ლაშა-გიორგი სკოლაში დადიოდა. ძალიან გვიჭირს მათ გარეშე. მამაოები გვერდით დაუდგნენ ბავშვების მამას, ამ მძიმე წუთებში გვერდიდან არ შორდებოდნენ. ისევ რწმენა თუ შეუმსუბუქებს ამ ტკივილს. რუსო რომ გადარჩენილიყო, ალბათ შვილების გარეშე ცხოვრებას მაინც ვერ შეძლებდა. ძალიან მოსიყვარულე დედა იყო, - მითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა.

გია კოპაძე, ახალციხის მერი:

- ამბობენ, მძღოლი წლებია, ამ რეისზე ზის და გამოცდილი იყოო. რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. ამ საშინელი ამბით შეძრულია მთელი ქალაქი, ძალიან ცუდი ფაქტია. არ ვიცნობდი ამ ოჯახს. ვწუხვარ, მომხდარი ტრაგედიის გამო.

თეა ხურცილავა