"ადამიანად ვიგრძენი თავი..." - გზაპრესი

"ადამიანად ვიგრძენი თავი..."

მიუხედავად ამისა, ხელი არ ჩაუქნევია, სიცოცხლისთვის იბრძოდა. მას საშინელი ტკივილი უმწარებდა სულს, მაგრამ მაინც, სიცოცხლის წყურვილი კლავდა. თუმცა, ერთხელ კი უცდია თვითმკვლელობა... დასნებოვნებულს მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოძიება კი არა, თურმე, სრულფასოვნად კვების საშუალებაც არ ჰქონდა და როცა საავადმყოფოში არ იწვა, დღეებს სკვერებში, მიტოვებულ შენობებსა თუ სადარბაზოებში ატარებდა...

მას შემდეგ, რაც ზურას ინტერვიუ დაიბეჭდა, მის სახელზე უამრავი გამოხმაურება მივიღე. ძველმა ნაცნობებმაც გაიხსენეს ეს ადამიანი და სწერდნენ: "ვაიმე, ზურა, ეს რა დაგმართნია?.." "ჩვენ ერთად გავიზარდეთ, არაჩვეულებრივი ბიჭი იყო..." ან კიდევ: "ზურა, გავგიჟდი! ეს ყველაფერი შენ გადაიტანე? ხალხნო, ეს ბიჭი ძალიან კარგი ადამიანია. თუ საშუალება გაქვთ, ერთად გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, გთხოვთ!"

ზურა ფოთიდან გახლავთ. ძალიან პატარა იყო, როცა მამამ მიატოვა. 10 წელია, სახლი აღარ აქვს: დედის გარდაცვალების შემდეგ ვალი დაედო და იძულებული გახდი, გაეყიდა. მას მერე კარგა ხანს ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მუშაობდი ხან მშენებლობაზე, ხანაც - მანქანების სამრეცხაოში... ბოლოს თურქეთში წავიდა, სადაც გაცივდა და ტუბერკულოზიც "აიკიდა"... 2 წელი ზუგდიდის ტუბდისპანსერში იმკურნალა. ამ უბედურებას ისიც დაერთო, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ მისი მკერდის ძვალმა ზრდა დაიწყო და ამით გამოწვეული ტკივილი დროთა განმავლობაში, თანდათანობით ძლიერდებოდა.

GzaPressმიუხედავად იმისა, რომ არც სახლი აქვს, არც კარი, შრომისუუნაროა და მისი გასაჭირი უკვე ყველამ ვიცით, სოციალურად დაუცველთა სიაშიც არ არის:

"სააგენტოში რომ მივედი, მითხრეს, - სადღაც უნდა ცხოვრობდე, რომ აგენტი მოვიდეს და შენი მდგომარეობა შეაფასოსო. ლამის გავგიჟდი, - ბინა რომ მქონოდა, დახმარებას თქვენ კი არ გთხოვდით, სახლს გავყიდდი და ვიმკურნალებდი-მეთქი..."

როცა ვკითხე: დღის განმავლობაში რა საკვებს იღებ-მეთქი? მიპასუხა: "აბა, რა გითხრა? ხან მიწევს დღეში ერთხელ ჭამა, ხან - ვშიმშილობ. წონაში სულ რაღაც, 55 კილო ვარ. ძალიან იშვიათად, მაგრამ ვიღაცები მეპატიჟებიან საჭმელზე და ასეთ დროს გემრიელად ვსადილობ... ერთი პური მთელი დღე მყოფნის... ბევრჯერ შიმშილისგან დავტანჯულვარ, მაგრამ რა ვქნა, ვერ მოვიპარავ, ნაცნობებს - თავისი გასჭირვებიათ, სახელმწიფო მოხელეებს კი როგორც ჩანს, ჩემისთანებისთვის არ სცალიათ..."

ზურა ფურტუნი:

- ახლახან, თუ არ ვცდები, ძვლის ტვინის ანალიზი, ბიოფსია გამიკეთეს და პასუხებს 9-10 მარტისთვის ველოდებით. "გზაში" დაბეჭდილი ჩემი ინტერვიუ ხალხმა რომ წაიკითხა, მას მერე ჩემს მობილურზე კეთილის მსურველთა ზარები არ შეწყვეტილა: ზოგი უბრალოდ მირეკავს და მეკითხება, - როგორ ხარო? ზოგი კი დახმარებას მთავაზობს; რამდენიმე ძველმა ნაცნობმაც გამიხსენა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. პირველად რომ დამირეკეს, მითხრეს, ანგარიშის ნომერი გახსენიო. თუ გახსოვთ, მაშინ რჩევა გკითხეთ და მერე ანგარიში გავხსენი... ზუგდიდში, ტუბდისპანსერში ვიყავი ჯერ კიდევ, როცა წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდიდან მომაკითხეს. მომიტანეს საკვები, ტანსაცმელი, ცოტადენი ფულიც... როცა ნახეს, რეალურად რა მდგომარეობაში ვიყავი, არ მიმატოვეს. ძალიან ბევრი იბრძოლეს, რომ თბილისში ჩამოვეყვანეთ. დედაქალაქში რეანომობილით ჩემი წამოყვანა ტუპდისპანსერში ჩემმა მკურნალმა ექიმმა, გია სალიამ უზრუნველყო. თბილისში პირველად აბელოფის კლინიკაში მიმიყვანეს და ბიოფსია გამიკეთეს, ტომოგრაფია გადამიღეს.

- ონკოლოგიურში რატომ გაგიშვეს?

- როგორც ვიცი, სიმსივნის ნიშნები მაქვს. მითხრეს: მკერდის ძვალი "შეჭმულია" და ოპერაციას ვერ გაგიკეთებთ, ეს ძალიან სარისკო საქმეაო. მერე კიდევ რაღაცებს მიხსნიდნენ, მაგრამ აღარაფერი მახსოვს... რეანომობილით ონკოლოგიურში გადმომიყვანეს.

ერთი თბილისელი გოგო, თეა დამიკავშირდა. მითხრა, რომ ჩემზე გამოქვეყნებული სტატია წაკითხა. იმ დღის მერე, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს აქ ყოფნას ის უზრუნველყოფს... სალომე ფაცაციამ კომპიუტერი მიყიდა, თეამ, მეგობართან ერთად - პლაზმური ტელევიზორი. შემდეგ სალომეს უცხოეთში მცხოვრებმა ამხანაგმაც გამომიგზავნა გარკვეული თანხა. და ძმას არ დაეხმარება ისე, როგორც ესენი მე მიდგანან მხარში...

მინდა, იმ ხალხს, ვინც გულთან მიიტანა ჩემი გასაჭირი, დიდი მადლობა გადავუხადო და ეს თქვენი წყალობით მოხდა. მადლობა უფალს! მადლობა იმ გოგონასაც, რომელმაც ჩემ შესახებ გიამბოთ და ასევე, უდიდეს მადლობას ვუხდი ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან ჩემს მკუნალობას 100%-ით აფინანსებს.

სხვათა შორის, ჯარის დროინდელი ორი ამხანაგი გამომეხმაურა. მათმა ზარმა ძალიან გამახარა. ჩემთვის უცხო ადამიანების ზარებიც კი სასიხარულოა. ხალხი ყურადღებას რომ მაქცევს, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ხელახლა დავიბადე. არადა, იყო დრო, როცა არავის აინტერესებდა ჩემი ბედ-იღბალი. როცა მირეკავენ და თბილ სიტყვებს მეუბნებიან, სიხარულისგან მინდა, ვიხტუნო, მაგრამ ესეც არ შემიძლია დაუძლურებულს.

- მედპერსონალზე რას გვეტყვი?

GzaPress- იმ კლინიკაში, სადაც პირველად მიმიყვანეს, როგორც განდეგილი, ისე ვიყავი. არადა, ახლა "გადამდები" არ ვარ... ონკოლოგიურში კი სხვანაირად შემხვდნენ: აქ ყოველ წუთას შემოდიან, თანაც - ნიღბის გარეშე და მეკითხებიან, რაიმე ხომ არ გჭირდებაო? ნებისმიერ დროს შემიძლია, მათ დავუძახო და მოსვლა არ ეზარებათ. თავადვე მითხრეს: ტკივილს ნუ მოითმენ. დაგვიძახე, გაყუჩება აუცილებელიაო! ჰოდა, მეც ასე ვიქცევი. ამ ყველაფრის წყალობით, ახლა იმ საშინელ ტკივილსაც ვერ ვგრძნობ, ასე რომ მტანჯავდა მთელი წელი და რაც მთავარია, ადამიანად ვგრძობ თავს. სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად...

- შემთხვევით, მამა ან ძმები ხომ არ გამოგეხმაურნენ?

- სამწუხაროდ, არა. იცით, ძალიან მწყდება გული იმის გამო, რომ ძმებს არ ვიცნობ. იმ კაცმა თქვა: შვილად არ ვაღიარებო და ამის გამო ვერც ვაქტიურობ, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი თავად მოვძებნო. თუმცაღა, იმედს არ ვკარგავ და იქნებ ოდესმე მათი ნახვის ოცნებაც ამიხდეს. ძმებს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ! და ვთხოვ, მამამისის შეცდომას ნუ აჰყვებიან. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მათთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს.

- როგორც ვიცი, ახალგაცნობილმა ადამიანებმა ერთი დღე გაჩუქეს და მცხეთაში წაგიყვანეს...

- ეს უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, ის მიხაროდა, ეს ადამიანები ჩემ გვერდით რომ იყვნენ. თავისი დრო დამითმეს, ჩემი გული გაახარეს. მამაოსთანაც მიმიყვანეს და აღსარება ჩავაბარე. ძალიან ბედნიერი ვიყავი. არ მინდოდა, ის დღე დასრულებულიყო. ბედნიერი კაცი ვყოფილვარ, ასეთი ადამიანების გაცნობის საშუალება რომ მომეცა. ღვთის წყალობით, ოდესმე ფეხზე დადგომის საშუალება თუ მომეცემა, თუ ამ ტკივილს გადავლახავ და ვიცოცხლებ, მაშინ ალბათ, მეც მხოლოდ კეთილ საქმეებს გავაკეთებ.

სალომე ფაცაცია, წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი:

- ზურა ფურტუნი ჩვენი ფონდის მეთვალყურეობის ქვეშაა. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით, ის ჩვენ გადავიყვანეთ თბილისში, კიბოს კვლევის ცენტრში - მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორიაში. უმძიმეს მდგომარეობაშია... მოგვიანებით კი ონკოლოგიურში გადაიყვანეს.

ზურას შესახებ თქვენ მიერ მომზადებული წერილიდან შევიტყვეთ. ავადმყოფებს არ ვეხმარებით, მაგრამ მისმა თავგადასავალმა გული გვატკინა და მისი მონახულების სურვილი გაგვიჩინა. მივედით ერთჯერადი დახმარების მიზნით, მაგრამ ტუბდისპანსერში ისეთი სურათი ვნახეთ, ამ ბიჭის მიტოვება დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. ფონდის წევრებთან ერთად გადავწყვიტე, ზურას პატრონობა გვეკისრა. მისი მკურნალი ექიმისა და ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით შევძელით, რეანომობილით აბელოფის კლინიკაში გადაგვეყანა, მაგრამ იქ პრობლემები შეგვექმნა: ზურა მოათავსეს უკარო პალატაში და ა.შ. მაგრამ მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვიგვარა ყველაფერი. ზურა ამ სავადმყოფოში 5 დღე იწვა, ჩაუტარდა გამოკვლევები. ჯერ კიდევ იქ იყო, როცა დაურეკა უკეთელშობილესმა ქალბატონმა თეამ, რომელიც ამერიკის საელჩოში მუშაობს. უთხრა, რომ სტატია წაიკითხა და მისი ბედით დაინტერესდა. ზურასთან ყოველდღე მოჰქონდა საჭმელი, საჭირო ნივთები. 5 დღის შემდეგ ზურა ონკოლოგიურში გადაიყვანეს. თეას აქაც არ მიუტოვებია... მისთვის შევიძინეთ ლეპტოპი, რათა ხანდახან მაინც არ იფიქროს თავის ავადმყოფობაზე, შევუძინეთ უკაბელო ინტერნეტი. თბილისში ქალბატონი თეა დამხვდა, რომელმაც პლაზმური ტელევიზორი უყიდა, რათა მას ფილმების ყურების საშუალება ჰქონოდა. ჩვენი დანახვა ძალიან გაუხარდა.

ზურა "დაიკოს" მეძახის. უკვე მეც ვფიქრობ, რომ ჩემი ძმაა. საოცრად კეთილი ადამიანია, სიცოცხლე უზომოდ უყვარს. მისი სურვილი იყო მცხეთაში წამეყვანა, მამა გაბრიელის საფლავზე. ეს სურვილი შევუსრულეთ, სიონის ტაძარში კი ჯანმრთელობის პარაკლისი გადავუხადეთ, შემდეგ გავასეირნეთ, "მაკდონალდსში" წავიყვანეთ. გარეთ ყოფნისას ვხედავდი, სტკიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ამბობდა, - ნეტავ, ეს დღე არასოდეს დამთავრდესო.

ასევე, კეთილ საქმეში ძალიან მეხმარება სალომე გოროზია და გერმანიიდან - ნათია ჯალაღონია. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და ზურა დიდხანს იცოცხლებს.

ერთ კვირაში გვეცოდინება, სხივური თერაპია დასჭირდება თუ ონკოლოგიურში დატოვებენ, იმ მიზნით, რომ ტკივილებმა არ შეაწუხოს. როგორც ექიმებმა თქვეს, გარკვეული მიზეზების გამო, მისთვის რაიმე ოპერაციის გაკეთება საშიშია... ვცდილობ, მამამისთან მივიდე, რადგან ამ ბიჭის ნატვრაა: თუნდაც ერთხელ, ტელეფონზე დაელაპარაკოს. ჩვენ მას არ მივატოვებთ, ღვთის წყალობით. წმინდა გაბრიელი და უფალი ჰფარავდეს ზურას!

P.S. თუ ზურას დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა ჩაურიცხოთ "ლიბერთი ბანკში" გახსნილ ანგარიშის ნომერზე: GE36LB0711113579703000 ან დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 5(55) 771388 ან მოგვწერეთ მეილზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ

ლიკა ქაჯაია