მთებს შეწირული ცხოვრებით მოპოვებული უკვდავება - გზაპრესი

მთებს შეწირული ცხოვრებით მოპოვებული უკვდავება

საღამოზე რევაზ თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებლის, სამხატვრო ხელმძღვანელისა და მსახიობის, იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკლი - "მთების ბალადა" გაიმართა.

და-ძმებ ჯაფარიძეებს - ალექსანდრას (სინოპტიკოსი), სიმონსა (გეოლოგი) და ალიოშას (ჰიდროენერგეტიკოსი) მთებისა და სამშობლოს სიყვარული აერთიანებდათ... მათი ნატერფალები თანამიმდევრობით დაეჩნია "მთების გულს"... და მსოფლიო ალპინიზმის ისტორიას... ერთი ოჯახის წევრი სამი ლეგენდარული მთამსვლელის სამ განუმეორებელ ისტორიას ქალბატონი იზა ვეფხვაძე გვიამბობს.

- ქალბატონო იზა, ცნობილია, რომ ჯაფარიძეებიდან პირველად მთების სიყვარული ალექსანდრას შეეყარა... მანვე დააინტერესა მთამსვლელობით ძმა, სიმონი?

GzaPress- როცა ალექსანდრამ, როგორც სინოპტიკოსმა, მწვერვალებზე ფეხი პირველად შედგა, სიმონი თბილისის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ის განსაკუთრებული ნიჭიერებით, გულისხმიერებითა და ღირსეული ქართველობით გამოირჩეოდა. ხშირად ეუბნებოდა დას: "ყური მიუგდე, ალექსანდრა, ნახე, მიწა გუგუნებს, ნეტავ შეგვეძლოს, მის გულში ჩავიხედოთ და გავიგოთ, რით ფეთქავს ეს დედამიწა!" სიმონი მთამსვლელობის საიდუმლოს პირველად იალბუზზე ეზიარა. ამ დღიდან ის კავკასიონზე ყველა ასვლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი გახდა. 4 წლის მანძილზე რვაჯერ ავიდა მყინვარწვერზე. საზღვარგარეთ მყოფი გიორგი ნიკოლაძე (ნიკო ნიკოლაძის შვილი. - ავტ.) მას სწერდა: "შენზე ამბობენ, სიმონ, მყინვარწვერზე აპირებსო დასახლებას და წელიწადში შეიძლება, ერთხელ ან ორჯერ, დედამიწაზეც მოახერხოსო ჩამოსვლა..." სიმონმა დაუდო სათავე კავკასიონის მეცნიერულ შესწავლას. მან პირველმა აიტანა მყინვარწვერზე პირველი თვითმწერი მეტეოროლოგიური მოწყობილობა. მაშინ მსოფლიოში ეს უპრეცედენტო ფაქტი გახლდათ და მას უდიდესი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ერთი კვირის შედეგ სიმონმა მყინვარწვერიდან მეტეოროლოგიური ჩანაწერი ჩამოიტანა. რამდენიმე წელში მთელ მსოფლიოში იცნობდნენ სიმონ ჯაფარიძეს... საქართველოში ჩამოსული არც ერთი უცხოური ექსპედიცია მის გარეშე მწვერვალებზე არ ადიოდა. მოგვიანებით, მან მყინვარწვერზე 41 ადამიანი (მათ შორის, 7 ქალი) აიყვანა, აიტანა რადიო, ორი კინოაპარატი და ფილმის - "კავკასიის კარიბჭე" გადაღება დაიწყო. ეს იყო მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელი შემთხვევა.

- გარდა მთამსვლელობისა, სიმონი მეცნიერებასაც უთმობდა დროს. მის სახელთანაა დაკავშირებული მანამდე უცნობი, ლოპოტის მარმარილოს საბადოს აღმოჩენა.

- დიახ, ის გამორჩეული გეოლოგი გახლდათ. როცა გიორგი ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა, სიმონმა მთების დაპყრობა შეწყვიტა, საქმე გიორგის გადააბარა და მარმარილოს მოსაპოვებლად გაემგზავრა. მალე გიორგიმ თეთნულდზე პირველი ქართული ექსპედიცია დაგეგმა. დაჟინებით სთხოვდნენ სიმონს ექსპედიციაში მონაწილეობას, დეპეშას დეპეშაზე უგზავნიდნენ. სიმონმა მეგობრები სვანეთში გააცილა და დაჰპირდა, რომ ლოპოტაზე საქმეს მოაგვარებდა და მათ რამდენიმე დღეში შეუერთდებოდა. 10 დღის შემდეგ, როცა ექსპედიციის წევრები თეთნულდზე ასვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ ბარგს ალაგებდნენ, სიმონი მათთან ჩავიდა. მეგობრებს მისმა ჩასვლამ იმედი ჩაუსახა და მეორე დილით თეთნულდზე "შეტევა" გადაწყვიტეს. სვანეთში არსებობდა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, სამუდამოდ დაისჯებოდა ყველა, ვინც თეთნულდზე ფეხის შედგმას გაბედავდა, რადგან ის მხოლოდ წმინდანთა და ღმერთთა საუფლოდ მიიჩნეოდა. გათენდა თუ არა, სამნი - გიორგი, სიმონი და პიმენ დვალი თეთნულდისკენ გაემართნენ. წინ მიმავალი სიმონი ყინულის საფეხურებს ჭრიდა. უეცრად გიორგიმ შენიშნა, რომ ყინულის ერთ საფეხურში ორი ფეხით მდგარი პიმენი თავს ვერ იმაგრებდა. გიორგიმ პიმენთან უფრო ახლოს მდგარ სიმონს დაუძახა. სიმონმა წერაყინი პიმენის მუხლებთან ჩაასო, მაგრამ პიმენი მაინც ცურდებოდა. მაშინ სიმონი ბეჭებში სწვდა მეგობარს... ორივე საოცარი ძალით მოსწყდა მთას... "და მე დავინახე, როგორ ჩაცვივდა ყველაფერი მყინვარწვერის ძირში, დავინახე, როგორ გაუვარდათ ხელიდან წერაყინები, დროშა... გადაუხვია მარჯვნივ და გაქრა ჩემი თვალთახედვის არიდან..." - წერდა მოგვიანებით გიორგი ნიკოლაძე. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ მათი ცხედრები სვანმა მონადირეებმა იპოვეს და მესტიაში ჩამოასვენეს. იქიდან კი 33 წლის სიმონის ცხედარი თბილისში გადმოასვენეს...

- "რომ არა სიმონის ტრაგიკული სიკვდილი, მე, ალბათ, არასოდეს ვიფიქრებდი მთებზე", - წერდა ალიოშა ჯაფარიძე, რომელიც სიმონის დაღუპვის შემდეგ ძმის კვალს გაჰყვა...

- ალიოშასა და ალექსანდრას სურდათ, სიმონის მისწრაფებისთვის ხორცი შეესხათ - თეთნულდი დაეძლიათ. მშობლებს ვერ უმხელდნენ გადაწყვეტილებას. თუმცა, როცა მათ ამის შესახებ გაიგეს, შვილებს არათუ წინააღმდეგობა არ გაუწიეს, არამედ მხარიც კი დაუჭირეს. 80 წლის მამამ შვილებს სთხოვა, თეთნულდის ძირამდე მიმიყვანეთ, რომ იმ ბოროტ კლდეს თვალი შევავლოო. თეთნულდს და-ძმამ, იაგორ კაზალიკაშვილთან ერთად შეუტია. ასვლისას კლდეს წაადგნენ, რომლის იქით აღარაფერი ჩანდა. მოულოდნელად სქელი ნისლი ჩამოწვა. სხვა გზა არ იყო - უკან, კარავში დაბრუნდნენ. მთელი ღამე არ ეძინა ალიოშას. გადაწყვიტა, მეორე დილით მარტო დაეპყრო თეთნულდი. კაცმა, რომელიც მთებში მანამდე არასოდეს ყოფილა, თეთნულდი მხოლოდ 2 საათსა და 20 წუთში დაიპყრო. წინადღეს კი ასვლას ცხრასაათ-ნახევარი მოანდომეს... ალიოშას მარჯვენამ 740 ყინულის საფეხური მოჭრა. სამი დღის შემდეგ ალიოშა ხელმეორედ, დასთან ერთად ავიდა მწვერვალზე. მათ იქ ფირფიტა დატოვეს წარწერით: "სიმონ ჯაფარიძის ხსოვნას აქ მოსული მისივე და-ძმისაგან მისი დამსხვრეული მისწრაფებების აღსადგენად". ალიოშა თეთნულდიდან უკვე გამოცდილ მთამსვლელად დაბრუნდა და შემდეგი 16 წლის განმავლობაში ალპინიზმის ლიდერის პოზიცია არ დაუთმია. 100-ზე მეტი მწვერვალი დაიპყრო, აქედან 22 - პირველასვლა და სარეკორდო გახლდათ. პირველად საქართველოში განახორციელა კავკასიონის დიდი ტრავერსი - მისმა ჯგუფმა 13 დღეში 80 კმ ქედ-ქედ გადაიარა, 22 ახალი მწვერვალი დაიპყრო, მათ შორის 11 - სარეკორდო.

- ამავე ჯგუფში იმყოფებოდა მსოფლიოს მასშტაბით ასეთ რთულ ლაშქრობაში ერთადერთი ქალი - ალექსანდრა ჯაფარიძე, რომელმაც ამის შემდეგ მთელი ცხოვრება ძმათა ნაკვალევზე იარა...

- დიახ, ქალის მონაწილეობა ასეთ რთულ ლაშქრობაში პირველი შემთხვევა იყო მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში. იმ დროს ის პირველი ქალი იყო მსოფლიოში, რომელმაც ფეხი შედგა თეთნულდსა და უშბაზე. ის თან დაჰყვებოდა ძმას, რომელიც წელიწადში 7-8 მწვერვალს იპყრობდა. იყო წლები, როცა 16, 22 მწვერვალი დაუპყრია. იმ დროისთვის ეს ნამდვილი საოცრება იყო. 5-ჯერ 6 000 მეტრს ზემოთ, 11-ჯერ კი - 5 000 მეტრს ზემოთ ავიდა. მის მიერ დაპყრობილი ყველაზე დიდი სიმაღლე 6 670 მეტრი გახლდათ და ეს მწვერვალი დღეს ალიოშას სახელს ატარებს. გამოიკვლია არაერთი გამოქვაბული, ციხე-ქვაბი თუ სვეტი. მან პირველმა შეისწავლა კაცხის სვეტი და ხვამლის გამოქვაბული მეცნიერულად.

- გვიამბეთ და-ძმის მიერ უშბის პირველი ლეგენდარული დაპყრობის ამბავი.

- თეთნულდის დაპყრობის შემდეგ ალიოშამ უშბას დაადგა თვალი. ჩამოყალიბდა უშბის კომიტეტი. გადაწყვეტეს, 4 000 მეტრის სიმაღლეზე მოეწყოთ საიერიშე ბანაკი. სვანეთში გავრცელებული ცრურწმენის თანახმად, უშბას ვერავინ დაიპყრობდა, რადგან მასზე ავი სულები ბინადრობდნენ. ალექსანდრამ უშბაზე ასასვლელი სათადარიგო გზა შეათვალიერა. ამ გზამ გაამართლა და უშბისკენ დაიძრნენ, მაგრამ უდროო დროს შემოაღამდათ ისეთ ადგილას, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი შეძლებდა ღამის გათევას, ისიც - ნახევრად დამჯდარი. სიმწრით გამოვლილი 200 მეტრით უკან უწევდათ დაბრუნება. ალექსანდრამ კარგად იცოდა, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მთამსვლელები ხშირად უარს ამბობდნენ გზის გაგრძელებაზე, ამიტომ მტკიცედ განაცხადა, რომ იქ დარჩებოდა. იცოდა, მეორე დღეს ვერც ერთი მამაკაცი უარს ვერ იტყოდა ზემოთ ასვლაზე, რადგან მათ ქალი ელოდა... ძმა მიხვდა დის ჩანაფიქრს, პალო ჩაარჭო კლდეში... ალექსანდრამ ნაბადი ჩაიცვა და 4 500 მეტრის სიმაღლეზე, უშბის კლდეზე, კლდესა და ღამეს შორის დარჩა... დილით დაიწყო ბოლო და გადამწყვეტი შეტევა. 200 მეტრი იყო უშბის მწვერვალამდე, მაგრამ ვერა და ვერ აიღეს წინ აყუდებული გლუვი კედლები. თითქმის სრულად შემოაცვდათ ტანსაცმელი, ხელის თითებზე მთლიანად გადასძვრათ კანი, თითოეული მომდევნო ნაბიჯი სიცოცხლის დაკარგვის რისკის ტოლფასი იყო... ბოლო იმედად, ფეხზე გაიხადა გიორგი გურიელმა, ფეხშიშველა გამაგრდა ყინულოვან კედელზე და რკინის პალო ბზარში ჩააჭედა... რამდენიმე წუთში კი უშბაზე პირველი ლეგენდარული ასვლა განხორციელდა... ალექსანდრა გახდა პირველი ქალი მსოფლიო ისტორიაში, ვინც უშბის მწვერვალი დაიპყრო. ასვლის აღსანიშნავად ალიოშამ ჯგუფის წევრებს ნახევარ-ნახევარი ვაშლი და თითო კიტრი დაურიგა - მალულად აუტანია უშბაზე. სვანეთის სოფლებში დაღამებას განაჩენივით ელოდნენ... როცა უშბის წვერზე კოცონი აინთო, გამარჯვების აღსანიშნავად, სვანეთის ყველა სოფელში უზარმაზარი კოცონები აგიზგიზდა... უშბა ჯაფარიძეების ფეხქვეშ მოექცა... 1945 წელს ალიოშამ, პირველმა და ერთადერთმა შებედა ზამთრის უშბას... ამ ექსპედიციაში ალიოშა ნიკოლოზ მუხინთან და ქელეშბი ონიანთან ერთად იყო. როცა გულის მყინვართან მივიდნენ, საშინელი წვიმა წამოვიდა. გზა მაინც განაგრძეს. მალე ამინდი სასტიკად გაუარესდა. ბარში უშბის მწვერვალებიდან ჩამოწოლილი ზვავების ხეთქების ხმა ესმოდათ... ბოლოს სვანეთის სოფლებიდან??? უნაგირადან უშბის კალთაზე მიმავალი სამი წერტილი შენიშნეს. ამის შემდეგ მათთან კონტაქტი გაწყდა... ხრეითში, ჯაფარიძეების ოდა-სახლის ეზოში გრიგალმა ყველაზე დიდ მუხას ყველაზე დიდი ტოტი მოსტეხა და საშინელი გრიალით დასცა მიწაზე... მთელი სოფელი შეიყარა ჯაფარიძეთა ეზოში, ცუდად ენიშნათ. ნიშანი გამართლდა - კარავს შეფარებული ჯაფარიძის ჯგუფი უშბის მწვერვალიდან დაშვებულმა უზარმაზარმა ზვავმა ნაპრალში ჩაიტანა... მათი ცხედრების სანახავად, უშბის მწვერვალებზე წასვლის უფლება მხოლოდ მომდევნო წელს მისცეს მთამსვლელთა ჯგუფს. ალექსანდრამ ბოლომდე გაიარა ძმის მიერ გავლილი გზა. მთლიანად გათეთრდა უშბის მწვერვალზე მდგომი ქალბატონი მას შემდეგ, რაც ძმის დატოვებული უკანასკნელი ბარათები საკუთარი ხელით გახსნა... პირველი ჭაღარა ქალს სიმონის დაღუპვამ არგუნა, ალიოშამ კი - მთლიანად გააჭაღარავა. 12 წელი ძმის ცხედრის საძებნელად თითქმის ყოველ წელს დადიოდა ალექსანდრა... სამი მეგობრის ცხედარს შემთხვევით მთამსვლელთა ჯგუფი წააწყდა. ერთ-ერთი ასვლის დროს ალიოშას ფეხები მოეყინა და ათივე თითი მოსაჭრელი გაუხდა. ამით მიხვდნენ, რომ ნაპოვნი ცხედარი ალიოშასი იყო. ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როცა უშბამ თავისი მსხვერპლი "დააბრუნა"... მისი ცხედარი ვერის პარკში, ალპური კლუბის ეზოში დაკრძალეს. ალპინიზმის 40 წლისთავთან დაკავშირებით, აქვე გადმოასვენეს სიმონის ნეშტიც.

- უდიდესი ტკივილის ორჯერ განცდის მიუხედავად, ალექსანდრა ჯაფარიძეს არც ალიოშას სიკვდილის შემდეგ შეუწყვეტია მთების დალაშქვრა.

GzaPress- სვანეთმა აქცია ალექსანდრა ჯაფარიძე გმირად და მანვე უსახსოვრა დიდი ტკივილიც. თეთნულდმა და უშბამ წაართვა ძმები. ლევან გოთუა აღნიშნავდა, კავკასიონის მწვერვალები ალექსანდრა ჯაფარიძის ღვიძლი ძმები არიანო. ძმების სისხლი არ შეარჩინა ალექსანდრამ თეთნულდს და უშბას, "შური იძია" მათზე - ორივე დაიპყრო... წერდა: "პირველად მე დავადგი მთების ამაყ გულს ფეხი.. პირველად მე შევაღე მთების ამაყი სული... მათ კი ჩემს ძმებზე იძიეს შური... თითქოს ამით უფრო გამომიწვიეს, გამაღიზიანეს..."

- სიცოცხლის ბოლო წლები როგორ გაატარა?

- მზია ერისთავმა მოსწავლეთა სასახლეში ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში პედაგოგად მიიწვია. ამით მან ახალი სიცოცხლე მიანიჭა გადაღლილ ალექსანდრას... ამ პერიოდში მან პირველმა აღმოაჩინა ბეთლემის გამოქვაბული. იქ აიტანა ილიას წიგნები და მისი პატარა ქანდაკება. აღსანიშნავია, რომ ყველა მწვერვალის დაპყრობისას და-ძმას ჯიბით "ვეფხისტყაოსანი" დაჰქონდა... ალექსანდრა თითქმის 60 წელს იყო მიღწეული, როცა საბოლოოდ - მეცხრამეტედ დალაშქრა მყინვარწვერი ისევ ძმის, ნოეს მხარს დაყრდნობილმა... 55 წლის ასაკში კი თავის მოსწავლეებთან ერთად, ერთ-ერთი რთული ლაშქრობით დაიპყრო მწვერვალი ლიხთაო. თარგმნა ფრანგი ალპინისტის წიგნი, "ანაპურნა". 1974 წელს განერიდა წუთისოფელს. ვერის ბაღში, ძმების გვერდით დაკრძალეს.

- როგორც ცნობილია, და-ძმიდან არც ერთს არ დარჩა შთამომავალი...

- დიახ, არც ერთი მათგანის ცხოვრებაში პირადი ცხოვრებისთვის ადგილი არ დარჩენია, ოჯახი არ შეუქმნიათ.

შორენა ლაბაძე