წლების განმავლობაში ატანილი დამცირება და ცემა-ტყეპა - გზაპრესი

წლების განმავლობაში ატანილი დამცირება და ცემა-ტყეპა

მის თავგადასავალს ვისმენდი და დაუჯერებლად მეჩვენებოდა ის რეალობა, რომლის შესახებაც ქალბატონი ნანა ბორაშვილი მიამბობდა...

ოჯახი სიყვარულით შეუქმნია, მაგრამ წყვილის ურთიერთობაში უფროსები ჩაერივნენ, დაწუნებულ რძალს თურმე, ქმრის ნათესავებმა მათ სახლში შესვლა არ აპატიეს და ახალდაქორწინებულ კაცს გამუდმებით იმას ჩასჩიჩინებდნენ, - თუ ამ ქალს სახლიდან გაუშვებ, უკეთეს გოგოს მოგაყვანინებთ ცოლადო...

როგორც ჩანს, საქმე იქამდე მივიდა, რომ დარდისგან გულგასივებულმა კაცმა ალკოჰოლში იპოვე შვება, მთვრალი კი ცოლს სცემდა, შეურაცხყოფას აყენებდა. უკვე გამოფხიზლებული და გონს მოსული საკუთარ საქციელს ნანობდა და ცოლს პატიებას სთხოვდა... თუ ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, ქალბატონი ნანას ქმარს ან მისი ოჯახის წევრებს რაიმე პრეტენზია გაუჩნდებათ, შეუძლიათ, დაგვირეკონ და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირონ.

- ჩემთვის პირველი სიყვარული ჩემი ყოფილი მეუღლე გახლდათ. ის თავიდან კარგად მექცეოდა, მაგრამ მერე დედამისმა, ბიცოლამ "დაამუშავეს". თავიდან დედამთილთან ვცხოვრობდით. როცა ჩემი შვილი 5 თვის გახდა, იმ ქალმა სახლიდან გაგვაგდო, - უნდა წახვიდეთო. საკუთარი ყურით არაერთხელ გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ზაურს: ეგ გააგდე და სხვას მოგიყვანთო. ჩემს შვილზე ამბობდა: ეს ნაბიჭვარი მოაშორე აქედანო. ერთ საღამოს მაზლიც მოგვივარდა: აქედან წადით, სახლი ჩემიაო და ბავშვის აკვნისკენ იწევდა. მერე მინებიც ჩაგვილეწა, მთელი ღამე არ დაგვაძინა... ამის გამო, გარკვეული პერიოდი, შვილთან ერთად, მშობლების ოჯახში ვცხოვრობდი, ზაური - ჩემი ყოფილი ქმარი კი მიდი-მოდიოდა. მერე მამამ თქვა: ახალდაქორწინულები ხართ და ცუდია, ასე ცალ-ცალკე რომ ცხოვრობთ. შენს ქმარს ჩემს მანქანას მივცემ და იმუშაოს, ფული მოაგროვოს, რათა საკუთარი პატარა სახლი აიშენეთო. მართლაც გვაჩუქა თავისი მანქანა და ზაურმაც შეძლო ცოტაოდენი ფულის შეგროვება. მერე ის სახლი ავაშენეთ, რომელიც მოგვიანებით, ყოფილმა მეუღლემ დამიწვა. იმ დღეს მე და ჩემი შვილი ჰუმანიტარული დახმარების ასაღებად, კაკაბეთში წავედით. იქ მყოფს შემატყობინეს, რომ სახლი იწვოდა.

- რატომ გგონიათ, რომ სახლი ყოფილმა მეუღლემ დაგიწვათ?

- ეს თავადაც აღიარა... მანამდე, ავტოგასამართი სადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა: იმ დღეს, როცა სახლი დაგეწვა, შენმა ყოფილმა მულმა ბენზინი წაიღო. ჰოდა, მისი წასვლიდან ცოტა ხანში შენი სახლიდან ავარდნილი ალი ჩვენც დავინახეთო... ვიდრე სახლს გადამიწვავდნენ, ნივთები გამოუტანიათ. ნეტავ იცოდეთ, რამდენი ადამიანის სახლში ვნახე საკუთარი ნივთები. ფარდებიც კი ჩამოუხსნიათ. მანქანის კვალიც იყო. მერე გავიგე, რომ მანქანით თივა, ძველი "ბორბლები" მოუზიდავთ, რომ სახლი სწრაფად დამწვარიყო.

- სად იყვნენ ამ დროს მეზობლები? ვერ შეამჩნიეს, თქვენს სახლში რაღაც რომ ხდებოდა?

- როგორ ვერ შეამჩნიეს, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო, პირიქით - ზოგიერთები მათ ჩემი სახლის გაძარცვაში ეხმარებოდნენ და ნივთები საკუთარ სახლებში მიჰქონდათ.

- მეზობლები რაღას გერჩოდნენ?

- იცით, რის გამო გადამეკიდა რამდენიმე ოჯახი? ახლავე გიამბობთ. ეტყობა, ეს ჩემი ყოფილი ქმარი თავიდანვე ქალების მოყვარული იყო და ერთ-ერთი მეზობლის გოგო შეუცდენია. მე რომ მიმიყვანა სახლში, ის გოგო და მისი ოჯახის წევრები, ნათესავები გადამეკიდნენ. თუმცა, თავიდან ვერაფერს ვხვდებოდი. რაღაც პერიოდის შემდეგ ის გოგო ვიღაცას გაურიგეს, ქმარმა კი მოაბრუნა - პატიოსანი არ ყოფილაო. ამ გოგოს სახლის წინ სკამები იდგა, სადაც ქალები ხშირად ვიკრიბებოდით. ჰოდა, უბნის რძლებთან სალაპარაკოდ გავედი, ბავშვი კალთაში მეჯდა. ამ გოგომ ჩემი მისამართით დაიწყო სიტყვების "სროლა", რაღაცებს ბუზღუნებდა. ვერ მოვითმინე და ვკითხე: რა მაქვს შენი დასაცინი-მეთქი? - შენ აქ არ უნდა იჯდეო. - რატომ? მე კი არა, შენ არ უნდა იჯდე აქ, "დაბრაკული" გოგო სირცხვილით გარეთ არ უნდა გამოდიოდე-მეთქი! ამის თქმა იყო და, დედამისი ცულით გამომივარდა. მეზობლის გოგო ჩაგვიდგა შუაში. მერე ქალებს ვკითხე, რას მერჩოდა-მეთქი? ერთ-ერთმა სიმართლე მითხრა. მე რა შუაში ვიყავი, მაგრამ გადამეკიდნენ და თურმე, იმ დღის შემდეგ მეზობლებსაც აფრთხილებდნენ: ნანას არ დაელაპარკოთ, თორემ თქვენც გადაგვიმტერებთო... ცხადია, ყველა თავს მარიდებდა და რატომ გიკვირთ, ზოგიერთები ჩემი სახლის გაძარცვაში რომ მონაწილეობდნენ, ზოგმა კი უბრალოდ, ჩემს დასაცავად ხმა ვერ ამოიღო?!

- თუ თქვენმა ქმარმა შეაცდინა მათი გოგო, მას რატომ არ მიუვარდნენ?

- ალბათ, იმედი ჰქონდათ, რომ იმას მოიყვანდა ცოლად, მაგრამ როცა მე შემირთო, ეს ვერ აიტანეს, გადამეკიდნენ.

- როგორ ფიქრობთ, ყოფილმა ქმარმა სახლი რატომ გადაგიწვათ?

- 5 თვის გაყრილი ვიყავი ქმართან, როცა მამას ამხანაგის შვილი მომიგზავნა, - შემირიგდიო. უარი შევუთვალე. აღარ შემეძლო ამდენი შეურაცხყოფა-დამცირების ატანა. განქორწინების საქმეზე სასამართლოში რომ წავედი, მშობლების სახლში გადაბარგდა და მას მერე, როცა მე და ჩემი შვილი შინ არ ვიყავით, სახლიდან ნივთები გაჰქონდა... მოსამართლე ამბობდა, ქონება უნდა გაუყოო, მე კი არ მსურდა ჩემი მზითევის მისთვის განაწილება. ჰოდა, ამის გამო ბრაზობდა. ისიც ვიცი, რომ მოსამართლესთან საქმე ჩაწყობილი ჰქონდა.

- რამდენი წელი იყავით ცოლ-ქმარი?

- 19 წელი ვიყავით ერთად.

- გაყრის მიზეზი რა გახდა?

GzaPress- მეზობლად მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ პატარა ბავშვებს ამაიმუნებდა, რყვნიდა. ჰოდა, ერთხელაც იმ უნამუსოსთან გამოვიჭირე და ვუთხარი: ან იმასთან სიარულს დაიშლი, ან დავშორდებით-მეთქი. - იმას ვერ მივატოვებო, - მიპასუხა. მანამდე რასაც მიშავებდა, ყველაფერს "ვატარებდი", ეს კი ვეღარ ვაპატიე.

- რას გიშავებდათ?

- ხან მცემდა, ხან - დანით დამდევდა. ჩემი შვილი ახალი ნაოპერაციები იყო, როცა იარაღით გამოგვეკიდა და ბავშვი იძულებული გახდა, თოვლში ფეხშიშველს ერბინა.

- ერთი შვილი გყავთ?

- კი, ერთი ვაჟი მყავს, რომელიც დაახლოებით სამი წელია, უცნაურად იქცევა. როცა სახლი დაგვიწვეს, მეუბნებოდა: ნანა, იმ კაცის გასახარი საქმე არ გავაკეთოთ. ჯიბრით ისე მოვიქცეთ, რომ ჩვენი ცუდად ყოფნა ვერ გაიგოსო. მერე არ ვიცი, როგორ გადაიბირეს, მაგრამ თურმე, ჩუმ-ჩუმად ხვდებოდა მამას, მოგვიანებით კი თავისი ხელით გაიტანა სახლიდან ნივთები: "დრუჟბა" და "დივიდი", რომელიც ჯართის შეგროვებით, წვალებით ნაშოვნი თანხით ვუყიდე. მერე ეს ნივთები პოლიციის დახმარებით გამოვიტანე ყოფილი მეუღლის სახლიდან.

- თქვენი შვილი დღესაც მამასთან ცხოვრობს?

- არა, ახლა თურქეთშია. 3 წლის წინ რომ წავიდა ჩემგან, მას მერე არ მოსულა.

- თავად რატომ არ ნახეთ და არ დაელაპარაკეთ? რატომ არ ჰკითხეთ, რა მიზეზით მიგატოვათ?

- არ მხვდებოდა, მერე თურქეთში წავიდა...

- უცნაურ ამბებს მიყვებით: თუ მამა ცუდად ექცეოდა და მისი წასვლა დიდად არ განუცდია, მერე ასე მოულოდნელად რატომ მიგატოვათ?

- არ ვიცი, მაგრამ... ბოლო დროს სულ მეუბნებოდა: ნანა, რაღაც მჭირს, ვერ ვარ კარგადო. - რა გჭირს-მეთქი? - რომ ვეკითხებოდი, დაბნეული მპასუხობდა: არ ვიცი, მაგრამ რაღაც უცნაური მემართებაო. სახლში არ ვიყავი, როცა მამამისთან წავიდა. შინ დაბრუნებულს თავზარი დამეცა, შვილი რომ ვერ ვიპოვე. ხალხს მისი საქციელი ძალიან უკვირს. ხედავდნენ, უჩემოდ ვერ ძლებდა, ყველგან ერთად დავდიოდით... მამამისთან დაშორების შემდეგ, ვინმეს მისი სახელი რომ ეხსენებინა, ჩხუბს იწყებდა: ამ კაცს ნუ მიხსენებთო. მამის საწინააღმდეგო ჩვენებას იძლეოდა სასამართლო პროცესზეც, როგორც მოწმე. ერთხელ თურმე, მეზობლის ბიჭმა უთხრა: წამო, თუ გინდა, მამაშენს განახვებო. - აბა, ეს როგორ მითხარიო! - და მის საცემრად იწევდა. კიდევ კარგი, მეზობლის გოგო შეესწრო ამ ამბავს და იმან შეაჩერა.

- თუ იცით, თურქეთში რას საქმიანობს?

- მას ჩემი ნათესავი ეკონტაქტება ხოლმე და როგორც ვიცი, მუშაობს... გამორციხულია, ის ჩემზე გაბრაზებული იყოს. შვილის თავს გეფიცებით, არასდროს არაფერზე გვიკამათია, ჩხუბსა და უსიამოვნებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

- თუ ქმარი გცემდათ, ცუდად გექცეოდათ, თავიდანვე რატომ არ დაშორდით?

- მერჩივნა, რაღაცები მომეთმინა და ოჯახი შემენარჩუნებინა, ვიდრე მის გარეშე მეცხოვრა - ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ის მართლა მიყვარდა... 22 წლის გახლდით, როცა ცოლად გავყევი, მანამდე 6 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. ის ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. გარეგნულად კარგი ბიჭი გახლდათ და ხასიათიც არ ჰქონდა ცუდი. თავიდან ძალიან კარგ ქმრობას მიწევდა, მაგრამ მერე ყველაფერი აირია: ის სახლი, რომელიც მოგვიანებით თავადვე დაწვა, ახალი აშენებული გვქონდა. პირველად უნდა შევხვედროდით ახალ წელს ამ ჭერქვეშ. დილით ყველაფერი გავამზადე, მერე კი ჩემი მშობლების სახლში წავედით. ზაურს ბევრი არ დაულევია, - საჭესთან უნდა დავჯდეო. ეზოში მანქანის დასაყენებელი ადგილი არ გვქონდა, ამიტომ თავისი მშობლების ეზოში აყენებდა ხოლმე. მე და ბავშვი სახლთან ჩამოგვსვა და მითხრა: მალე მოვალ, არ დამაგვიანდებაო. ბავშვი (მაშინ 3 წლისაც არ იყო) დავაძინე და ქმარს ველოდებოდი. დაახლოებით ნახევარ საათში ბიცოლამისი მოვიდა (ზაურის მამას და მის ძმას ერთსა და იმავე ეზოში ჰქონდათ სახლები): წამოდი, ზაურა გვეჩხუბება და წამოიყვანე, ბავშვებს ვერ ვაძინებთო. მაშინვე ავდექი, ბავშვს ჩავაცვი და გავყევი. ეზოს კარი რომ შევაღეთ, დავინახე, დედამთილი თავისი მაზლის სახლში შევარდა. ქმრის ნათესავები ერთ პატარა ოთახში დამხვდნენ შეკრებილი: ზოგი სკამზე ისხდა, ზოგიც - საწოლზე. როგორც კი შევედი, ქმარმა ჩხუბი დამიწყო: ვინ გითხრა, აქ რომ მოხვედი, მე დაგიძახეო? სიტყვებს მუშტებიც მოაყოლა. მოვასწარი, ბავშვი საწოლზე დავაგდე და თავის დაცვა ვცადე. არავინ გამომესარჩლა, ამიტომაც ოთახიდან გამოვვარდი. დამედევნა. მანქანასთან დამიჭირა და კარზე მარტყმევინა თავი. კბილები ჩამემტვრა, მერე გონება დავკარგე. თურმე, ამ ყველაფერს ჩემი შვილი უყურებდა და მერე ბებიას (დედაჩემს) უამბო, თუ როგორ მცემდა მამა... გონს რომ მოვედი და თვალები გავახილე, მანქანის საბურავები დავინახე. ვიგრძენი, სისხლი თქრიალით მდიოდა ცხვირიდან. უცებ, შვილი გამახსენდა და ტკივილის მიუხედავად, ავლასლასდი, იმ ოთახამდე მისვლა გავბედე, სადაც ბავშვი მეგულებოდა. გავიგონე, ზაურს ბიძამისი ეუბნებოდა: ხომ გითხარი, ისე არ სცემო, რომ შემოგაკვდეს. ახლა მკვდარს ან ბავშვს რა ვუყოთო? შემეშინდა, შვილიც არ მომიკლან-მეთქი და ოთახში შევედი, კედელ-კედელ ვიარე, შვილი ხელში ავიყვანე და გამოვედი. ჭიშკარი რომ გავაღე, შევნიშნე, ოთახიდან ზაურიც გამოვიდა. შეშინებულმა ვცადე, ჩქარა მევლო, მაგრამ ვერ შევძელი, ძალა გამოლეული მქონდა. რომ მოგვიახლოვდა, მივხვდი, უკვე გონს იყო მოსული და ცოტათი ამოვისუნთქე. მითხრა: მაიტა ეგ ბავშვი, შე საწყალო, თავადაც ძლივს მიდიხარო. მეც შემაშველა ხელი და სახლამდე მიმიყვანა. შინ მისულს ცივ წყალში დასველებული ტილოც მომიტანა, მაგრამ ამან არ მიშველა - დილით საოცრად დალურჯებულ-დასივებული ვიყავი. ახალი წლის მოსალოცად ჩემი ძმა და ნათესავი მოვიდნენ. ლოგინიდან ვერ ავდექი. ძმამ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, გადაირია, - აქ რა ხდებაო? მერე სიძეს დაემუქრა: მეორედ ასე აღარ მოექცე, თორემ ამაზე უარეს დღეში ჩაგაგდებო... მოკლედ, ზაურს ოჯახის წევრები ჩემ წინააღმდეგ აქეზებდნენ, რაღაცებს ეუბნებოდნენ და "ჭკუიდან აჭრილი" მცემდა, მაგინებდა, მერე კი დამშვიდებული ბოდიშს მიხდიდა... ერთხელ ისე მცემა, საავადმოფოში ამოვყავი თავი. მაშინ პოლიციაც მოვიდა ჩემთან, რომ დავეკითხე.

- ანუ თქვენი ცემის გამო ის დაისაჯა?

- რა თქმა უნდა, არ დასჯილა. პოლიციელებმა უთხრეს, თუ არ შემოირიგებ, ცუდად იქნება შენი საქმეო და იმანაც იმდენი ქნა, რომ ვაპატიე.

- ამ ყველაფერს რატომ ითმენდით?

- შვილის გამო ვითმენდი. ვერ ვაცნობიერებდი, რომ ჩემს შვილს ქმართან დაუშორებლობის გამოც ვაყენებდი გარკვეულ ზიანს. თან, ჩემიანებისაც მერიდებოდა: თავის დროზე მეუბნებოდნენ, ამ კაცს არ გაჰყვეო, მაგრამ არავის დავუჯერე. სხვათა შორის, ვიდრე გავთხოვდებოდი, დეიდამისთან ერთი კაცი მივიდა, ზაურის ოჯახის ახლობელი და უთხრა: გაამაგრე შენი და და სიძე, იმ ბიჭს შვილი არ მისცენ. დედამისის ამბავი რომ ვიცი, ძალიან გაამწარებსო. ის კაცი თურმე, სიმართლეს ამბობდა, მე კი ახლობლების რჩევას ყური არ დავუგდე.

იცით, როცა სახლი დამიწვა, მას მერე თითქმის ყველა ჩემს ნათესავთან მისულა და უთქვამს: ნანა ბოზია, სხვასთან გამოვიჭირე და მისთვის სახლი აბა, არ უნდა დამეწვაო? როცა არ გავჩერდი და ვიყვირე, სამართლადამცავებს ყველაფრის გამოძიება მოვთხოვე, დანაშაული აღიარა, მაგრამ ამ საქმეში სხვებიც რომ ეხმარებოდნენ, ამას მალავს.

- რატომ ამბობდა, რომ უღალატეთ?

- ალბათ იმიტომ, რომ თავად გამოვიჭირე იმ ქალთან და ცდილობდა, საკუთარი საქციელი ამ გზით გაემართლებინა... მერე დაავიწყდა, რა ჭორსაც მივრცელებდა და გაყრიდან ცოტა ხანში დედაჩემს მიადგა: ნანასთან შერიგება მინდა, დამემხმარეო. - რათა? ახლა არ არის ჩემი შვილი ბოზიო? - უკითხვას დედას. - არა, მაშინ ეს ამბავი მოვიგონეო. - ჰოდა, წადი ახლა, დაიარე სოფელი და სიმართლე უთხარი ყველას, თუ კაცი ხარო...

- ახლა სად ცხოვრობთ?

- 6 კვადრატულ მეტრში, გაულესავ ოთახში. მიუხედავად ამისა, საოციალური დახმარებაც შემიწყვიტეს ყოფილი მეუღლის ხელის მოწერის გამო.

- რა ხელმოწერას გულისხმობთ?

- როცა სოციალური აგენტები შემოწმებაზე მოსულან, შინ არ ვიყავი. იმათაც, ოქმი შეუდგენიათ, სახლში არ დაგვხვდაო, მათ კი ამ ოქმზე ყოფილმა მეუღლემ მოუწერა ხელი.

- ეტყობა, მაშინ გაყრილები არ ვიყავით.

- როგორ არა, გაყრილები ვიყავით, მაგრამ ყველაფერში ცხვირს ჰყოფს. თანაც, მის მეზობლად მიწევს ცხოვრება. ჩემი პატარა ოთახიდან დაახლოეით 50 მეტრშია მისი მშობლების სახლი... სამჯერ გავასაჩივრე, დახმარება რომ მომიხსნეს, მაგრამ დღემდე არავინ მოსულა ჩემი საცხოვრებლის შესამოწმებლად. ამის მიზეზი იცით, რა არის? - მეზობლის კაცმა დახმარების ხელი გამომიწოდა. მითხრა: ვიცი, შვილო, რომ ძალიან გიჭირს, ღუმელი შენ არ გაქვს და შეშა, რომ გათბე. ჰოდა, ჩვენ სახლი მაინც დაკეტილი გვაქვს, შედი და იქ იცხოვრე, თან სახლსაც მიმიხედავო. ჰოდა, საღამოს მის სახლში ვარ, დღისით კი - საკუთარ ქოხში. ჰოდა, შარი მომდეს: სხვაგან რატომ გძინავს, თუUშენი არ არისო? მაინცდამაინც უნდა გავიყინო და მოვკვდე, რომ დახმრების მოცემა გადაწყვიტონ? არადა, ჩემს გასაჭირს ისიც დაერთო, რომ საოპერაციო ვარ: თირკმელში კენჭი გამეჭედა და ძალიან ცუდ დღეში ვარ. თუმცა, საკუთარ თავს აღარ ვჩივი. ყველაფერზე მეტად, შვილის გვერდით არყოფნა მკლავს, ამას ძალიან განვიცდი...

- სახლის დაწვის შემდეგ მშობლების სახლში რატომ არ წახვედით?

- ჩემს ძმას ბინა ბანკმა ჩამოართვა. კარგა ხანს მეზობლებმა შეიფარეს, მერე პატარა სახლი იყიდეს, სადაც ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის, ან რა ვალდებულია, მარჩინოს?.. იცით, ჩემს ყოფილ ქმარს ერთი მაღალჩინოსანი პოლიციელი იცავს. ბოლოს და ბოლოს, სრულყოფილი დაბადების მოწმობაც კი ვერ ავუღე შვილს. პირადობის მოწმობა რომ ჰქონოდა, ამისთვის დაბადების მოწმობის მიტანა მოგვთხოვეს, ჩვენ კი ეს საბუთი დაგვეწვა. ჰოდა, ამ მოწმობის ხელახლა გასაკეთებლად რომ მივედი, საქმე ჯერ გააჯანჯლეს, ბოლოს კი, როცა ამ საქმეს საშველი დაადგა, აღმოჩნდა, რომ მასში რატომღაც, ჩემი პირადი ნომერი არ იყო მითითებული და არც ჩამიწერეს.

- რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, რის გამოც რედაქციაში გვესტუმრეთ?

- სახლი დამიწვეს და ამის გამო პასუხი არავის აგებინეს, დამნაშავეებს ხელს აფარებენ. მინდა, ხალხმა გაიგოს ჩემი გასაჭირი და იქნებ მეც მეშველოს რამე. ამქვეყნად უკანონობაა, სამართალი ვერსად ვიპოვე. დამეხმარეთ, რომ სიმართლემ იზეიმოს.

ლიკა ქაჯაია