სპექტაკლი, რომელშიც გურანდა გაბუნია ოთარ მეღვინეთუხუცესს აუცილებლად უნდა ენახა... - გზაპრესი

სპექტაკლი, რომელშიც გურანდა გაბუნია ოთარ მეღვინეთუხუცესს აუცილებლად უნდა ენახა...

გადაცემაში არა მარტო ქალბატონი გურანდას, არამედ ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესის გზაზეც ილაპარაკეს...

- მინდა, წარმოვიდგინო, რომ ახლა ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესიც ჩვენთან ერთადაა. ყველას ახსოვხართ, ორივემ საინტერესო გზა გაიარეთ. თქვენი გზა სოხუმში დაიწყო, მთელი ბავშვობა ცეკვავდით. რატომ არ გაჰყევით ბალეტს?

- მამაჩემს არ უნდოდა, ბალეტს გავყოლოდი. ის ნამდვილი მეგრელი იყო. გარკვეული პერიოდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა, ერთი პერიოდი - დირექტორი, არტისტიც კი იყო. ერთხელ მაისეევის ანსამბლი გვესტუმრა. იკითხეს, - ცეკვის წრე თუ გაქვთო? მამაჩემმა უპასუხა, რომ - ცეკვაზე გოგო-ბიჭები დადიოდნენ. მათ ძალიან მოვეწონე და თქვეს, - წაგიყვანთ და ჩვენთან, სტუდიაში ისწავლიო. მამაჩემმა მითხრა, - სად წაგიყვანენ, მოსკოვში?! აბა, დაჯექი მანდო! არ გამიშვა, მათ კი დაემშვიდობა. თეატრალურშიც ჩუმად ჩავაბარე. მამას დავურეკე და ასე შევატყობინე. მაშინ ზუგდიდის თეატრში იყო გადასული. იქ ჩასვლა ძალიან მიყვარდა. ზუგდიდში ნათესავებთან როცა ვიყავი, პირველად ვნახე კიტრი, რომელიც ყუნწზე ეკიდა. მანამდე მეგონა, მიწიდან ამოდიოდა.

- ბატონ ოთარს სტუდენტობის დროს შეხვდით?

- ერთხელ, თეატრალური ინსტიტუტის კიბეზე ჩამოვდიოდი, ნუგზარ გაჩავა კი ამოდიოდა. ის ოთართან მეგობრობდა. მითხრა, - წამოდი, ერთი მსახიობი უნდა გაგაცნო, ვფიქრობ, მოგეწონებაო. - რა იცი, რომ მომეწონება-მეთქი? - მის სპექტაკლზე გაგიშვებ და მაშინ ნახავ, როგორი შესანიშნავი არტისტი არისო. ოთარს ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა. თავიდან ვიფიქრე, - ჯონ ვეინს ჰგავს-მეთქი. მერე დავუკვირდი და გარი კუპერს უფრო მივამსგავსე. მოკლედ, ყველა ლამაზი და მაღალი კაცი გამახსენდა, რადგან ოთარი ძალიან მაღალი იყო, ასევე - გამხდარიც. ერთხელ, ლექციები რომ დამიმთავრდა, სახლში მივდიოდი. დავინახე, ინსტიტუტთან იდგა. მითხრა, - გაგაცილებო. მთელი გზა მე ვლაპარაკობდი. ყველა ადამიანის თვისებაა: გინდა, ახალგაცნობილს აჩვენო, როგორი ნაკითხი, ჭკვიანი ხარ და რომ ყველაფერი ნანახი გაქვს, განსაკუთრებით - კინოს სფეროში. ადრე კინოზე ვგიჟდებოდი, ახლა თეატრი უფრო მიყვარს - დრომ ასე იცის. ოთარს ლაპარაკი არ უყვარდა. ძალიან უხაროდა, როცა მე ვლაპარაკობდი.

- ეს ამბავი ერთი ნახვით სიყვარულს ჰგავს...

GzaPress- ვერ გეტყვით. ერთადერთი ის მახსოვს, რომ ის აღარ არის. მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა, მეც აღარ ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი. ცოტა ხნის წინ ამხანაგთან ვიყავი, მისი მეუღლეც არ არის კარგად. რაღაცას ვყვებოდი, რომ ცოტა გამემხიარულებინა, მაგრამ მივხვდი, ისე ვეღარ ვყვებოდი, როგორც ადრე.

- ამ გადმოსახედიდან რას იტყვით, უფრო რთული არ იქნებოდა ცხოვრება, ასეთი ადამიანი გვერდით რომ არ გყოლოდათ?

- მაშინ არც მე ვიქნებოდი ასეთი.

- კინოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მისი 40-ზე მეტი როლი დავთვალე თეატრში. ძალიან ხშირად თამაშობდა მეფეს. როცა ასეთი როლი გაქვს, სპექტაკლის შემდგომ კი სახლში მოდიხარ, მეფე აღარ ხარ. ამაზე რას იტყვი?

- ერთხელ მითხრა, - შენ როგორ მელაპარაკებიო?! მაშინვე გავერიდე. ცოტა ხანში სინი შემოვუტანე, სუფი, ღომი, რომელიც ძალიან უყვარდა, წინა დღის ხაჭაპური და რაღაც-რაღაცები. ვუთხარი: - დიდო ხელმწიფევ, ხელი აიღეთ და მოგართმევთ. გაოცებულმა შემომხედა, - რაო?! - დავუდე, ყველაფერი გადმოვუღე. ვკითხე: - რას მიბრძანებთ, დიდო მეფეო? - ეცინებოდა.

- იუმორის გრძნობა როგორი ჰქონდა?

- ძალიან კარგი. აქ ჩამოსულ ხაზანოვს ვუყურებდით და სიცილისგან კინაღამ გადავარდა, მისი პიჯაკი მეჭირა, ვაკავებდი. ხაზანოვი ძალიან სასაცილო იყო და მას ასეთი ადამიანები მოსწონდა. თენგიზ ჩანტლაძესთან მეგობრობდა.

- სევდიანია, რასაც ვამბობ, მაგრამ ძალიან მომეწონა მისი ძეგლი. ქალაქს და ქვეყანას რაღაც დარჩა იმ ადამიანისგან, ვინც ბევრი რამ გააკეთა და საინტერესო სახეები დაგვიტოვა. დიდი მადლობა ეკუთვნის ლევან ვარდოსანიძეს, მამუკა ქაცარავას და ფატი დავითულიანს...

- არ მჯეროდა, რომ ეს ძეგლი იქნებოდა. ფოტო გერმანელებს რომ აჩვენეს, მათ თქვეს: - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვიღაც არტისტზეა გაკეთებულიო. არადა, არ იცოდნენ, ვისი ძეგლი იყო. მე ოთარისნაირი არტისტი ნამდვილად არა ვარ. თეატრში კარგი თაობა თუ მოვა, დიდი ბედნიერება იქნება. როცა ვიხსენებ "ანტიგონეს", მახსენდება, როგორ იდგა ნიკა თავაძე კულისებში. ის ოთარის შვილს თამაშობდა. ყველაფერს ყლაპავდა, რასაც ოთარი აკეთებდა, შესვლამდე უყურებდა, ერთი სპექტაკლიც კი არ გაუცდენია. ერთ რამეს გავიხსენებ: ძალიან მიყვარს იები. საიდან გაიგო, არ ვიცი. რვა მარტი იყო, ვიდექი და მოედანზე ცნობილ აფთიაქთან ველოდებოდი, როგორც ყოველთვის. აგვიანდებოდა, რადგან ორ ფილმში იღებდნენ. როცა მოვიდა, გული დამწყდა, არაფერი მომიტანა-მეთქი. უეცრად გაიხსნა პიჯაკი და იები გამომიწოდა. ამას წინათ, როცა სახლში მივდიოდი, ერთ მაღაზიაში შევედი, სადაც ყოველთვის ყვავილებს ვყიდულობ. გამყიდველმა დამიძახა და იები მომცა: - რატომღაც ვიფიქრე, რომ გამოივლიდი და შეგინახეო. მოვიტანე სახლში და ოთარის სურათის წინ დავდე... აი, ეს არის ცხოვრება.

- თქვით, რომ ელოდებოდით, რადგან ორ ფილმში იღებდნენ. ესენი იყო: "კეთილი ადამიანები" და "ფატიმა", ორი სრულიად სხვადასხვა როლი. როგორ ემზადებოდა როლებისთვის?

- ოთარი სახლში თითქმის არ იყო ხოლმე. მოვიდოდა, ვაჭმევდი, დაიძინებდა. თუ საქმე არ ჰქონდა, კითხულობდა.

- ქალბატონო გურანდა, ძალიან გამიხარდა, როცა დაგირეკეთ და მითხარით, სპექტაკლში ვარ დაკავებულიო. ეს ძალიან კარგია. თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ მოგვიყევით.

- სულ მედეა კუჭუხიძესთან ვთამაშობდი. ყოველთვის მადლიერი ვიყავი. ჩემზე ბედნიერი ქალი არ არსებობს, ისეთი როლები მაქვს შესრულებული. მედიკომ ისეთი მუშაობა იცოდა, გრძნობდი, რომ ცოცხლობდი. მინდა გითხრა, რომ უამრავი სურათი გადაგვიღო დემიკო ლელაძემ. სპექტაკლი "ალუბლის ბაღი" გრიბოედოვის თეატრში, რუსულ ენაზე უნდა დაედგათ. მთელი სიცოცხლე ველოდებოდი, რომ მას მედიკო დადგამდა, რადგან მისი სტილის შესაფერისი იყო. ამას სულ ვნატრობდი, მაგრამ რეჟისორს ხომ არ ვეტყოდი, სპექტაკლი დამიდგი-მეთქი?! მოხდა ისე, რომ მოვიდა ანდრო ენუქიძე და ეს სპექტაკლი დადგა. კოლია სვენტიტსკიმ მითხრა, - უცნაურ როლებს თამაშობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო როლი უნდა ითამაშოო. ვუპასუხე, რომ უკვე იმ, ძველებურ სიმაღლეზე აღარა ვარ. ანდრომ როცა მითხრა, - რამე დავდგათ, მოვიფიქროთო, სხვაგან იყო ჩემი ფიქრები, ამიტომ თვითონ მოიფიქრა. კოლიას გაუწია ანგარიში, რომ რამე საინტერესო როლზე დავეკავებინე. ანდროს, რაც ამოვირჩიეთ დასადგმელად, ის არ მოეწონა. მოდი, "ალუბლის ბაღი" დავდგათო, მითხრა. გამეცინა, - 4 საათია სპექტაკლი-მეთქი. არ ინერვიულო, მე გავაკეთებ და ნახავო. ახლა კი "ალუბლის ბაღზე" ბილეთები არ იშოვება და ძალიან მიხარია.

- მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს შვილს. ის მსახიობი არ არის. არ გინდოდათ, რომ ამ პროფესიას გაჰყოლოდა?

- პირიქით, ძალიან მინდოდა. თამაში არასდროს ნდომებია. სამაგიეროდ, თავისი საქმე ათიანზე იცოდა.

- ხელოვან მშობლებს ბევრჯერ აღუნიშნავთ, რომ არ უნდათ, მათი შვილებიც მათ გზას გაჰყვნენ. ოთარი რას ფიქრობდა ამაზე?

- არა, ეს ოთარსაც ძალიან უნდოდა. მარიამმა თვითონ აირჩია თავისი გზა. ვიხსენებ, ერთ საღამოს, როცა ოთარი ცუდად იყო, არ ვიცოდი, რა მექნა და კახი კავსაძეს დავურეკე. სამ წუთში მანქანით მოვიდა! თურმე, მოქროდა. ამოვარდა, დაჯდა და რაღაცების მოყოლა დაიწყო, ცოტა გამოიყვანა მდგომარეობიდან. ოთარი გარდაიცვალა, გავიდა რამდენიმე წელი. წყნეთში ვიყავით, "ოტელო" გადიოდა. დიდი ხანი არ მქონდა ნანახი და უცებ ამივარდა ტირილი. ავდექი და ვიგრძენი, რომ ვერ ვიდექი ფეხზე მყარად, ვიქცეოდი. წავიქეცი კიდეც... სასწრაფომ მიშველა. "ოტელო" იყო ნამდვილი სტრესი, თავში დარტყმა...

- ამიტომ დავიწყე ასე: - ორი ადამიანის გზა. ყველას თავისი ნაწილი აქვს, თუ მეორე ნახევარს იპოვის.

- ახალ სპექტაკლში რომ ვითამაშე, მორჩა წარმოდგენა, დემიკო შემოვიდა, ხელი გამომიწოდა და მითხრა: - გურანდა, გურანდა, ოთარს არ უნდა ენახე ამაში?! ამაში არ უნდა ენახე?! აი, რისთვის დავიბადე!..

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ქალბატონო გურანდა. სწორედ ამიტომ ყველამ უნდა ნახოს ის სპექტაკლი, რომელშიც ოთარ მეღვინეთუხუცესს გურანდა გაბუნია აუცილებლად უნდა ენახა...

ეკა აბაშიძე