"ძუძუ სახლში დავტოვე!" - სახალისო ამბები თამარ მაყაშვილისგან - გზაპრესი

"ძუძუ სახლში დავტოვე!" - სახალისო ამბები თამარ მაყაშვილისგან

ფრანგი კოსტიუმერი

ორი თვის წინ, ფრანგებმა საქართველოში ფილმი გადაიღეს და ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟთან ერთად, ეპიზოდში ვითამაშე. ფილმში ცნობილი ფრანგი მსახიობი - შარლოტა გინზბურგი მონაწილეობს. მთელი გადამღები ჯგუფი, რეჟისორით დაწყებული და ტექნიკური პერსონალით დამთავრებული, ფრანგები იყვნენ. ეს არ იყო ერთობლივი ფილმი, ქართველები მხოლოდ მასობრივ სცენებში ვეხმარებოდით. პირადად მე, მათთან ორი დღე ვიმუშავე. ფილმი ფანტასტიკური ჟანრის არის, სახალისო სიუჟეტი აქვს: დაახლოებით, 3000 წელია და არარსებულ ქვეყანაში მატრიარქატი დგება, ქალები კაცებს ჩაგრავენ. მე ვნახე ფილმის სარეკლამოდ გამზადებული მონაკვეთი და მომეწონა. გადაღებები ბევრგან ჰქონდათ: გორში, თბილისში, წოდორეთში. პარლამენტის შენობა კი მასობრივი სცენებისთვის დასჭირდათ. ფილმში 350-დან 600-მდე ადამიანი იყო დაკავებული. უცხოელებს ყველაფერი ისე აქვთ აწყობილი, რომ გადაღებებზე მისვლა გიხარია, - ზედმიწევნით მოწესრიგებულებიც არიან. მხატვარი ოლივერი კოსტიუმს ერთი კვირა მარგებდა. საკმაოდ წარმატებული მხატვარია, ჯონი დეპთან უმუშავია. მე ფრანგული არ ვიცი, ინგლისური - მესმის. დიდად, ფრანგებიც არ ბრწყინავდნენ ინგლისურის ცოდნით. მოკლედ, საუბარს ვახერხებდით. ხშირად ვხუმრობდი, სასაცილო ამბებს ვყვებოდი და ისინიც ხალისობდნენ. ოლივერთან ჩაცმა-გახდა აღარ დამთავრდა. - რა გინდა, ჩემზე შეყვარებული ხომ არა ხარ-მეთქი? - ვეუბნებოდი. - შენ იმსიგრძე ხელები და ფეხები გაქვს, ტანსაცმელს ვერ გარგებო...

აგიხსნით, როგორი კოსტიუმი მეცვა: სპეცტანსაცმელს რომ კერავენ, იმ ტიპის ქსოვილისგან შეკერილი ნაცრისფერი შარვალი, ოფიცრის შავ ჩექმებში ჩატანებული, მუქი ლურჯი კიტელი და ლაბადა, რომელზეც დიდი ორდენი მქონდა მიმაგრებული. დილით, ჩაცმული წავედი გადაღებაზე. კოსტიუმის სახლში წაღება არ შეიძლება, მაგრამ ვითხოვე, რადგან ადრე ვიყავი მისასვლელი. მანქანაში ვსხედვართ. მძღოლმა არასწორად მოუხვია და პატრულმაც მაშინვე გაგვაჩერა. მძღოლი ეხვეწება, - გადაღებაზე გვაგვიანდება, მსახიობი მიმყავსო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ავტომობილიდან გადმოვედი, გენერალს ვგავარ. პატრულის თანამშრომლები გაკვირვებული სახით მიყურებენ, - რა ხდება, ომი დაიწყოო? თან, სასაცილო ის იყო, რომ ერთ-ერთს რუსკა ვეგონე. მოკლედ, მივედით გადაღებაზე. იქ რა მოხდა? - გამიკეთეს სამუხლე, ხელის დამცავი, წელის დამცავი, ბალერონების პლასტმასის დამცავი, - ესეც საჭიროაო. ისე ვარ, ვერ ვინძრევი. ჰოდა, ერთ-ერთი სცენის დროს მსახიობმა ვინსენტმა ისე მწარედ მთხლიშა სწორედ იმ ადგილას, სადაც პლასტმასი მქონდა დამაგრებული, რომ გადაღება გაჩერდა. ფრანგები გაისუსნენ. დავიწუწუნე: - თქვე ოჯახაშენებულებო, რას მერჩოდით, ვყოფილიყავი დამცავის გარეშე, ასე ძალიან ხომ არ მეტკინებოდა-მეთქი? ასე, ხალისით ჩაიარა ფრანგებთან მუშაობამ.

თემა - ძუძუები

თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებს ვაბარებ და იმაზე ვწუხვარ, რომ პატარა მკერდი მაქვს. იმ დროს ე.წ. "გუბკიანი" ლიფები არ იყიდებოდა. ჩემი მეგობარი, დიზაინერი დიმა კობახიძე დამეხმარა: ავიღეთ ბებიაჩემის დიდი ზომის ლიფი, რომელშიც რაღაც ქსოვილები, ბამბა და რაც ხელში მოგვხვდა, ყველაფერი ჩავტენეთ. ბოლოს, დიმამ ღარიც დამახატა. ჰოდა, ასე გამოპრანჭული წარვდექი კომისიის წინაშე. ატყდა ერთი ხორხოცი. მესმის, ერთმანეთს ელაპარაკებიან: - "რა ფეხი აქვს, რა ხელი, რამხელა მკერდი!" ეტიუდი შევასრულე და ბევრიც ვიმაიმუნე... მერე, სამი თვე შვილებთან ერთად ბაკურიანში ვისვენებდი.

კარგად მახსოვს, 17 სექტემბერს ინსტიტუტში თავგადაპარსული და გარუჯული მივედი. პირველკურსელები ფოიეში შეგვკრიბეს. ზემოდან, მეოთხე სართულიდან გიზო ჟორდანიამ გადმოიხედა და უცებ, ისმის მისი ყვირილი: - "მაყაშვილი!" ავიხედე, - ბატონო გიზო, როგორ ბრძანდებით-მეთქი? - მაყაშვილი, გოგო, ძუძუ რა უყავიო? ფოიეში სრული სიჩუმეა. ისმის ჩემი პასუხი: "ძუძუ სახლში დავტოვე!" ამის შემდეგ, ამ თემაზე ხშირად  "ღადაობდნენ".

მეტეხის თეატრში დადგმულ ერთ-ერთ სპექტაკლში, თემურ ნაცვლიშვილს და მე საერთო სცენა გვქონდა. ჩემი გმირის გარეგნობა დიდი ზომის ლიფის ჩაცმას მოითხოვდა. ერთხელაც, სპექტაკლის მსვლელობისას, ვხვდები, რომ ცუდად ვარ; შევწუხდი და მინდა, ლიფი მოვიხსნა, მაგრამ არ ვიცი, სად წავიღო. დარბაზში, პირველ რიგში, ერთსა და იმავე ადგილებზე ყოველთვის ერთი და იგივე ბიჭები ისხდნენ; ისინი ყველა ჩემს სპექტაკლს ესწრებოდნენ. ჰოდა, მოვიხსენი ეს გაბერილი ძუძუები და ამათ მივაწოდე, - დამიჭირეთ-მეთქი. შოკში ჩაცვივდნენ. ჩემი სცენა დამთავრდა და გავედი, მაგრამ მერე ძუძუების დასაბრუნებლად გამოვედი, იმ ბიჭებს მივადექი, გამოვართვი, მადლობა გადავუხადე და წავედი. იმ დღის შემდეგ, ისინი თეატრში აღარ გამოჩენილან, ბატონი სანდრო მრევლიშვილი კი მეჩხუბა: კნეინა მაყაშვილო, რა გინდოდა მაყურებლისგან? ის ბიჭები პატიოსნად იღებდნენ ბილეთებს და რატომ გააქციეო?!.

"გადარეული" თამრიკო

სერიალში - "წვრილვარსკვლავთა ღამე" ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნება განვასახიერე. გადაღებების პარალელურად, მეტეხის თეატრში ვმუშაობდი. პირველი იანვარია, სანდრო მრევლიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის - "როსტომ მანველიძე" პრემიერაში ვმონაწილეობდი. ჰო, მაშინ ასეთი რაღაცებიც ხდებოდა, კარგი დრო იყო... სპექტაკლი რომ დამთავრდა, მეგობარმა ტაქსით მომაკითხა. მე ვქოთქოთებ, ამბებს ვყვები, ვყვირი. ტაქსის მძღოლი მოტრიალდა და მეუბნება: თქვენ სერიალში ნინოს არ თამაშობთო? - კი-მეთქი. - ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ თუ ასეთი გადარეული იქნებოდით, ვერ წარმოვიდგენდიო. ეს არის მსახიობის გამარჯვება!

რუსკაზეც ხშირად უთქვამთ, - კომიკური ჟანრის მსახიობიაო, მაგრამ მე ვიცი, რომ მასში უფრო ტრაგიკული ხასიათია. მე ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: ჩემი შვილების ნამუშევარს როცა ვაფასებ, იმ წუთში ვიწყებ ყველაფრის ხმამაღლა განხილვას. მეხვეწებიან, - სათქმელი სახლში გვითხარიო, მაგრამ მათი თხოვნის გათვალისწინება არ შემიძლია, ჩემი მოსაზრება მაშინვე უნდა დავაფიქსირო. მიხარია, რომ გოგონები შენიშვნებს ისმენენ, იზიარებენ და ჩემი სჯერათ. მსახიობი ვიღაცამ უნდა გააკრიტიკოს, ეს აუცილებელია მისი პროფესიული წინსვლისთვის. არ შეიძლება, არტისტს მუდამ აქებდნენ და ეუბნებოდნენ: "კარგია, შესანიშნავია!"

ახალი წელი და ხასიათი

ახალი წელი ჩემს ბავშვობაში ასე აღინიშნებოდა: პირველ იანვარს მხოლოდ გოზინაყი გვქონდა, 14 იანვარს - ყველაფერი. და კიდევ, უამრავი სტუმარი დაუპატიჟებლად მოდიოდა. თუმცა, ჩვენთან ახლობლები ყოველდღე იკრიბებოდნენ. ერთ რამედ ღირდა მამას მეგობრების მოსმენა, რომლებიც ყოველთვის საინტერესო ამბებს ჰყვებოდნენ. ჩემთვის მთავარი გოზინაყი კი არ იყო, არამედ ადამიანები იყვნენ და დღესაც ასეა - ჩვენს სახლში კარი არ იხურება. ახალ წელს ტრადიციულად, შინ ვხვდებით, მერე კი გოგონები სახლიდან მიდიან. ჩემი ბიჭი და შვილიშვილი საჩუქრებს 2-2-ჯერ იღებენ... საერთოდ, ახალი წელია და ტაში შემოვკრათ, - ასეთი განცდა არ მაქვს. ვფიქრობ, დღესასწაულის მოწყობა ნებისმიერ დროს შეიძლება. თან, ჩემი აზრით, დროის კარგად გასატარებლად ალკოჰოლის მიღება სულაც არ არის აუცილებელი. უამრავი მეგობარი მყავს და მათთან ერთად ფხიზელიც გადასარევად ვხალისობ ხოლმე. სხვათა შორის, წყალზეც მიქეიფია. ხასიათების ქალი ვარ: როგორ განწყობილებაზეც ვარ, ისე გამოვიყურები. ჩემზე ამბობენ: მაყაშვილისას ვერაფერს გაიგებ - ქუჩაში ხან "პეროთი" დადის, ხანაც - "ბომჟივითო". მე კი ვფიქრობ, რომ ადამიანი ყოველთვის ბუნებრივი უნდა იყოს.

ერთი სერიოზული ოცნება მაქვს: 20 მილიარდი მინდა! ერთმა მეგობარმა მკითხა: იცი, ეს ციფრი როგორ იწერებაო? არ ვიცი და დღემდე ვერ გავიგე, 20 მილიარდი როგორ იწერება, მაგრამ მაინც მინდა!

ნანული ზოტიკიშვილი

"გზა", 2013 წელი