ქალთა კოლონიის ბინადრები - გზაპრესი

ქალთა კოლონიის ბინადრები

ბევრი მათგანი წლებია, გისოსებს მიღმა ცხოვრობს, უმრავლესობას განაჩენი გამოტანილი აქვს და სასჯელს სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდის. 35 ქალი კი ჯერჯერობით ბრალდებულის სტატუსით, გისოსებს მიღმა სასამართლოს ვერდიქტს ელოდება.

3 მარტს საჩუქრები მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა იმ მსჯავრდადებულ დედებს გადასცა, რომელთა შვილებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იზრდებიან. მინისტრმა ასევე დააჯილდოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი. მერიის ორგანიზებით გამართული კონცერტი მსახიობ ნიკა წულუკიძეს მიჰყავდა. მერიის წარმომადგენლებმაც გადასცეს მსჯავრდადებულებს საჩუქრად წიგნები. მინისტრ გიორგი მღებრიშვილის თქმით, დედის დღე განსაკუთრებით მძიმეა იმ მსჯავრდადებულებისთვის, ვინც მოკლებულია შვილებთან ურთიერთობის სიხარულს.

GzaPress8 მარტს კი მეც ვეწვიე ქალთა დაწესებულებას. საგულდაგულოდ შემოღობილი ეზოს კარი ბადრაგებმა გამიღეს, ამის მერე პატარა ეზო გავიარე და ჩხრეკის ოთახში აღმოვჩნდი. კანონით განსაზღვრული ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, ციხეში მყოფ ქალბატონებთან შესახვედრად მოვემზადე. მერე ერთმანეთის მიყოლებით, ორი რკინის კარი გაიღო და ადმინისტრაციულ კორპუსში აღმოვჩნდი.

შესასვლელთან დაწესებულების დირექტორი, ქალბატონი ნესტან ვერულაშვილი იდგა და სტუმრებს ელოდა. ქალებისთვის 8 მარტის მოსალოცად სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, ბესიკ დევდარიანი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გახარია და ქვემო ქართლის გუბერნატორი, პაატა ხიზანიშვილი მივიდნენ.

პატიმარი ქალები სტუმრებს საზეიმო კონცერტით დახვდნენ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თავისი 8 წლის ქალიშვილი და მეგობრის ორი ვაჟიც ჰყავდა მოყვანილი, პატარებს ქალებისთვის ყვავილების თაიგულები მოჰქონდათ და ციხის ეზოში ინტერესით აცეცებდნენ თვალებს.

იმ დღეს ყველაზე ბედნიერი 3 ქალბატონი ჩანდა, რადგან მათ პრეზიდენტმა სიურპრიზი მოუწყო - გიორგი მარგველაშვილმა 3 უვადო მსჯავრდადებული ქალბატონი შეიწყალა, მათთვის გამოტანილი მსჯავრი გაუქმდა და კონკრეტული სასჯელები განესაზღვრათ. სამუდამო პატიმრობამისჯილ ყველაზე ასაკოვან ქალბატონს სასჯელი 13-წლიანი პატიმრობით შეეცვალა. ის წლებია, სასჯელს იხდის. 8 მარტს ისიც შეიტყო, რომ სულ მალე დატოვებს ციხის კედლებს. ამისთვის მხოლოდ სამართლებრივი პროცედურები დარჩა გასავლელი და 65 წლის ქალბატონი ოცნებას აიხდენს, საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.

- რას ამბობთ? მართლა? ხომ არ მატყუებთ? მართლა გავდივარ? გული ცუდად მაქვს, არ მჯერა, თავი სიზმარში მგონია, - ამბობდა მოღიმარი ქალბატონი და ამბის გადამოწმებას რამდენიმე წყაროსთან ცდილობდა. ადმინისტრაციის თანამშრომლები და პატიმრები გულით ულოცავდნენ. ზოგი კოცნიდა, ზოგი შორიდან გაღიმებული სახით უგზავნიდა კოცნას და მის სიხარულს იზიარებდა.

GzaPressსაზეიმო ღონისძიება პატიმრების ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის დარბაზში ჩატარდა. დარბაზის შესასვლელთან პატიმრების გაკეთებული ნამუშევრები იყო გამოფენილი: ზოგს წმინდანები მოექარგა, ზოგიერთს ჩანთა შეეკერა, ნაწილს ლამაზად აეწყო მძივები, ზოგს თექისგან შექმნილი თავისი ნამუშევარი გამოეტანა.

დარბაზი სავსე იყო პატიმარი ქალებით. ნაწილი ზედა სართულის აივნიდან ადევნებდა თვალს კონცერტს. ქალბატონების მიერ მოწყობილი საღამო მართლაც ლამაზი გამოვიდა. ლექსებს მუსიკალური ნომრები ცვლიდა. დარბაზი ოვაციებით ხვდებოდა თითოეულ გამომსვლელს. ზეიმის ბილოს სცენაზე დაწესებულების დირექტორი ავიდა. ნესტან ვერულაშვილმა პატიმარ ქალებს კიდევ ერთხელ მიულოცა 8 მარტი და მუხრან მაჭავარიანის ულამაზესი ლექსი - "ვითარცა მტკვარი" წაიკითხა. ქალბატონებს მინისტრის მოადგილემ, ბესიკ დევდარიანმაც მიულოცა ქალთა დღე და მათ პრეზიდენტის გამოგზავნილი საჩუქარი - მუსიკალური ცენტრი გადასცა. ამ ამბავმა ქალები ძალიან გაახარა.

ბესიკ დევდარიანი:

- სახელმწიფო მით უფრო ძლიერია, რაც მეტად ზრუნავს ქალებსა და ბავშვებზე, ეს იქნება ციხის კედლებში თუ მის გარეთ. ჩვენი სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ვცდილობთ, მსჯავრდადებულ ქალებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ თავისუფლების აღკვეთით გამოწვეული სიმძიმე, გავაფართოოთ სარეაბილიტაციო პროგრამები, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ თავი. იმედი არ მოუშალოს ღმერთმა არც ერთ ქალბატონს!

ფოთოლა ლაგვილავა ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ, ის წლებია, სასჯელს იხდის:

- ჩვენთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი დირექტორი გვყავს და ყველაფერში გვიწყობს ხელს, ამიტომ ეს ლამაზი საღამოც გაიმართა. რამდენიმე ნიჭიერი ქალბატონისგან შექმნილია ჯგუფი და უკვე მივეჩვიეთ კონცერტების გამართვას. ლექსებს ვკითხულობთ, სიმღერებს ვასრულებთ. ადრე სპექტაკლიც დავდგით და დიდი მოწონება ხვდა. მადლობა ყველას ამ დღის გალამაზებისთვის. ქალბატონმა ნესტანმა ყველაფერი გააკეთა, რომ კიდევ ერთი ლამაზი დღე გაგვთენებოდა.

ნესტან ვერულაშვილი, დაწესებულების დირექტორი:

- ბედნიერი ვარ, რომ დღეს ყველანი ერთად ვართ. დიდი მადლობა პრეზიდენტს, ჩვენს მინისტრს, რომელიც არ გვაკლებს მზრუნველობას. მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ქალბატონებს და მინდა, ძალიან ბედნიერები იყვნენ. პოზიტიური ენერგია მოდიოდა სცენიდან. ოთხი დღე ვემზადებოდით სარვამარტო ღონისძიების ჩასატარებლად. გაზაფხულია, იღვიძებს ბუნება, ადამიანიც სულ სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს, მასაც უნდა განახლება, ელის ცვლილებას და აქვს მომავლის დიდი იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს წელი პრეზიდენტმა ქალების წლად გამოაცხადა. არ დაარღვია სიტყვა და არაჩვეულებრივი სიურპრიზი გაგვიკეთა. დაწესებულებაში 3 უვადო მსჯავრდადებული ქალი გვყავდა. მერწმუნეთ, ეს ჩემი ძალიან დიდი ტკივილი იყო, იმათზე ფიქრით ვიწყებდი დღეს. დიდი მადლობა პრეზიდენტს, რომ ეს საჩუქარი გაგვიკეთა და სასჯელი შეუცვალა. ისინი დღეს ხელმეორედ დაიბადნენ. ერთმა უვადო ქალბატონმა მითხრა, - მეორედ მაშინ დავიბადე, როცა პრეზიდენტმა შემიწყალაო. სამიდან ერთ-ერთ შეწყალებულს 13 წელი მიესაჯა. მას ასაკიც აქვს, ახლა სპეცნაწილი იმუშავებს მის საკითხზე, სასამართლოში გაგზავნის მასალებს და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. როცა უვადო პატიმრებმა შეწყალების ამბავი შეიტყვეს, არ სჯეროდათ მანამ, ვიდრე არ დამინახეს. სანამ არ იქნება დოკუმენტურად ყველაფერი დამტკიცებული, მანამდე მათ არანაირ დაპირებას არ ვაძლევ. როცა დამინახეს, მიხვდნენ, რომ საქმე კარგად იყო. სასწაული ემოცია იყო. სამივე დღემდე დახურულ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, სხვებისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ. სხვა პატიმრებთან ურთიერთობის საშუალებაც არ ჰქონდათ. ახლა რეჟიმიც შეეცვლებათ და გადმოვლენ ნახევრად ღია დაწესებულებაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იქნებიან. ამ დღეებში სულ 8 ქალს შეეხო შეწყალება. ოთხს სასჯელი გაუნახევრდა, 4 ქალი კი გათავისუფლდა. შეწყალებულთა შორის არიან ნარკოტიკული და ეკონომიკური დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულები.

ერთ-ერთი ქალბატონი დაწესებულებაში სტუმრად მყოფ პატარა მარიამს მოესიყვარულა და უთხრა, მეც შენსავით ლამაზი გოგონა სახლში მელოდება და იმედი მაქვს, მალე ვნახავო. გოგონას მან ყვავილები მიართვა. ეს ქალბატონი ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, ირინე აზაროვა აღმოჩნდა. თავად მარიამსაც ძალიან მოეწონა კონცერტი. მითხრა, როცა მამიკომ ციხეში წამოყვანა შემომთავაზა, მაშინვე დავთანხმდიო.

გიორგი გვახარია, დეპარტამენტის უფროსი:

GzaPress- ყველამ ერთად, ოჯახურ გარემოში მივულოცეთ ქალებს 8 მარტი. ჩემი მეგობარი ორი შვილით და მე ჩემს ქალიშვილთან ერთად მოვედით აქ. ძალიან ემოციური და თბილი დღე იყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალბატონების შემდგომი რეაბილიტაციისა და ადაპტაციისთვის ასეთ ღონისძიებებს. დიდი მადლობა მათ და დაწესებულების დირექტორს ამ საღამოსთვის. რაც მთავარია, დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომ არ გვყავს უვადომისჯილი პატიმარი ქალები.

ირინე აზაროვა, პატიმარი:

- დღევანდელი დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, რადგან უდიდესი ბედნიერება გვაჩუქა პრეზიდენტმა უვადოების შეწყალებით. დღეს ვიგრძენით, რომ ვართ ქალები. ალბათ მალე მოვა ის დროც, როცა დავუბრუნდებით ჩვენს შვილებს. მერვე წელია, აქ ვარ. ჩემს შვილიშვილს ვეტყვი აქედან, რომ ძალიან მიყვარს. იმიტომ ვცოცხლობ, რომ მას დავუბრუნდე და ვიყო ისეთი, როგორიც მას უნდა დავამახსოვრდე მთელი ცხოვრება. 26 წელი მქონდა მისჯილი, სააპელაციო პალატამ 23 წელი დამიტოვა, ამნისტია შემეხო და მოსახდელი დამრჩა 10 წელი, ახლა უკვე 2 წელი, 10 თვე და 40 დღე დამრჩა ციხეში გასატარებელი. ღვთის მადლით, ამ დღეების ჩავლას ველოდები.

- სასჯელს რისთვის იხდით?

- ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-გადაზიდვისთვის. სამწუხაროდ, არ არის კვალიფიკაცია სწორი. მე არ გადამიხდია საპროცესო, რადგან თანხა არ მქონდა, ამის გამო ყველაზე მწარედ დავისაჯე. მე ციხეში ვარ გამოკეტილი და ის ხალხი, ვინც ნარკოტიკი გადმომცა, გარეთაა. მათ 7 წელი ჰქონდათ მისჯილი, მე კი - 23. ვაღიარებ, რომ ვიყავი წამლის მომხმარებელი, მაგრამ წამალი არ გადმომიზიდავს. არც მიმტკიცდება საქმის მასალებით, ერთი პოლიციელის სიტყვიერი ჩვენებით ვარ დაკავებული.

- წამლის მომხმარებელი დიდი ხანია ხართ?

- არ ვიყავი დიდი ხნის მომხმარებელი. ერთი წელი ვიკეთებდი წამალს და ვაღიარებ, რომ შევცდი.

- აქ როგორ გადის დრო?

- აქ ცხოვრება გრძელდება. სხვადასხვა სახის ჯგუფებია და შეგვიძლია, საქმეს დავეუფლოთ. სერტიფიკატებსაც ვიღებთ. პირადად მე ხატებს ვამზადებ, ვქსოვ, ვქარგავ. ვაკეთებთ სხვადასხვანაირ ბიჟუტერიას. ხშირად ვაწყობთ ქალები პოეზიის საღამოს და ვცდილობთ, დღეები გავილამაზოთ. როცა მარტო ვრჩებით, ვუყურებთ აქედან თავისუფლების გზას, რომელიც ძალიან ახლოს არის და ასევე - ძალიან შორს ჩვენგან. ვრჩებით ჩვენს ფიქრებთან. ხატების წინ ვდგავართ და ვლოცულობთ, რომ უფალმა მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები და შეგვიწყალოს.

ირინეს მსგავსად, თამარიც წლებია, სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამბობს, რომ ბიბლიოთეკა აქვს ჩაბარებული და ხშირად წიგნების კითხვით ირთობს თავს.

თამარი:

- დანაშაული თავიდან არ ვაღიარე, მაგრამ მერე მაღიარებინეს. ამ წლების მანძილზე ხშირად ვშიმშილობდი ციხეში და ერთხელ 40 დღე ვიშიმშილე. ვაპროტესტებდი გამოტანილ განაჩენს, მაგრამ ხელისუფლების შეცვლამდე არაფერი შეცვლილა ჩემთვის. მერე ამნისტია შემეხო და ახლა მოსახდელი დამრჩა 13 წელი და 4 თვე. უვადოების შეწყალების შემდეგ, დიდი სტიმული მომეცა. მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, უფრო მეტად ჰუმანურები იყვნენ ქალების მიმართ. აქ ბევრი მსჯავრდადებული ქალი ვრჩებით პატიმრობაში. 8 წელია, აქ ვარ, მეც ქალი ვარ, ერთი ქალიშვილი მყავს და ველოდები იმ დღეს, როცა მას ჩავეხუტები.

ღონისძიებას, დედებთან ერთად, სამი ბავშვიც ესწრებოდა - ისინი გისოსებს მიღმა ცხოვრობენ. პატარები ციხეში დაიბადნენ და 3 წლამდე დედებთან ერთად იქნებიან, მერე კი მათ, ციხიდან მშობლის გამოსვლამდე, მინდობით აღზრდაში გადასცემენ. ეს პატარები იქ ყველას უყვარს. მათ საკუთარი შვილებივით ეფერებიან. გაიზრდებიან და ერთ დღეს ალბათ გაიგებენ, რომ ციხეში მოუწიათ წლების გატარებამ. დედებმა თავიანთი შვილები გულში ჩაიხუტეს და კონცერტის შემდეგ თავიანთ ოთახებს დაუბრუნდნენ. სხვა ქალბატონებიც ჩვეულ საკნებს დაუბრუნდნენ. სხვადასხვა სოციალური წრის ქალბატონები სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ერთი შეხედვით - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულებს, და თავისუფლების სურვილი აერთიანებს. ყველა მათგანი ხომ თავისუფლებაზე ოცნებობს.

თეა ხურცილავა