ნიუ-ჯერსის საბედისწერო ავტოავარიას შეწირული ორი ქართველის სიცოცხლე - გზაპრესი

ნიუ-ჯერსის საბედისწერო ავტოავარიას შეწირული ორი ქართველის სიცოცხლე

ცხოვრების ძალიან მოკლე გზა საინტერესოდ და წარმატებით გაიარეს. თავდაუზოგავად სწავლობდნენ და მუშაობდნენ. ამბობდნენ, რომ უცხოეთში მიღებულ გამოცდილებას სამშობლოს მოახმარდნენ, - საქართველოს სამხედრო ავიაციაში სამსახური მათი ოცნება იყო, რომლის ახდენაც ვერ მოასწრეს...

7 მარტს, ნიუ-ჯერსიში მომხდარ ავტოავარიას ორი ქართველი სამხედრო კურსანტის, ბესო გორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

GzaPressორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მოყინული გზა გახდა. საჭესთან მჯდომი ამერიკის მოქალაქე, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, თუმცა, თავს ჯერ კიდევ შეუძლოდ გრძნობს...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV, დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძე კი საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

კახა გორჯოლაძე, ბესოს მამა:

- უბედური მამა ვარ. ოჯახი გამიუბედურდა... ჩემი შვილი მხოლოდ მე და ჩემს ოჯახს კი არა, საქართველოს დააკლდა და ეს კიდევ უფრო მიკლავს გულს... ბესოს ოჯახი არ ჰყავდა, ჯერ სხვა გეგმები ჰქონდა. 28 მარტს, 23 წელი შეუსრულდებოდა. რა გითხრათ, ცოცხალ-მკვდრები ვართ. ერთი გოგონა გვყავს, თამუნა. ის ბესოზე ერთი წლით უფროსია. ხმას ვეღარ იღებს, ისეთ დღეშია ძმის გამო. იცით, როგორი შვილი მყავდა?.. გამორჩეული. იმიტომ კი არა, რომ ჩემია, მართლა ასე იყო. მაშინ გამომეცალა ხელიდან, როდესაც მეგონა, რომ ფეხზე დავაყენე შვილი. სწორ გზას ადგა, ქვეყანას რომ გამოადგებოდა, ისეთ გზას. ვაიმე, შვილო, რა ძნელია შენზე წარსულში საუბარი... ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა, II კურსიდან, ამერიკის უშიშროების აკადემიაში ჩააბარა და 100%-იანი დაფინანსება მიიღო. აკადემია 4-წლიანი იყო და ამიტომაც, აქ, სახელმწიფო უნივერსიტეტში კი 5-წლიანი აკადემიური აიღო და სწავლა ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში გააგრძელა. ამერიკაში გადასვლამდეც ძალიან აქტიურობდა, სწავლობდა და თან საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. იმავდროულად, "წითელი ჯვრის" ორგანიზაციაში მუშაობდა. 2010-11 წლებში, ვიცე-პრემიერის თანაშემწე იყო. უნივერსიტეტიდან სტაჟირებით იყო წასული და მაშინ აარჩიეს, როგორც წარმატებული სტუდენტი. ძალიან ბევრს სწავლობდა, მაგრამ მარტო ამით არ შემოიფარგლებოდა, - გამოგონებებზეც მუშაობდა, - სამი გამოგონების ავტორი იყო. მისმა პროექტმა გამოგონებათა ახალგაზრდულ კონფერენციაზე პირველი ადგილი აიღო და ლისაბონში გაგზავნეს. სპეფიციფიკური ბაქტერია შექმნა. "ალიანტეს" (საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე) სამგზის გამარჯვებული იყო... ერთი სიტყვით, ამ 23-წლიანი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოასწრო.

- ალბათ, დიდი გეგმები ჰქონდა...

GzaPress- დიახ. ძალიან ბევრ რამეზე ოცნებობდა, მაგრამ მისთვის ყველაზე მთავარი, საქართველოს სამხედრო ავიაციაში სამსახური იყო. თავის ქვეყანაში უნდოდა დამკვიდრება... ერთხელ, წლების წინ, სოფელში ვიყავით (ჩვენი სოფელი ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონას ესაზღვრება, ქვემო ჭალასთან ეძახიან). შევამჩნიე, რომ ცხინვალის მხარეს გასცქეროდა. ადრიანი დილა იყო. - რას ჩაფიქრებულხარ-მეთქი? მომიბრუნდა და ღიმილით მითხრა, - მამა, ისეთი კაცი უნდა გამოვიდე, სამაჩაბლო უნდა დავიბრუნოო, - მითხრა. მაშინ პატარა იყო, მოზარდი და ვიფიქრე, - ბავშვურად უყურებს ამ ცხოვრებას და ოცნებებში გეგმებს აწყობს-მეთქი. სკოლის დამთავრების შემდეგ, მე და ჩემს მეუღლეს გაგვიმხილა, - სამხედრო აკადემიაში უნდა ჩავაბაროო. ეს მისგან ძალზე მოულოდნელი იყო, რადგან მეცნიერებით იყო დაინტერესებული.

- როგორ შეხვდით მის არჩევანს?

- განვიცადეთ, მაგრამ დავმორჩილდით. ვიცოდით, მაინც თავისას გაიტანდა. მერე კი მივხვდი, ეს მისი ცხოვრების მიზანი იყო და ალბათ, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ამ გზას აირჩევდა. საქმე ის არის, ამერიკული ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, სახელმწიფო რეკომენდაცია გვჭირდებოდა, ამას კი სამედიცინო კომისიის გავლის გარეშე არავინ მისცემდა. სამედიცინო კომისია გორში უნდა გაევლო, მაგრამ ბრტყელტერფიანობა დაუდგინეს და სამხედრო საქმიანობისთვის უვარგისად ჩათვალეს. ძალიან განიცადა... წლის დაკარგვა არ უნდოდა და ამიტომ გადაწყვიტა უნივერსიტეტში სწავლა. თუმცა, სამხედრო კარიერაზე ოცნება არ შეუწყვეტია. ექიმებსა და პროფესორებთან კონსულტაციებს განაგრძობდა, მაგრამ ყველგან ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ, რომ ბრტყელტერფიანობა არ იკურნება. ერთხელ ისიც კი თქვა სინანულით, - თურმე, ქირურგიული ჩარევაც შველის, ერთადერთი გამოსავალი ბავშვობიდან სპეციფიკური ფეხსაცმლის ტარება ყოფილაო... სხვა მის ადგილას, ფარ-ხმალს დაყრიდა და სამხედროზე ფიქრს შეეშვებოდა, ბესო კი არ დანებდა, - სულ ამბობდა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიო. შემდეგ კი, მთელი ერთი წლის განმავლობაში, ყოველღამე იჯდა და ინტერნეტში კითხულობდა მასალას, უყურებდა ვიდეოს და იმის მიხედვით, თავისი ხელით ფეხებზე მასაჟს იკეთებდა. ასე გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. დღისით სწავლობდა და მუშაობდა, ღამე კი ტერფებს იმასაჟებდა. რამდენჯერ გამომღვიძებია შუაღამეს და მიკითხავს, - შვილო, ან ხელი არ გეღლება, ან ამდენი ენერგია საიდან გაქვს-მეთქი? ღიმილით მიპასუხებდა, - საქმეს ასე სჭირდებაო... არასდროს წუწუნებდა, - ერთხელაც არ უთქვამს, არ გამომივიდაო. მაგარი ბიჭი მყავდა, ენაცვალოს მამა... ერთხელ მითხრა, - გორში მივდივარ, ბიჭებს უნდა გავყვე სამედიცინო კომისიაზე, შარშან ხომ ვიყავი და გამოცდილებაც მაქვსო... სამსახურში ვიყავი, დღის ბოლოს გახარებულმა რომ დამირეკა, - მამა, კომისია გავიარე და დადებითი პასუხი მივიღე, - შემოწმებამ ბრტყელტერფიანობა "აღარ აჩვენაო", - რას ამბობ, ბიჭო, ეგ გამორიცხულია-მეთქი, - არ არის გამორიცხულიო, - სიცილით მითხრა. მოგიკვდეს მამა, ახლაც ყურში მიდგას მისი ბედნიერი ხმა. ამ პასუხის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში, დღე-ღამე გასწორებული ჰქონდა, ამერიკული ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა. 2013 წელს ჩააბარა გამოცდები. იმ წელს, ბესოსთან ერთად, ამერიკის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სულ 4 ქართველი ჩაირიცხა.

- მასთან ერთად დაღუპულ სოსო მაკარიძეს იცნობდით?

- დიახ, ძალიან ნიჭიერი და განათლებული ბიჭი იყო. ის და ბესო ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. სოსო, უკვე IV კურსის სტუდენტი იყო. ერთ თვეში ამთავრებდა სწავლას, მაგრამ ის და ბესო ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ძალიან ბევრი ფოტო აქვთ ერთად გადაღებული. ბესოს არ უყვარდა ფოტოების გადაღება, ეტყობა, იმათ ვერ ეუბნებოდა უარს.

- ბოლოს როდის ესაუბრეთ შვილს?

- თითქმის ყოველდღე გვირეკავდა, როგორც კი მოიცლიდა, "სკაიპით" გვესაუბრებოდა. იქაურ ამბებზე გვიყვებოდა, - შაბათ-კვირას, დასვენების დღეები გვაქვს და ვერთობით, ვისვენებთ, მაგრამ სოსოს წიგნებიდან ვერ ვაყენებთო. ინგლისში მაგისტრატურაზე სწავლისთვის ემზადებოდა. მშობლებს ვიზები გამზადებული ჰქონდათ და შვილის დიპლომის გადაცემის ცერემონიაზე დასასწრებლად აპირებდნენ წასვლას. ბესოსგან ვიცი, სოსო აკადემიის წარჩინებულად სტუდენტად ითვლებოდა. ოქროს ვარსკვლავზე ამთავრებდა აკადემიას. მასა და ჩემს შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, ძმებივით იყვნენ. ალბათ, ამიტომაც წაიყვანა უფალმა ერთად...

ბესო აგვისტოში აპირებდა ჩამოსვლას. ახლა ერთკვირიანი არდადეგები ჰქონდა. - საქართველოში ჩამოსვლა არ მიღირს, მამა, გზაში ხომ მინდა დრო და 3 დღე გამომდის იქ ყოფნაო, - მითხრა. სოსო მაისში მოდიოდა. რახან წელს ამთავრებდა, უთქვამს, - მომავალი წლიდან ინგლისში მივდივარ და ისე არ მინდა ამერიკიდან წასვლა, "თეთრი სახლი" არ ვნახოო. გადაწყვიტეს თურმე, ის ერთი კვირა, ექსკურსიისთვის გამოეყენებინათ... რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი მეგობარი გახუმრებია, - შენ საქართველოში წასვლა არ გინდა, სამშობლო არ გიყვარსო, - ამის თქმა იყო და, ბესო გორგოლაჭებით გამოსულა, მხრებზე საქართველოს დროშამოხვეული. ვიდეოც გადაუღიათ ბიჭებს, - ჩემი შვილი დერეფანში დასრიალებს გაღიმებული და ბედნიერი, - აი, საქართველო თუ არ მიყვარსო... ეს ვიდეო, ლამის მთელმა საქართველომ გააზიარა. თითქოს გულმა უგრძნოო, ასე დაემშვიდობა სამშობლოს ჩემი საამაყო შვილი...

გულდამძიმებული, ბესოს სახლიდან სოსო მაკარიძის ოჯახში წავედი. იქ მეგობრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილი, რათა დედისერთა შვილის დაკარგვით გაუბედურებული დედ-მამის ტკივილი გაეზიარებინათ...

ალექსანდრე მაკარიძე, სოსოს მამა:

GzaPress- სოსო კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობდა, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ძალიან უყვარდა სკოლა და როგორც მასწავლებლები ამბობდნენ, ყველა საგანი ერთნაირად კარგად იცოდა... სულ წიგნებს ჩაჰკირკიტებდა, კითხულობდა, სწავლობდა. პარასკევს, წინადღეს ვესაუბრეთ. მე და ჩემი მეუღლე გამგზავრების დეტალებზე ველაპარაკეთ. ძალიან ბედნიერი იყო. რამე რომ უხაროდა, პატარა ბავშვივით თვალები უციმციმებდა...

- წელს ამთავრებდა სწავლას?

- დიახ. უკვე დაგეგმილი ჰქონდა მომავალი, - საქართველოში 13 მაისს ჩამოდიოდა. შემდეგ კი, მაგისტრატურის გაგრძელებას ბრიტანეთში აპირებდა, მაგრამ მანამდე მაისში, დიპლომის გადაცემის ცერემონიაზე დასასწრებად ვემზადებოდით, რომელიც ჩემი შვილისთვის ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას უნდა გადაეცა. ვიზები და ყველანაირი დოკუმენტაცია უკვე გამზადებული გვქონდა. როდესაც ჩემი შვილის წარმატებებზე ვფიქრობდი, - ჩემს შრომას ამაოდ არ ჩაუვლია-მეთქი, ვამბობდი. სოსო ჩვენი ერთადერთი შვილი იყო. სწავლასა და საქმეზე გადართული, - ქვეყანას უნდა გამოვადგეთო, ამბობდა... მარტში, ერთკვირიანი არდადეგები ჰქონდათ. სოსო ადგილზე დაიღუპა, რადგან მძღოლის გვერდით მჯდარა, ბესომ კი, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში დალია სული... მე ყოფილი სამხედრო ვარ, 20 წელია, ტრავმა მაქვს. სოსოს არჩევანი ძალიან მეამაყებოდა. არ ვიცი, რაღა აზრი აქვს ჩემი ცხოვრების გაგრძელებას? ალბათ შვილის ხსოვნისთვის ვიცოცხლებ...

- ის ბიჭი, ამერიკელი მძღოლი, სოსოს მეგობარი იყო, ხომ?

- დიახ, შარშან აგვისტოს, საქართველოში ჰყავდათ ჩამოყვანილი. სოსოს კურსელი იყო და მეგობრობდა ბესოსთანაც. თბილისი, მცხეთა, სიღნაღი მოატარეს... ძალიან მეგობრული და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

- სოსო საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ხომ?

- დიახ, სულ ამბობდა, ჩემი ცოდნა ქვეყანას უნდა მოვახმაროო. ეს მისი მოტივაცია და სტიმული იყო. შემდეგი მისია მანჩესტერის უნივერსიტიტის საავიაცო ინჟინერის მაგისტრატურაა, შემდეგ კი, ჩემი "ბოლო გაჩერება" საქართველოს ავიაციაო, - ამბობდა...

ბესო გორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის საერთოდ მეგობარს, დაჩი საგანელიძეს ამერიკაში დავუკავშირდით:

- არ ვიცი, რა გითხრათ, - სოსო მაკარიძე აკადემიაში საუკეთესო სტუდენტი იყო. სასწავლებელში, ყოველი თვის ბოლოს რეიტინგები ქვეყნდება და სოსო ყოველთვის ლიდერობდა. მთელი აკადემია მასთან დადიოდა სამეცადინოდ და ისიც ყველას დაუზარლად ამეცადინებდა... რაც შეეხება ბესოს, ასეთი გულიანი და ალალი ადამიანი, ცხოვრებაში არ შემხვედრია და ალბათ, არც შემხვდება. მე და ბესო კლასელები ვიყავით და 2013 წელს ერთად ჩამოვედით ამერიკაში... ჩვენთან ერთად კიდევ ერთი ქართველი იყო, გიორგი ტალახაძე. ამ არდადეგებზე ის მექსიკაში წავიდა, მე ნიუ-იორკში ვიყავი, საქართველოში გამოფრენას ვაპირებდი, მაგრამ როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ დამირეკეს, დავრჩი... ერთმანეთს აკადემიაში დავემშვიდობეთ, - მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ღამის 12 საათზე დამირეკეს, - რას შვრები, ჩახვედი? ჩვენ ახლა გადავდივართ ნიუ-ჯერსიშიო... ამ ლაპარაკიდან მალევე მომხდარა ტრაგედია.

- დაჩი, ალბათ იცნობთ იმ ბიჭსაც, ვინ საჭესთან იჯდა...

- დიახ, ეს არის ჯოულ მაკარტური, ასევე ჩვენი მეგობარია. სოსოსა და გიორგი ტალახაძესთან ძალიან ახლოს იყო. ის და კიდევ ორი ამერიკელი, ასევე ჩვენი საერთო მეგობრები, შარშან ზაფხულში ორი კვირით იყვნენ საქართველოში.

- მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- ტვინის შერყევა აქვს და ნაკაწრებიც, მაგრამ საავადმყოფოდან გაწერეს და სახლშია. ჯერჯერობით წევს. არც მე და არც გიორგის, პირადად მასთან არ გვილაპარაკია, რადგან ვიცით, რომ ძალიან ცუდად არის. მამამისს ვესაუბრეთ და ძალიან გაუხარდა, რომ მოვიკითხეთ...

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კურსანტების პატივისცემის ნიშნად, ამერიკელმა კადეტებმა "ფეისბუკის" საკუთარი პროფილის სურათები საქართველოს სახელმწიფო დროშით შეცვალეს. სოლიდარობის ნიშნად, სოციალურ გვერდის "ფეისბუკ ექაუნთებზე" საქართველოს დროშა დადეს ამერიკის უბრალო მოქალაქეებმაც...

ლალი პაპასკირი