სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან დაახლოებული ქართველი მილიონერი - გზაპრესი

სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან დაახლოებული ქართველი მილიონერი

ვინ იყო აკაკი ხოშტარია, რა ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, ცხოვრების რა გზა გაიარა და რა კვალი დატოვა? - ბატონ გოგის მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის გასახსენებლად ვესტუმრე.

- რამ მისცა ბიძგი აკაკი ხოშტარიას ბიზნესში ჩაბმას?

- აკაკი გარკვეული პერიოდი ფოთში მუშაობდა, სადაც ვინმე ვაჭარ ზოდელავას დაუმეგობრდა. მალე მასთან ერთად სავაჭრო გემით ოდესაში ნავთი წაიღო. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა გემის მიმართულება შეცვალა და მეგობრები თურქეთში აღმოჩნდნენ, სადაც ნავთი ოქროს ფასად გაყიდეს. თუმცა, ათვლის წერტილად ეს ფაქტი მაინც ვერ მიიჩნევა. ის მეგრელი აზნაურის შვილი იყო, არ აკლდა განათლება და ესთეტიურობის აღქმის უნარი. პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო აკადემია დაამთავრა. აკაკის ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გაშენდა ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი, ახალი ათონის ცენტრალური პარკი და იალტის მთავარი ბაღი.

GzaPressმათემატიკური ნიჭი, კომერციული გათვლა, გემოვნება და ხელოვნების ღრმა ცოდნა ამ ადამიანში ერთად იყო თავმოყრილი. ის ანალიტიკური მახვილგონიერებით, ფართო თვალსაწიერით, აზარტული გატაცებით გამოირჩეოდა. ნავთობის თურქეთში ჩატანის შემთხვევამ აკაკი ახალ სამეწარმეო საქმიანობაზე დააფიქრა. თურქეთიდან ბაქოში გაემგზავრა და ნავთობმრეწველ მუსა ნაგიევისგან ნავთობსარეწი დანადგარები, ბათუმში კი სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობსამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო. ბაქოდან ირანში გადასულმა აკაკიმ კი სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობით ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა. პირველი მსოფლიო ომის წინაპერიოდში ბაქოში მსხვილი სამრეწველო კომპანია ჩამოაყალიბა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ირანში წარმართავდა სავაჭრო ოპერაციებს. ის ფლობდა ორ კომერციულ ორგანიზაციას - სანავთობე ამხანაგობა "რუპენტოსა" და თურქულ-სპარსულ "ხოშტარიას ბანკს". მექანიკურ ქარხანას, საპნის ქარხანას, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკასა და სხვა მრავალ კომპანიას როგორც საზღვარგარეთ, ისე თბილისში.

- ამბობენ, თითქოს მას ფულის გაცემა არ ახასიათებდა, სამაგიეროდ, გარშემო მყოფებს უხვად აჯილდოებდა ძვირად ღირებული საჩუქრებით...

- იცით, უშუალოდ ფულის საჭიროება არ არსებობდა, თორემ, აკაკი ამას არავის დაზარდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ სრულიად უცხო ადამიანებს უწევდა მსხვილ მატერიალურ დახმარებას!.. ბაბუა - გიორგი ხოშტარია მათემატიკოსი გახლდათ, პეტერბურგში მათემატიკას ასწავლიდა. ქუთაისის გიმნაზიის სასწავლო ნაწილის გამგე იყო და 300 მანეთი ოქროთი ჰქონდა ხელფასი. ის აკაკის ფულს არც გამოართმევდა. მახსოვს, აკაკი ჩვენთან საჩუქრებით დატვირთული ფაეტონით მოდიოდა და ეს ხშირად ხდებოდა. ტანისამოსი, საჩუქრები მისგან უხვად გვქონდა, მათ შორის - ძვირად ღირებული ავეჯი, ჭურჭელი, ოქროს ნივთები. რამდენიმე "ნივთიერი მეხსიერება" თქვენ წინაშეა: ეს გახლავთ ავეჯის ნაწილი, რომელიც მან მამიდას აჩუქა, მამიდამ კი მე მისახსოვრა (მიმითითებს ავეჯზე, მათ შორის, სკამებზე, აკაკის ნაქონ სამუშაო მაგიდასა და მასზე მოთავსებულ ღამის მანათობელზე. - ავტ.). აკაკი ბიძაჩემს (მამის ძმას), კაკოს განათლების გერმანიაში მიღებაში დაეხმარა, საკუთარი ხარჯით. სამწუხაროდ, მამასთვის იგივეს გაკეთება ვერ მოასწრო, რადგან 27 წლის ასაკში დახვრიტეს. მოგვიანებით, 29 წლის ბიძამაც იგივე ხვედრი გაიზიარა... ბიძა აკაკის ჰყავდა მონათლული. კაკოს "ვეფხისტყაოსანი" თითქმის მთლიანად, გერმანულად, ლექსად ჰქონდა ნათარგმნი. თარგმანი თურმე, სხვა სწავლულებთან ერთად, შალვა ნუცუბიძესაც უნახავს და ძალიან მოსწონებია. მერე ეს ხელნაწერები წაიღეს და დაიკარგა... მამამ ძმას მიაკითხა და ამის გამო ისიც დაიჭირეს. მიუსაჯეს "10 წელი მიმოწერის უფლების გარეშე". არ ამბობდნენ, მაგრამ მაშინ ეს იმას ნიშნავდა, რომ დახვრეტა მიუსაჯეს. მამა რომ წაიყვანეს, დედა ჩემზე იყო ფეხმძიმედ. დიდხანს ველოდეთ. როცა მამას დახვრეტის შესახებ ცნობა ჩვენამდე მოვიდა, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო... მაფრთხილებდნენ, აკაკის სახელი არსად მეხსენებინა. სამწუხაროდ, ვერც დედას მამა, ბაგრატ ვირსალაძე - სოლიკოსა და თინა ვირსალაძეების მამა გადაურჩა დახვრეტას...

- ცნობილია, რომ აკაკი ხოშტარია არა მხოლოდ ახლობლებს, არამედ საზღვარგარეთ სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებსაც უწევდა მატერიალურ დახმარებას...

- დიახ და გარდა ამისა, კონსტანტინოპოლში მის მიერ დაარსებულ თურქულ-სპარსულ ბანკში ჩვენი ქვეყნიდან წასული ქართველები დაასაქმა. აკაკის დისშვილებთან და ძმისშვილებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ძმაზე უმცროსი იყო. ბაბუა დიდხანს იყო აკაკისთან საზღვარგარეთ და ოჯახს ფულს იქიდან უგზავნიდა. 30-იან წლებში ჩამოვიდა. "ხალხის ჩაგვრაში", კაპიტალისტობაში დასდეს ბრალი და ჩვენს სახლში ვაჭრობა გამართეს - ნივთებს ფასები დაადეს, ყველაფერი გაზიდეს. მამიდა მიყვებოდა, რომ მაშინ აკაკის გამოგზავნილი უამრავი ოქრო წაიღეს. ამ ვანდალიზმს შემთხვევით, ერთი უძვირფასესი ხალიჩა გადაურჩა. ზაფხული იყო და ტომარაში გვქონდა შენახული. ომის წლებში ტომარას შემთხვევით წავაწყდი და გავხსენი. ხალიჩა წითელ და ლურჯ ფერებში იყო შესრულებული და თეთრ ოთხკუთხედზე შავი ასოებით, ირანულ ენაზე ეწერა: "მე ვარ ნამდვილი ქაშანი". ამ ხალიჩაში ბაბუას ორსართულიანი სახლი შესთავაზეს, მაგრამ არ დათმო. თუმცა, ომის წლებში გაყიდვას მაინც ვერ გადაურჩა და მასში აღებულ ფულს ორი წლის მანძილზე ვიზოგავდით, ამ ხალიჩამ შიმშილს გადაგვარჩინა. მას შემდეგ 70 წელი გავიდა, მაგრამ ხალიჩის ნახვისას განცდილი შთაბეჭდილება დღემდე მომყვება. აკაკისთვის ორი ასეთი ხალიჩა ირანის პრემიერ-მინისტრს უჩუქებია: ერთი თავად ჰქონდა, ერთი - ძმას მისცა.

- ცოტამ თუ იცის, რომ ახლანდელ მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლი ქართველ ხელოვანებს სწორედ აკაკი ხოშტარიამ უანდერძა...

GzaPress- როცა 1918 წელს დავით სარაჯიშვილის ეს სახლი იყიდებოდა, თბილისელებმა თხოვნით მიმართეს აკაკის, იქნებ შეიძინოთო. აკაკიმ შემოუთვალა: ვიყიდიო და სახლი საჯარო აუქციონზე შეიძინა. ამ სახლში ცხოვრობდა კიდეც. მთლიანად თავისი ხელით გააწყო, გაარემონტა. მის გადასაკეთებლად იტალიიდან ლომის ფიგურები და სხვა ანტიკვარული ნივთები ჩამოიტანა, მოაწყო საზაფხულო და ზამთრის ბაღები. მახსოვს ბაბუას მონათხრობი მეჯლისის შესახებ, სადაც მთელი მენშევიკური მთავრობა იყო შეკრებილი. თურმე, მამიდას ქმარი, ირაკლი ციციშვილი და ბაბუა დიდხანს დაობდნენ, მეჯლისზე ფრაკი ჩაეცვათ, "ვიზიტკა" თუ სმოკინგი. ომის წლებში ამ სახლში აკაკიმ სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო, მისი სარდაფები კი ღვინითა და პროდუქტით იყო სავსე. მოგვიანებით შენობა ბოლშევიკებმა დაიკავეს. აკაკიმ სტალინს პირადად სთხოვა, უფლება მიეცა, სახლი ხელოვანებისთვის ეანდერძა. სტალინმა ნება დართო და სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად, აკაკიმ ეს სახლი ქართველ ხალხს დაუტოვა. გარდა ამისა, 1907 წელს აკაკიმ თბილისში ახალშექმნილ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან 8.000 მანეთი გამოუგზავნა, 1920 წელს კი საზღვარგარეთ შეძენილი 4 სამხედრო გემი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საჩუქრად გადასცა. საფრანგეთში ლადო გუდიაშვილისა და ანდრე ლოტის სურათები შეიძინა, საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გამოუგზავნა. მისი დაფინანსებით გაიყვანეს რკინიგზა ფოთსა და აბაშას შორის. ის მეგობრობდა და ეხმარებოდა ემიგრაციაში მყოფ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას. მისი დედის სახელზე, აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნის ცენტრში აგებული უმშვენიერესი შენობა კი სოფელს აჩუქა, რათა ის განათლების კერად ექციათ...

ირანიდან ჩამოსული ერთი ქალბატონი გავიცანი, რომელმაც ირანში აკაკისთან სტუმრად ყოფნა გაიხსენა. ჩვევად ჰქონია, თითოეული სტუმრისთვის აუცილებლად რაიმე ოქროსი უნდა ესახსოვრებინა. ამ ქალბატონს თურმე, სუფრაზე მოსახმარი, შაქრის ნატეხის ან რაიმე მსგავსის ასაღები პატარა ნივთი შეხვდა. კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევის შესახებ გეტყვით: დედას ბიძა, სპირიდონ ვირსალაძე (სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, კოტე ვირსალაძის მამა და ცნობილი მევიოლინის, ელისო ვირსალაძის ბაბუა. - ავტ.) და აკაკი ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ შეხვდნენ, როცა დედა და მამა პატარები იყვნენ. მათ შავ ზღვაზე კურორტების სისტემის შექმნა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ არ დასცალდათ. სპირიდონი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ექიმი იყო - ცნობილი იყო მალარიის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობით.

- აკაკი ხოშტარია შიმშილობის პერიოდში საბჭოთა კავშირს პურით ამარაგებდა. თუმცა, მადლობის ნაცვლად, ქვეყანა დაატოვებინეს... რატომ დააპირეს მისი დაჭერა და როგორ გადაურჩა პატიმრობას, სავარაუდო სიკვდილს?

GzaPress- 20-იანი წლებში საბჭოთა კავშირში პურის დეფიციტი გაჩნდა. კომუნისტებმა აკაკის სთხოვეს დახმარება. მან მოახერხა და დააარსა კომპანია "საბჭოთა კავშირი და ხოშტარია". ამ საკითხთან დაკავშირებით სტალინსაც შეხვდა. ის საკუთარი სახსრებით პურს ირანში ყიდულობდა და ბაქოში გზავნიდა, აქედან კი "ხოშტარიას პური" სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა. საბოლოოდ, კომუნისტებმა შეპირებული თანხა არ გადაურიცხეს და საერთაშორისო მასშტაბის სკანდალის თავიდან ასაცილებლად, მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს. ამის შესახებBმეგობარს ბუდუ მდივანმა საიდუმლოდ აცნობა. ურჩია, - წადი, თორემ დაგიჭერენო. ისიც, გემით გაემგზავრა და ასე გადაურჩა სავარაუდო სიკვდილს. მისთვის ნებისმიერი ქვეყნის კარი ღია იყო. ახლობლობდა რუზველტთან და ჩერჩილთან, მაგრამ საბოლოო საცხოვრებლად პარიზი არჩია.

- მეუღლის - მინადორა ხოშტარიას საფლავზე უნიკალური აკლდამა ააგებინა, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთ ნიმუშად მიიჩნეოდა... ეს აკლდამა დღესაც არსებობს?

- მინადორა თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზეა დაკრძალული. დიახ, აკლდამა ახლაც არსებობს და მისი მონახულება ტურისტულ მარშრუტებში შედის. მინადორას შემდეგ, ცოლად ირანის პრემიერ-მინისტრის და ჰყავდა, თუმცა, ეს ალბათ, "საქმიანი" ქორწინება გახლდათ... 90-იან წლებში საფრანგეთიდან პრინცი ზენდი საქართველოში ჩამოვიდა, ამ პერიოდის ქართულ-ირანულ ურთიერთობებს სწავლობდა. მისგან შევიტყვე, რომ თურმე, ირანში ხიზილალა კონკრეტული რეცეპტით მზადდება და მას დღესაც "ხოშტარიას ხიზილალას" ეძახიან.

- სად და როგორ გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები აკაკი ხოშტარიამ?

- პარიზში, ემიგრაციაში გარდაიცვალა. მეგრელებს ღომის ქერქის ჭამა გვიყვარს - აკაკისაც უყვარდა. სასტუმროში მიირთმევდა თურმე, როცა უეცრად ქერქმა ყელი გაუკაწრა. დიაბეტი ჰქონდა. ვიდრე ექიმი მოიყვანეს, შეშუპება დაეწყო და ვეღარ გადაარჩინეს. საკმაოდ ახალგაზრდა, 59 წლის გარდაიცვალა.

შორენა ლაბაძე