კახა კალაძის მეტამორფოზა - გზაპრესი

კახა კალაძის მეტამორფოზა

თუმცა, დედის სურვილის საწინააღმდეგოდ, კახა პატარაობიდანვე ფეხბურთელობაზე ოცნებობდა და ყოველდღე, საათობით დარბოდა სტადიონზე. 11 წლის იყო, როცა მამამ მწვრთნელთან - ვანო ყურულაშვილთან მიიყვანა.

ცნობისათვის, მამამისი - კარლო კალაძე სამტრედიის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი, შემდგომ კი ამ გუნდის პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის "ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.

GzaPressახალწვეულმა რატომღაც, მეკარეობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამ პოზიციაზე რამდენჯერმე თამაშის შემდეგ მიხვდა, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა და თავდასხმაში გადაინაცვლა, შემდეგ კი ცენტრალურ და ფლანგის მცველად გადაწყვიტა თამაში. ერთ დღესაც, ახალგაზრდა ფეხბურთელს თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, დავით ყიფიანმა მიაქცია ყურადღება და 16 წლის გახლდათ, როცა "დინამოში" კახას დებიუტი შედგა.

1996 წლის მარტში, როცა 18 წლის იუბილე რამდენიმე დღის აღნიშნული ჰქონდა, კალაძემ ეროვნული ნაკრების მაისური პირველად მოირგო და მას შემდეგ მისი კარიერა წარმატებით განვითარდა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით მალე რამდენიმე უცხოური კლუბი დაინტერესდა. საბოლოოდ, მოთამაშე კიევის "დინამომ" იყიდა.

ცოტა ხანში მას თვალი იტალიურმა "მილანმა" დაადგა და კიეველებმა 280 ათას დოლარად შეძენილი კალაძე 16 მილიონ ევროდ გაყიდეს: კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად იქცა.

GzaPressიტალიურ კლუბში გადასვლიდან ცოტა ხანში, კახას ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა: საქართველოში მისი ძმა, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ლევანი მოიტაცეს. მისი ძებნის პროცესი დაახლოებით 5 წელი გაიწელა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ლევანი გატაცებიდან მალევე მოუკლავთ.

მიუხედავად რთული პერიოდისა, კალაძემ შეძლო და "მილანის" რიგებში ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა იმდროინდელ კლუბის მფლობელთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან - სილვიო ბერლუსკონისთან.

2005 წელს კალაძე რომან აბრამოვიჩმა ლონდონში მიიწვია. შეხვედრაზე მყოფმა ჟოზე მოურინიომ ქართველს "ჩელსიში" გადასვლა შესთავაზა. კახა შემოთავაზების მიღებას აპირებდა, როცა შეიტყო, რომ "ჩელსიმ" მას სხვა მცველი ამჯობინა. ამ მოლაპარაკებების გამო კალაძეს "მილანში" ურთიერთობები გაუფუჭდა.

9-წლიანი მილანური ცხოვრების შემდეგ, 2010 წელს "ჯენოაში" გადავიდა, 2012 წლის 12 მაისს კკარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა:

"შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს იოლად მივაღწიე, მაგრამ დიდი გზა გავიარე და ყველაფერი მარტომ შევძელი. ღარიბ ქალაქში დავიბადე. იყო დრო, როცა ვფიქრობდი, რომ ვეღარ შევძლებდი. ფეხბურთის ვარსკვლავი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდები, თუ შეუპოვარი ხასიათი გაქვს. სიძნელეები ადამიანს ეხმარება. ბევრ რამეზე უარის თქმა გიწევს", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში კახა კალაძე.

GzaPress2013 წელს კალაძის გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა "დინამო არენაზე", სადაც მსოფლიო ფეხბურთის ბევრმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. შეხვედრას 54 ათასი მაყურებელი დაესწრო.

ცნობისათვის, კარიერის დასრულებამდე, 2009 წელს კალაძემ იტალიასთან მატჩში (0:2) ორი ავტოგოლი გაიტანა, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. მას ეს ავტოგოლი წლების შემდეგაც არაერთხელ შეახსენეს არა მარტო ფეხბურთის მოყვარულებმა, არამედ პოლიტიკურმა ოპონენტებმაც.

2011 წლის 11 დეკემბერს მან საქართველოს ნაკრებიდან წასვლის განცხადება ფილარმონიაში, "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. სწორედ ამიტომ, ბევრმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ნაბიჯად ჩაუთვალა, თავად ფეხბურთელი კი ირწმუნებოდა, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოხატა პროტესტი უკანონოდ დაკავებული მისი მეგობრისა და ყოფილი თანაგუნდელის - გიორგი დემეტრაძის პატიმრობის გამო. "ნაკრებიდან წასვლა ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება იყო. მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა გამარჯვებებისას და წუხდა ჩვენი მარცხის გამო. 15 წლის განმავლობაში ეროვნულ გუნდში 83 მატჩი ჩავატარე. აქედან ყველაზე დასანანი იყო ერთი შეხვედრა, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მართალია, წლების წინ ის ავტოგოლები შემთხვევით მოხდა, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. კარგი იქნება, თუ ისინიც მოიხდიან ბოდიშს, რომლებმაც არა ერთი თამაშით, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ავტოგოლები მოუტანეს ჩვენს ქვეყანას", - ამბობდა უკვე ნაკრების ექსკაპიტანი.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კალაძე პოლიტიკაში გადაბარგდა. ამბობდა: მინდა, საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ვიბრძოლოო.

ფეხბურთელის კარიერის აწყობის პარალელურად, კალაძე ბიზნესში დამკვიდრებასაც ცდილობდა. ის მილანში მდებარე რესტორან "ჯიანინოს" მფლობელი გახდა. იტალიის გარდა, მას ბიზნესი ჰქონდა საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში. კახა კალაძემ 2007 წელს ჰოლდინგი "კალა კაპიტალი" დააფუძნა და ინვესტირება სამი მიმართულებით - საბანკო, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში განახორციელა. ჰოლდინგს ეკუთვნოდა ასევე, 45%-იანი წილი სს "საქჰიდრომშენში", რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჰოლდინგ "GMC ჯგუფზე" გასხვისდა.

დღეისათვის კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ "კალა ფონდისა" და "კალა კაპიტალის" დამფუძნებელია.

2011 წლიდან კალაძე არის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის არჩევნებში ის მონაწილეობდა როგორც, სამტრედიის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი. ამავდროულად, კოალიცია "ქართული ოცნების" პარტიული სიის #1 წევრი გახლდათ. არჩევნებში მან 53.63%-ით გაიმარჯვა. 25 ოქტომბერს კი პარლამენტმა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა, შემდეგ კი ვიცე-პრემიერის თანამდებობაც უბოძეს.

ერთ-ერთი უკრაინული გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას კალაძემ აღნიშნა:

GzaPress- ვფიქრობ, ფეხბურთისა და სპორტის დიდი სიყვარულის, შრომისმოყვარეობისა და იღბლის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი... მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმს ოფიციალურად დავუპირისპირდი, ჩემს ბიზნესს მართლაც, "შავი დღე" დაუდგა. მიუხედავად ამისა, ბოროტებასთან ბრძოლა მაინც გავაგრძელე. სტიმულს ის მაძლევდა, რომ ასეთივე პრობლემები საქართველოში ათიათასობით ადამიანს ჰქონდა. მათ დაიჯერეს ჩვენი ბრძოლის და იმედოვნებენ, რომ ჩვენს კოალიციას შესწევს ძალა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ეს რწმენა და ჩემი ხალხის სიყვარული მაძლიერებს, ვერავითარი ფული თუ წამხდარი ბიზნესი ამ გრძნობას ვერ შემიცვლის.

- ბევრი უკრაინელი სპორტსმენი მიდის პოლიტიკაში. რომელიმეს ხომ არ ბაძავდით?

- პოლიტიკოს-სპორტსმენებს შორის ასეთი არავინ მყავს. ისე კი, სამაგალითო პოლიტიკოსი ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

- ძალიან დაკავებული ხართ. სპორტული ფორმის შენარჩუნებას თუ ახერხებთ?

- ნახევარი წელიწადია, სამინისტროში ვმუშაობ და ხანდახან რამდენიმე კვირა ისე გადის, ვარჯიშს კი არა, გამოძინებასაც ვერ ვასწრებ. ცხადია, ვცდილობ, მეგობრებთან ერთად ვითამაშო, სატრენაჟორო დარბაზშიც დავდივარ, მაგრამ ამას დილით ადრე ან გვიან ღამით თუ ვახერხებ, როცა ნორმალურ ადამიანებს უკვე სძინავთ.

- 2 შვილის მამა ბრძანდებით. უფროს ვაჟს დაღუპული ძმის პატივსაცემად ლევანი დაარქვით, ხოლო უმცროსს კახაბერი. მათთვის იცლით?

- ოჯახი ჩემს ცხოვრებაში მთავარია. თუ ვინმე გეუბნებათ, რომ საყვარელი ადამიანებისთვის დრო არ ჰყოფნის, მაშინ რასაც უნდა აკეთებდეს, აზრი აღარ აქვს..."

ცნობისათვის, კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს 2014 წლის 9 იანვარს მესამე შვილი - ვაჩე შეეძინათ.

კალაძე საზოგადოების ყურადღებას არა მარტო საკუთარი გარეგნობით, არამედ "არაქართული" ჩაცმის სტილითაც ყოველთვის იქცევდა.

მაგალითად, როცა ინტერნეტში გაჩნდა ფოტო, სადაც ბიზნესმენი კალაძე ქუსლებიანი ფეხსაცმელითა და წითელი შარვალით გამოჩნდა, მაშინ ფეხბურთელზე ბევრი იხუმრეს. თუმცა, "ხუმარებს" კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ და ისინი მოდის მწვერვალზე ალაპარაკდნენ. ამბობდნენ: "დროა, მოდას ფეხი აუწყოთ და კალაძე კი არ გააკრიტიკოთ, არამედ მას მიბაძოთ". მაგრამ მოგეხსენებათ, ქართველი კაცის ბუნება იშვიათად ეგუება სიახლეებს და ფეხბურთელისთვისაც არავის მიუბაძავს.

იმ პერიოდში, როცა ხალხი ფეხბურთელის ჩაცმის სტილზე კამათობდა, მისმა მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ მედიასთან განაცხადა: "კახა ისე იცვამს, როგორც ნამდვილი ევროპელი მამაკაცი... საქართველოში ხშირად გამხდარა განხილვის თემა მისი ჩაცმულობა თუ შარვლის ფერი, მაგრამ საქართველოში ვერ მოსთხოვ შავშლაქსიან მამაკაცებს, კახა კალაძის გემოვნებაზე სწორად ისაუბრონ..."

საზოგადოების განხილვის თემად იქცა კალაძის თამამი ფოტოსესიაც, სადაც ის ტრუსში გამოწყობილი პოზირებდა... შემდეგ ფეხბურთელმა ითანამშრომლა ვალერია ორლანდოსთან, რომელიც მაკიაჟისა და თმის სტილის სპეციალისტი გახლავთ. მასთან თანამშრომლობა მის ვარცხნილობაზეც აისახა, საბოლოო შედეგის დემონსტრირებისთვის კი შავ-თეთრ ფოტოპროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ფეხბურთელი ფოტომოდელებისთვის შესაშური გამოხედვით პოზირებდა.

დღეს კი წერენ, რომ: "ისევე, როგორც კალაძის რბილი "ლ", მისი ჩაცმულობაც არნახული სიჩქარით პროგრესირდა და დღეს აშკარად დახვეწილი ჩაცმულობით გამოირჩევა მინისტრთა კაბინეტში". კლასიკურ, დახვეწილ სამოსში გამოწყობილმა კალაძემ კიდევ უფრო მეტად მოიგო მანდილოსნების გული - საქმიანი მამაკაცის სადა სტილის სამოსით ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე, მაგრამ სხვადასხვა სახის აქსესუარის წყალობით, ყოველთვის ახერხებდა განსხვავებული ყოფილიყო.

თუმცა, კალაძე მოდას არ ჩამორჩა და ბოლო დროს აქტუალურ, "ლამბერსექსუალად" იქცა, რის გამოც ისევ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს: ბევრისთვის მოშვებული წვერი, სიზარმაცესთან ასოცირდება, ბევრს კი მოეჩვენა, რომ კალაძე თანამდებობამ გაასუქა და ეს იმიჯი სიმსუქნის დასაფარად სჭირდება, ბევრს კი მისი "უხეში წვერი" ძალიან მოსწონს... ისეთებიც მოიძებნება, რომლებსაც სულაც არ აღელვებთ მინისტრის გარეგნობა: მთავარია, საქმე აკეთოსო.

ასეა თუ ისე, კახა კალაძე პირველი ქართველი ლამბერსექსუალი პოლიტიკოსია. სიტყვა "ლამბერსექსუალი" კი მამაკაცურ სტილსა და მოდაში ახალი ტენდენციაა, რომელმაც უკვე მსოფლიო დაიპყრო. მისი ძირითადი მახასიათებლებია: გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი, უბრალო ტანსაცმელი (მაისური ან ფლანელის კუბოკრული პერანგი) და ოდნავ უხეში შესახედაობა.

მარეხ ჭონიშვილი