ცუდად დამახსოვრებული ნიანგის კუდი, მომჟავო ზებრა და უგემური ანტილოპა - გზაპრესი

ცუდად დამახსოვრებული ნიანგის კუდი, მომჟავო ზებრა და უგემური ანტილოპა

შესაბამისად, მათ ტრადიციებს, კულტურასა და სამზარეულოსაც კარგად იცნობს. კერძების მომზადება თავადაც ეხერხება და ექსპედიციებში, მეგობრებთან ერთად, "ცდისა და შეცდომის ხარჯზე", ზოგჯერ ახლებური ვარიანტებისთვისაც მიუგნია. მსოფლიო კულინარიიდან გამორჩეულად მექსიკურსა და ინდო-ჩინურს მიიჩნევს, თუმცა ქართული სამზარეულო მისთვის მაინც წინა პლანზეა:

- 40-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ადგილობრივი მოსახლეობის კულტურის გაცნობა ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, კულინარია კი მისი შემადგენელი ნაწილია. უცხო კერძების გასინჯვას არასდროს ვერიდები, ახალი გემოების აღმოჩენა მიყვარს და თუ ძალიან მომეწონა, შეძლებისდაგვარად, სულ ვკითხულობ, კერძი რისგანაა მომზადებული, რომ შემდეგ, ჩემს მეგობრებსაც მოვუმზადო. თუ ეს რესტორანში ხდება, რა თქმა უნდა, არ მეუბნებიან, რადგან ჰგონიათ, რომ კომერციული საიდუმლოების წამოღება მინდა. ეგზოტიკურ ქვეყნებში ისეთი ინგრედიენტებია ხოლმე, რომლებიც საქართველოში ნაკლებად ან საერთოდ არ მოიპოვება.

თეოთიჰოაკანი და კაკტუსიანი კერძი

GzaPress- ქართული სამზარეულო ჩემთვის პირველ ადგილზეა, ამაზე გავიზარდე და ჩვენი კულტურის ნაწილია. შემდეგ, უკვე მექსიკური მომწონს, ძალიან მარტივია, ქართულსაც ჰგავს, ძირითადი ინგრედიენტები ლობიო და წიწაკაა და ამისგან სასწაულებს აკეთებენ. თუმცა, ერთი კერძი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. თეოთიჰოაკანთან (ადგილი მეხიკოსთან), სადაც ცნობილი პირამიდებია, ოჯახური რესტორნებია. ვულკანური წარმოშობის მსგავსი ქვებისგან გაკეთებული როდინები აქვთ, პემზასავით დასვრეტილი, ღუმელში აცხელებენ, შიგ სუნელებით შეზავებული ხორცია და ახალგაზრდა, უეკლო კაქტუსის ხორციანი ფოთლები ადევს, მთლიანად წვავენ ღუმელში და ეძახიან Bეეფ წიტჰ ბაბყ ცაცტუს. თავიდან გამიკვირდა, რომ დავინახე, კაქტუსი ჩვენთან საკვებად არ გამოიყენება. უცნაურია, მაგრამ ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. სპეციფიკური გემო ჰქონდა, ცხარე იყო და კაქტუსის გემოს, თვითონ იმ ქვის გემოც ემატებოდა. ასეთი რამ არსად გამისინჯავს.

მრავალფეროვანი და მუსიკალური დღესასწაულები

- ტაილანდსა და მალაიზიაში საკვებს უფრო რთული შემადგენლობა აქვს. ძალიან მომწონს ინდო-ჩინური სამზარეულო. მალაიზია, ეს კუნძულები, სამი კულტურის ნაზავია: მუსლიმანური, ბუდისტური და ქრისტიანული. ადამიანებს, რომლებიც იქ საუკუნეების განმავლობაში სახლდებოდნენ, თავიანთი ტრადიციები მიჰქონდათ, რომელიც ერთმანეთთან შეზავდა. შესაბამისად - მათი სამზარეულოს ძირითადი შემადგენელი ნაწილი ხორცია. ღორის ხორცი შედარებით ნაკლებად, უფრო - ძროხა და ქათამი. ბევრი სუნელით. საკმაოდ განვითარებულია თევზის კულტურა. ჩინურისგან განსხვავებით, ცხარეა ან - ტკბილი. ინდივიდუალური გემო აქვს. ეს ორი უკიდურესი მხარე - მექსიკური და ინდო-ჩინური სამზარეულო ჩემთვის ყველაზე ახლოსაა. ბევრი დღესასწაული აქვთ და სუფრა პირდაპირი მნიშვნელობით, მრავალფეროვანია - ბევრი ფერისაგან შედგება. მალაიზიაზე დღესასწაულები განსაზღვრული კერძებით აღინიშნება, ტაილანდში მაინც უფრო უნიფიცირებულია. ტაილანდსა და მალაიზიას ერთ გეოგრაფიულ ზონაში განვიხილავ, რადგან მალაიზიაში ბუდისტური ნაწილი მაინც ტაილანდურის გავლენას განიცდის და ქრისტიანული და მუსლიმანური უფრო თვითმყოფადია. მოძრავი, მუსიკალური და ფერადი დღესასწაულები ძალიან დასამახსოვრებელია. ტაილანდში უფრო მეტად, ყვითელი და ოქროსფერი ჭარბობს. ტრადიციული ცეკვებიცაა, განსხვავებული ფორმები აცვიათ. სხვადასხვა დღესასწაულზე სხვადასხვა სახის ჩაცმულობა აქვთ.

მექსიკური შაქარლამა-ფართი და ავი სულების განდევნა

- მექსიკა დიდი ხანია, ქრისტიანული ქვეყანაა და ყველა ტრადიცია ქრისტიანულ რელიგიასთანაა დაკავშირებული. ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ წარმართული (ინდიელების) და ქრისტიანული შერეულია. ერთ-ერთ დღესასწაულზე შაქარი დომინანტია, ავი სულების განდევნის პერიოდია ხოლმე და ყველა ქალაქსა თუ სოფელში, შაქრისაგან თავის ქალები კეთდება, რომლებსაც ღებავენ და შოკოლადსაც ასხამენ, ბავშვები აქეთ-იქით დაარბენინებენ ხოლმე, თან ჭამენ. მათი სამოსი ჩვენი ბერიკაობის ფორმას ძალიან ჰგავს, როცა ძონძებს იცვამენ ხოლმე.

ხელგაშლილი ბედუინები და "ანგარიშიანი" ევროპა

GzaPress- ბევრ კულტურაში სტუმრის მიღება ქართველებივით იციან. ხელგაშლილები და სტუმართმოყვარეები არიან. შესაძლოა, ჩვენი მკითხველი უფრო მეტად ევროპასა და ამერიკას იცნობს, რადგან ქართველები უფრო ხშირად იქ მოგზაურობენ და შედარებით ნაკლებად იციან რა ხდება ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში. ფაქტობრივად, არ მინახავს განვითარებადი ქვეყანა, სადაც სტუმარ-მასპინძლობა კარგად განვითარებული არ არის. მაგალითად, იორდანიამ გამაკვირვა, თუ რამდენად ახლოსაა ქართული სტუმართმოყვარეობის წესებთან. იქ ძირითადად ბრინჯი და ცხვრის ხორცია. ბედუინებიც კი, რომლებიც საკმაოდ ღარიბები არიან და უდაბნოში კარვებში ცხოვრობენ, სტუმარს ყველაფერს სთავაზობენ. ჩვენნაირ ქვეყნებში საკვები "არარეგლამენტირებულია", ნაკლებადაა დამოკიდებული კეთილდღეობაზე. ისეთ ქვეყნებში, სადაც კეთილდღეობა მაღალ დონეზეა, მოწესრიგებულია და უფრო ანგარიშიანია. მართალია, ევროპელი არ მოგაკლებს, მაგრამ მის გონებაში ყველაფერი ითვლება და რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, განვითარებად ქვეყნებში, სადაც ბევრი არაფერი აქვთ, შეუძლიათ, ბოლომდე გაგინაწილონ. ეს მხოლოდ საკვებს არ ეხება, არამედ, ნებისმიერი სახის ყურადღებას და ძალიან კეთილგანწყობილები არიან ხოლმე.

ხელით ჭამის რიტუალი

- არაბულ კულტურაში ცნობილი რიტუალია, როდესაც დიდ ლანგარზე კონუსისებურად ყრია ბრინჯი, რომელიც ძალიან ცხიმიანია და ოჯახის უფროსი ამ კონუსიდან ცხელ ბრინჯს იღებს და გაჭმევს. მე არ შევსწრებივარ, მაგრამ როდესაც ვიკითხე, დამიდასტურეს, რომ ეს ტრადიცია არსებობს. სხვისი ხელიდან მოწოდებული საკვები ჩვენთვის ცოტა უცნაურია...

კულინარიულად ღარიბი აფრიკა

- აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც მომიწია მუშაობამ და მოგზაურობამ, კენიასა და ტანზანიაში, იმდენად თვალშისაცემი სიღარიბეა, რომ ჭამის კულტურას შედარებით ნაკლებად აქცევ ყურადღებას და შენც კი გერიდება, რამეში შეეცილო. სოფელს ბუშს ეძახიან და როცა იქ მიდიხარ, ჯობია, შენ თვითონ მიიტანო რაიმე, ძალიან უჭირთ. შესაბამისად, მათი სამზარეულო არაფრითაა გამორჩეული, ხორცზეა ორიენტირებული, ყოველგვარი სანელებლების გარეშე, კულინარიული კუთხით აღმოსავლეთ აფრიკა განსაკუთრებულს ვერაფერს შემოგთავაზებთ. იქ ქართულს ვერაფერს გავაკეთებდი, ინგრედიენტების არქონის გამო. შესაბამისად, თუ ძღვნად რაიმე მიმიტანია, ისევ იქაური. ევროპულ ქვეყნებში, სტუდენტობის დროს, როცა ვიკრიბებოდით ხოლმე და ყველა თავისი ქვეყნის საკვებს აკეთებდა, რაღაცები მეც მომიმზადებია და საკმაო მოწონებაც დაუმსახურებია.

ტყესა და ველზე ნასწავლი კულინარია

- კულინარია ჩემი გატაცებაა-მეთქი, რომ ვთქვა, მოვიტყუები, თუმცა, ამბობენ, რომ გემრიელი საჭმელები გამომდის. ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილი ექსპედიციებთან და ველზე ყოფნასთანაა დაკავშირებული. მათ შორის, საქართველოში, რომელიც მთლიანად ფეხით მაქვს შემოვლილი და ყველა რეგიონში მიმუშავია. როდესაც ტყეში ცხოვრობ, ცხადია, თავის გატანა გჭირდება. ამისათვის კი ქალაქიდან გარკვეული ინგრედიენტები მიგაქვს, "კონსერვით" დაწყებული, ადგილობრივ ბაზარში ნაყიდი ხორცით დამთავრებული, მაგრამ 1-2 კვირის მერე, ტყეში რომ ცხოვრობ და შენს საქმეს აკეთებ, კონსერვები გბეზრდება და ფანტაზიორობას იწყებ. კოცონთან, ზურგჩანთაში არსებული ინგრედიენტებით, ჩემი და ჩემი მეგობრების პერიპეტიები იწყება ხოლმე, საკვებთან დაკავშირებით. ახალ რამეებს რომ ვიგონებდით, ზოგჯერ კარგი გამოდიოდა, ზოგჯერ - საზიზღრობა და ასე, ცდისა და შეცდომის ხარჯზე, რაღაცებში დავიხვეწეთ. თბილისშიც ხშირად ვკულინარობდით, თუმცა მერე, ამ ამბავმა მიიძინა. ფაქტობრივად, ყველანაირ საკვებს ვაკეთებ, აჭარული ხაჭაპურით დაწყებული, ბაჟეთი დამთავრებული და საკმაოდ კარგი გამომდის. საცივს ვერ ვაკეთებ.

ღვიძლი ბროწეულის წვენში

GzaPress- ძალიან გემრიელია ღვიძლი ბროწეულის წვენში, ქინძით. ბიომრავალფეროვნების შეფასებაზე სამეგრელოს მთებში ვიყავით და ადგილობრივმა დიასახლისმა გვასწავლა, ხორცის მაგივრად, ღვიძლი წაიღეთო, ნაკლებ ადგილსაც იკავებს და უფრო ყუათიანიაო. ვიყიდეთ, წავიღეთ და კოცონზე შემწვარი ძალიან გემრიელი გამოვიდა. იმ ცაიშელმა დიასახლისმა უკანა გზაზე უკვე რეცეპტი მომცა და თბილისში რომ ჩამოვედი, უფრო საფუძვლიანად გავაკეთე. ღვიძლი წვრილ ნაწილებად უნდა დავჭრათ, ერთი სანტიმეტრის სისქის, ცხიმში მოვხრაკოთ, ხახვი - ცალკე, ბროწეულის წვენს მარილი და წიწაკა ავურიოთ და წვრილად დაჭრილი ქინძიც დავუმატოთ. შემწვარ ღვიძლს წვენით შევაზავებთ და კარგი რამაა. 1კგ. ღვიძლზე ალბათ 3 ს.კ. ცხიმი - კარაქი ან ერბო საკმარისი იქნება, ძალიან ცხიმიანი რომ არ გამოვიდეს, 1 ჩ.ჭ. ბროწეულის წვენი, ცოტა ნიორი, ქინძს 4-5 კონას ვუშვრები.

აფრიკული ზებრის, ნიანგისა და ანტილოპას კერძები

- მსოფლიოს გარშემო ისეთი არაფერი გამისინჯავს, რაც ჩემთვის შესაზიზღებელი იქნებოდა. ეგზოტიკური საკვები საკმაოდ გემრიელია, თუმცა არის რაღაცები, რაზეც გული არ მიგდის. მაგალითად, ტაილანდში, შემწვარ-მოხრაკული მწერები ქუჩაში მზესუმზირასავით იყიდება, კალიებით დაწყებული, ტარაკნებით დამთავრებული, მაგრამ სურვილი არ მქონდა, გამესინჯა. მსოფლიოში გავრცელებული კლასიკური კერძები მირჩევნია. სულაც არ არის აუცილებელი, "ტრიპაჩოპა" დავიწყო, ობობები მაქვს ნაჭამი-მეთქი. გველი, ბაყაყი, იგუანა გამისინჯავს. კენიაში, ნაირობიის ახლოს, ცნობილი რესტორანია, რომელსაც კარნივორი ანუ მტაცებელი ჰქვია და იქ დიდი ფერმა აქვთ. კენიაში ნადირობა აკრძალულია, ამიტომ თითქმის ყველა ის ცხოველი, რომელიც აფრიკაშია, ფერმებში გამოჰყავთ და რესტორანში ამით უმასპინძლდებიან. ნანადირევი არ მიყვარს და პრინციპული მოსაზრების გამო არ ვჭამ. ვინაიდან ის ზებრაც, ანტილოპაც და სხვები, ფერმაში გაზრდილი იყო, გავსინჯეთ. ველური ბუნების ნაწილი არ იყო. ცუდად დამამახსოვრდა ნიანგის კუდი, არ მომეწონა, შემეზიზღა კიდეც... ცოტა თევზის გემო აქვს და ზედმეტად ცხიმიანია, ქვეწარმავლის ცხიმი კი მაინც და მაინც გემრიელი და სასიამოვნო არ ყოფილა. ზებრას მაგარი და მომჟავო ხორცი ჰქონდა, არ მომეწონა და არც ანტილოპით აღვფრთოვანდი. იდეისადმი მაინც ანტაგონიზმი მქონდა...

ევროპა და დახვეწილი საფრანგეთი

- ფრანგული სამზარეულო ევროპაში ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემთვის ნაკლებად ცხარეა, მაგრამ მრავალფეროვანი და გემრიელი. განსაკუთრებით, ხმელთაშუა ზღვის ნაწილის საკვები. ფრანგებს რელიგიამდე აქვთ აყვანილი კერძების ურთიერთშეხამებისა და მონაცვლეობის კულტურა. მათ შორის - სასმლის - რას რა უხდება და ა.შ. უმაღლესი კლასია. იტალიური სამზარეულოც მომწონს. გერმანული, ბერძნული და ესპანური - ნაკლებად.

ჯანსაღი პროდუქტი და ცხოვრების წესი

- ჯანსაღი ცხოვრების წესს სამწუხაროდ, არ მივდევ, დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ვეწევი და სულ მახველებს. კვებასთან დაკავშირებული ჯანსაღი წესი მაინც უფრო დასაცავია, ალბათ. ადამიანმა ყველანაირი საკვები უნდა მიიღოს, მაგრამ - ზომიერად. როგორც ბიოლოგმა, შემიძლია ვთქვა, რომ რაც მეტი ხილი და ბოსტნეულია შენს რაციონში, მით უკეთესია. ცხოველური საკვები ადამიანმა მაინც უნდა მიიღოს, რადგან ეს ჩვენი ევოლუციის შემადგენელი ნაწილია. რაციონში პროპორცია უნდა დავიცვათ. შებოლილი პროდუქტი და "სწრაფი კვება" რომ არაჯანსაღია, ფაქტია. ხილი და ბოსტნეული ძალიან მიყვარს და უარს არც შინაური ცხოველის ხორცზე ვამბობ. გარეულ ცხოველს არ მივირთმევ, არც სათევზაოდ დავდივარ. ნადირობას მე ვერ შევაჩერებ, მაგრამ მაინც პრინციპულად მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანი ველური ბუნებიდან წამოვიდა, ქალაქები და სოფლები შექმნა, ველური ბუნებიდან წამოიღო სახეობები, რომელთაგან შინაურული ჯიშები გამოიყვანა. აღარ არის საჭირო, რომ ბუნებას დააწვეს. ფერმებში ხომ ყველაფერი გვაქვს. ზღვის თევზი უფრო მიყვარს, ვიდრე - ტბის ან მდინარის, კალმახს თუ არ ჩავთვლით. ზღვის გაცილებით უფრო სასარგებლოა.

ყველაზე კომფორტული ადგილი და ევროპული სნობიზმი

- ყველაზე კომფორტულად თავს საქართველოში ვგრძნობ. ბოლო სამი წელია, დავფუძნდი, მაგრამ მანამდე სულ ვმოძრაობდი. შენს კულტურაში ყოველთვის ყველაზე უკეთ გრძნობ თავს, რადგან აქ თითქმის ყველა სიტუაციის პროგნოზი შეგიძლია, იცი შენი გარემო, ხალხი როგორ იქცევა, უცხო კულტურებში ამას ვერ გააკეთებ, რადგან არ იცი, ადამიანები რაზე როგორ რეაგირებენ. მიუხედავად ამისა, ყველაზე უფრო კომფორტულად აღმოსავლეთ აფრიკაში ვარ, პირდაპირი, უშუალო ადამიანები არიან და მათთან ურთიერთობა ადვილია. ბუდისტურ კულტურებშიც, ტაილანდი, ლაოსი, ვიეტნამი, განსაკუთრებულად ჩანს, რომ ადამიანები ძალიან კეთილგანწყობილები არიან. საქართველოში ასე ნამდვილად არა ვართ. ცნობილი გამოთქმაა - ტაილანდური ღიმილი. როცა გიღიმის არა - ფორმალურად, მხოლოდ ტუჩებით და თვალები არ უღიმის, არამედ კეთილგანწყობილია და ეს საქმეშიც ჩანს. ასეთ კულტურაში ორიენტირება და მეგობრების გაჩენა ადვილია. სნობიზმი ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, არის, იქიდან მოდის. მე არ მომწონს, ყველა შემთხვევაში მატრაკვეცობად მიმაჩნია. თუმცა ბრიტანეთში ეს ძალიან ჩანს, როცა მაღალი კლასის წარმომადგენელი ხარ. ამერიკასა და საფრანგეთშიც ასეა. ეს ქართული მოვლენა სულაც არ არის. საქართველოში ცოტა უფრო აგრესიულები ვართ, იქ უფრო ცივილური ფორმითაა გამოხატული. ცოტა ქსენოფობებიც ვართ, გვეგონა, რომ ძალიან სტუმართმოყვარეები ვიყავით, კომუნისტების პერიოდში და როცა ეს სისტემა დაინგრა, აღმოჩნდა, რომ მთლად ეგეთი კეთილებიც არა ვართ. უცხო კულტურა გვაშინებს.

თამთა დადეშელი