ზედიზედ აღებული 13 ოქროს მედალი და ციცო მასწავლებელი - გზაპრესი

ზედიზედ აღებული 13 ოქროს მედალი და ციცო მასწავლებელი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 8 წლის წინ ჭიათურის სტადიონზე, სადაც სპორტსკოლის აღსაზრდელები უფასოდ გადიან წვრთნას რამდენიმე სახეობაში, ციცო ბოყოველს ორმა პატარა გოგონამ მიაკითხა.

ციცო მძლეოსნობის მწვრთნელია და მის შესახებ მარი და ირინა ფხალაძეებს მეზობლებისგან გაუგიათ. ხუთი და ექვსი წლის დები მამის საოჯახო, დაგლეჯილი ჩუსტებით მისულან სტადიონზე და ვარჯიშის სურვილი გამოუთქვამთ.

"მეზობლის ბავშვებმა გვითხრეს, სპორტზე სიარული კარგია, ჯანმრთელები და წარმატებულები იქნებით, თუ ივარჯიშებთო. აქვე ვცხოვრობთ და მოვედით ციცო მასწავლებელთან. ვერავინ გააკეთებს იმას, რაც მწვრთნელმა ჩვენ, ორივე დას გაგვიკეთა; ამას მშობლებიც ვერ შეძლებენ, რადგან სოციალურად დაუცველები ვართ და სად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ისეთ რეჟიმს ავუწყოთ ფეხი, რაც დიდი სპორტისთვის არის საჭირო", - ამბობს თვალებანთებული მარი ფხალაძე.

მარი და ირინა ახლა 13 და 14 წლის არიან, ტყუპს ჰგვანან. სპორტული აღნაგობა, ერთნაირი წონა, თითქმის ერთნაირი თმისა და კანის ფერი აქვთ, მაგრამ პატარა დას აქვს განსხვავებულად დიდი წარმატებები: ბოლო სამ წელიწადში 13 ოქროს მედალი დაიმსახურა.

GzaPressპირველად ციცო მასწავლებელს ეჭვით შეუხედავს კაფანდარა დებისთვის, სპორტული ტანსაცმელიც არ ჰქონდათ და ერთი წელიწადი მოვუნდი ამათ შემოსვასო. ცნობისთვის, ციცო ბოყოველს 200 ლარი აქვს ხელფასი. ცალკე საკითხია კვება: ექვსდღიან ინტენსიურ ვარჯიშს ბევრი კალორია სჭირდება, სხვანაირად მოზარდები ვერ გაუძლებდნენ წვრთნას. ჰოდა, მასწავლებელს, პატარა გოგონებს რომ დახმარებოდა, არც ხელფასი ენანებოდა, არც გამგეობასა და სხვა ორგანიზაციებში სიარული ეთაკილებოდა. ხან უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარის სტატუსით იკვებებოდნენ გოგონები, ხანაც რომელიმე ორგანიზაცია მცირეოდენ თანხას ურიცხავდა კვების ობიექტს მათი დაპურებისათვის.

მოზარდების საცხოვრებელი პირობები თუ გაინტერესებთ, ასეთია: ერთ ოთახში ფხალაძეების ოჯახის ექვსი წევრი ცხოვრობს. წლისა და რვა თვის ირაკლის დედა უვლის, მამა უმუშევარია. კეთილი ადამიანების იმედად მყოფი პატარა სპორტსმენები თავს არ ზოგავენ, გამუდმებით ვარჯიშობენ. დილაუთენია მწვრთნელის სატელეფონო ზარი აღვიძებს დებს და ეს ექვს საათზე ხდება. შვიდის ნახევარზე მწვრთნელი და გოგონები სტადიონზე არიან და ვიდრე სკოლაში წასვლის დრო დადგება, გულმოდგინედ ვარჯიშობენ. მათ სკოლაში წარმატებულ მოსწავლეებად მიიჩნევენ. სირბილის მსგავსად, გოგონებს ქართული ენა და ლიტერატურა უყვართ, მაგრამ სხვა საგნებსაც კარგად სწავლობენ.

რა გზა გაიარეს მწვრთნელმა და პატარა სპორტსმენებმა წარმატებამდე, ეს ძნელი გადმოსაცემია, მაგრამ საამაყოა, რომ მარი ფხალაძე 11 წლის ასაკიდან, ყველა შეჯიბრებიდან მხოლოდ ოქროს მედლებით უბრუნდება სამთოელების ქალაქს.

გრძელ მანძილზე მორბენალ დებს ყველა შეჯიბრებაზე შიშით უყურებენ. ბოლო სამი წელია, მარი არავის უთმობს "ოქროს ადგილს". ერთი წლით უფროსი დაც კი დაკომპლექსებულია მის გვერდით და დის გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს მიუმატებს ხოლმე ვერცხლის მედალოსნის სტატუსს.

"პირველი ორი წელი ამ ბავშვებისთვის განსაკუთრებული ნიჭი არ შეგვიტყვია. მხოლოდ იმით გამოირჩეოდნენ, რომ მონდომება ჰქონდათ ძალიან დიდი. არასდროს აცდენდნენ ვარჯიშს, არიან გონიერი და მორიდებული ბავშვები. ერთადერთ შვილში ვერ გამოვარჩევ ამათ. სახლში ხელფასი რომ არ მიმქონდა, ქმარი მეუბნებოდა: შენი ოჯახისთვის არ ხარო, მაგრამ ისიც ხვდება, რომ გოგონებს უჩემოდ არაფერი გამოუვათ და საქმეში არ მიშლის ხელს. არა მარტო სპორტული ტანსაცმელი, მათთვის ბევრჯერ მიყიდია საჭმელიც, ზოგჯერ სარეცხსაც ვურეცხავ. მინდა, ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოსაპოვებელ შეჯიბრებაზე გასვლამდე, საცხოვრებლად ჩემს ბინაში გადავიყვანო. თუ ასეთი ტემპით ივარჯიშეს, სალიცენზიო შეჯიბრებას წარმატებით გავივლით და ოლიმპიადაზე გოგონები თავს ისახელებენ. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მარის წარმატებაში 95%-ით ვარ დარწმუნებული", - ამბობს ქალბატონი ციცო.

ე.წ. დახურულ თუ ღია ჩემპიონატებში მონაწილეობის დროს მარი თანაბარი წარმატებით გამოდის. თურმე, დახურული მანეჟის პირობების დროს უფრო ძნელია სირბილი გრძელ მანძილზე, მაგრამ 13 მედლის მფლობელს დაბრკოლებები არ აშინებს, რადგან გვერდით ციცო მასწავლებელი ეგულება!

მწვრთნელი ხშირად, "დაზოგვის პოლიტიკას" ატარებს და ჩემპიონატების დროს გრძელ მანძილებზე (800, 1500 და 3000 მეტრი) შეჯიბრებისას მხოლოდ ორ მანძილზე აძლევს გამოსვლის უფლებას, თუ რა თქმა უნდა, სამივე მანძილზე რბოლა ერთსა და იმავე დღეს არის. არც ისე დიდი ხნის წინ, მარიმ ერთ დღეში ორი ოქროს მედალი - 1500 და 3000 მეტრზე სირბილში მოიპოვა. ყოფილა ისეთი წელიც, როცა რამდენიმე ოქროს მედალი დაუსაკუთრებია ჭიათურელ ვერცხლისწყალივით მოძრავ გოგონას.

"რატი ონელი ჭიათურაზე ფილმს იღებს და ამ ფილმში დები ფხალაძეების შესახებაც იქნება სიუჟეტი. ეგებ, ამ ფილმმა და საინფორმაციო მხარდაჭერამ შემიწყოს ხელი, რომ გოგონებს ბოლომდე ვუერთგულო და მატერიალურად დაგვეხმარონ, რათა სპორტული სამოსი და კალორიული საკვები არ მოაკლდეთ, თორემ ამათი პოტენციალი ჩაკვდება და ამას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ", - ამბობს ციცო და თვალებიდან მალულად იწმენდს ცრემლებს.

თაფლი, კარაქი, ქიშმიში, გარგარის ჩირი, რძის პროდუქტები და სხვა მაღალკალორიული საკვები ფხალაძეებისთვის ხშირად მიუტანია მასწავლებელს, მაგრამ ბავშვები იზრდებიან, მოთხოვნილებაც იმატებს, მწვრთნელის ხელფასი კი ისევ ისეთია, როგორიც წლების წინ ჰქონდა. ზოგჯერ, სამი ვარჯიშის შემდეგაც კედი ეხევათ, ფეხშიშველა ვარჯიში კი არ შეიძლება. ჰოდა, ისევ ციცომ უნდა გაარღვიოს ცა და დედამიწა, რომ ბავშვებს ფეხსაცმელი ჰქონდეთ.

"სულიერი საზრდოც აკლიათ ამათ", - წამოსცდა მწვრთნელს. გავბედე და ჭიათურის დრამატული თეატრის დირექტორს დავურეკე და ვთხოვე, ბავშვები სპექტაკლებზე უფასოდ შეეშვა ხოლმე. იქვე დავძინე: კალკულაცია მომაწოდეთ და მე გადავუხდი ბილეთის ფულს-მეთქი. დირექტორმა სასიამოვნოდ გამაოცა, როცა მითხრა: ფული არ არის საჭირო. ყოველ სპექტაკლზე დაველოდებით რაიონის 2 საამაყო მომავალს, მწვრთნელთან ერთადო.

კიდევ ბევრი რამის მოყოლა შეიძლება ამ გოგონებზე. თუმცა, ემოციის მოზღვავება რომ იგრძნოთ, ზამთარში, დილის შვიდის ნახევარზე მალულად უნდა გადაიხედოთ ჭიათურის სტადიონზე, სადაც ფარნის შუქზე ციცო მასწავლებელი ფოთლებივით მსუბუქ დებს ავარჯიშებს. საღამოს 5-დან 8 საათამდე ისევ სავარჯიშოდ მიდიან, მაგრამ დილის ვარჯიში მაინც სულ სხვაა. ბევრ მწვრთნელს ასეთ დროს წამზომი უჭირავს ხელში, ციცო კი მათგან განსხვავებულია. გულში ჩაბუდებული დიდი იმედი, რომ პატარა სპორტსმენები ბევრს მიაღწევენ, მასწავლებელს არამიწიერ ადამიანად აქცევს და ჩვენ კი ქედს გვახრევინებს უპრეტენზიო ადამიანის წინაშე.

იქნებოდა კი ის 13 მედალი, რომ არა ციცო მასწავლებელი? ბუნებრივია - არა! შეთავსებით სხვა სამსახურიც მინდაო, - გამიმხილა. არ გაგიკვირდეთ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ ფხალაძეებს დაეხმაროს. ეს დამატებითი სამსახური მისთვის არ გამოჩნდა, მაგრამ საახალწლოდ მუნიციპალიტეტის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა და 320 ლარიც აიღო პრემია (ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს თანხაც პატარა სპორტსმენებს მოახმარა). სხვისი არ ვიცი და ჩემი ნება რომ იყოს, ქალბატონ ციცოს მსოფლიოს ყველაზე დიდ წოდებებს უყოყმანოდ მივანიჭებდი!

როლანდ ხოჯანაშვილი