ის, რაც ყველას არ შეუძლია - გზაპრესი

ის, რაც ყველას არ შეუძლია

ნიკა თვაურმა ცურვა 26 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე კი რაგბით გახლდათ გატაცებული. 17 წლის იყო, როცა ახალი წლის დღესასწაულზე, ხელში რაღაც ნივთიერება აუფეთქდა. საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია, მხედველობა დაკარგა და მარჯვენა ხელის მტევნი დაუზიანდა. მერე იყო სახლში ჩაკეტვის პერიოდი და შეიძლება ითქვას, სასოწარკვეთაც, მაგრამ ბედისწერას არ დანებდა. ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო და პირველი წარმატებაც მალე მოვიდა: 17 მედალი, არაერთი თასი და სიგელი გადასცეს.

- მთელი ცხოვრება სპორტით ვარ დაკავებული. 26 წლის ვიყავი, ცურვა რომ დავიწყე, მანამდე კი რაგბს ვთამაშობდი. რომ არა ის ტრავმა, რომელიც მივიღე, ახლა მორაგბე ვიქნებოდი. სულ 8 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. პირველი ოპერაცია წარმატებული იყო. მართალია, მხედველობა დაქვეითებული მქონდა, მაგრამ ქუჩაში სიარული, ტელევიზორის ყურება შემეძლო. შემდგომი 7 ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა. მოგვიანებით მითხრეს, - პირველი ოპერაციის შემდეგ სხვა ოპერაციები რომ არ ჩატარებულიყო, უკეთესი იქნებოდაო. ახლა მხოლოდ დღისა და ღამის გარჩევა შემიძლია. მოკლედ, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაგბიზე ვეღარ ვივლიდი. მერე უნივერსიტეტში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ბრაილის შრიფტი უნდა მესწავლა. ეს გადაწყვეტილება ტრავმიდან 10 წლის შემდეგ მივიღე. შეიძლება ითქვას, რომ 10-წლიანი უძრაობის პერიოდი მქონდა. მეგონა, ოპერაციას გამიკეთებდნენ და მხედველობა აღმიდგებოდა, მაგრამ... 25 წლის ასაკში გავაცნობიერე: მხედველობა რომც დამიბრუნდეს, მერე რა იქნება? პროფესიაც არ მექნება და რა უნდა გავაკეთო-მეთქი? ბრაილის შრიფტის შესწავლა დავიწყე, მაგრამ პირველი გაკვეთილიდანვე თავი დავანებე. მერე დავფიქრდი, რა უნდა მეკეთებინა. საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, სპორტია. სწორედ მაშინ გავიგე ჰენრი კუპრაშვილის შესახებ და ვიფიქრე, - ადამიანი ხელ-ფეხშეკრული თუ ცურავს, უსინათლოსთვის ეს ხომ გაცილებით ადვილი იქნება-მეთქი? ბატონ ჰენრის ტელეფონით დავუკავშირდით და მერე აუზზე მივედით. თავიდან ყველას უკვირდა, - როგორ უნდა იცურო? რამე რომ მოგივიდეს, ამაზე პასუხს ვინ აგებსო? ყველანაირ შედეგზე პასუხისმგებლობა თავად ავიღე. 2 თვის შემდეგ, აღარც სჯეროდათ, რომ ვერ ვხედავდი. ახალი მისული რომ ვიყავი და არავინ მიცნობდა, არ იცოდნენ ჩემი მდგომარეობა და როდესც გვერდს ვერ ვუვლიდი, თავადაც არ მეცლებოდნენ და ვეჯახებოდი. ახლა მათთვის უფრო მეტად საშიში გავხდი, რადგან ძალიან სწრაფად ვცურავ.

- ტრავმა მიგიღია?

- სერიოზული ტრავმა არასდროს მიმიღია. ზოგჯერ ცხვირს თუ გავიტეხავ ან შუბლზე კოპი ამომივა, ეგ არაფერია. ჯერ 500 მეტრს ვცურავდი, მალე მანძილი 2 კილომეტრამდე გავზარდე. 2011 წლის აპრილამდე 3 კილომეტრს ვცურავდი. ჩემს წარმატებაში მწვრთნელს - ზურა ხომასურიძეს დიდი წვლილი მიუძღვის.

- პირველი წარმატება როდის მოვიდა? GzaPress- თურქეთში საინვალიდო სპორტში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. მინდოდა, წავსულიყავი, მაგრამ პარაოლიმპიურმა კომიტეტმა არ დამაფინანსა. შემდეგ წერილი სანდრა რულოვსს მივწერე და ჩემპიონატზე მისი დახმარებით გავემგზავრე. მესამე ადგილზე გავედი. მერე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი იყო. 2012 წელს იტალიაში მეორე კატეგორიაში გამოვედი, 50-მეტრიან დისტანციაზე (ბრასით ცურვა) ოქროს მედალი ავიღე, 100-მეტრიან დისტანციაზე - ბრინჯაო. სხვადასხვა დროს 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მაქვს აღებული, საქართველოს ჩემპიონი და პარაოლიმპიური თასის მფლობელი ვარ. ახლა დღეში 10-12 კილომეტრს ვცურავ. კილომეტრს 20-25 წუთში გავდივარ.

- შენი უახლოესი გეგმა როგორია?

- თქვენი ჟურნალი რომ გამოვა, ბარსელონაში ვიქნები, შემდეგ ჰოლანდიაში გავემგზავრები. ევროპის ჩემპიონატზე ლიცენზირებული გზით პირველად გავდივართ. ჩემპიონატი 4-6 აგვისტოს ტარდება, საქართველოს მე წარვადგენ.

- ჩვენს ქვეყანაში სხვა უსინათლო მოცურავეებიც არიან?

- უსინათლო მოცურავეები არ არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცურვის სურვილი არ აქვთ. ბევრი ამას ვერ ახერხებს, რადგან ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. მოცურავეს ვიტამინები, მედიკამენტები, კვების სპეციალური განრიგი და მენიუ სჭირდება. ოჯახი და მეგობრები რომ არ დამმხმარებოდნენ, სანდრას თავისი მხარდაჭერით სტიმული რომ არ მოეცა, ალბათ ცურვას ვერ შევძლებდი. ჩემი მწვრთნელი ითავსებს ექიმის ფუნქციასაც. არადა, უნდა ნახოთ, ჩემპიონატებზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები როგორ გამოდიან. ერთხელ მხარზე მყესი გამიწყდა და რუსეთის ეროვნული ნაკრების ექიმი დამეხმარა. ისეთი აპარატურა და სამკურნალო საშუალებები ჰქონდათ, ჩვენ არც დაგვესიზმრება. მახსოვს, პირველად ჩემპიონატზე რომ წავედით, ქართველ სპორტსმენებს ფორმებიც არ გვქონდა. როცა ამის შესახებ მკითხეს, თავი დავიძვრინე, - ჩვენი ბარგი აეროპორტში დაიკარგა, ფორმებიც იქ ელაგა-მეთქი.

- შეიძლება, შენს პირად ცხოვრებაზე გკითხო?

- ჩემი პირადი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. გეტყვით, რომ ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ. საქართველოში ოჯახის შექმნას არც ვაპირებ. აქ პირობები არ არის, არც პერსპექტივა ჩანს.

- ცუდია, ასე რომ ფიქრობ...

- ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყანა არ მიყვარს. უბრალოდ, საქართველოში გაგრძნობინებენ, რომ შენ მათგან განსხვავებული ხარ. არადა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შორის ბევრი პროფესიონალია. ეს ადამიანები რომელ საქმესაც ჰკიდებენ ხელს, სულსა და გულს, მთელ ენერგიას მასში დებენ. კარგი იქნებოდა, საქართველოში ერთი რეი ჩარლზი გვყოლოდა, ვიდრე ამდენი ვითომ მომღერალი; ერთი რუზველტი გვყოლოდა, ვიდრე ამდენი აფერისტი პოლიტიკოსი...

- სასოწარკვეთის პერიოდი გქონია?

- ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, მქონდა. 10 წელი სახლში ვიყავი დამალული. ახლობლები ყველა სურვილს მისრულებდნენ, პატარა მეფესავით ვცხოვრობდი. 1943 წელს უფეხო ბრიტანელი პილოტი გერმანელებმა რომ ჩამოაგდეს, პროტეზიანი ფეხებით ციხიდან გაქცევა 30-ჯერ სცადა. ვეღარაფერი რომ ვერ მოუხერხეს, პროთეზი ჩამოართვეს და ასე გააჩერეს. ერთხელ ქალბატონმა მითხრა: ჩემი შვილი დეპრესიაშია, შენნაირმა ადამიანმა მას მაგალითი უნდა მისცესო. - დეპრესიაში რის გამოა-მეთქი? - ფეხზე 2 თითი მოაჭრესო, - მე კი ამაზე მხოლოდ გამეღიმა.

- რესულ და ინგლისურ ენებზე ლაპარაკობ. როგორ ისწავლე?

- ცოტა ფრანგულიც ვიცი. რუსული აუდიოწიგნებით ვისწავლე. ინგლისური - ახლობლებისგან.

- სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხარ.

- შეტყობინებებს ხმოვანი სიგნალით ვიღებ. დიდი პრობლემაა, რომ ვერ ვხედავ, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც შეიძლება რაღაცის მოფიქრება. მინდა, რომელიმე სრუტე გადავცურო და გინესის რეკორდების წიგნში შევიდე... ოჯახმა და მეგობრებმა ჩემს წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს. მამას ცურვაზე დავყავარ, როცა მას არ სცალია - მეგობრებს. ვჭამ, ვცურავ, მძინავს, - მეტს არაფერს ვაკეთებ. შემიძლია, ქათამი და 3 ჰამბურგერი ერთდროულად შევჭამო, მაგრამ ბევრს ვცურავ და არ მეტყობა. ალკოჰოლი ზოგჯერ კარგია, მაგრამ ვერიდები.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ? GzaPress- მეგობრებთან ერთად დასასვენებლად მინდა წასვლა. ყველას გული ზღვისკენ მიუწევს, მე კი უდაბნოში რომ გავჩერდე, ეს მირჩევნია. წყალი და ცურვა აღარ მინდა. ზღვაში რომ შევდივარ, ხშირად ვიკარგები. ყურებდაცქვეტილი ვარ, პლაჟის ანუ ხალხის ხმა საიდან მოდის, უკან გზას სმენით ვაგნებ. მქონია შემთხვევა, ჩემი შესვლის ადგილიდან 300-400 მეტრის დაშორებით ამოვსულვარ და მერე ეს მანძილი ფეხით გამივლია. ერთხელ ქალს დავეჯახე. მოვუბოდიშე, - ვერ ვხედავ-მეთქი, მაგრამ მაინც გამლანძღა, არ დამიჯერა.

- გოგონებთან ურთიერთობაში შენი მდგომარეობა ბარიერი ყოფილა?

- რა თქმა უნდა, ეს ხმამაღლა არავის უთქვამს, მაგრამ მიგრძნია. ჩემი მეგობარი გოგონების უმრავლესობა უცხოელი იყო.

ნიკას შეუძლია, ადამიანის ხმის ტემბრით მისი ვიზუალი, ასაკი და სიმაღლე გამოიცნოს. მას პატარა გამოცდა მოვუწყვე და ვთხოვე, ეთქვა, მე როგორ გამოვიყურებოდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თმის ფერიც კი მითხრა, რომ აღარაფერი ვთქვა სიმაღლეზე, წონასა და ასაკზე.

ნიკა:

- მეგობრები ხალისობენ ხოლმე, აბა ეს ადამიანი როგორ გამოიყურებაო? ძალიან ხშირად, ჩემი აღწერა ემთხვევა. მხედველობა რომ დავკარგე, მეგონა, სულ სახლში ვიქნებოდი და გარეთ ვერ გავიდოდი. სტუმრები რომ მოდიოდნენ, მათთან ურთიერთობას ვერიდებოდი, ვიმალებოდი. სტუმრად ვერ მივდიოდი, რადგან შეიძლებოდა, მაგიდას დავჯახებოდი ან ჭიქა გამეტეხა და ასეთ დროს ვიბნეოდი (არადა, თეფშის გატეხვა ბედნიერების ნიშანია). ახლა სხვანაირი გავხდი და შემიძლია, აეროპორტში უცნობ ადამიანს ვუთხრა, - მეძინება და მხარზე თავი დამადებინე-მეთქი (იცინის). თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"