მოძალადე მამა და აკვიატებული შიში - გზაპრესი

მოძალადე მამა და აკვიატებული შიში

ეს 19 წლის გოგონას მესიჯია. მისი წერილის წაკითხვის შემდეგ ცხადია, ბევრი კითხვა გამიჩნდა, თან - ცნობისმოყვარეობა მკლავდა; მაინტერესებდა, მამამ ისეთი რა გააკეთა, შვილს ცხოვრება ისე როგორ გაუმწარა, რომ გოგონას შიში დასჩემდა... მოზარდთან დაკავშირებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი. ბოლოს, როცა მის ტელეფონზე ზარი გავიდა, ვიღაცამ გაუბედავად მიპასუხა. თავიდან, ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემაც არ უნდოდა, თითქოს - ჩემიც შეეშინდა, მაგრამ ბოლოს ინტერვიუზე მაინც დავიყოლიე...

- ჩემი ცხოვრება მართლაც რომ ჯოჯოხეთია. ჯერ იყო და, ჯერ კიდევ პატარას, მამა სიცოცხლეს მიმწარებდა. ის დედასაც სცემდა, ბებოსაც და ზოგჯერ, მე და ჩემს დასაც არ გვინდობდა. მიუხედავად ყველაფრისა, ოჯახში მაინც მამა იყო მთავარი. ყველა მას ეფოფინებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. ფეხსაცმელსაც კი ხდიდნენ და ფეხებს ჰბანდნენ. ოჯახში ერთადერთი ჯიუტი არსება მე ვიყავი და ალბათ, ამიტომაც წავიმტვრიე კისერი.

- რას გულისხმობ?

- ვგულისხმობ იმას, რომ 15 წლისა მამამ სახლიდან გამომაგდო. ოჯახში მეამბოხეს ვერ შემეგუა. არ მოსწონდა, ჩემს დას მონას რომ ვეძახდი და ვეჩხუბებოდი: არ გრცხვენია, ამ კაცს ასე რომ ემსახურები? ბებია მისი დედაა და ამიტომაც ევლება თავს, შენ კი შვილი ხარ და უფლება გაქვს, საკუთარი თავი მშობლისგანაც დაიცვა. ის თავად უნდა გემსახურებოდეს-მეთქი. დედას საქციელიც მაღიზიანებდა. არ მესმოდა, რატომ ითმენდა ქმრისგან ამდენს, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ამის მიზეზი ჰქონდა.

- მიზეზი სიყვარული იყო?

- არა. დედას უბრალოდ, წასასვლელი არსად ჰქონდა. ობლობაში გაზრდილს თავშესაფარი არსად ეგულებოდა. ჰოდა, მისი ქმარი ამით სარგებლობდა და მასზე ძალადობას ამიტომაც ბედავდა. ვერ ვიტყვი, მამას დედა არ უყვარდა-მეთქი, მაგრამ საკმარისი იყო, ჭიქა ღვინო დაელია, რომ ეს სიყვარული სადღაც ქრებოდა და ჩვენს ოჯახში ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა... მახსოვს, ერთხელ ზედმეტი მოუვიდა და დედას ხელი ისე ჰკრა, რომ ქალი წაიქცა, თავი რაღაცას ჩამოარტყა და სისხლიც წამოუვიდა. მე და ჩემი და ავკივლდით, - დედა მოკვდა-თქო და მეზობლები შემოცვივდნენ. იმ წამს მამას თითქოს შეეშინდა და წელში მოიკაკვა, მაგრამ როგორც კი ქალმა თვალი გაახილა, გაიბღინძა და მეზობლებიც გამოლანძღა: აქ რას მოეთრეოდით? ყველამ თქვენს ბინძურ კუთხე-კუნჭულებს მიხედეთო. ცხადია, მას შემდეგ მეზობლები ჩვენთან აღარ შემოდიოდნენ. როცა მამა ნასვამი იყო, თავს გვარიდებდნენ. თითქოს ბედია და სიმართლეა, რომ ამბობენ: რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდესო. ყველაზე მეტად, ლოთი კაცები მეჯავრება, ალკოჰოლი მეზიზღება. არადა, ისეთ ადამიანს გავყევი ცოლად, რომელიც ბევრს სვამს. მართალია, არ მცემს, პირიქით - ძალიან კარგი სიმთვრალე აქვს, ამ დროს მხოლოდ მეფერება, თბილ სიტყვებს მეუბნება, მაგრამ მისი მაინც მეშინია და ვცდილობ, როცა მთვრალია, მასთან ურთიერთობას თავი ავარიდო, ასეთ დროს ნუგეშს დედამისის კალთაში ვეძებ...

- რამდენი წლის ხარ?

- 19-ის. მართალია, ნაადრევად გავთხოვდი, თანაც - უსიყვარულოდ, მაგრამ სხვა გზა არც მე მქონდა. ჰოდა, ახლა სწორედ ამიტომ მესმის დედაჩემის. ქმრისგან რომ წავიდე, სად წავიდე, ვის შევაფარო თავი?

- გათხოვებამდე სად ცხოვრობდი? როგორც აღნიშნე, 15 წლის ასაკში წამოხვედი სახლიდან...

- ბებოსთან, დედის დედასთან ვცხოვრობდი. ვიდრე ის ცოცხალი იყო, ყველაფერი კარგად გახლდათ, მაგრამ როგორც კი გარდაიცვალა, ბიძაშვილებმა და თავად ბიძა-ბიცოლამაც ცუდი თვალით დამიწყეს ყურება. ჩემს დაჩაგვრას ცდილობდნენ. ჰოდა, იძულებული ვიყავი, პირველივე შემხვედრს ანუ იმ კაცს გავყოლოდი, ვინც სიყვარულში გამომიტყდა და თავშესაფარი შემომთავაზა. მაშინ არ ვიცოდი, გიოს ალკოჰოლი თუ უყვარდა, თორემ ნათესავების სახლიდან წამოსვლას არ ვიჩქარებდი.

- გიო სად გაიცანი?

- ის მეზობელი სოფლიდანაა. ვიცოდი, რომ კარგი ბიჭი იყო, მაგრამ არ მიყვარდა; ისიც ვიცოდი, რომ თვალს ყოველთვის მაყოლებდა და მეზობლები მეუბნებოდნენ კიდეც: შენს სანახავად მოდის ხოლმეო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს უბრალო ჭორი იყო. მერე ერთხელ სიყვარულში გამომიტყდა. ვინაიდან ფეხბურთს თამაშობდა, მეგონა, სპორტსმენ კაცს ღვინო არ ეყვარებოდა, მაგრამ შევცდი...

- მაშინ რამდენი წლის იყავი?

- 17-ის.

- მშობლებმა რა გითხრეს, ამ ასაკში რომ გათხოვდი?

- აბა, რა უნდა ეთქვათ?! სახლიდან უპრობლემოდ გამომიშვეს და როგორ ფიქრობთ, ჩემს ნაადრევად გათხოვებას იდარდებდნენ? მოვიდნენ, დაგვლოცეს და მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ ვნახე დედა და და, მამა და ბებია კი მხოლოდ ერთხელ მოვიდნენ ჩემს სანახავად და სიძის გასაცნობად, მერე არც ერთს აღარ გავხსენებივარ. იმ ნათესავებს, რომლებმაც თავიდან მომიშორეს, ჩემი გათხოვება ისე გაუხარდათ, რომ ბებიას საწოლი და ქვეშაგები, ჩემოდანი და უზარმაზარი ცარიელი ზანდუკი მზითევში გამაყოლეს.

- გასაგებია, რომ შენი ქმარი სვამს, მაგრამ თუ შენზე არ ძალადობს, კარგად გექცევა, მისი სიმთვრალის რატომღა გეშინია?

- მგონია, რომ ერთხელაც შეიძლება, რაღაც არ მოეწონოს და შემოველახები. ჰოდა, თუ ერთხელ ასწევს ჩემზე ხელს, მერე დარწმუნებული ვარ, ძალადობის გემო, მამასი არ იყოს, მასაც მოეწონება. ამის ძალიან მეშინია!.. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ორსულად არ ვარ და ოჯახში მეუბნებიან: გამოსაკვლევი ხარო. ქმარსაც აღიზიანებს ის ამბავი, რომ შვილს ჯერ ვერ გავუჩენ. მართალია, ამის გამო საყვედური ერთხელაც არ დასცდენია, მაგრამ ვხვდები, რომ ამ ამბავს ძალიან განიცდის. როცა ნათესავები ან მეგობრები ეუბნებიან, - ამა და ამ საქმისას რას შვრებითო? - ბრდღვინავს. ამბობს: ეგ თქვენი საქმე არ არისო!.. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო. მეგობარიც არ მყავს, რომ ჩემი სატკივარი გავანდო და გული ბოღმისგან გავითავისუფლო.

- ამბობენ, ცოლის ყველაზე კარგი მეგობარი - ქმარიაო. რატომ არ გინდა, გიოს შენს განვლილ ცხოვრებაზე, შიშზე მოუყვე? რატომ არ გინდა, გული გადაუშალო?

- მეშინია! მან იცის, რის გამოც წამოვედი სახლიდან. იცის, რომ ბებიას გარდაცვალების შემდეგ ნათესავები ცუდად მექცეოდნენ და ჰგონია, რომ ახლა დათრგუნვილი მხოლოდ ამის გამო ვარ. როცა მთვრალია, მე გავურბივარ, ის კი უკან მომდევს: ცოლო, მოდი, უნდა მოგეფეროო, ამ დროს მისი ორმაგად მეშინია... ვერ ვეტყვი ჩემი შიშის შესახებ. ვერ ვეტყვი, რომ უსიყვარულოდ გავყევი. მას ჰგონია, რომ ძალიან მიყვარს და არ მინდა, გული გაუტყდეს. ასე მგონია, სიმართლე რომ ვუთხრა, ჩემს გაგებას ვერ შეძლებს. უფრო მეტიც - შეიძლება ჩემმა აღიარებამ გააცოფოს და ის მოხდეს, რისიც ასე მეშინია.

- შენ მითხარი, რომ როცა ქმარი შინ მთვრალი მოდის, ნუგეშს დედამისის კალთაში ეძებ. იქნებ დედამთილს გაენდო? ვფიქრობ, ის რჩევასაც მოგცემს და შეეცდება, პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროს...

- არ ვიცი, არ ვიცი... სიმართლე გითხრა, მასთან დალაპარაკება რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა; სიტყვები ვერ ვიპოვე, ენა არ მემორჩილებოდა. ის ქალი ყოველთვის ისეთ ოჯახში ცხოვრობდა, სადაც კაცები ქალებს პატივს სცემდნენ და ასე მგონია, ჩემს გაგებას ვერ შეძლებს; ვფიქრობ, დამცინებს და მერე შვილს ამ ყველაფერს სიცილით მოუყვება, მე კი ამისიც მეშინია...

- ჩემი აზრით, ეს შიში უნდა დასძლიო...

- სათქმელად ადვილია, საქნელად - ძნელი. მამაჩემია დამნაშავე იმაში, რომ ასეთი არეულ-დარეული ცხოვრება მაქვს. მასში მხეცი რომ არ ყოფილიყო დაბუდებული, დღეს, ვინ იცის, როგორი ცხოვრება მექნებოდა. ზუსტად ვიცი, სახლიდან რომ არ წამოვსულიყავი, გათხოვებაზე კარგა ხანს არ ვიფიქრებდი, რადგან ჩემთვის სწავლა ბევრს ნიშნავს. წიგნი ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ბევრს ვკითხულობ, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება ალბათ, არასდროს მომეცემა. მე ხომ სკოლაც არ დამიმთავრებია - ანუ საშუალო განათლებაც არ მაქვს... ხშირად ვფიქრობ, რომ ასეთ ცხოვრებას სიკვდილი ჯობია, მაგრამ მორწმუნე ვარ და ისიც ვიცი, რომ ეს უდიდესი ცოდვაა.

- მორწმუნე თუ ხარ, მოძღვარიც გეყოლება...

- ჩვენს სოფელში ეკლესია კი არის, მაგრამ მოძღვართან მისვლა და მასთან საკუთარ ცხოვრებაზე ლაპარაკი არცთუ ისე იოლია. აბა, რა ვუთხრა მოძღვარს? რომ მართალია, გათხოვილი ვარ, მაგრამ ქმარი არ მიყვარს? რომ მასთან ყოველგვარი გრძნობის გარეშე ვწვები? რომ ის სიცოცხლე არ მიყვარს და არ მიხარია, რომელიც უფალმა მაჩუქა? არა, ამ ყველაფერზე ლაპარაკი არც ისე ადვილია იმ ადამიანთან, რომელიც უფლის გზას ადგას...

- საინტერესოა, მე რატომ დამიმესიჯე?

- არ მეგონა, თუ დამირეკავდი... უბრალოდ, ჩემი მეზობელი გოგონა, რომელიც დაახლოებით ჩემი ხნისაა, თქვენს ჟურნალს ხშირად ყიდულობს. როცა თავად ყველა სტატიას წაიკითხავს, მერე ვთხოვ ხოლმე, - მათხოვე-მეთქი. რასაკვირველია, ამაზე უარს არ მეუბნება. თქვენს რუბრიკას და "გზავნილებს" ყოველთვის ვკითხულობდი და სურვილიც ბევრჯერ გამჩენია, ჩემი ამბავი თქვენი ჟურნალის მკითხველებისთვის მომეთხრო, მაგრამ ვინაიდან მობილური ტელეფონი არ მაქვს, ეს სურვილი ვერც ერთხელ ვერ ავიხდინე. ვიცი, ბევრს ეხმარებით რჩევებით და ვფიქრობდი, იქნებ ვინმემ მეც ისეთი რჩევა მომცეს, რომელიც ცხოვრების შეცვლაში დამეხმარება-მეთქი. ჰოდა, ამას წინათ ვერ მოვითმინე და ახალშეძენილი ოჯახის ტელეფონიდან გამოვუშვი თქვენთან მესიჯი. სიმართლე გითხრათ, მეშინოდა, პასუხი არ დაგებრუნებინათ და ოჯახის წევრებს არ გაეგოთ, რომ ჟურნალისტს საკუთარ ცხოვრებაზე რაღაცები მოგიყევით... საბედნიეროდ, როცა გადმომირეკეთ, მე ავიღე ტელეფონი.

- და ჩემთან ლაპარაკი არ გინდოდა. თავიდან ისიც კი მითხარი, რომ სხვაგან მოვხვდი...

- ჰო, მაგრამ ძალიან ჯიუტი ყოფილხართ, ჩემსავით (იცინის)... ახლა იმედი მომეცა, რომ შესაძლოა, ადრე თუ გვიან, თქვენი ჟურნალის მკითხველების რჩევის წყალობით, ჩემი ცხოვრებაც შეიცვალოს. ადვილი ყოფილა ე.წ. ვირტუალური ურთიერთობა, მაგრამ როცა ადამიანს თვალებში უყურებ და მისთვის რაღაცის მოყოლას აპირებ, ამ დროს გულწრფელი იყო, არც ისე იოლია.

- და მაინც, შენი სიტყვების, თავგადასავლის წაკითხვის შემდეგ რომელიმე ახლობელმა რომ ამოგიცნოს, როგორ ფიქრობ, რა მოხდება?

- არა მგონია, ჩემი ოჯახის წევრებმა თქვენი ჟურნალი წაიკითხონ. მაგრამ თუ სიმართლეს მაინც გაიგებენ, ამაშიც არის რაღაც დადებითი - ამ გზით მაინც მიხვდებიან, წლების განმავლობაში რაც მაწუხებდა... მადლობა თქვენ, რომ ჩემნაირ გზააბნეულებს ეხმარებით. თქვენს მკითხველებს კი მთელი სულითა და გულით ვთხოვ, რაიმე მირჩიონ. მერწმუნეთ, ჩემი ქმარი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მისი მაინც მეშინია. არც ის ვიცი, როგორ უნდა შევიყვარო და არც ის, როგორ მოვიგო უცხო ადამიანების გული, როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები...

- წარმატებებს გისურვებ! იმედია, "გზის" მკითხველები შენს დახმარებას შეძლებენ.

- თითოეულ მათგანს წინასწარ ვუხდი დიდ მადლობას... თქვენთან ლაპარაკის შემდეგ, ასე მგონია, გულიდან მძიმე ლოდი მომეხსნა. "გზავ", დიდი მადლობა.

ლიკა ქაჯაია