ქართველი ბიჭისა და იტალიელი ტოპ-მოდელის "სთორი" - გზაპრესი

ქართველი ბიჭისა და იტალიელი ტოპ-მოდელის "სთორი"

22 წლის სტუდენტი, გიორგი პაპიძე ერთი წლის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ ისეთი მოდელის სოციალური მედიის ასისტენტი იქნებოდა, როგორიც 30 წლის იტალიელი ტოპ-მოდელი ბიანკა ბალტია და მოდის დედაქალაქში - მილანში მიიწვევდნენ სამუშაოდ. გიორგის დამსახურებით, მოდელის "ფეისბუკის" გვერდს 300 ათასზე მეტი მოწონება აქვს, "ინსტაგრამს" - 124 ათასი, "ტვიტერს" - 30 ათასი "ფოლოვერი" ჰყავს. გიორგი თავად გვიამბობს საკუთარი საქმიანობის შესახებ.

- თბილისში ვცხოვრობ. წელს ვამთავრებ იურიდიულ ფაკულტეტს. სამსახური საქართველოში არ მაქვს, მაგრამ მილანში - Brave-ში მიმიღეს. პირველად მარტში ვნახე მოდელი ბიანკა ბალტი და ბრუნო პაულეტა - ჩემი უფროსი. ერთი თვის წინ მილანში ვიყავი, სექტემბერში კი იქ ერთი წლით მივდივარ, სამუშაოდ.

- კონკრეტულად, რა შევა შენს კომპეტენციაში?

- პირველ რიგში, ბიანკას სოციალ-მედიამენეჯერი ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ მის "ტვიტერს", "ინსტაგრამს", "ტამბლერს", "იუტუბი ჩენელს" და "ფეისბუკის" გვერდს ვმართავ. რა თქმა უნდა, მას ყველაფრის პაროლი აქვს და რაც არ მოსწონს, ყველაფერს შლის; რაც შესასწორებელია, იმას ასწორებს. მეორე: "ბრეივის" სააგენტოს აგენტი, წარმომადგენელი ვიქნები, ე.ი. მომიწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოდელების შერჩევა, ე.წ. სკაუტობა.

- ბიანკა ბალტის გარდა, ჯერჯერობით, არც ერთ სხვა მოდელთან არ თანამშრომლობ?

- არა, მხოლოდ ბიანკასთან ვთანამშრომლობ. ყველა ბიჭი ასეა: ზოგს მონიკა ბელუჩი უყვარს, ზოგს - ანჯელინა ჯოლი, მე კი ყოველთვის ბიანკა ბალტით ვიყავი გატაცებული. როცა დავინახე, ვიფიქრე, როგორმე მიმეწვდინა მისთვის ხმა. იყო ერთი შემოთავაზება, რომ მსგავსი პიარი გამეწია სხვა მოდელისთვისაც, მაგრამ უარი ვთქვი.

- მოგვიყევი, როგორ მიაწვდინე ხმა?

GzaPress- მგონი, 2008 წელი იყო. როგორც იცით, ყველა 18-19 წლის გოგოს მოსწონს Fashion TV-ის ყურება. როცა ჩემი დების ოთახთან ჩავიარე, დავინახე, რომ ისინი რაღაც გადაცემას უყურებდნენ. თვალი მოვკარი, თუ როგორ საუბრობდა ბიანკა ჟურნალისტთან. ვიზუალზე მეტად, ის მომეწონა, რომ უბრალო, ალალი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. მისი უშუალობა და თავმდაბლობა საკვირველი აღმოჩნდა ჩემთვის. მერე დავაკვირდი მის არაჩვეულებრივ თვალებს. მახსოვს საკუთარი რეაქცია: ეგრევე ოთახში დავბრუნდი, კომპიუტერში მოვძებნე ბიანკა ბალტი და გავიგე, რომ იგი Dolce&Gabbana-ს სახე იყო (მანამდე მსგავს რაღაცებში ვერ ვერკვეოდი). დავიწყე მისი პოსტერების გადმოწერა კომპიუტერში, ვიდეოების - "ფეისბუკზე" დაშეარება და ა.შ.

მერე გავიგე, რომ წარსულში ჰყავდა მეგობარი ბიჭი. შევეცადე, ბიჭი მომეძებნა და ვივარაუდე, რომ მას სოციალური ქსელი ექნებოდა. ვიცოდი, რომ ბიანკას ან არ ექნებოდა საკუთარი გვერდი, ან ექნებოდა, მაგრამ ვერ მივაგნებდი. მოკლედ, მისი ყოფილი შეყვარებულის "ფეისბუკის" პროფილს მივაგენი. საკუთარი ფოტო მეყენა, რომელშიც მოდელს ვგავდი, ამიტომაც იფიქრა, რომ მისი ან ბიანკას ნაცნობი ვიყავი და ჩემი მეგობრობის თხოვნა მიიღო. თუმცა, როცა დარწმუნდა, რომ არ მიცნობდა, მითხრა, - უნდა წაგშალოო. მაშინ შევპირდი, მხოლოდ ერთ რაღაცას გკითხავ და დაგემშვიდობები-მეთქი. ბიანკას შესახებ ვკითხე: მისი "ტვიტერის" პროფილი ნამდვილია თუ არა-მეთქი? თურმე, ვიღაცებს თავიანთი ინიციატივით ჰქონდათ გვერდი შექმნილი. მათი პირველი თხოვნა იყო (აღმოჩნდა, რომ ის ბიჭი და ბიანკა ერთად მწერდნენ "ფეისბუკზე"), რომ მემუშავა ბიანკას ყალბი "ტვიტერის" დაბლოკვაზე, რადგან მისი არსებობა დიდ პრობლემებს უქმნიდათ. ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ საბოლოოდ, გამომივიდა. 20 000-იდან 3 000-მდე "ფოლოვერს" "დავუტვიტე", ბიანკა ბალტის ყალბი გვერდი დაერეპორტებინათ. შესაბამისად, ეს გვერდი ქსელიდან გაქრა. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. შემდეგ მთხოვეს "ტვიტერის" ნამდვილი გვერდის შექმნა და ასე მოხდა სხვა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებითაც.

- თქვენი შეხვედრის შესახებ რას მეტყვი?

- პირველად ბაქოში, 12 მარტს შევხვდი. ბიანკამ ერთხელ დამირეკა და მკითხა, პასპორტი მქონდა თუ არა? ვერც ვიფიქრებდი, ჩემი წაყვანა და ნახვა თუ უნდოდა. მითხრა, რომ ბაქოში ჩადიოდა გადაღებაზე და ჩემი გაცნობა უნდოდა. მკითხა, შემეძლო თუ არა ერთ დღეში პასპორტის გაკეთება და მომზადება? იმ დღესვე გავვარდი და აბსოლუტურად ყველა საბუთი შევაგროვე. როცა ჩავედი, აეროპორტში მისი მძღოლი დამხვდა, სასტუმროში მიმიყვანა. ბიანკას ნახვა მაშინვე ვერ მოვახერხე, რადგან შეხვედრები ჰქონდა. შემდეგ მობილურზე მომწერა: რატომ არ ჩქარობ და რატომ არ მოდიხარ ამა და ამ სართულზე, ამა და ამ ნომერშიო? რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი, უცნაური შეგრძნება მქონდა. ლიფტში ყოველთვის მომსახურე პერსონალი დგას, რომელმაც არავის უნდა მისცეს VI სართულზე შესვლის ნება, მაგრამ ბიანკას მესიჯი რომ ვაჩვენე, გზა მაშინვე გაიხსნა. პირველად მის ოთახში ვნახე. ისე მიმიღო, თითქოს მისიანი ვიყავი. არ მქონია შეგრძნება, რომ ის იტალიელი ტოპ-მოდელი, მე კი ქართველი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი. საჩუქრები მომართვა, მეც რაღაცები მივუტანე: ქართული ღვინო, ტკბილეული და ა.შ. მერე D&G-ს მაღაზიიდან წამოვიღეთ კაბები, წავედით გადაღებაზე. ქართველმა მოდელებმა და დიზაინერებმაც გვნახეს ერთად და გაკვირვებულები გვიყურებდნენ, ათასი კითხვა გაუჩნდათ.

- შეიძლება ითქვას, რომ შენი ცხოვრება მოკლე ხანში ძირფესვიანად შეიცვალა...

- მილანში რომ ვიყავი პირველად, საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა, ვიფიქრებდი თუ არა 1 წლის წინ, რომ იქ მოვხვდებოდი? დავრწმუნდი, რომ თუ ადამიანი რაიმეს გულით მოინდომებს და თან, ღმერთსაც სთხოვს, მიუღწეველი არაფერია.

- მილანში სამუშაოდ როგორ მოხვდი?

- ბიანკამ იცოდა, რომ ეს ქალაქი ძალიან მაინტერესებდა. ის უკვე აღარ ცხოვრობს მილანში. როცა იქ ჩაფრინდა, მკითხა, მინდოდა თუ არა მილანში მუშაობა და მეცალა თუ არა ამისთვის? იმათ რა იციან საქართველოში არსებული სიტუაცია?!. მოკლედ, ბიანკამ წამიყვანა, მაგრამ თვითონ ბრუნომაც (ბრუნო პაულეტა ბიანკას აგენტია და საერთოდ, მოდელი მან აღმოაჩინა. მისი აღმოჩენილი არიან აგრეთვე: კარლა ბრუნი, ქეით კინგი და ა.შ.) ეს კარგად გამოიყენა. ის ახლა უშუალოდ ჩემი უფროსია. იქ 3 კვირა დავყავი და სააგენტოში დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე ვიყავი. ბრუნო არ მიშვებდა, დიდი დატვირთვით ვმუშაობდით, ყველაფერი მასწავლეს. ჩვენში, ხომ იცი, ყველა, ვინც გამხდარი და მაღალია, მოდელობას იბრალებს, იქ კი მოდელს სხვა რაღაცებიც მოეთხოვება... მოკლედ, 7 საათის შემდეგ თავისუფალი დრო მქონდა მილანში, ბიანკაც თავისუფალი იყო და ხან სად მივდიოდით, ხან - სად. ჩემი უფროსი დაც კი გაიცნო.

- გიორგი, მარტო საქმიანობასა და კარიერაზე ხარ ორიენტირებული თუ შეგიძლია, პირად ცხოვრებაზეც გვითხრა რამე?

GzaPress- გაინტერესებს, ბიანკა მიყვარს თუ არა? ჩემს თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ სიტყვაზე, ბიანკა ბალტისთან დაკავშირებით რამეზე ვიფიქრო. ის იმდენად აღმატებულია ჩემთვის, რომ ამას ვერც კი დავუშვებ საკუთარ წარმოდგენაში. ის მიყვარს, როგორც ადამიანი; ჩემი იდეალია, როგორც ქალი, მაგრამ სიყვარულით არც ის და არც ვინმე სხვა არ მიყვარს, სრულიად თავისუფალი ვარ.

- ანუ შეიძლება, ამას დავარქვათ სიტყვა "მუზა"?

- კი, აბსოლუტურად.

- როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- საქართველოში ახლა ფილიალს ვხსნით. აქ აქტიურად ვიმუშავებთ. მომიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მოდელებზე დაკვირვება და მათი აღმოჩენა. ბიანკას აგენტმა, როცა გაიგო, რომ ქართველი ბიჭი ასე იყო შეყვარებული ბიანკაზე, ჩათვალა - რადგან ეს მოდელი ჩემთვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალია, ჩემი გემოვნებისთვის ნდობის გამოცხადება შეიძლება. მისი აზრით, ბიანკას აქვს ისეთი სახის ნაკვთები, რაც მოდელისთვის უპირატესია: ჩავარდნილი ლოყები, ტუჩები, თვალის ჭრილი... მოკლედ, ეს კაცი მენდობა და ამბობს, რომ სადაც უნდა გამიშვას, კარგ მოდელებს აღმოვაჩენ და არა ისეთებს, როგორებსაც სხვა მიაქცევდა ყურადღებას. ბრუნო ჩემში საკუთარ ახალგაზრდობას ხედავს და ჰგონია, რომ მისი მიღწევების გამეორება შემიძლია. ამიტომ მაძლევს შანსს და მეც ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო. ამაზე მეტყველებს უკვე აღმოჩენილი ანა ახვლედიანი, რომელიც უკვე მუშაობს D&G-სთან; მეორე გოგონა - ანა-მარია ფოჩხუა ერთ-ერთი იტალიური ბრენდის სახე გახდა. ამავდროულად, ბიანკამაც დაიწყო იმავე ბრენდთან თანამშრომლობა. ეს ბრენდი საქართველოშიც არის შემოსული და აქ ბევრი ფილიალი აქვს. საერთოდ, საინტერესოა, რატომ ამირჩია ბიანკამ მე და - არა ვინმე სხვა. ორივენი თევზები ვართ (მას ჰოროსკოპის სჯერა, მე კი - დიდად არა). ამბობს, რომ ბევრი საერთო გვაქვს და ბევრ რაღაცაში ვგავართ ერთმანეთს, სულ კარგ ხასიათზე ვართ. მილანში რომ ვიყავით, სულ ვიცინოდით. ის ამბობს, რომ თავისნაირს იშვიათად ხვდება. ხშირად, როცა კასთინგზე მისულა, იმის გამო დაუწუნიათ, რომ ზედმეტად მხიარული და მოღიმარი იყო.

ეკა აბაშიძე, ჟურნალი "გზა"