ქართველი ქველმოქმედი, რომელიც აფრიკელ ბავშვებს ეხმარება - გზაპრესი

ქართველი ქველმოქმედი, რომელიც აფრიკელ ბავშვებს ეხმარება

როგორც თავად ამბობს, შვილებთან განშორება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ჰქონდა მიზანი, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მიეღწია... ჩვენი ყურადღება დარინა ჩაჩანიძემ უმთავრესად, ქველმოქმედებით მიიპყრო: ის ქართველ და აფრიკელ ბავშვებს ყოველთვიურად, გარკვეულ თანხას ურიცხავს.

GzaPress- ჩემი ხელფასი საშუალოდ, ათას ევროს შეადგენს. ბავშვებისთვის გადარიცხულ თანხაზე ლაპარაკი კი ძალიან მეუხერხულება, ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს. სიკეთეს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ვინმეს თავი მოვაწონო. უბრალოდ, არ შემიძლია, მშვიდად ვიყო, როდესაც სადღაც მშიერი პატარები მეგულება. ის იტალიელები, რომლებთანაც ვმუშაობ, ხშირად მეპატიჟებიან სადღესასწაულო სუფრაზე, მე კი მათ ვეუბნები: მაშინ, როცა ძალიან ბევრი ბავშვი შიმშილობს, მე ასეთ სუფრაზე ვერ მოვილხენ-მეთქი.

- ასეთ პასუხზე როგორი რეაქცია აქვთ?

- ჩემი პასუხის შემდეგ ჩაფიქრდებიან ხოლმე... 2015 წლის შემობრძანება რომ უნდა გვეზეიმა, ქაღალდზე უზარმაზარი ნაძვის ხე დავხატე და ქალბატონს, რომელთანაც ვმუშაობ, ვუთხარი: მაშინ, როდესაც მსოფლიოში ბევრი მშიერი ბავშვია, მდიდრული ნაძვის ხის შესაძენად ფულის ხარჯვა უსამართლობა იქნება-მეთქი. მას ჩემი აზრი ძალიან მოეწონა და ნაძვის ხე თავადაც დახატა, თანაც - ამ საქმეში შვილებიც ჩააბა, ნაძვის ხისა და ფერად-ფერადი, მდიდრული სათამაშოების შესაძენად განკუთვნილი ფული კი ბავშვების დასახმარებლად, ფონდში გადარიცხა. მისმა საქციელმა ძალზე გამახარა.

- დასახმარებლად ქართველ და აფრიკელ ბავშვებს რა პრინციპით არჩევთ?

- ქართველებს იმიტომ ვეხმარები, რომ ჩემი მიწა-წყლის შვილები არიან, აფრიკელებს კი იმიტომ, რომ ყველაზე მეტად უჭირთ.

- იტალიაში რა მიზნით წახვედით?

GzaPress- როდესაც ორ პატარა შვილთან ერთად მარტო დავრჩი, მშობლები და ძმა მხარში ამომიდგნენ. ცდილობდნენ, ჩემს მცირეწლოვან შვილებს უმამობა არ ეგრძნოთ. თუმცა, თავად არ მინდოდა, სხვისი ხელის შემყურე ვყოფილიყავი. ხომ იცით, ბავშვებს რამდენი რამ სჭირდებათ და ყველაფერს ძმასა და დედ-მამას ვერ ვთხოვდი. თანაც, ჩემს ქალიშვილს ასთმა დაემართა და თვეში 300 ლარი მხოლოდ მისთვის საჭირო წამლებში მეხარჯებოდა. ვცდილობდი, საქართველოში მეშოვა ისეთი სამსახური, რომ შვილების მოვლა-პატრონობაც შემძლებოდა და მშობლების ამაგიც დამეფასებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. რამდენიმე ოფისში კი დამხვდნენ თბილად, მაგრამ როგორც შევატყვე, ოფისის ხელმძღვანელები თანამშრომლებად ისეთ გოგონებს ეძებდნენ, საყვარლებადაც რომ გამოადგებოდათ, ეს კი საჩემო საქმე არ იყო... პროფესიით მეან-გინეკოლოგი ვარ. ერთხანს პოლიკლინიკაში ვმუშაობდი, მაგრამ მიზერული ხელფასი მქონდა. ჰოდა, როცა შანსი გამიჩნდა, იტალიაში წამოვედი. ამ ნაბიჯის გადადგმა იმიტომ გავრისკე, რომ აქ ჩემი ძმა ცხოვრობდა... ზურიკოს ძალიან გაუხარდა ჩემი ჩამოსვლა. მითხრა, უშენოდ აქ ფრთამოტეხილივით ვიყავიო. საქართველოსგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში შრომასა და პატიოსნებას ფასი აქვს. სახლი, საიდანაც ახლა გელაპარაკებით, მილიონერებს ეკუთვნით. ეს ადამიანები იმდენად მენდობიან, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია მოვიდე, დავიძინო, საჭმელი მივირთვა, თავი მოვიწესრიგო, დავისვენო...

- იმ სახლზე ლაპარაკობთ, სადაც მუშაობთ?

- არა, ეს სხვა სახლია. ადრე ამ ოჯახის ერთ-ერთ წევრს გადასხმებს ვუკეთებდი. სისტემას რომ დავაყენებდი, მერე გარკვეული პერიოდი თავისუფალი ვიყავი. ვინაიდან ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს ჯდომა არ შემიძლია, სახლში თუ რამე საქმე იყო (დასაუთოებელი, დასარეცხი თუ გასაწმენდი), ყველაფერს ვაკეთებდი, თანაც - ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე. ჩემი ძმა მეუბნებოდა, - გიჟი ხომ არ ხარ, ამდენ საქმეს ტყუილად რატომ აკეთებო? საბოლოოდ, ეს ჩემი "სიგიჟე" დამიფასდა: ამ სახლის მეპატრონეების სახით ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე.

- ძირითადად, რა ტიპის სამუშაოს შესრულება გიწევთ?

- ძირითადად, ავადმყოფებს ვუვლი, წამლებს ვასმევ, ნემსს ვუკეთებ, სისტემას ვუყენებ, თუმცა, დროდადრო სახლის დალაგებაც მიწევს.

- როგორც ვიცი, მუშაობასთან ერთად სწავლობთ კიდეც.

- კი, კულინარიის შესწავლა დავიწყე. ვფიქრობ, მომავალში ეს საქმე გამომადგება. იტალიურ სამზარეულოზე მთელ მსოფლიოშია მოთხოვნა და თან, ეს სფერო ძალიან მაინტერესებს.

- იტალიაში დარჩენას როდემდე აპირებთ?

- ხუთი წელია, აქ ვარ და იტალია ძალიან შემიყვარდა. მინდა, 45 წლამდე დავრჩე, მაგრამ არ ვიცი, შესაძლოა, გეგმა შევცვალო და საქმროსთან ერთად ავსტრიაში რესტორანი გავხსნა...

- საქმრო უცხოელია?

- არა, რას ამბობ, უცხოელის ცოლობაზე როგორ ვიფიქრებ?! ჩემი შეყვარებული ქართველია, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი რაჭველი.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

GzaPress- ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრებისას ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ - შორიდან. იტალიაში გავიგე, რომ ვუყვარდი. იაკობი ჯერ ჩემს ძმას დაუკავშირდა იტალიაში და მხოლოდ ამის მერე მოვიდა ჩემთან. ჩემი ძმა გაგებით მოეკიდა ჩვენს ამბავს; უფრო მეტიც, თავდაპირველად იაკობს თავს ვარიდებდი, ზურა კი მეჩხუბებოდა: ცხოვრება უნდა გააგრძელო, მარტო არ უნდა დარჩეო...

- ალბათ, დაქორწინებასაც აპირებთ, არა?

- კი, იტალიაში ქართველი მღვდელი გვყავს, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენთვის სანთლები უკვე მოამზადა (იცინის). სხვათა შორის, იაკობისთვის პირველი სიყვარული ვარ: ადრე არც შეყვარებული ჰყოლია და არც - ცოლი.

- თქვენს შვილებზე რას იტყვით?

- ისინი ჩემი ცხოვრების ყვავილები არიან. შვილები - მარიამი და ნიკოლოზი მილამაზებენ სამყაროს და ძალიან დიდ სტიმულს, ძალას მაძლევენ საიმისოდ, რომ ნებისმიერ დასახულ მიზანს მივაღწიო.

- ბავშვებს იტალიაში წაიყვანთ?

- ვიდრე სრულწლოვანები არ გახდებიან, მათი საქართველოდან წაყვანა მართებულად არ მიმაჩნია. ჯერ ერთი, აქაურობა ქართველი ბავშვისთვის შოკის მომგვრელი იქნება: ფლორენციაში პატარების ეზოში გაშვება არ შეიძლება. მათთვის სპეციალური სათამაშო ადგილებია გამოყოფილი. მარტო სკოლაშიც კი არ დადიან... მირჩევნია, მარიამი და ნიკოლოზი სამშობლოში, ჩემი მშობლების გვერდით გაიზარდონ. დარწმუნებული ვარ, არაფერი მოაკლდებათ, მე კი მათ ტელეფონით ან ინტერნეტით ყოველდღე ვუკავშირდები. აი, როცა გაიზრდებიან, მათ აუცილებლად ჩამოვიყვან იტალიაში თუნდაც განათლების მისაღებად, მერე კი ერთად დავბრუნდებით საქართველოში.

- როგორ წარმოგიდგენიათ წლების შემდეგ საქართველოში ცხოვრება?

GzaPress- თბილისში კერძო სახლი მაქვს, მაგრამ მუდმივად იქ ცხოვრებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, შვილებთან ერთად, იქ იშვიათად ჩავალ. ჩვენი ძირითადი საცხოვრებელი სოფელი იქნება. კავკასიონის ძირში, ულამაზეს პატარა სოფელში სახლი უკვე ავაშენე. მინდა, იქაურობა წალკოტად ვაქციო. ჩემი სახლისა და ეზოს გვერდით მიწის ნაკვეთიც ვიყიდე და თუ ღვთის ნებაც იქნება, მინდა, ამ ადგილას პატარა ეკლესია ავაშენო. ამით მინდა, მადლიერება გამოვხატო უფლის მიმართ. მე ხომ სწორედ უფალმა მაჩუქა უსაყვარლესი შვილები, მშობლები, იაკობი... უფალმა მომცა ძალა, რომ ვიშრომო და მომცა უნარი, მიყვარდეს.

ხათუნა ბახტურიძე