უნიკალური შენობის ბინადრები - გზაპრესი

უნიკალური შენობის ბინადრები

იგი ერთ დროს გილდიის პირველი ვაჭრის, ერასტი ჭავჭანიძის საკუთრება ყოფილა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ისიც "განაკულაკეს" და სახლი ჩამოართვეს... თავის დროზე, ამ სახლის ასაშენებლად ერასტი ჭავჭანიძეს ინჟინრები იტალიიდან და გერმანიიდან ჩამოუყვანია, ფლორენციელებს კი სახლის კედლები და მთელი სადარბაზო მოუხატავთ. კიბის ქვედა ნაწილები მოჩუქურთმებულია; კედლებზე გამოსახულია "ვეფხისტაოსნის" პერსონაჟებიც, რომელიც საუკუნის წინ მხატვარ მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მიხედვით შექმნილა. სამწუხაროდ, კედლები წვიმისგან დაზიანებულია, ჭერიდან წყალი ჩამოდის. ეს სახლი ევროპული მოდერნის ქართულ კატალოგშია შესული. წლებია, პაპის აშენებული სახლის რესტავრაციას, მისი შვილიშვილი, პროფესიით ექიმი თამარ ჭავჭანიძე ითხოვს. ის ცნობილი პედიატრის, მიხეილ ჭავჭანიძის ქალიშვილი გახლავთ. ამ სახლში მათ მხოლოდ ერთი ოთახი დაუტოვეს და ამ ოთახში ბევრი ცნობილი ადამიანი გაიზარდა. ქალბატონი თამარი სახელოვან წინაპრებზე გვიამბობს.

GzaPress- ჩემი პაპა - ერასტი ჭავჭანიძე 9 წლის ყოფილა, როცა ხონის ერთ-ერთი სოფლიდან თბილისში ჩამოუყვანიათ. 8 დედმამიშვილი ყოფილან. მამამისს თურმე, ივანე მემარილეს ეძახდნენ. ალბათ, სარჩოს მარილის გაყიდვით შოულობდა და ამიტომ. პაპაჩემი თონეში პურის მცხობელისთვის მიუბარებიათ, ეს ხელობა რომ ესწავლა და ღამესაც იქ ათევდა. ზამთარი ყოფილა. თურმე, ერასტის შესცივნია და თონეში ჩასძინებია. მეორე დილით, როცა მეპურეს ცეცხლი დაუნთია, პატარა ბიჭი კვამლს გამოუღვიძებია, შეშინებია და იქიდან გაქცეულა. ამის შემდეგ ის ერთმა გერმანელმა გალანტერმა შეიფარა. როგორც ჩანს, მიხვდა, ნიჭიერი ბიჭი რომ იყო და საგალანტერიოს მფლობელთან მოჯამაგირედ მუშაობდა. მას თავიდან საყიდლებზე გზავნიდნენ, შემდეგ უმცროს გამყიდველად დანიშნეს. ერასტიმ თურმე, რამდენიმე თვეში გერმანულად დაიწყო ლაპარაკი. ჰოდა, იმ გერმანელმა კაცმა სასწავლებლად გერმანიაში გაუშვა, უმაღლესი განათლებაც იქ მიაღებინა...

- მოგვიანებით, ერასტი ჭავჭანიძე ცნობილი ვაჭარი გახდა, არა?

- როგორც ჩანს, პაპაჩემს კარგი ინტუიცია ჰქონდა, ნიჭიერიც იყო. სოფლიდან ჩამოსულმა პატარა, უპატრონო ბიჭმა ცხოვრების გზა გაიკვალა. შეიამხანაგა ერთი ადამიანი, გვარად გველესიანი და სიონის ეკლესიასთან სავაჭრო სახლი გახსნეს. "მანთაშევის ქარვასლა" - ასეთი წარწერა ჰქონდა ქართულ და რუსულ ენებზე ამ სახლს. სხვათა შორის, პაპა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრიც გახლდათ. პირველი გილდიის ვაჭარი იყო. ფაქტობრივად, გერმანიასა და საქართველოს შორის ვაჭრობდა. სამწუხაროდ, ჩვენ იმ გერმანელი მამაკაცის სახელიც კი არ ვიცით, ვინც პაპას ასე უპატრონა. მაშინ ყველაფერი უნდა დაგემალა, ხმამაღლა არაფრის თქმა არ შეიძლებოდა. 40 წელს იყო მიღწეული, როცა ერასტიმ 18 წლის ულამაზესი ნინო მაისურაძე-კოპაძე შეირთო ცოლად. მან 6 შვილი გაუჩინა ქმარს. სამწუხაროდ, 4 მცირეწლოვანი ბავშვი ხელიდან გამოეცალათ. წყვილი თურმე, ძალიან ნატრობდა ქალიშვილის ყოლას. ეს იმდენად უნდოდათ, რომ თურმე, ბიჭს აცმევდნენ კაბებს. დღემდე მაქვს შემორჩენილი მამას პატარაობის არაერთი ფოტო, სადაც გოგოს ტანსაცმელშია გამოწყობილი... მეექვსე შვილზე იყო ფეხმძიმედ ნინო, როცა 27 წლისა მშობიარობას გადაჰყვა. მაშინ გოგონა დაიბადა, რომელსაც თამარი დაარქვეს, მაგრამ შემდეგ ის პატარაც გარდაიცვალა...

GzaPressერასტიმ ცოლი აღარ შეირთო. ბიჭები სიდედრმა, ელისაბედ მაისურაძემ გაუზარდა. მამას და ბიძაჩემს - კოტე ჭავჭანიძეს ძალიან უყვარდათ გამზრდელი ლიზა ბებო. მამაჩემს სტუდენტურ წიგნაკში ჰქონდა ჩაკრული საყვარელი ბებიის სურათი. სამწუხაროდ, არ ვიცი, სად არის ლიზა ბებოს საფლავი და ამას განვიცდი. დანარჩენები ერთად, კუკიის სასაფლაოზე არიან დაკრძალული. მამა და ბიძა ძალიან ხანდაზმულები გარდაიცვალნენ.

- ეს სახლი როდის აშენდა?

- 1903 წელს დაამთავრდა ამ სახლის მშენებლობა. უზარმაზარი, სამსართულიანი სახლი ერასტიმ თავისი 20-წლიანი დანაზოგით ააშენა. ჰქონდა დიდი მისაღები ოთახი, კაბინეტი, ბავშვების საძინებელი ოთახი, სადაც კედლებზე მამას და ბიძაჩემისსახიანი ანგელოზები იყო გამოსახული. მამა იხსენებდა, - ერასტი ძალიან მკაცრი კაცი იყოო. სასადილოში 12 სკამი იდგა. ერთი სკამი, რომელიც პაპას ეკუთვნოდა, გამორჩეული ყოფილა და სუფრის თავში მდგარა, მასზე დაჯდომის უფლება სხვას არ ჰქონია.

სახლის კედლები მოხატული იყო სხვადასხვა პეიზაჟით. სადარბაზოს შესასვლელში ეკიდა შვეიცარიული დიდი სპილენძის საათი და იქვე იყო შვეიცარის ოთახიც. სახლი რომ წაართვეს, თურმე, პაპა დიდხანს ითხოვდა, შვეიცარის ოთახი მაინც დაებრუნებინათ მისთვის... სულ სტუმრიანობა ჰქონიათ. სახლის პირველ სართულზე მაღაზიები ყოფილა განლაგებული და ყიდდნენ ხის კასრებს, სხვადასხვა პროდუქტს. სარდაფში გახლდათ ჭა, საიდანაც ცივი წყალი მოჰქონდათ. ჩემს ბავშვობაშიც იყო ეზოში შემორჩენილი დიდი აუზი, შადრევანიც. აუზში ოქროს თევზები დაცურავდნენ. სახლის უკანა ხედი მტკვარს გადაჰყურებდა. უკანა მხარე ტიპური თბილისური სახლის ანალოგია, ხის ულამაზესი მოაჯირები აქვს, ლამაზი აივნები... ახლა ეს ყველაფერი სხვების საკუთრებაა. სადარბაზოს რომ ვალაგებ და მუხისგან დამზადებულ კიბის მოაჯირს ტილოს გადავუსვამ, ასე მგონია, ზეციდან მადლიერებით სავსე თვალებით დამყურებს ჩემი დიდი წინაპარი.

მტკვრის ულამაზესი ხედი ჩვენი სახლიდან აღარ ჩანს, ყველაფერი სხვა სახლებით დაიფარა. ამ სახლის წართმევის შემდეგ, ყველა ოთახი მთლიანად გადაიღება და არსად აღარ არის შემორჩენილი ძველი ნამუშევრები. არაჩვეულებრივი ანგელოზები, რომელიც საძინებელში იყო, ოთახის ახალმა მფლობელმა ჩამოამტვრია. არადა, თავის დროზე, სპეციალურად ამ ყველაფრის გასაკეთებლად გერმანელი და იტალიელი ხელოსნები ჩამოუყვანია ერასტის. უნიკალური ღუმელი, რომელიც კედელში იყო ჩამონტაჟებული, პოლონელებს გაუკეთებიათ. ის ხალხი, ვინც ჩვენს საკუთრებაში შეასახლეს, ამ ყველაფერს ანადგურებდა. მხოლოდ სადარბაზოს კედლებზეა შემონახული უნიკალური ნახატები, რომელსაც ახლა წვიმა აზიანებს... გული ძალიან მტკივა, ამ უნიკალური ნამუშევრების განადგურებას რომ ვუყურებ.

GzaPressსადარბაზოს მსგავსად, ოთახის კედლებიც სხვადასხვა ორნამენტით გახლდათ მოხატული, იმის მიხედვით, თუ რისთვის იყო განკუთვნილი. ამ სადარბაზოს ჰქონდა ულამაზესი კარი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოხსნეს. მაშინ უთქვამთ, რესტავრაციას გავუკეთებთო, მაგრამ კარი დაიკარგა. 1927 წელს, როცა ბაბუა "განაკულაკეს" და ეს სახლი ჩამოართვეს. თურმე, უთქვამთ, - იმიტომ გართმევთ, რომ სახლის სახურავი გადაღებილი არ გაქვსო. ახლა ამ სახლის სახურავზე ბუჩქებია ამოსული, რადგან მას მერე არავის არასდროს გადაუღებავს. სარდაფი წყლით არის სავსე, ბარელიეფი ცვივა, მხატვრობაც თანდათან იცრიცება. ბევრი ბრძოლა დამჭირდა იმისთვის, რომ სახლის ფასადი არ გადაეღებათ. არადა, ეს სახლი ევროპული მოდერნის ქართულ კატალოგშია შესული... პაპა მეცენატი იყო: მხოლოდ 6 ოთახს იყენებდა, დანარჩენ ოთახებში სტუდენტებს უსასყიდლოდ აცხოვრებდა. სტიპენდიებიც დაუნიშნა თურმე მაშინ იმ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდიოდნენ. სულ ახსოვდა, რა გზა ჰქონდა გამოვლილი და როგორ დაეხმარნენ გზის გაკვალვაში.

- მაშინ ალბათ, ე.წ. "კომუნალკა" გახდა თქვენი პაპის სახლი, არა?

- დიახ, მხოლოდ ერთი ოთახი დაუტოვეს. კომუნალურ ბინად აქციეს ამხელა სახლი, ოთახ-ოთახ გაანაწილეს და შეასახლეს ხალხი. პაპასთვის უთქვამთ: იყო შენი, გახდა ჩვენიო. იმ ერთ ოთახსაც ართმევდნენ თურმე და ძლივს შეინარჩუნა. ქონების ჩამორთმევის შემდეგ სულ მაგიდასთან მდგარა და პასიანს შლიდა. ძალიან განიცდიდა თავს გადახდენილ ამბავს, ვერ გადაიტანა ყველაფრის დაკარგვა და მას მერე დიდხანს არც უცოცხლია - 60 წლისა გარდაიცვალა... მანამდე, მამა, როგორც "კულაკის" შვილი და მენშევიკი, გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. პაპას თავისი წონა ოქროს მიტანა მოუხდა, რომ მამა არ დაეხვრიტათ. ის 20 დღე ყოფილა სიკვდილმისჯილთა საკანში. როცა ციხიდან გამოვიდა, ნერვიული "წიკები" ჰქონდა და ცხოვრების ბოლომდე დარჩა ეს უცნაური მოძრაობები. მამას წარსულზე ლაპარაკი არ უყვარდა.

- მამათქვენი ცნობილი ექიმი იყო...

- დიახ, ასეა. მამა რომანტიკული პიროვნება გახლდათ. მისთვის ქონება არაფერს წარმოადგენდა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, განათლება გერმანიაში მიიღო, მაგრამ ხარისხი ვერ დაიცვა. უთხრეს, - თუ ხარისხს დაიცავ, პრობლემები შეგექმნებაო და დაწერილი ნაშრომი გამოუქვეყნებელი დარჩა. როდესაც "სამედიცინო" დაამთავრა და განაწილების დრო დადგა, თურმე, გერმანიაში წასვლა შესთავაზეს, მაგრამ არჩევანი ხულოზე გააკეთა და ცხენზე ამხედრებული დადიოდა პაციენტებთან.

მატერიალურად ძალიან გვიჭირდა. ის ხალხი, ვინც ჩვენს სახლში ცხოვრობდა, საშინელი ტიპები იყვნენ. წარმოიდგინეთ, თბილისში, ერთოთახიან ბინაში ერთ კაცს ღორებიც კი ჰყავდა და საპირფარეშოში ჰქონდა ცხოველების საჭმელი შენახული; ჰოდა, ისე გვიჭირდა, რომ მე და ჩემი და იქ შევიპარებოდით ხოლმე და ღორის საჭმელს ვწუწნიდით. ჩვენს ოთახში უზარმაზარი პალმა იდგა. დედა ვერცხლის ქაღალდში გახვეულ "პრიანიკებს" ჩამოჰკიდებდა ამ პალმაზე და ამას რომ ჩამოვხსნიდით, უბედნიერესები ვიყავით.

მამამ, ბაბუას მსგავსად, რამდენიმე ენა იცოდა: რუსული, ფრანგული, გერმანული. ერთ მეზობელს რუსულში ამეცადინებდა. მახსოვს, მათი ბინიდან იყო ჩვენს ოთახში შემოსასვლელი. სამსახურიდან მამა გვიან ღამით ბრუნდებოდა, მაგრამ ის მეზობელი სადარბაზოდან შემოსვლის საშუალებას არ აძლევდა: შენ გამო, ჩვენ გვეღვიძებაო და ერთხელაც, კარი გადაუკეტა. მახსოვს, დედა ეხვეწებოდა: გაუღეთ კარიო, მაგრამ არ უღებდნენ, "მათხოვრებს" გვეძახდნენ...

GzaPressდედაც ექიმი მყავდა. ელენე ჩლაიძე რაჭველი ქალი იყო. "სამედიცინოს" დამთავრების შემდეგ ქობულეთში მუშაობდა და იქ სამჯერ დაემართა მალარია. ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ორივე საკმაოდ ხანდაზმული გარდაიცვალა. დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა. წიგნების უმეტესობა ომის დროს გაყიდეს. ულამაზესი დიდი ხალიჩაც გვქონდა, რომელსაც დედა ჭრიდა და ნაწილ-ნაწილ ყიდდა. კიდევ, ოქროს ჯაჭვს მტკაველს მოზომავდა, გადაჭრიდა და მიჰქონდა - ეს ყველაფერი მალე ამოიწურა და მერე ძალიან გაგვიჭირდა თავის გატანა... მამა უკვე ცნობილი პედიატრი იყო, როცა კალოშებით დადიოდა ათარბეგოვზე, საავადმყოფოში. ის კალოშიც დიდი ჰქონდა და მახსოვს, სხვადასხვა ფერის ზონრით იკრავდა. დედა სულ ეუბნებოდა, - ერთი ფერის ზონარი მაინც გაიკეთეო. 50 წელიწადი მთავარი ექიმი იყო, ქირურგად მუშაობდა. კონსერვატორიაც ჰქონდა დამთავრებული. კარგი სმენის პატრონი გახლდათ და ბრწყინვალედ უკრავდა პიანინოზე, ეკლესიაშიც გალობდა. გაჭირვების წლებში მამა ოჯახს მუსიკის წყალობით ინახავდა. კიდევ, სპორტული საზოგადოება "შევარდენის" გიმნასტიც გახლდათ. ჩვენს სახლში სწავლა-განათლება იყო პრიორიტეტი... მახსოვს, მამა პიანინოზე უკრავდა, როცა ოთახში წვიმა ჩამოვიდა. დედამ უთხრა, - ხომ ხედავ, როგორ გვაწვიმსო! მან კი ქოლგა გაშალა და დაკვრა განაგრძო. არაამქვეყნიური იყო.

- დღესაც ეს ერთი ოთახი გაქვთ, არა?

- წლების შემდეგ ჩემმა შვილმა შეისყიდა რამდენიმე ოთახი, მაგრამ ამ სახლში ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი ცხოვრობს. ზოგმა მიაშენ-მოაშენა აქაურობა და უკანა ფასადი მთლიანად შეცვლილია. ამ ყველაფრის გამო გული მწყდება, მაგრამ რას ვიზამ. პროფესიით მეც ექიმი ვარ. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემი ოცნებაა, ეს სახლი აღდგეს ისეთივე სახით, როგორიც საუკუნის წინ იყო. იმედია, სურვილის ახდენაში ხელისუფლება დამეხმარება.

თეა ხურცილავა