ჩვენი თანამემამულე მსოფლიო მოქალაქის პასპორტს მიიღებს - გზაპრესი

ჩვენი თანამემამულე მსოფლიო მოქალაქის პასპორტს მიიღებს

მას 9 მაისს მსოფლიო მოქალაქის პასპორტს გადასცემენ, რითაც ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზოდ შესვლის საშუალება ექნება...

როგორც ამბობს, ავლაბარში, სამების ეკლესიასთან დაიბადა, ცოტა ხნის წინ 29 წლის გახდა, მაგრამ მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული. განათლებით იურისტია და კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციის განხრით, ტექნიკურ უნივერსიტეტშიც სწავლობდა. ბუნება ბავშვობიდან უყვარდა და მოგზაურობაც პირველად საქართველოში დაიწყო. ამბობს, თუ მოგზაურობის სურვილი გაქვს, ამისთვის მაინცდამაინც ფინანსები არ არის საჭირო. როცა ამის მოთხოვნილება აქვს, თბილისის ზღვას ფეხით წრეს ურტყამს. უცხო ქვეყნების მონახულება კი 9 წლის წინ გადაწყვიტა. პირველად 37 ქვეყანას გაეცნო და ისე მოიარა, რომ უბრალოდ, ოცნებები აეხდინა. მერე ამ ყველაფრისგან დადებითი ემოცია რომ მიიღო, ნელ-ნელა მიხვდა, რომ ეს მისი საქმე იყო.

- 9 წლის წინ, საიდან დაიწყეთ?

GzaPress- აზიით, - ჩინეთი, მალაიზია, ტაივანი, ფილიპინები და ა.შ. ჩემთვის დღემდე ყველაზე საინტერესოდ ეგ მხარე რჩება. მოულოდნელად შეგიძლია, იქაურ მეგაპოლისებში განსხვავება ნახო მაგალითად, სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის.

- ფეხით დადიოდით?

- ქვეყნიდან ქვეყანაში თვითმფრინავით გადავაადგილდებოდი. იმ 37 ქვეყნის მონახულების შემდეგ, სამოგზაუროდ კიდევ რომ წავედი, მას მერე დავარქვი ჩემს თავს მოგზაური და 83 ქვეყანამდე ავედი. ისე უცნაური კია, პირველი 37 ქვეყანა ისე შემოვიარე, ფოტოც არ გადამიღია. ვამბობდი, - რად მინდა, როცა ამის სურვილი მექნება, კიდევ წავალ-მეთქი, მაგრამ ვეღარ შევძელი. იმის მერე სადაც მივდიოდი, თუ მექნებოდა მატერიალური შესაძლებლობა, თვითმფრინავით წავიდოდი, არ მექნებოდა, - მატარებლით ან - ფეხით. ევრაზია და აფრიკა კარგად მაქვს შესწავლილი, ამერიკის კი - მხოლოდ სამხრეთი ნაწილი.

- რა ენებს ფლობთ?

- ბევრს, მაგრამ ძირითადად, ინგლისურ-რუსულ ენებზე მიწევს საუბარი, ასევე - ესპანურადაც.

- რას გვეტყვით თქვენს ოჯახზე?

- მამა აღარ მყავს, დედა პატარა ძმასთან ერთად, მამის გარდაცვალების შემდეგ, ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. 11 წელია, იქ არიან.

- მსოფლიო მოქალაქეობის მიღება როგორ შეძელით?

- ამის სურვილიც ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, მსგავსი პასპორტი არსებობდა თუ არა. დროთა განმავლობაში გავარკვიე, ამაში ინტერნეტიც დამეხმარა, რომ თურმე არსებობს ასეთი პასპორტი. ამის ასაღებად ზრუნვა 4 წლის წინ დავიწყე. სპეციალურ საბუთებს ვაგროვებდი. ბევრი რამ არის საჭირო და თან, პატარა გამოცდასავით არის ჩასაბარებელი. ყველაფერი სანახევროდ გაკეთდა და მერე რაღაც, აღარ გამოვიდა. შემდეგ კიდევ წამოვიწყე და ახლა, უკვე მეოთხე წამოწყებაზე როგორც იქნა, დამიდასტურეს. მსოფლიო მოქალაქეობას ყველა ქვეყანა არ ემხრობა. მოკლედ, ამა თუ იმ ქვეყნებში იგზავნება პიროვნების დოკუმენტაცია და იქ რეგისტრაციას გავდივარ, რის შემდეგაც გაიცემა ეს პასორტი. ვაშინგტონი გასცემს, ფილიალი - შანხაიშია. ერთმა ქვეყანამ დასტური რომ გადმოგცეს, ბევრი ქვეყანა მოწინააღმდეგეა. ერთადერთი, რომელიც მსოფლიო მოქალაქეობას არ ეთანხმება, ირანია. იქ ქართული პასპორტით უნდა შეხვიდე... მოკლედ, არც ისეთი მარტივი პროცედურების გავლაა საჭირო... ასე რომ, მივაღწიე იმას, რომ 9 მარტს მსოფლიო მოქალაქე გავხდები. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ის მადგება, რაც მშობლებმა მასწავლეს და მომცეს - ზრდილობა, განათლება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ჩემი იღბლიანობისა და წარმატების საიდუმლოც ამაშია. დილას 6 საათზე ვარჯიშს ვამთავრებ. ცოტა მძინავს, ბავშვობიდან ასე ვარ. თუმცა, ჩემი ფილმის რამდენიმე სცენარი სიზმარში დავწერე. არც მორბენალი ვარ, არც ველოსიპედისტი, არც ფეხბურთელი, მაგრამ ცოტ-ცოტა ყველაფერი გამომდის. იოგათიც ვარ დაკავებული. საბრძოლო ხელოვნება - უშუ, აიკიდო საქართველოში ვისწავლე...

- ადამიანმა ოცნება და სურვილი რომ აიხდინოს, ამისთვის მატერიალური მხარდაჭერა სჭირდება. ამის რესურსი საიდან გაქვთ?

GzaPress- "ხერხი სჯობია ღონესა", - ეს არის ჩემთვის მთავარი სამოქმედო პრინციპი. რასაც ვშოულობ, ყველაფერს მოგზაურობაში ვხარჯავ, - ყოფილა ხშირად, რომ ქართველები გამიგზავნია უცხოეთში ტურისტებად, სამუშაოდ, ნიჭიერ ხალხს თუ ვნახავ, პროდიუსერული კუთხითაც ვუდგები და ეგვიპტეში, თურქეთში, ჩინეთში მოცეკვავეებად ვაგზავნი. ბრეიქ-დანსს ვცეკვავდი, მისი ფედერაცია აქ მე ჩამოვაყალიბე, პრეზიდენტი ვიყავი, 5 მოსწავლიდან, ვინც კარგად ისწავლიდა, იმას დავაყენებიდი მასწავლებლად, რომ ახალმოსულებისთვის ესწავლებინათ და მე სხვაგან ვხსნიდი ახალ ჯგუფს. მარტო თბილისში 22 სკოლა მქონდა. ბიზნესის ალღოც აღმომაჩნდა, პროდიუსინგსა და მენეჯმენტშიც "გავქაჩე". ზოგჯერ უცხოეთში, სადაც ვცხოვრობდი, იქვე ვმუშაობდი, რომ საარსებო მინიმუმი გამომემუშავებინა კიდეც. მოკლედ, სადაც ჩავდივარ, იმ ქვეყანაში ფულსაც ვშოულობ. მაგალითად, ეგვიპტეში ერთ-ერთ სასტუმროში ვაჩვენე ჩემი მონაცემები, რომ ვიყავი შოუს წამყვანი, მეორე სასტუმროს კი ამ საქმეს მენეჯმენტი გავუწიე, - მოლდაველი და რუსი მოცეკვავეები ჩამომყავდა.

- თავგადასავალიც ალბათ ბევრი გქონიათ...

- მალაიზიაში დაივინგს (წყალქვეშ ყვინთვა) ვსწავლობდი. ვინაიდან მაქსიმალისტი ვარ, იმაზე მეტად ჩავყვინთე, ვიდრე უნდა ჩამეყვინთა და ღილაკს გვიან დავაწექი. ყველაზე ემოციური შეგრძნებები განვიცადე, მაგრამ მოხდა ის, რომ ჰაერი აღარ მეყო.

- და სიკვდილს თვალებში ჩახედეთ?

- ბოლოს გავითიშე და მაშველებმა ამომიყვანეს, მაგრამ ის ემოცია, რაც იმ პერიოდში მქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი იყო. ასეთი სიტუაცია ბევრჯერ მქონია. მოგზაურობისას მაკვირვებს ცივილიზაციათა სხვადასხვაობა. ბოლოს კამბოჯამ გამაკვირვა.

- რით?

- ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, სადაც ტრანსპორტის მოძრაობისას არანაირი წესი არ არსებობს. შეიძლება, სამი მანქანა მიდიოდეს და ისე აუაროს გვერდი ერთმა, რომ გაოცდე. სახელმწიფომ ბევრჯერ დასვა საკითხი, რომ მოძრაობა მოწესრიგებულიყო, მაგრამ დაასკვნეს, რომ წესების შემოღების შემთხვევაში, გაუჭირდებოდათ, რადგანაც მიუჩვევლები იყვნენ და უარეს ქაოსს გამოიწვევდა. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ერთმანეთს ღიმილით უთმობენ გზას და დარღვევისას არავინ ყვირის და ასიგნალებს. აგრესიულები არ არიან. გასაოცარია ისიც, რომ ასეთ ღარიბ ქვეყანაში როგორ ჰარმონიულად და ღიმილით, აგრესიის გარეშე ურთიერთობენ. ხმამაღალი სიტყვა არ გამიგონია.

- რიოს კარნავალში მონაწილეობდით, ხომ?

- მონაწილეც ვიყავი და გადავიღე კიდეც, მაგრამ სანამ იქ მოვხვდებოდი, საოცრება მეგონა. ნამდვილად კარგია, მაგრამ ქალაქმა უფრო მომხიბლა, რაღაც მისტიკური ძალა აქვს, კუნძულებითაა სავსე, ულამაზესი სანაპიროები, შესანიშნავი პეიზაჟი იშლება. იქაური მაცხოვრებელიცა და იქ ჩასულიც, არის ჭკუამხიარული. სხვანაირად როგორ ვუწოდო, არ ვიცი. მუსიკის ხმა ესმით თუ არა, ყველა ცეკვავს. მნიშვნელობა არა აქვს, პოლიციელია, დაცვის თანამშრომელი თუ მოხელე. თან იღიმიან. გინდა, არ გინდა, შენც კარგ ხასიათზე დგები.

GzaPressნორვეგიაზეც უნდა ვთქვა, მინდა, რომ საქართველომ მას მიჰბაძოს: 45-50 წლის წინ ის ვიკინგების ქვეყანა იყო, არაცივილიზებული და გაუნათლებელი ადამიანები ცხოვრობდნენ. დღეს კი, ერთ-ერთი ცივილური ქვეყანაა და იმ დონის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომ ევროპასაც არ კადრულობს. ევროპის ზონაში შედის, მაგრამ "ევროკავშირში" - არა. მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან ბუნებაზე; ძალიან უფრთხილდებიან. აქვთ ვიწრო გზები, რომ ზედმეტი ბუნება, ბალახი არ დააზიანონ. ნორვეგიის ასეთი მოწესრიგებულობა ძალიან მომეწონა და მსგავსი საქართველოშიც მსურს, ვიხილო. არადა, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი საუკეთესოა საცხოვრებლად, კლიმატით... ნორვეგია 8 თვე გაყინულია და იქ ხალხი 4 თვე სილამაზესა და ბუნებაზე ფიქრობს. საქართველოზე უკეთეს ზონაში არც ერთი ქვეყანა არ არის. ჩემი მეგობარი უცხოელები აქაურობაზე გიჟდებიან.

- აფრიკიდან როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდით?

- აფრიკა ისე მოვიარე, ჩამოსვლის მერე მივხვდი, თურმე რა საშიშ ადგილებში ვყოფილვარ. ეგვიპტეში ვიყავი და კენიაში გადავედი, ფული მქონდა, გავუყევი ავტობუსით გზას და შუაგულ აფრიკაში აღმოვჩნდი... იქ ხალხი ველურად ცხოვრობს, რაღაც ხილს ჭამენ და იმით "კაიფობენ", მერე საღამოს, თუ ქუჩაში შეხვდი და არ მოეწონე, შეიძლება იარაღიც გესროლოს.

- იქ ქართული პასპორტით შეხვედით?

- აფრიკის 12 ქვეყანაში ქართული პასპორტით შედიხარ. ვიზას საზღვარზე გირტყამენ. თუ 20 დოლარსაც აჩუქებ, აფრიკაში შესვლა მარტივია... მოკლედ, ახლა კენიაში ვაპირებ წავლას და ისე მოუმზადებლად აღარ წავალ, ყველა აცრას ჩავიტარებ. აღარ მეკადრება (იცინის). აფრიკულ კოღოებს გადავურჩი და კენიელ კოღოებს არ დავაჩაგვრინებ თავს.

- საოცარი ჩაცმის სტილი გაქვთ. ყვითელი ბოტასი, თეთრი პიჯაკი, თეთრი შლაპა, წითელი ლენტით. ასეთ ჩაცმულს იშვიათად ნახავ. ეს თქვენი პროტესტია?

- საქართველოში ასეთი ჩაცმულობა პროტესტივითაა, რადგანაც ყველა ჩამუქებული დადის, თუმცა ბავშვობიდან მიყვარდა ღია ფერები. ბევრი ამას ვერ იგებს და მათგან დაცინვაც მიგრძნია. ყველა ასეთის საპასუხოდ ვიტყვი - ჩემი ცხოვრებისეული პოზიციაა, ვიცხოვრო ისე, როგორც მომწონს და მსიამოვნებს. საქართველოში კი ადამიანები ერთმანეთის გამო ცხოვრობენ.

- ვიდეომასალით, რაც უცხოეთში გაქვთ დაგროვებული, ფილმის გადაღებას აპირებთ?

- კინოპროდიუსერიც ვარ, მაგრამ მოგზაურობისას გადაღება 4 თვეა, რაც დავიწყე. ახლა ასეთი გეგმა მაქვს, - ყველა ქვეყანაში ტელეგადაცემა გავაკეთო, მათ შორის საქართველოშიც, რომლითაც მსოფლიო მარტო მე კი არ გავიცნო, სხვებსაც გავაცნო.

- რას ურჩევთ დამწყებ მოგზაურებს?

- პირველი, რაც ყველაზე მთავრია, ღიმილით უნდა "შეიარაღდნენ", რითაც ნებისმიერი ადამიანის გულს მოინადირებთ, დადებით ენერგიას გადასცემთ და არ არსებობს, რომ მათი კეთილგანწყობა არ დაიმსახუროთ... დაბალი ბიუჯეტითაც შეიძლება მოგზაურობა. ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრეთ, მოგზაურობისას სიგარეტსა და ლუდს მაინცდამაინც ნუ მიეძალებით, ნებისმიერ ქვეყანაში იაფია წყალი, ვიდრე ალკოჰოლური და გაზიანი სასმელი. შეიქმენით ფსიქოლოგიური განწყობა, ერთ-ორ წინაღობაზე არ უნდა დაიბნეთ. ბევრჯერ ყოფილა, თვითმფრინავში გვერდით მჯდომი გამიცნია და ისეთი პიროვნება აღმოჩენილა, რომელსაც აეროპორტში მანქანა ელოდებოდა და ის ადგილები უნდა გაევლო, სადაც მეც მივდიოდი. დავმეგობრებულვართ და ერთად წავსულვართ. რაც შეეხება ენას, საჭიროა ინგლისურის ცოდნა და თუ მესამე ენის არჩევაც გსურთ, ესპანური ჯობია. ესპანურად ოფიციალურად 6 000 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს და თუ ეს ენა იცი, იტალიურსაც გაიგებ. მოკლედ, ყველას წარმატებას ვუსურვებ.

ლალი ფაცია