სიყვარულზე დარდით დალეული გოგონა და აჩრდილი, რომელმაც მგზავრები იხსნა "და მაინც, სიკვდილი ჩვენგან შორს იყოს..." - გზაპრესი

სიყვარულზე დარდით დალეული გოგონა და აჩრდილი, რომელმაც მგზავრები იხსნა "და მაინც, სიკვდილი ჩვენგან შორს იყოს..."

ღმერთმა მე რომ მომავლინა ამ ქვეყანაზე, სიკვდილიც თან მომადევნა. ვცდილობ, არაფერი ვაწყენინო, თორემ ისეთი უგულოა, შეიძლება, არ დამინდოს... ჰოდა, ძალიან ვფრთხილობ, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე? ერთხელაც, მოსწყინდება ჩემი ყურება და გამიყენებს გზას. ანდა, მე სიცოცხლის რა ღირსი ვარ? ტირიფივით სულ მეტირება. ქმარი მე არ მივარგოდა და გარშემო მყოფებიც დიდად არ გიჟდებოდნენ ჩემზე. ვიყავი ტრიალ მინდორში მდგარი ხესავით, ვწყევლიდი ჩემს ბედსა და გაჩენას..." - ეს იმ წერილის დასაწყისია, რომელიც 77 წლის, შვილმკვდარმა ქალბატონმა რიმამ მომწერა და მთხოვა, მისი დღიურის ის ნაწილი მაინც წამეკითხა, სადაც სიკვდილსა და მის ულმობლობაზე წერს. მის დღიურში ბევრი საინტერესო ამბავი ამოვიკითხე და ამ ქალბატონის თითქმის დაუჯერებელ ცხოვრებისეულ ამბებზე "გზის" მომდევნო ნომრებში გიამბობთ, ახლა კი ქალბატონი რიმას დღიურიდან ამონარიდს გთავაზობთ, სადაც ავტორი თითქოს, სიკვდილთან გაჯიბრებას ცდილობს (სტილი დაცულია)...

***

"არაფერი ყოფილა იმაზე მძიმე, რაც მოაქვს სულის მარტოობას და საითაც ქარი დაგიბერავს, იქით გადაიხრები. ეძებ მყუდრო ადგილს, რომ თავი შეაფარო, მაგრამ ასეთი ადგილი არა და არ გამოჩნდა ჩემთვის. მეც, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით და ასე განვლე ჩემი გზის 77 წელი. როცა დაღამდება, სულ მარტო ვრჩები ჩემს ნესტან, დანგრეულ ოთახში. არა, ჩემთან ერთად პატარა თაგუნებიც არიან და ისინი მართობენ. რომ არა ეს არსებები, მომკლავდა დარდი მარტოობისა.

GzaPressჩემთან ერთად კიდევ, პატარა ძაღლი ბიბია. ძალიან ვუყვარვარ, სულ თვალებში შემომცქერის და მანიშნებს, - ნუ გეშინია, მე ფხიზლად ვარო. ჩემთან ერთად იძინებს და იღვიძებს. რა თქმა უნდა, მას თავისი პატარა საწოლი აქვს და სწორედ იქიდან მყარაულობს... ზოგჯერ ისე ამტკივდება გული, სიკვდილს ვნატრობ (აი, ხომ ხედავთ, ესეც კი სანატრებელი ყოფილა)... თავის დროზე სიკვდილიც კარგია, მაგრამ მაინც, ჩვენგან შორს იყოს... რა უსამართლო ყოფილა ეს ცხოვრება. ვინ არის ისეთი, ვისაც კაცის ხორცი არ უჭამია და მისი სისხლი არ დაულევია? ცხვარი რომ ცხვარია და უწყინარი, თუ გაცხარდა, ნუ შეეცდებით მის შეჩერებას. სჯობს, საკუთარ თავს გამოუტანოს განაჩენი და უფსკრულში გადაიჩეხოს. ჩვენ რანი ვართ, ადამიანები, მოუთოკავი სიძულვილი გვაშორებს ერთმანეთს და ამიტომაც, ღმერთმა ყველას სათითაოდ აგვადევნა სიკვდილი. აბა, დააკვირდით, როგორ კვდება ადამიანი ქუჩაში, ხან მხეცივით - ტყეში, ხანაც - სახლში, მდინარეში, ქორწილში... ალბათ, ღმერთს სურს გაანადგუროს ბოროტება. ის სამართლიანია, მაგრამ ბოროტება ბოლომდე ვერ განადგურდება. რამდენი გლოვა და ტირილია ამქვეყნად, მაგრამ სიხარულიც ბევრია. რამდენი ადამიანი დაეხეტება ამ ქვეყანაზე უბედობით დაჩაგრული, გულზე ხელებდაკრებილი ელოდება უფლის განაჩენს, მაგრამ ღმერთი სამართლიანია და ყველას როდი ალოდინებს: ზოგს ჩიტივით გააფრენს ფანჯრიდან, ზოგს ახალგაზრდა ასაკში წაიყვანს; არ გვაძლევს უფლებას, უკვდავები ვიყოთ და ალბათ, ასეა საჭირო, მაგრამ მაინც, სიკვდილი ჩვენგან შორს იყოს..."

***

ასე იტყვიან ხოლმე: ვისაც შვილი არ მოჰკვდომია, მას სამძიმარი არ უთხრა, ის მაინც ვერ გაიგებს სიკვდილის სიმწარესო (ღმერთმა არც არავინ მოასწროს ამას). სწორედ ამ სამძიმარს მინდა შევეხო და ჩემი სადარდებელი გაგიზიაროთ. დრო მიდის და გიშუშდება იარები, მაგრამ სიკვდილი ყოველ ნაბიჯზე გახსენებს თავს და ბოლოს მაინც მწარედ აგატირებს. მინდა, შევეხო იმ მოუნელებელ ტკივილს, რასაც შვილის სარეცელზე წოლა იწვევს, როცა ხელები გულზე აქვს დაკრეფილი, პირზე ღიმილი შერჩენია, მშვიდი სახით წევს და ყველა მომსვლელს ემშვიდობება. ვფიქრობ და დღემდე ვერ ამომიხსნია, რა უნდოდა ამ სიმშვიდით ეთქვა ჩემს გოგონას? სიკვდილმა უმწიკვლო ანგელოზს მოუსწრაფა სიცოცხლე, მას კი ალბათ, ის უხაროდა, რომ ტოვებდა ბინძურ და გაუტანელ სამყაროს.

არ მესმის, რატომ აირჩია მაინცდამაინც ჩემი შვილი, როცა იმ ქვეყნად წასაყვანი მე უფრო ვიყავი. სიკვდილო, ადამიანების კოლექციას ხომ არ აგროვებ, დაუნდობლად და განურჩევლად რომ მიგყავს დიდიც და პატარაც? შენ მართლა გულცივო, დაუნდობელო, შემზარავო, შავო, ბოროტო, გულქვა სიკვდილო, შორს იყავ ჩვენგან...

დავბერდი, დავჩაჩანაკდი და სულაც არ ველი, რომ ცრემლებით გამაცილებენ იმ ქვეყნად. ოჰ, დავბერდი-მეთქი, წამომცდა. რა დრო გასულა, თმაში ჭაღარა შემომპარვია და ვერც კი შევნიშნე. თვალი ხარბია, სიცოცხლით ვერ ძღები, ეს ოხერი გულიც არასდროს ბერდება. მოთმინების დიდი უნარი გაქვს სიკვდილო და ვიცი, დამელოდები. ახლაც შორიახლოდან მადევნებ თვალს და ელოდები იმ წამს, როცა დამაჩოქებ, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარი ის არის, რომ სიცოცხლე მარადიულია და ის გრძელდება უსასრულოდ.

ერთი ამბავი გამახსენდა: კახეთიდან ავტობუსით მოდიოდა ხალხი. თავსხმა წვიმა და ბნელი ღამე იყო. მოულოდნელად, მძღოლმა მანქანა გააჩერა, გადავიდა და ხიდისკენ გაეშურა, ვიღაცას თუ რაღაცას ეძებდა, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დაინახა. მერე მობრუნდა, მანქანის დაქოქვა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო; ეტყობა, გულმა არ მოუთმინა და ისევ ჩავიდა ავტობუსიდან, კოკისპირულ წვიმში კიდევ ეძება ის ვიღაც თუ რაღაც. მგზავრებმა ჰკითხეს: კი მაგრამ, აქ ვის ეძებო? მძღოლმა გაიღიმა, უხერხულად შეიშმუშნა: არაფერია, ბავშვი მომელანდა, თითქოს ხელს მიქნევდაო. ამასობაში, ერთმა მანქანამ ჩაიარა და ამ ავტობუსის მგზავრებმა გაიგეს, რომ ის ხიდი ჩატყდა, რომელზეც უნდა გაევლოთ, ხოლო ის ავტომობილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მათ ტრანსპორტს აუარა გვერდი, მგზავრებიანად წყალში ჩავარდა. მძღოლმა პირჯვარი გადაისახა. ასე გადაარჩინა იმ ბავშვის აჩრდილმა (თუ არ ვიცი, რა დავარქვა) ავტობუსში მსხდომები. მას მერე, თურმე, მძღოლი იმ ადგილას რომ გაივლიდა, ყოველთვის პირჯვარს იწერდა, სხვებმა კი ამ ხიდს "მოჩვენების ხიდი" დაარქვეს და იქვე ჯვარიც აღმართეს; იმ ადგილას გავლისას ქუდსაც იხდიდნენ ხოლმე.

რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც ამბობენ, ამ მძღოლმა თავისი ერთ-ერთი მგზავრი იმ ბავშვს მიამსგავსა, ვისმა აჩრდილმაც გადაარჩინა და წინ, თავისთან ახლოს დასვა, მიეფერა და ბოლოს, მისი ნათლიაც გახდა.

მოკლედ, ზოგჯერ შეიძლება, სიკვდილსაც დაუძვრე ხელიდან. დაე, შორს იყოს ჩვენგან..."

***

"სიბერე ძუნწი ყოფილა,/ ვერ ძღება ხარბი თვალითა,/ სიკვდილსაც ემუდარება,/ მაცოცხლე კიდევ წამითა...

ეს ცხოვრება ზოგისთვის დედაა, ზოგისთვის დედინაცვალი. ცოცხლობ და ფიქრობ, - რისი მაქნისი ხარ ამ ქვეყანაზე რომ დადიხარ? ზოგი მიდის, ზოგიც - მოდის, მე არავინ მკითხულობს. მინდა, მთელი სამყაროს გასაგონად ვიყვირო ხოლმე: არასდროს იფიქროთ შურისძიებაზე. ყველას თავისი წილი სამარე ელოდება.

ხშირად დავდივარ სასაფლაოზე და მიკვირს, იქაურობა ახალგაზრდების სურათებით არის სავსე. სიკვდილმაც დაივიწყა სირცხვილ-ნამუსი. თუმცა, თავად ახალგაზრდები არ ინდობენ ზოგჯერ ერთმანეთს და იარაღით დასდევენ ერთურთს. სიღარიბემ დაჩაგრა ჭკუა და გონება. რატომ იჩქარით ახალგზრდებო ცივ დ უგულო სამარისაკენ? ნუთუ, არ გებრალებათ დედა, დები, ძმები. ამქვეყნად ერთხელ მოვდივართ, მაგრამ მაინც, შეუბრალებლად ვუსწრაფებთ ერთმანეთს სიცოცხლეს...

ვინ იცის, რამდენი დედა ატირებულა ჩემსავით, მაგრამ თავი არავის მოუკლავს. ჯობს, ისევ სიმწარეში, ვაებით იცოცხლო, ვინემ დაბნელებულ მზეს გაუსწორო თვალი. ყველამ შეიგნეთ: სიცოცხლზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია! სიკვდილი კი მაინც სიკვდილია და შორს იყოს ჩვენგან..."

***

"ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი ლამაზი გოგონა, მაგრამ ხეიბარი იყო. სიყვარული მასაც ეწვია - ერთი ახალგაზრდა შეუყვარდა. მისთვის ბევრჯერ მითქვამს: შენი შესაფერისი არ არის-მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა, მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ოჯახში მხოლოდ მამა ჰყავდა, დედა კი ნაადრევად წაართვა სიკვდილმა.

შეუჩნდა ამ გოგოს ეს ბიჭი: თუ გინდა, ცოლად მოგიყვანო, ოპერაცია გაიკეთეო. რადგან ძლიერ უყვარდა, გარისკა და ვაჟის ნებას დაჰყვა. მეზობლებმა თანხა შეუგროვეს, გამოჯანმრთელება უსურვეს და სომხეთში გაუშვეს. ოპერაცია გაიკეთა და გახარებული დაბრუნდა შინ. ერთი თვე ელოდა შეყვარებულს, - მოვაო, მაგრამ ის უგულო არა და არ მოვიდა. შემდეგ წერილი მოსწერა: ნუ მელოდები, ცოლად ვერ მოგიყვანო. კითხულობდა ევა წერილს და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ჩვენი ნუგეში მისთვის ვერაფერი შვება იყო.

ოპერაციის მეორე თვეს ლოგინად ჩავარდა და აღარც ამდგარა, სანთელივით ჩამოდნა, სიყვარულით დაიტანჯა გოგო. თვალები კარისკენ ჰქონდა და ტირილით ამბობდა: "მე ვიცი, ის მოვა!" მაგრამ უგულო კაცი არ მოდიოდა. ილეოდა ევას უმანკო სხეული, სანთლის ფერი ედებოდა სახეს. გაუფერმკრთალდა ერთ დროს ვარდისფერი ლოყები და ტუჩები, თვალებიც ნელ-ნელა ჩაუღრმავდა, სიცოცხლის ნიშანწყალს კარგავდა.

სასთუმალთან მას სიკვდილი ელოდებოდა, მისი სხეული კი არ ებრძოდა დაუნდობელს. ერთხელაც, თვალები გაახილა და მამას უთხრა: ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და რა იქნება, ერთხელ მაინც რომ მნახოსო. უბნის ბიჭებმა მოილაპარაკეს, იმ ბიჭს მიადგნენ და გოგოს სანახავად მოიყვანეს. როგორც იქნა, გარისკა და ფეხი შედგა უკვე მომაკვდავის ოთახში.

გოგონამ თვალები გაახილა, ხელები მისკენ გაიშვირა და წაილუღლუღა: მიყვარხარ და ეს სიყვარული საფლავში მიმაქვს, შენ კი ბედნიერებას გისურვებო! მერე ხელები გულზე ჩამოუვარდა და ღიმილით დატოვა ეს ქვეყანა. მისი საცოდაობით ყველანი ვტიროდით.

ის ბიჭი კი კუთხეში იდგა და თვალს ვერ აცილებდა მიცვალებულს. ალბათ გრძნობდა, რომ მის სიკვდილში მონაწილე იყო. ბოლოს, ცრემლებმობჯენილმა ჩუმად დაილაპარაკა: მაპატიე, ევა, შენს სიყვარულს ვერ გავუფრთხილდიო, შეტრიალდა და კარისკენ წავიდა.

კიდევ ერთი ლამაზი გოგონა წაიყვანა უგულო სიკვდილმა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ევას თვალებს ვერ ვივიწყებ..."

***

"სიკვდილი გავარდნილი მეხივით არის. თუმცა, ადამიანს შეუძლია, მეხს თავი აარიდოს, სიკვდილს კი ვერსად დაემალები; თუ ამოგიჩემა, არ გაგახარებს.

ადამიანი როცა იბადება, ტირილით გვამცნობს, რომ მოევლინა ამ ქვეყანას. ჯერ არავის უნახავს სიცილით დაბადებული ბავშვი და როცა კვდება, ისევ ცრემლებით აცილებენ იმ ქვეყნად. ტირიან და ღვრიან ამ მლაშე წყალს, რომელიც არც იყიდება და ვერც ინათხოვრებ. ჰოდა, ასე მოწყობილ წუთისოფელშიც კი, ადამიანები არ ვინდობთ ერთმანეთს და ვიღაც ვიღაცას კლავს. იქნებ იმიტომ, რომ სურს, თავად იცოცხლოს დიდხანს? რა ვიცი, რა ვიცი...

ძველების ნათქვამი ერთი ამბავი გამახსენდა: კაცმა დაიჭირა ყვავი, შინ მიიყვანა, დასვა მაგიდაზე, მერე წავიდა და ერთი ბოთლი არაყი მოიტანა. სასმელი ჯერ თვითონ დალია, მერე ყვავს დაალევინა, თან - ეუბნებოდა: უფროსები ამბობენ, რომ 300 წელიწადს ცხოვრობ და ეგ როგორო? დაახლოებით ერთი კვირა ამყოფა ასეთ დღეში, მერე კი ყვავმა ფეხები გაფშიკა. კაცმა ამაყად თქვა: აბა, რას ვამბობ მეც? ეგ არაყი მკლავს, თორემ 300 წელიწადს თავადაც ვიცოცხლებდიო... "უკვდავი არაფერია,/ კლდეც კი ინგრევა, ქვიანი,/ მხოლოდ სიკვდილი ყოფილა,/ ამქვეყნად მარტო ჭკვიანი..."

დიახ, სიკვდილი ყველგან დანავარდობს: მთაში თუ ბარში, ტყეში თუ წყალში, მიწის ზემოთაც და მის ქვემოთაც. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ეს გაცნობიერებული გვაქვს და მაინც გვიკვირს, როცა ჩვენი ახლობელი კვდება. მაშ, რატომ ცდილობენ ვიღაცები სიმდიდრის დაგროვებას, თუ იციან, რომ მაინც იმ ქვეყნად მოუწევთ წასვლა და მიწაში კიდევ, ვის რა წაუღია, ამათმა რომ წაიღონ? თან, სიკვდილის წინაშე ყველა თანაბარია; ამ შემთხვევაში, მდიდარს ღარიბთან შედარებით, არანაირი პრივილეგია არ აქვს და ძალიან მინდა, ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს..."

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია