დამლაგებლის ხელფასი - გზაპრესი

დამლაგებლის ხელფასი

განსაკუთრებით კი უსუსური თავის მართლება მიწეწავს ნერვებს: გამოდის, მაღალი ხელფასი-პრემიები იმიტომ უნდა მიეცეთ "ხალხის რჩეულებს", რომ ქრთამის აღების სურვილი არ გაუჩნდეთ და კორუფციის ჭაობში არ ჩაეფლონ. ჭაობი ყველა შემთხვევაში ჭაობია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის კორუფციის იქნება თუ საყოველთაო ტყუილისა და თვალში ნაცრის შეყრის. მე და ჩემნაირებს კი არავითარი სურვილი არ გვაქვს, იმ მოხელეების გაზრდილ მადას ვეწირებოდეთ ჩვენი სამარცხვინო ხელფას-პენსიებით, რომელთა 90% ძილისა და მესიჯების კითხვა-გაგზავნის მეტს არაფერს აკეთებს სამსახურში და მიუხედავად იმისა, რომ მათი გვარ-სახელები არაფერს ეუბნება მოსახლეობას, პრეტენზია არ უოკდებათ პარლამენტში თუ სხვა სამთავრობო "ლოჟაში ჯდომის"...

სირცხვილია, საქართველოში რამდენიმეათასიანი ხელფასი ჰქონდეს ჩინოვნიკს და დამატებით პრემია-კომპენსაციასაც ითხოვდეს, მაშინ როცა:

ნინო 34 წლის არის და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს - 8 წლის ცოტნე და 4 წლის მარიამი. პროფესიით დაწყებითი კლასების მასწავლებელია. ძალიან უნდოდა სკოლაში მუშაობის დაწყება, მაგრამ არა და არ აღმოჩნდა მისთვის შესაფერისი ადგილი. ჰოდა, ერთ-ერთ სკოლაში წლებია, დამლაგებლად მუშაობს, თან - იმედს არ კარგავს, რომ თუ კონკურსი გამოცხადდება, მას მიანიჭებენ უპირატესობას.

- პრობლემა შეიძლება, ყველა ადამიანს შეექმნას და გამონაკლისები არც ჩვენი სკოლის პედაგოგები არიან. ისინი გაჭირვების ტალკვესს მეძახიან. არავის ვეუბნები უარს, დროებით შევცვალო და ხშირად სრულიად უსასყიდლოდ გამიკეთებია ეს, რადგან გამოცდილების მიღება მჭირდებოდა და იმის პრაქტიკაში განხორციელება, რაც თეორიულად მართლა კარგად ვიცოდი: თავის დროზე წითელი დიპლომით დავამთავრე ინსტიტუტი. მიხარია, რომ ჩემი მუშაობით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა - არც ბავშვები და მათი მშობლები, არც - დირექცია...

- და მაინც, დამლაგებლის ხალათი გაცვია; დილის რვა საათიდან საღამოს ხუთამდე ცოცხი და აქანდაზი ვერ გაგიგდია ხელიდან, ამის გაკეთება კი ვეჭვობ, პრაქტიკის მიღების მიზნით გინდოდეს...

- რა თქმა უნდა, გაჭირვებამ გადამაწყვეტინა დამლაგებლობა. 2014 წლის იანვრამდე 120 ლარი მქონდა ხელფასი; იანვრიდან გაგვიორმაგდა და 240 ლარს ვიღებ, რაც ასე თუ ისე, სულის მოთქმაა ჩემი ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესაც უმაღლესი განათლება აქვს - მშენებელი ინჟინერია, სპეციალობით ვერც ის მუშაობს. ჰოდა, სხვის სამარშრუტო ტაქსის ამუშავებს. დილიდან საღამომდე გასულია სახლიდან და ყველა ვალს რომ გაისტუმრებს, იმ დღის ნამუშევრიდან შინ შეიძლება, ხუთ ლარზე მეტი ვერც მოიტანოს. ძალიან განიცდის, რომ ბევრი რამ აკლიათ ჩვენს შვილებს. თუ სცალია, მოდის და მეხმარება: ფანჯრების დაწმენდაც შეუძლია, ნაგავიც გააქვს. მეორე შვილი სამი თვის მყავდა, სამსახურში რომ დავბრუნდი და შემიძლია ვთქვა, სანახევროდ მერხებზეა გაზრდილი: დავაწვენდი ჩაძინებულს, მე კი ვმუშაობდი...

- რისი კეთება გევალება?

- დილით ცხრის ნახევარზე მაინც უნდა ვიყო სკოლაში, რომ ბავშვების მოსვლამდე ოთახების სველი წესით დალაგება მოვასწრო. გაკვეთილები რომ დაიწყება, დერეფნებსა და საპირფარეშოს ვალაგებ. ყოველი შესვენების შემდეგ იმდენი ნაგავი რჩება, გაგიკვირდებათ, რას ანაკუწებენ ბავშვები ამდენს. დღის ბოლოს ტომრებით გაგვაქვს ნარჩენები. გაკვეთილების შემდეგ კლასები უნდა დავგავო და სველი ტილოთიც მოვასუფთაო იქაურობა. მართალია, ოთხსართულიანი შენობის მეოთხე სართულისა და რამდენიმე საკლასო ოთახის დალაგება მიხდება, მაგრამ დღის ბოლოს ისეთი დაღლილი ვარ, ჭამაც მეზარება ხოლმე. მძიმე სამუშაოა და რა თქმა უნდა, ყველანაირად შეუფერებელი გასამრჯელო, მაგრამ საქართველოში სამუშაოს პოვნა ისე ჭირს, აქაც კი რიგი დადგება ქალების, ოღონდ ადგილი გამოთავისუფლდეს. წასასვლელი არსად გვაქვს, სამწუხაროდ, და ვერც ხმას ვიღებთ პრეტენზიის გამოსათქმელად. თუ რამე დაგცდება, მაშინვე გეტყვიან, - შეგიძლიათ წახვიდეთ, შემცვლელს ადვილად ვიპოვითო. საზღვარგარეთ ხომ არ წავა ყველა და არც მე შემიძლია ამის გაკეთება, რადგან შვილებს ჯერ აქ ვჭირდები. სხვათა შორის, არ დამიჯერებთ და ბავშვს რომ შევხედავ, მაშინვე ვხვდები, დედასთან იზრდება თუ მისი ყურადღება აკლია: ეს მის ქცევაშიც ჩანს, ჩაცმა-დახურვაშიც, სიტყვა-პასუხშიც. ვფიქრობ, ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას უდედოდ გაზრდილი თაობები... საზღვარგარეთ არც ქმარი გამიშვებს. მეუბნება ხოლმე: ამდენ გაჭირვებას შენი სიყვარულითა და მხარში დგომით ვუძლებ. თანაც, ბავშვებს დედის გვერდით ყოფნაზე უფრო მეტი და უკეთესი რა უნდა მივცეთო?! - და მეც ასე ვფიქრობ. ჰოდა, მომავლის იმედით ვშრომობთ და ვცხოვრობთ...

- როცა ისმენ, რომ რომელიღაც ჩინოვნიკმა პრემია აიღო...

- (მაწყვეტინებს) ასეთ დროს ცხადია, ვღიზიანდები, თავს შეურაცხყოფილად და მოტყუებულად მივიჩნევ. ბოლო არჩევნებზე არც წავედი - ეს იყო ჩემი პროტესტი. სამწუხაროდ, სხვა არაფერი შემიძლია...

ერთი შეხედვით, მართლაც, ხალხს არაფერი შეუძლია, მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს და კარგი იქნება, ფიალის ავსებამდე თუ იფიქრებენ მთავრობის წევრები ამაზეც და იმ ხალხზეც, რომლის გარეშეც არაფერს წარმოადგენენ. ხალხის განდგომა და სიძულვილი რასაც ნიშნავს, ამაზე აღარ დავწერ: ყველას გაქვთ მახსოვრობა და ამ ეტაპზე, ფიქრით მაინც შეიწუხეთ თავი.

ინგა ჯაყელი