სამი შვილის მამა ქალად გადაქცევაზე ოცნებობს... - გზაპრესი

სამი შვილის მამა ქალად გადაქცევაზე ოცნებობს...

სოსო (სახელი გასაგები მიზეზის გამო შევცვალე) ჩინებული ქმარია და მამა. მისი მეუღლე გამომძიებელი გახლავთ და ქმართან შედარებით, ძალზე დაკავებულია. ამიტომ შვილებთან ძირითადად, ჩემი მეგობარი რჩებოდა ხოლმე და დედის მოვალეობაც იტვირთა: ბაღშიც ის ატარებდა ბავშვებს, სკოლაშიც მან მიიყვანა შვილები და ცხელ სადილ-ვახშამსაც ახვედრებს ოჯახის წევრებს, შინ დაბრუნებულ პატარებს დავალებების მომზადებაში ეხმარება და სასეირნოდაც დაჰყავს. სხვათა შორის, არც სარეცხის გაფენა ეთაკილება და ამის გამო მასზე ბევრს ჭორაობენ განსაკუთრებით ის კაცები, დილიდან საღამომდე რომ ნარდსა თუ დომინოს თამაშობენ ეზოში და ისიც კი არ იციან დანამდვილებით, რომელ კლასში გადავიდნენ მათი შვილები...

სოსოს ეს არ ადარდებს და ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს. მეც კი, მის უახლოეს მეგობარს არასოდეს მიეჭვია, რომ გულით უზარმაზარ სადარდებელს ატარებდა და რომ არა ერთი უცნაური შემთხვევა, ამას ვერც ვერასოდეს გავიგებდი...

ჩვენს საერთო ნაცნობს ცემისას ლამის შემოაკვდა ჩვიდმეტი წლის შვილი, როცა გაიგო, რომ ბიჭს ჰომოსექსუალური მიდრეკილებები ჰქონდა და კლასელ ბიჭზე იყო შეყვარებული. მამამ შემთხვევით, მისი დღიური იპოვა და წაიკითხა. შვილს დაკითხვა მოუწყო და მოზარდმაც სიმართლის თქმა გადაწყვიტა: ვიცი, ვერასოდეს გამიგებ და მიმიღებ ისეთს, როგორიც ვარ. პრობლემები რომ არ შეგიქმნა და თავმოყვარეობა არ შეგილახო, სკოლის დამთავრებისთანავე უცხოეთში წავალ, სადაც არავის უკვირს გარეგნულად მამაკაცი რეალურად ქალი თუ ვიქნებიო...

როგორც გითხარით, მამამ შვილს ისე სცემა, ბიჭი საავადმყოფოში, მამა კი ციხეში აღმოჩნდა და ორთავე მეგობრების საპატრონო გახდა. სოსო განსაკუთრებით ნერვიულობდა ამ ყველაფერს. მანამდე მთვრალი რომ არ მინახავს, იმ საღამოს დათვრა და როცა მარტონი დავრჩით, თვალები ცრემლებით აევსო:

- ვერ წარმოიდგენ, როგორ მესმის იმ პატარა ბიჭის და როგორ განვიცდი მის მდგომარეობას, რადგან შინაგანად მეც იმავეს ვგრძნობ. შენ გგონია, შემთხვევითობაა, ცოლი სამუშაოდ რომ გავუშვი და თავად ვიტვირთე ბავშვების აღზრდა, საოჯახო საქმეების კეთება?! ფსიქოლოგიურად ქალი ვარ და რასაც ვაკეთებ, მხოლოდ ეს მანიჭებს სიმშვიდეს. ვერც წარმომიდგენია საკუთარი თავი უხეშ, მამაკაცურ პროფესიაში. ახლაც ძნელია სიმართლის აღიარება და წარმოიდგინე, წლების წინ რას დამმართებდნენ, ვინმესთვის რომ გამემხილა ვინც ვიყავი და რასაც განვიცდიდი. ცოლი რომ მომყავდა, ქორწილის წინა საღამოს თავის მოკვლა მინდოდა; მეგონა, დანაშაულს ჩავდიოდი... სამი თვე ვერ მივეკარე ცოლს და რაღაცას მიმიხვდა. მისი მადლობელი ვარ, სკანდალი რომ არ მომიწყო, პირიქით - დამელაპარაკა და მითხრა: როგორიც ხარ, ისეთს მიგიღებ და მეყვარები. მთავარია, მეგობრები ვიყოთ და ერთმანეთს ვენდობოდეთო...

- მეუღლემ იცის სიმართლე?!

- ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ რომ არ იცოდეს, ჩემ გვერდით ვერ იცხოვრებდა. სამი შვილი რომ გვყავს, მეტჯერ არც გვქონია ალბათ ინტიმური ურთიერთობა და გგონია, ეს ჯანმრთელი ქალისთვის ნორმალური მდგომარეობაა?!. ვერც ვუსაყვედურებ, თუ გავიგებ, რომ სხვა კაცი ჰყავს, ვალდებული ვარ, მის სურვილებს პატივი ვცე... ჩემს მდგომარეობაზე არც ვლაპარაკობთ. თუმცა, ერთხელ მითხრა, - რასაც გადაწყვეტ, ყველაფერზე თანახმა ვარ და მხარში ამოგიდგებიო. ვერ გეტყვი, რას გულისხმობს გვერდში დგომაში, კითხვისაც კი მეშინია... ისე კი, სიამოვნებით გავიკეთებდი ოპერაციას და ნამდვილ ქალად ვიქცეოდი! - ეს მითხრა და "გამექცა", - სხვა დროს ვილაპარაკოთო...

არადა, სხვა დრო აღარ დამდგარა. მას შემდეგ სოსო აღარ დამთვრალა და სიფხიზლეში რომ ვკითხე, ხელი ამიქნია: რასაც მთვრალი კაცი იბჟუტურებს, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროო...

ვერ მოვითმინე და მაინც დავწერე მასზე, რადგან არ მასვენებს კითხვა: "ნეტავ, განკითხვის შიშით რამდენი ადამიანი მალავს თავის რეალურ სახეს და იტანჯება?..

P.შ. ძალიან გთხოვთ, ნუ გამლანძღავთ და ნუ იტყვით, რომ გარყვნილების პროპაგანდას ვეწევი. ბუნება რომ უშვებს შეცდომას და ამის გამო კარგი ადამიანები იტანჯებიან, ამას ვდარდობ. მართლა არაჩვეულებრივი მეგობარია ჩემი სოსო.

ინგა ჯაყელი