მხატვარი ფიროსმანის სამშობლოდან - გზაპრესი

მხატვარი ფიროსმანის სამშობლოდან

მან საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ხელოვნების მექად წოდებულ ქვეყანაში - საფრანგეთში მოღვაწე ცნობილ და წარმატებულ მხატვრებს შორის.

"ფერუმარილი ყველას უხდება, თუმცა სულს ვერ შეიცვლი", - ამბობს მხატვარი და მისი ტილოებიც ამასვე იმეორებს. ალბათ სწორედ მისი სულის სისადავესა და სისუფთავეზეა დაფუძნებული ამ მხატვრის წარმატების საიდუმლოც.

- ბატონო ლევან, რა მიზეზით დატოვეთ წლების წინ საქართველო და რა ბარიერების გადალახვა დაგჭირდათ მანამ, სანამ დასავლეთში გაგიცნობდნენ?

- საქართველო არასოდეს დამიტოვებია, ყოველთვის ჩემს გულშია მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ვცხოვრობ და ბევრს ვმოგზაურობ. ჩემი მთავარი ხიდი - ჩემი ოჯახი, საქართველოში ცხოვრობს. მე და მეუღლემ შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შვილები აქ აღზრდილიყვნენ. გავაანალიზე, რას მისცემდა ევროპა, "თანამედროვე ცივილიზაცია" ჩემს შვილებს. საქმიანი ურთიერთობისთვის, იმ პერსპექტივისთვის, რომ მინიმალური შემოსავლით უზრუნველყოფილი იყოს ადამიანი, რა თქმა უნდა, კარგია დასავლეთში ცხოვრება, მუშაობა, მაგრამ მგონია, რომ სულიერების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უმჯობესია, ჩემი შვილები აღიზარდონ ქართულ ყაიდაზე, ისტორიაზე, წეს-ჩვეულებებსა და ჯანსაღ ტრადიციებზე, რაც მე მამაპაპეული ფესვებიდან მერგო. ამას ყველაფერს უცხოეთშიც აფასებენ, მაგრამ თავად ნაკლებად ინარჩუნებენ და ავითარებენ. რთულია, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში დამკვიდრება. პირველი ეტაპები ყველაზე რთული იყო და მათი გადალახვა დიდი ნერვების ფასად ხდება. ყველაფრის დაწყება თავიდან გიწევს, მენტალური და კულტურული სხვაობების გამო, მაგრამ ეს ყველაფერი გამოცდილებას გძენს.

- რატომ აირჩიეთ თავიდანვე მაინცდამაინც საფრანგეთი?

- 90-იან წლებში საფრანგეთის საელჩოში კონსულად მუშაობდა ძალიან კარგი პიროვნება, ხელოვანებისთვის მეცენატიც იყო ეს კაცი - ბატონი ბრუზო. მან ჩემი რამდენიმე ნამუშევარი საფრანგეთში გაიტანა, გამოფენა-კონკურსზე, უჩემოდ. მოხდა ისე, რომ ამ ნამუშევრებს მოწონება ხვდა. ერთი კონკურსიდან მეორეზე მოხვდა, მერე კიდევ... მივიღე დიპლომები, მიწვევები... - ლევან, ხომ არ ჩახვალ, ხომ არ ცდი ბედს შენ თვითონო? - მკითხა ბატონმა კონსულმა. არადა, სწორედ იმ პერიოდში, პატარა სავაჭრო ფარდულის გახსნა მინდოდა, რათა ოჯახი მერჩინა. ბატონმა ბრუზომ მეგობრულად მირჩია, - არაა შენი საქმე ვაჭრობა. ხატე, ლევან, ბევრი ხატეო. ჰოდა, მას მერე ვხატავ...

- როგორც ვიცი, პროფესიით ბიოლოგი, მეტყევე ინჟინერი ხართ.

- ჰო, თუმცა დასავლეთისთვის ეს კარგი ნიუანსია, როდესაც სხვა პროფესიის ადამიანი ხელოვნებაში ხარ და შენს სულიერ სამყაროს აჩვენებ, როგორც არაპროფესიონალი, როგორც მოტრფიალე, ხელოვნების მოყვარული. ვთვლი, რომ წლებმა ჩამომაყალიბა ხელოვანად. არავინ თქვას, რომ ერთ ან 10 წელიწადში შეიძლება აღიარება ჰპოვოს და რაიმე მნიშვნელოვანი და ღირებული შექმნა. ამას ძალიან ბევრი "დუღილი" სჭირდება, როგორც კარგ ღვინოს. ბევრი ქუჩის გამოფენაც მქონია, ფრანგ მხატვრებთან ერთად, სხვადასხვა ფესტივალზეც ვყოფილვარ, პატარა მაღაზიებშიც გამიტანია ნახატები, რომ ჩემი თავი წარმედგინა. საფრანგეთში ჩასულს, პირველ პერიოდში მთავაზობდნენ, პოპულარულ პლაჟებზე გამეტანა ნახატები გასაყიდად და იაფად შემეთავაზებინა.

- რა უპასუხეთ ამ შემოთავაზებას?

- ყველაფერში არსებობს ზომა-წონა. ყოველთვის მქონია არჩევანი - შინაგანი ხმა, ბარიერები, კომპლექსებიც, რა თქმა უნდა: მე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკიდან მოვხვდი იმ დიდ ცივილიზებულ სამყაროში; საფრანგეთი ხომ ყველასთვის მექაა ხელოვნების დარგში, - უამრავი ემიგრანტი კოლეგა ცხოვრობს იქ და უდიდესია კონკურენცია. ახალჩასულს შემეძლო, სულ სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი, მაგრამ დღეს სულ სხვა კაცი ვიქნებოდი. ალბათ, ჯიბით მდიდარი და გულით ღარიბი... რაღაცაზე უნდა თქვა უარი და დაელოდო გამოფენას, აუქციონს. არ უნდა "დახურდავდე".

- ფაქტია, თქვენმა მიდგომამ გაამართლა. დღეს საფრანგეთის ბევრი ქალაქის მერია თანამშრომლობს თქვენთან, ზოგმა კი შეიძინა კიდეც თქვენი ნამუშევრები.

GzaPress- დღესდღეობით, 15 ქალაქის მერიაში მუდმივად ინახება ჩემი ნამუშევრები. ორმოცამდე ნამუშევარს ვინახავთ ოჯახში, თბილისში. ჩემი ნამუშევრების 99% მსოფლიო მუზეუმების, კერძო კოლექციების, ცნობილი ადამიანების საკუთრებაა... ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემს ხასიათსა და გემოვნებაში ფიროსმანი და გუდიაშვილი ზის, ელენე ახვლედიანიც. არ ვიცი, რა ძალას მაძლევენ, მე ხომ არა ვარ დიპლომირებული მხატვარი.

- რომელი კომპლიმენტი იყო თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი?

- ერთ-ერთ გამოფენაზე, რამდენიმე წლის წინ, მოხუცი ქალბატონი მოვიდა. მოიარა ყველა კუთხე, დაჯდა ერთ-ერთ ნამუშევართან და ატირდა. არასდროს მიფიქრია, რომ ისეთ საშინელ რაღაცას ვქმნიდი, რაც ვინმეს ნეგატიურ ემოციას აღუძრავდა. მეუბნება: ბატონო ლევან, თქვენს ნამუშევრებში არის საოცარი გამონათება, სითბო რაღაც მზიური, ზუსტად ისეთი, რომელიც მე მხოლოდ ჩრდილოეთ თურქეთში ყოფნისას, როცა საქართველოს მხარეს ვიყურებოდი, მაშინ დამინახავსო.

- მხატვარი ფიროსმანის ქვეყნიდან - ასე მოგიხსენიეს ევროპულ პრესაში...

- კახელი ვარ წარმოშობით. ვერ გეტყვით, რომ ან გავფრანგდი, ან გავევროპელდი. ბედნიერი ვარ, რომ ფიროსმანის სამშობლოდან ვარ. კახური ფესვები, სითბო და ფიროსმანის მარილი თან დამყვება. რას ვატარებ, იცით, ჯიბით?

- ბუნებრივია - არა.

- ნივრის პატარა თავი მიდევს. გამიგონია და წამიკითხავს, რომ ფიროსმანს ხაში ჰყვარებია. შევდივარ ხშირად ფრანგულ კაფეებში, ფრანგებს ძალიან კარგი წვნიანები აქვთ. ჰოდა, ემოცია რომ მაკლია, ძიების პროცესში როცა ვარ და მინდა, ნიკალას სული გამოვიძახო ჩემი ნახატებისთვის, ამ კახურ ნიორს ამოვიღებ ხოლმე ჯიბიდან, ჩავიჭრი ჩემს ფრანგულ კერძში, ფრანგული ჭაჭით - ანიოლით ნიკალას მოსახსენიებელს ვიტყვი, ერთი კარგად დავნაყრდები და მივდივარ, რათა ვხატო. ვქმნი, ოღონდ ჩემთვის ახალს, ამოუცნობს, საინტერესოს, სულს ამით "ვინაყრებ". ჩემს აბსტრაქტულ ნახატებში ნიკალასეული კახური ნივრის სურნელი იგრძნობა; იმ ნივრისა, თეთრ თოვლს რომ გააპობს გაზაფხულის პირას და ახალი ცხოვრების დაწყების საუწყებლად.

- რომელი ცნობილი პიროვნებები გახდნენ სხვადასხვა დროს თქვენი ნამუშევრების მფლობელები?

- სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, ცნობილი ბანკირები და ბიზნესმენები ინახავენ პირად კოლექციებში ჩემს ნამუშევრებს. მიმიღია ძალიან ბევრი მადლობის წერილი. ეს ემოცია ყველანაირ თანხას აღემატება. მაგალითად, სელინ დიონმა, რომელსაც საკუთარ თვითმფრინავში აქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენილი, მომწერა: "მუდამ შეყვარებული ვარ თქვენზე". ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია. "სამსუნგის" პრეზიდენტმა შეიძინა ჩემი "ზამთრის თბილისი". ამჟამად ეს ტილო კორეაში, "სამსუნგის" ცენტრალურ ოფისშია გამოფენილი. ვაშინგტონში, პენტაგონის ცენტრალურ ოფისშიცაა გამოფენილი ჩემი ერთი ტილო, ასევე, პრაღის მუზეუმსა და ტრეტიაკოვის გალერეაში. იტალიის პარლამენტის წევრებიც არიან ჩემი ტილოების მფლობელები.

- ოჯახზე მიამბეთ.

- ძალიან საინტერესო ოჯახი მყავს. საინტერესო იმით, რომ 4 ენაზე ვსაუბრობთ ერთმანეთთან. ბავშვებს, ორივეს თავ-თავის ენებზე უნდა ელაპარაკო, მეუღლესთანაც "ჩემი ენა" მაქვს. ასე ვქმნი ჩემეულს, არა მხოლოდ შემოქმედებაში... მგონი, ოჯახის გაძღოლა უფრი დიდი ხელოვნებაა, თანაც - ამხელა დისტანციიდან. ვერ გეტყვით, რომ ხელოვნების მოტრფიალენი არიან ჩემი შვილები. ინტერნეტს მიძალებულები არიან უფრო და ესაა ჩემი საბრძოლო მინდორიც. ანა 18 წლისაა, სანდრო - 7-ის.

მეუღლე ერთ-ერთი ბანკისHPღ-ის თანამშრომელია. საზოგადოებასთან ურთიერთობის საიდუმლოებებსაც მასწავლის, თუმცა, ამ მხრივ ცუდი მოწაფე ვარ, მაინც ჩემეულად ვურთიერთობ... ნახატის ენით.

- ყველაზე ხშირად რას გარიგებთ ხოლმე?

- ჩემს ჩაცმის სტილთან დაკავშირებით აქვს ხოლმე ხშირად პრობლემა (იცინის), მეუბნება: კაცი საფრანგეთში ხარ ამდენი წელიწადია და ჩაცმა ვერ ისწავლეო. ვპასუხობ: ადამიანო, მე ვიცი, ჩემს პერსონაჟებს რა ჩავაცვა ნახატებში, მაგრამ ჩემს თავზე არასოდეს მიფიქრია, მაგის დრო სად მაქვს-მეთქი?!. ძალიან სწორად მიმანიშნებს, თუ რა მიმართულებით უნდა წარვმართო საქმიანი ურთიერთობა. მე ძირითადად, ვმუშაობ ჩემი სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მატერიალიზმი შემდგომ მოდის. ჩემი შვილები ჩემთვის სტიმულია, მეუღლე კი - მუდმივი მუზა. ჩემთვის საამაყოა, ვამბობდე, რომ ვარ ქართველი, ამავე დროს - ევროპელიც, ამავე დროს - მხატვარიც, რომელსაც ბევრი რამ აქვს კიდევ თქვენთვის მოსაყოლი და აპრილში ვეცდები, ეს სათქმელი მოვიტანო თქვენამდე ჩემი გამოფენის სახით, 40 ახალი ნამუშევრით. გამოფენა ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში მოეწყობა.

ეკა შავლაძე