ზუგდიდელებმა გურამ დოჩანაშვილს დღესასწაული მოუწყვეს - გზაპრესი

ზუგდიდელებმა გურამ დოჩანაშვილს დღესასწაული მოუწყვეს

ბატონი გურამი ზუგდიდს მეუღლესთან, ქალბატონ ნათელა სეფიაშვილთან და მსახიობებთან: ზურა ცინცქილაძესა და თამარ დათუაშვილთან ერთად ეწვია. პირველივე დღეს ზუგდიდის დადიანების სასახლის მუზეუმის სტუმართმოყვარე დირექტორმა, ბატონი გურამის წყალობით, ჩვენც გაგვაბედნიერა და ღვთისმშობლის კვართთან მიახლოების უფლება მოგვცა. ამან თითქოს, თავიდანვე განსაზღვრა დღესასწაულის ბედი - ვიცოდით, ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლიდა. 26 მარტი, მწერლის დაბადების დღე გადატვირთული იყო - ხუმრობა საქმე ხომ არ არის სამი ღონისძიება და ბოლოს - ბანკეტი! მაგრამ ამდენი მოსიყვარულე ადამიანის შემხედვარეს, ბატონ გურამს სახეზე "ბედნიერება" ეწერა. ერთადერთი ჩვენ - ჟურნალისტები ვაბრაზებდით კითხვებითა და გადაღებებით. ქალბატონი ნათელას რჩევით, ვიეშმაკეთ და მეგობრულ საუბრებს ვიწერდით. თუმცა, ზუგდიდის ერთ გასაოცარ, ულტრათანამედროვე საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში სტუმრობისას ყველას გამოუცხადა: "სადაც რას წაიკითხავთ ან ნახავთ, რაც მოგეწონებათ, იცოდეთ, ჩემი ნათქვამია და რაც სისულელე - ის ჟურნალისტების".

სამწუხაროდ, ყველგან გვაგვიანდებოდა და ბატონი გურამი ძალიან ღელავდა: ამდენი ხალხი გვხვდება და როგორ ვაცდევინებთ? გამოდის, რომ ერთ საათს კი არ დავაგვიანე, რამდენი ადამიანიცაა, იმდენჯერ ერთ საათს დამაგვიანდა. ასეთი რამ არაფრით შეიძლებაო. სკოლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე:

- სასწაული ვნახე. მადლობელი ვარ, რომ საქართველოში ასეთი სკოლა არსებობს. ამ ძნელ დროში რას აჩვენებენ ბავშვებს, რას ასწავლიან? ტელევიზიით სადისტური ფილმებს უჩვენებენ. ჩვენს დროში ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულ მულტფილმებსა და "ფიფქია და შვიდ ჯუჯას", "ბემბის" ვუყურებდით ანუ იმ ყველაფერს, რაც სიკეთეზე იყო, ახლა კი უჩვენებენ "ნევრასტენიკ" გადარეულ ბატებს და ა.შ. აჩვევენ ბავშვებს, რა ჩვეულებრივია მკვლელობა, ერთმანეთისთვის თავში ჩარტყმა, მშობლები კი ამბობენ, - რა უჭირს, ბავშვი თავისთვის არის და უყურებსო. თავისთვის კი არ არის, ის იწამლება. ამ ბავშვებს ვურჩევ, ასეთ საშინელებას არ უყურონ. უწმინდესი ხშირად იმეორებს: ბიბლია ეს არის წიგნი, რომელიც შეიძლება, ყოველ ასაკში იკითხოო. მან თქვა: 3 თუ 4 წლის ბავშვს ჰკითხეს, - ღმერთი რა არისო? ღმერთი ისეთი დიდია, ყველაფერს იტევს და თან, ისეთი პატარაა, ჩემს გულში ეტევაო. ამიტომ, ამ ბავშვების გულში რომ ღმერთია, უფროსებმაც და თავად ბავშვებმაც ის ღმერთი უნდა გაახარონ.

GzaPress

სისტემატურად გამოდიან ადამიანები ტელევიზიით და ილანძღებიან; ჰგონიათ, ამით ამაღლდებიან. ეს დაღუპვაა: ის მტერი ისევ ისეთად რჩება და ესენი სხვისი ლანძღვით კიდევ უფრო ქვეითდებიან. ბავშვებს ვურჩევ, არასდროს დაიჯერონ მათი, ვისაც არაფერი მოსწონს. სხვისი კარგი ვისაც უხარია, ის არის გამართლებული და დიდი შემოქმედი, ხოლო ვინც ლაპარაკობს: ეს ვინ არის, ის ვინ არისო? ის ხელმოცარული და ხელიდან წასულია.

სკოლაში მერხთან დაგვსვეს, ღია გაკვეთილი ჩაგვიტარეს და ნოვაციებით გაგვაოცეს, საჩუქრებიც დაგვირიგეს, ავტოგრაფებიც დაგვატოვებინეს და ბატონ გურამსა და ზურაბ ცინცქილაძეს - სკოლის საპატიო წევრებს სამკერდე ნიშნები გადასცეს, ხეებიც დაარგვევინეს. აღმოჩნდა, რომ სკოლის ორწლიანი არსებობის განმავლობაში, იუბილარი გურამ დოჩანაშვილი მეორე საპატიო სტუმარია, მანამდე მათ საქართველოს პრეზიდენტი სწვევია.

- გილოცავთ, ბატონო გურამ, სკოლის მოსწავლეც გახდით...

- ისე მომწონს აქაურობა, პირველ კლასში უნდა ჩავრჩე. მოდით, ყველანი შემომიერთდით და ჩარჩენილების კლასი გავაკეთოთ (იცინის).

გიმნაზიის შემდეგ დიალოგები არტგალერეაში გაგრძელდა. აქ ბატონ გურამს სიურპრიზად ერთ ალბომში თავმოყრილი, მისი ნაწარმოების პერსონაჟებზე შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები - ორი ზუგდიდელი მხატვრის: ჯანსუღ ჭურღულიასა და ზაზა ჯალაღონიას მიერ შესრულებული ილუსტრაციები დაახვედრეს. ბატონ გურამთან მწერლობასა და მის ცხოვრებაზე საუბარი იქაც განვაგრძეთ:

- მწერალი არ დაბადებულა ისე, თავისით, მით უფრო - მე როგორ დავიბადებოდი (იღიმის)?!. არ არსებობს მწერალი, კომპოზიტორი, მხატვარი: მწერალი არის გადამწერი, კომპოზიტორი - გადამმღერებელი, მხატვარი - გადამხატავი, მთავარი კი შენ უნდა ამოიცნო - ყველაფრის შემოქმედი. ეს ბევრს მავალებს, მით უმეტეს, რომ ახლა ვამთავრებ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ნაწარმოებს. ეს მეორე ცდა არის ჩემთვის. ერთი რომანი მაქვს ლუკას მეთხუთმეტე თავის მიხედვით, ამჯერად კი იოანე ღვთისმეტყველის სახარების მეცხრე თავით ვხელმძღვანელობ. ეს უწმინდესმა და უნეტარესმა, ჩვენი ქვეყნის ნამდვილმა წინამძღოლმა დაახლოებით 5-6 წლის წინ ჩამაგონა. მე მას ვეძახი გადასარჩენთა გადამრჩენელს. ეს მეცხრე თავი ეძღვნება დაბადებიდანვე უსინათლოს, რომელსაც მაცხოვარი თვალს აუხელს. ჩემი რომანი კი ამ ადამიანის ცხოვრების გზის გაგრძელებაა მას შემდეგ, რაც თვალი აეხილება...

ბატონი გურამი ქუდს არ იშორებდა, ქალბატონი ნათელა კი ამაზე ძალიან ბრაზობდა: - არც ქუდს იხდის, არც ფეხსაცმლის ზონარებს იკრავს, ისე დადის. ევტუშენკომ შეხვედრა რომ გამართა, მაშინ შვილები სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ირაკლი დამყავდა მაღაზიაში და მისი ზომის მიხედვით ვუყიდე კოსტიუმი, რომელიც ახლა აცვია. აბა, გურამს მაღაზიაში ხომ ვერ შეიყვან, რომ მოაზომო? ძაფით ვზომავ ხოლმე და შარვალს ან ფეხსაცმელს ისე ვყიდულობ. თან, ისე უნდა დავდო, რომ არ იფიქროს, ახალი მოტანილიაო, თორემ ფანჯრიდან ისვრის.

- ისე როგორ უნდა დადოთ?

- აი, ეგრე! იმ დღეს ჩავაცვი "ჯემპრი" და ვერ მიხვდა, ახალი ნაყიდი რომ იყო. ძველებში შევურიე. ეკლესიაში მიდიოდა და ვერ გაიაზრა, ახალი რომ იყო, ჰოდა, ჩაიცვა. რომ მეთქვა: აი, გურამ, ჯემპრი გიყიდე-მეთქი, მოისროდა.

გრძელი, დაუსრულებელი დღე იყო. კულტურის ცენტრ "ოდიშში" საინიციატივო ჯგუფის წევრებმა - ხატია ჯანაშიამ, "ოდიშის" ხელმძღვანელობამ: ნინო მაფორიამ და ნატა კემულარიამ ლამაზი საღამო და ფეიერვერკი მოუწყვეს ბატონ გურამს, შემდეგ კი ბანკეტი იყო. სუფრასთანაც აწვდიდნენ და აწვდიდნენ გადაშლილ წიგნებს ავტოგრაფებისთვისდა ისიც წერდა და წერდა. ზურაბ ცინცქილაძემ აღნიშნა: ყველა გაჩუმებულია, ბატონ გურამს წერაში ხელი არ შევუშალოთო და მხოლოდ ქალბატონი ნათელა ლაპარაკობსო. - ნათელას ქორწინებისას ხელი რომ მოვუწერე, მას მერე მაქვს ასე გავარჯიშებულიო, - სიცილით განმარტა ხელმოწერაში დაოსტატების მიზეზი ბატონმა გურამმა. ამასობაში, ქალბატონმა ნათელამაც დაასრულა მორიგი სატელეფონო საუბარი და, - ამჯერად ძმამ მოგილოცაო, - გადასცა მეუღლეს. იქვე კი, სადღესასწაულო სუფრასთან მასპინძლები ბატონ გურამისთვის თბილ და ტკბილ სიტყვებს არ იშურებდნენ.

GzaPress- თქვენ რა გგონიათ, მხოლოდ მაქებენ? - გვითხრა მწერალმა და განაგრძო: - მახსოვს, 1971 წელი იქნებოდა, ჩემი მეოთხე თუ მეხუთე წიგნი რომ გამოვიდა და საჩუქრად დავარიგე, მაგრამ ბებიაჩემის მკვიდრი დეიდაშვილი, კატუტა ბებია გამომრჩა. მაშინ იაფი იყო და იოლად ყიდულობდა ხალხი წიგნს, ამიტომ ჩემი პროზა 3 დღეში დახლებიდან გაქრა. ბებიამ დამტუქსა: შე უსინდისო, ნათესაობა შენ არ იცი და არაფერი, კაკუტა რავა გამოგრჩაო? რაღა მექნა? ერთმა კეთილმა კაცმა მირჩია, აეროპორტისკენ სამი მაღაზიაა, მესამესთან არაქართული მოსახლეობა ცხოვრობს და იქ ქართული წიგნები დიდხანს ძლებსო. არიქა, ეგებ კაკუტასთვის იქ მაინც ვიყიდო წიგნი-მეთქი და ტაქსით წავედი. ჯერ მაღაზიას ძლივს მივაკვლიე, მერე - შევედი და ახალგაზრდა გამყიდველთან ჩემი წიგნი მოვიკითხე, თუმცა, საკუთარი ვინაობა არ გამიმხელია. - იყო და გათავდაო, - მოკლედ მომიჭრა. აუ, რომ გამახსენდა ბებიაჩემი, მისი დეიდაშვილი კაკუტა და წარმოვიდგინე, რა მომელოდა, ძალიან მოვიწყინე. გამყიდველს ეს არ გამორჩენია. კეთილი ადამიანი აღმოჩნდა და მანუგეშა: რატომ მოიწყინეთ? მე ეგ წიგნი წავიკითხე და თავიდან ბოლომდე სისულელეაო. ასე რომ, ყველას დიდ მადლობას გიხდით გადაჭარბებული ქებისთვის, - გულიანი სიცილით დაასრულა თხრობა. იმწამს მორიგი წიგნი მიაწოდეს ხელმოსაწერად და აღარავის უზრუნია მწერლის სიმშვიდისთვის - სიცილი საყოველთაო მხიარულებაში გადაიზარდა.

ქალბატონი ნათელა:

- გაცნობის დღიდან ჩვენს ოჯახში ერთადერთი პრობლემა იყო - ბოთლი. ვიდრე ბუნკერი გვქონდა, პირდაპირ ვუშვებდი, ახლა კი ეზოში უნდა ჩავიტანო ხოლმე. ბოლოს "შტოფი" რომ მოიტანეს, ავაყირავე და მეშვიდე სართულიდან პირველ სართულამდე ღვინის მდინარე ჩადიოდა. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, აბა, როგორ დაწერდა 12 ტომს?

- სიყვარული როგორ აგიხსნათ?

- ერთხელ, "ზემელზე" გადამყიდველთან ნაყიდი ჰემინგუეის ტომებით უნივერსიტეტში გახარებული შევდიოდი და გურამს რომ დავუნახივარ, უფიქრია: მე მწერალი გამოვალ, ამას კი წიგნის კითხვა უყვარსო და ასე დამადგა თვალი. ნეტავ, "პუდრი" და "პომადა" ჩამედო, მაშინ ხომ ავცდებოდი ამ მშვენიერს? ამხანაგმა მაჩუქა მისი მოთხრობების წიგნი და დააყოლა: წერს და შენი აზრი აინტერესებს. ამის შემდეგ ან გააგრძელებს წერას, ან არაო. - რა უფლება მაქვს, ვინმეს განაჩენი გამოვუტანო-მეთქი? - მაგრამ მაინც წავიკითხე. წავიკითხე და მომეწონა. პირველ კურსზე ვიყავი, როცა გამიცნო. პირველ კურსზე უცხო ენების ფაკულტეტზე გერმანულის განხრით ვსწავლობდი და შილერის საღამოზე ჟანა დარკს ვთამაშობდი. ამიტომ პირველი კორპუსის ბაღში ხშირად შევრბოდი და გამოვრბოდი, ესენი კი: ზვიადი, მერაბი, გურამი, ვოვა სიხარულიძე - "ნაციხარების შაიკა" ისხდნენ და "მირევდნენ". სპექტაკლიდან ჩემი ერთი რეპლიკა რომ წამოიძახა ვოვამ, გურამმა თავში ჩაათხლიშა ხელი და გამიკვირდა, - რატომ აეწვა კუჭი-მეთქი? ასე, ნელ-ნელა დავიწყეთ ურთიერთობა. გურამის ოცნება იყო, გამხდარიყო მწერალი, ჩემი ოცნება იყო, მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა, მე ვერ შემისრულდა საწადელი, სამწუხაროდ... ქალიშვილი და ვაჟი გვეყოლა: ქეთო და გურამის პირველი წიგნი ერთად გაჩნდა - 1966 წელს, ჩვენი ვაჟის, ირაკლის დაბადება კი მის მწერალთა კავშირის წევრობას დაემთხვა, 1968 წელს.

ქალბატონმა ნათელამ მითხრა, გურამი ზუგდიდში ჩამოსვლაზე ბადრი წერედიანმა დაიყოლიაო. ბადრიმ ეს იუხერხულა: მართალია, მე დავურეკე, მაგრამ მისი სტუმრობა ყველას დამსახურებააო. ბატონი გურამი გვერდიდან არ იცილებდა მას და ბადრისაც ეტყობოდა, მწერალი მისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი რომ იყო:

- გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ლიტერატურაში გურამ დოჩანაშვილი ჩემთვის ცოცხალი სასწაულია. ბავშვობიდან მქონდა განცდა, რომ ამ ნაწარმოებების დამწერი კაცი სადღაც შორს, სხვაგან ცხოვრობდა და უბედნიერესი ვარ, ეს ადამიანი ხელშესახები რომ გახდა ჩემთვის. პირველად 2013 წელს შევხვდი, როდესაც ზუგდიდის თეატრში მისი "ხორუმი ქართული ცეკვაა" დავდგი და მოვიწვიეთ. მას შემდეგ რამდენჯერმე ვეწვიე თბილისში და ძალიან დავმეგობრდით.

ხატია ჯანაშია:

- "სამოსელმა პირველმა" ადამიანად ჩამომაყალიბა. ამიტომაც მოვიწადინე, რაღაცით მაინც გამომეხატა ჩემი მადლიერება ბატონი გურამის შემოქმედისადმი, მოვფერებოდი მას. ამიტომაც შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომ ლამაზი ზეიმი მოგვეწყო დოჩანაშვილისთვის. სამეგრელომ გულში ჩაიხუტა საყვარელი მწერალი, ამ კუთხის შვილები თანაორგანიზატორებად გვექცნენ. თითოეულის მიერ ნაყიდმა ბილეთმა ყველანი ამ დღესასწაულის თანამონაწილედ აქცია. კულტურის ცენტრ "ოდიშის" ხელმძღვანელების - ნინო მამფორიასა და ნატა კემულარიას, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორის, ბადრი წერედიანის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. აქ კეთილი, ქვეყანასა და ხელოვნებაზე შეყვარებული ხალხი ცხოვრობს და არაფერი დაიშურეს, რათა ბატონ გურამს საკადრისად გამასპინძლებოდნენ.

ზურაბ ცინცქილაძე:

- ამ დიდ მწერალს, რომელთან ერთად ყოფნის ბედნიერებაც გვერგო წილად, ასეთ შეხვედრას სხვაგან ვერსად მოუწყობდნენ. დარბაზში მჯდომს, სკოლაში თუ გალერეაში შემხვედრს, ასაკის მიუხედავად, შევატყვე, რომ კარგად იცნობდნენ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას. აქ, ზუგდიდში ვნახე საფუძველი, თესლი იმისა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო განათლდება.

ირმა ხარშილაძე