ფრაუ ვებერი და სიტყვა "ჩალიჩი" - გზაპრესი

ფრაუ ვებერი და სიტყვა "ჩალიჩი"

ერთ-ერთი ტურისტი სულ იმეორებდა სიტყვას - "ჩალიჩმაისტერ". მიკვირდა, უცხოელმა ქალბატონმა ქართული სიტყვა "ჩალიჩი" საიდან იცის-მეთქი? ბოლოს ვერ მოვითმინე და ვკითხე. განათლებით ისტორიკოსი აღმოჩნდა, ვიწრო სპეციალიზაციად კი XIX საუკუნის კავკასიის ისტორია ჰქონია. საქართველოს შესახებ ყველაფერი აინტერესებდა. ერთხელ დავუსვი შეკითხვა:

- რატომ მაინცდამაინც საქართველო?

ჩემი აზრით, ძალზე უცნაური პასუხი მივიღე: საქმე ის გახლავთ, რომ მისი წინაპრები ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოსულან თბილისში.

თუმცა, ჯობს, თავად ფრაუ ანიტა ვებერს (ასე ერქვა გერმანელ ტურისტს) მივცე სიტყვა:

- 1885 წელს სანქტ-პეტერბურგში დაისტამბა მრავალტომიანი წიგნი სახელწოდებით - "ჟივაპისნაია როსია" ("თვალწარმტაცი რუსეთი"). IX ტომის სახელწოდება იყო "კავკასია". იქ ეწერა, რომ ვაჭრობისა და უძრავი ქონების კაპიტალი კავკასიაში სომხების ხელშია, რაც კარგად ჩანს თბილისის მაგალითზე, სადაც მსხვილი საწარმოები სომხებს ეკუთვნით. XIX საუკუნის მეორე ნახევარში დიდი კაპიტალის მფლობელი გახლდათ გ. მირზოევი. მის საკუთრებაში ყოფილა ბამბეულის ყველაზე მსხვილი სართავი და საქსოვი ფაბრიკა საქართველოში, რომელიც კაპიტალიზმის განვითარების ყველა წესისა და კანონის შესაბამისად აღმოცენდა. თბილისელმა ვაჭარმა ეს ფაბრიკა 1870 წელს გახსნა. მანამდე მირზოევი დიდი ხნის განმავლობაში ვაჭრობდა ბამბეულის ქსოვილებით, საკმაოდ დიდი კაპიტალი დააგროვა და სართავი და საქსოვი საწარმო მოაწყო. ამგვარად, მან თავისი სავაჭრო კაპიტალი სამრეწველოდ გადააქცია.

ფაბრიკისთვის საჭირო ყველა მოწყობილობა მირზოევმა ინგლისიდან გამოიწერა. იქიდანვე მოიწვია სათანადო სპეციალისტებიც, მაგრამ ინგლისელები იმდენად დიდ გასამრჯელოს მოითხოვდნენ, რომ საწარმოს ეს თანხები მძიმე ტვირთად აწვებოდა და ამან მირზოევი აიძულა, ხელი აეღო "ნისლიანი ალბიონის" შვილების მოწვევაზე.

მიუხედავად ამისა, პირველ ხანებში ფაბრიკის საწარმოო საქმიანობა ცუდად არ მიდიოდა, მაგრამ შემდგომში, საბრუნავი კაპიტალის ნაკლებობისა და აგრეთვე, მუშებთან ურთიერთობის გამწვავების გამო, საწარმო არცთუ იშვიათად, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვარდებოდა. ამის შედეგად, დროდადრო წყვეტილად მუშაობდა, ზოგჯერ კი დიდი ხნითაც ჩერდებოდა. ბოლოს, 1880 წელს მირზოევი იძულებული გახდა, 6 წლის ვადით ფაბრიკა იჯარით გადაეცა ფრანგი რიშარისთვის.

იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, 1886 წელს მირზოევმა აღარ გააგრძელა რიშართან ხელშეკრულება და გადაწყვიტა, ისევ საკუთარი ძალებით გასძღოლოდა საწარმოს. მან ადგილობრივ მუშებთან მოლაპარაკება სცადა, მაგრამ მხარეები შრომისა და გასამრჯელოს პირობებზე ვერ შეუთანხმდნენ, რის გამოც იძულებული გახდა, სხვა გზას დასდგომოდა. მირზოევმა გერმანელი ფეიქრების 30 ოჯახი მოიწვია. ამ ოჯახებს შორის, ჩემი დიდი ბაბუაც აღმოჩნდა. თბილისში მათი ჩამოსვლის შემდეგ გამოირკვა, რომ მირზოევის აგენტს ისინი, ფაქტობრივად, "გაუცურებია": მუშაობის პირობები სწორად არ გაუცვნია და "უბედური მუშები აღმოჩნდნენ ძალზე სავალალო მდგომარეობაში - ულუკმაპუროდ და ღია ცის ქვეშ დარჩნენ", - აღნიშნავდა ვინმე გულიშამბაროვი წიგნში "თბილისის გუბერნიის ფაბრიკა-ქარხნების მიმოხილვა". ეს წიგნი თბილისში 1888 წელს გამოვიდა და კარგად მაქვს შესწავლილი. არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაცვენილი ეს მუშებიც კი ვერ დაითანხმა მირზოევმა თავის პირობებზე. ამიტომ, ეს მცდელობაც მარცხით დასრულდა. ვიღაც ქალაქელმა ხმა გაავრცელა: "მირზოევის ჭკუის სიმახვილემ იმდენი იჩალიჩა, რომ უსიამოვნების გარდა, ვერაფერი ნახა". ჩემს წინაპრებს ეს სიტყვა ძალიან მოსწონებიათ და ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ასე მოაღწია ჩემამდე "ჩალიჩმა" და "ჩალიჩმაისტერმა".

რაც შეეხება ჩემს თანამემამულეებს: ისინი შეუფარებია ვიღაც ქართველს, რომელიც გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის. - ავტ.) პროსპექტზე ცხოვრობდა. იმიტომაც ჩამოვედი თბილისში, რომ იქნებ რაიმე კვალს მივაგნო იმ ქართული ოჯახისა, რომელმაც ჩემი დიდი ბაბუა გადაარჩინა...

აი, ასეთი კურიოზული ამბავი შევიტყვე სიტყვა "ჩალიჩის" შესახებ, რომელიც აგერ უკვე საუკუნეზე მეტი ხანი ყოფილა, რაც "შუაგულ ევროპაშიც" კი "გაჭრილა". რაც შეეხება ფრაუ ვებერს: საქართველოთი ისიც ძალზე მოხიბლული დარჩა. თუმცა, ბაბუის კეთილისმყოფელი "გოლოვინელის" შესახებ ცნობები, სამწუხაროდ, ვერ მოიპოვა.

ვანო ტაგანაშვილი