უსამართლობასთან მებრძოლი ერთადერთი ქართველი მაშველი გოგო - გზაპრესი

უსამართლობასთან მებრძოლი ერთადერთი ქართველი მაშველი გოგო

თურმე, ცხოველებისადმი სიყვარულით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა და ალბათ, ამიტომაც გაცვალა თავისი ძირითადი პროფესია და პრესტიჟული სამსახური ამ ერთი შეხედვით, უცნაურ საქმიანობაში.

- სამაშველო სამსახურმა ვაკანსია რომ გამოაცხადა, "სივი" მეც შევავსე. თუმცა, არ ველოდი, რომ დამირეკავდნენ. 6 თვის შემდეგ გასაუბრებაზე დამიბარეს, მერე საცდელი ვადით - 2 კვირით ამიყვანეს, მოგვიანებით კი შტატშიც ჩამსვეს.

- პროფესიით ვინ ხარ?

- საბანკო-საფინანსო საქმე შევისწავლე, მერე 3 თვე "პრივატ" ბანკში ვიმუშავე, შემდეგი 6 თვე - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. დიდი ხანი ვერც ერთ სამსახურში ვერ გავძელი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებდი, "ჩემი" არ იყო და ვმუშაობდი მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავლის წყარო მქონოდა.

- იმ საქმის შესრულება, რომელსაც ახლა აკეთებ, რთული არ არის?

- რთულია, მაგრამ ხომ იცით, შეუძლებელი არაფერია. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობ და უსამართლობას ებრძვი. ბავშვობიდან მიყვარს ექსტრიმი. ცხოვრების ამ ეტაპზე ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს და ალბათ, არც მომბეზრდება... მინდა, მთელი ცხოვრება შევძლო ცხოველთა უფლებების დაცვა.

- მშობლებს შენი არჩევანი მოსწონთ?

GzaPress- ისინი ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ერევიან. ყოველთვის მაძლევდნენ არჩევანის თავისუფლებას. დამოუკიდებელი პიროვნება ვარ. როცა მათ ჩემი ახალი სამსახურის შესახებ ვუთხარი, ეს არ გაჰკვირვებიათ, პირიქით - ჩემი გადაწყვეტილება მოეწონათ, რაც ძალიან მიხარია.

- სამაშველო სამსახურში კონკრეტულად, რისი კეთება გევალება?

- ჩემი მოვალეობა გამოძახებაზე სწრაფი რეაგირებაა: ადგილზე უნდა შევისწავლოთ ვითარება და გავესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოგვიძახეს... თუ ძაღლი ან კატა აგრესიულია, ვიღაც დაკბინა ან გარშემო მყოფებს რაიმე სახის საშიშროებას უქმნის, ამ შემთხვევაში, ცხოველი თავშესაფარში გადაგვყავს, რადგან მასზე უნდა მოხდეს დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში - მკურნალობა და ა.შ. თუ აგრესიული არ არის, მაშინ ცხოველს ხელს არ ვახლებთ. ჩემი მოვალეობაა გასაჭირში მყოფი ცხოველის ნებისმიერი გზით გადარჩენა.

- ცხოველს თავშესაფარში რამდენი დღე ტოვებთ?

- დაახლოებით 10 დღე, რადგან ვიმეორებ, თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ უკეთებენ ანალიზებს, აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში უტარდებათ მკურნალობა, კასტრაცია-სტერილიზაცია, აცრები საშიშ დაავადებებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვუშვებთ ქუჩაში. მაგრამ თუ ცხოველი საშიში ხდება ადამიანებისთვის ან თუნდაც, სხვა ცხოველისთვის, მაშინ მათი ჰუმანური გზით ანუ ევთანაზიით, ყოველგვარი ტკივილის გარეშე დაძინება-ლიკვიდაცია ხდება.

- როცა პირველად წახვედი გამოძახებაზე, ალბათ, ნერვიულობდი, არა?

- არა, არ მინერვიულია. მახსოვს, პირველად კატის დასახმარებლად წავედი: მაღალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულზე, მიშენებაში იყო გადამძვრალი და იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებდით. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ცოცხალ არსებას თავისუფლებას უბრუნებ და სიცოცხლეს უნარჩუნებ.

- თანამშრომელი მამაკაცები ალბათ, ზედმეტად განებივრებენ...

- დიახ, ასეა... ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მათ მხარში დგომას ყოველთვის ვგრძნობ, ერთმანეთის იმედი გვაქვს, ასეთ გარემოში მუშაობა კი დიდი ბედნიერებაა.

- ცხოველების დასახმარებლად სპეციალური ავტომობილი გყავთ თუ ჩვეულებრივი მანქანით მიდიხართ?

- გამოძახებისას სპეციალური ავტომობილით მივდივართ, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ ცხოველი ჰუმანური წესების დაცვით გადავიყვანოთ თავშესაფარში, ყოველგვარი ტკივილისა და ტანჯვის მიუყენებლად.

- ავტომობილის მართვა იცი?

- ავტომობილის მართვა შემიძლია, მაგრამ მართვის მოწმობა არ მაქვს. ამ პრობლემას მალე მოვაგვარებ.

- რომელ საათზე იწყება შენი სამუშაო დღე?

- ჩემი სამუშაო დღე 9:30 იწყება. მაგრამ ცხრაზე უკვე სამსახურში ვართ, სმენას ვიბარებთ და სამუშაოდ ვემზადებით.

- ხშირად გიწევს სამაშველო ოპერაციაზე გასვლა?

- ჯერ მხოლოდ თვენახევარია, რაც ვმუშაობ და უკვე 5 სამაშველო ოპერაციის ჩატარება მომიხდა. ძირითადად, ფისოებს დავეხმარეთ. ბრიგადის სამივე მუშაკს დიდი წვლილი შეგვაქვს ცხოველთა სიცოცხლის გადარჩენაში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთ დროს ერთმანეთს სიცოცხლეს ვანდობთ. მოგეხსენებათ, ექსტრემალურ სიტუაციაში გვიწევს მუშაობა, სადაც აუცილებელია, მეწყვილეს ენდობოდე.

- ადამიანისგან ცხოველზე ძალადობის ფაქტს ხშირად აწყდებით?

- კი, ასეთი საშინელება ხშირად ხდება და მიხარია, რომ ამ ყველაფრის აღსაკვეთად უკვე ბევრი რამ კეთდება... სახლში ძაღლის და კატის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მინდა, ყველა მშობელს მივმართო: ბავშვები ცხოველებთან ერთად, მეგობრულ გარემოში აღზარდონ და ამით მათი ფსიქიკა სწორად განვითარდება; რაც მთავარია, არასდროს ჩაიდენენ სისასტიკეს... პირადად მე, ძაღლი ალბა და ფისო ბასია მყავს. ორივე ძალიან საყვარელია და ერთმანეთსაც არ ერჩიან. მათ სიყვარულით ვზრდი და ვუვლი. ამ ეტაპზე ახალ სახლში გადავდივართ და ცოტა ხნით, ვიდრე დავლაგდებით, ჩემი ცხოველები ბებოსთან არიან და მათ გვერდით რომ არ ვარ, ამას განვიცდი.

- მთელ სამაშველო გუნდში ერთადერთი გოგონა რომ ხარ, ამის გამო კომპლექსები არ გქონდა?

GzaPress- თქვენ წარმოიდგინეთ, არანაირი კომპლექსი არ მქონია. უხერხულ სიტუაციაში არ ჩავვარდნილვარ, პირიქით - გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს.

- პარალელურად, სამოდელო საქმიანობასაც ეწევი...

- 17 წლის ვიყავი, როცა მოდელობა ვცადე - ეს დედაჩემის დიდი სურვილი იყო, მე კი, სიმართლე გითხრათ, ამ საქმის მიმართ დიდი მონდომებით არ გამოვირჩეოდი. თუმცა, ვფიქრობ, რომ მოდელობა ჩემი მეორე პროფესიაა. ახლა "იმიჯ ცენტრთან" მაქვს კონტრაქტი გაფორმებული. თუმცა, უახლოეს მომავალში ამ სააგენტოსთან კონტრაქტის გაუქმებას ვაპირებ.

- ანუ მოდელობას თავს ანებებ?

- არა, მოდელობა ჯერ კიდევ მომწონს. უბრალოდ, ამ ეტაპზე სხვა სააგენტოსთან მინდა კონტრაქტის გაფორმება.

- როცა ადამიანები შენი საქმიანობის შესახებ იგებენ, როგორი რეაქცია აქვთ?

- ეს სამსახური იმიტომ არ ამირჩევია, რომ ამით ვინმე აღფრთოვანდეს ან პირიქით - ამის გამო განმკიცხონ. მთავარია, ჩემი საქმე მომწონს და სხვების მოსაზრება მეორეხარისხოვანია. თუ ადამიანს ჩემთან ერთად ყოფნა უნდა, ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ - ჩემი პლუსებითა და მინუსებით, ინტერესებითა თუ რაღაც ახირებებით.

- შეყვარებული ხარ?

- არა, შეყვარებული არ ვარ. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელზეც ვფიქრობ (იღიმის). გაგიმხელთ, - ეს სიმპათიებზე ბევრად მეტია. უბრალოდ, არ მიყვარს ურთიერთობისთვის რაიმე სახელის ნაჩქარევად დარქმევა.

სოფო ჭონიშვილი