რა აკავშირებს ნათია ფანჯიკიძეს წამლის მომხმარებლებთან - გზაპრესი

რა აკავშირებს ნათია ფანჯიკიძეს წამლის მომხმარებლებთან

ამ დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თუ შეხვიდოდი, ბამბუკის ტყეში აღმოჩნდებოდი, ქუჩის ხმაურს ჩიტების ჟღურტული ცვლიდა. ტყისკენ მიმავალ ბილიკზე ნაიარევი მგელი მიაბიჯებდა. იქვე ახლოს "კარცერი ლუქსი" იდგა. თუ მიუახლოვდებოდი და შიგნით შეჭვრეტას მოინდომებდი, ავტორი სინათლეს გინთებდა, ასე უფრო ლამაზიაო. საგამოფენო სივრცეში თავს წითელგულიანი საათიც იწონებდა და საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას, რომ სიყვარულს დრო არ აქვს, დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ უმტკიცებდა...

მგონი, ამ აღწერით ცოტათი დაგაბნიეთ. დაბნევაზე რა გითხრათ, მაგრამ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" მიერ ორგანიზებული გამოფენით - "მე დავბრუნდი", აღფრთოვანებული ბევრი ადამიანი დარჩა.

ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს. თითოეული "კამარელი" "მგელია", მართალია, დაჩეხილი სხეულით, მაგრამ იარები უშუშდება...

თუ იმის გათავისება არ შეგიძლია, როგორია ნარკოტიკზე დამოკიდებულთა ტკივილი, ფესვებისგან შექმნილ ნამუშევარს უნდა შეხედო. შეუძლებელია, სადღაც გულის სიღრმეში ტკივილი თავადაც არ იგრძნო და ავტორის განცდის თანაზიარი არ გახდე.

სარკის პეპელა, მოხატული ჭურჭელი, არაერთი ქანდაკება... საგამოფენო სივრცე იმდენად მრავალფეროვანია, ძალიან ძნელია, თითოეული ექსპონატის შესახებ ერთ სტატიაში ილაპარაკო. სრულად გადმოსცე ის ემოცია, რასაც ადამიანის ხელახლა დაბადების, დაბრუნების სიხარული ჰქვია.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე უკვე მეოთხე წელია, რაც ცენტრ "კამარას" ხელმძღვანელობს. ამ ხნის განმავლობაში 120-მდე ადამიანის "დაბრუნება" შეძლო.

- ყოფილი "კამარელებიდან" ზოგიერთმა ცოლი მოიყვანა, შვილები ჰყავთ, ზოგმა სამსახური იშოვა, ზოგმა ორივე ერთად მოახერხა. თითოეულის წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი ძალიან მახარებს.

- თქვენთან მოსვლის მსურველთა რიცხვი იზრდება?

GzaPress- ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ჩვენ გვექმნება: ცენტრი პატარაა და ყველა მსურველს ვერ იტევს. ხშირად მოგვმართავენ ადამიანები, რომლებიც ჯერ გამოფხიზლებულები არ არიან. მათ ვუხსნი, რომ ეს დამამთავრებელი რგოლია, რომ ჩვენთან მოსვლამდე დეტოქსი (ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა) უნდა გაიარონ. სამწუხაროდ, არ გვაქვს სტაციონარი, რომ ეს ეტაპიც ჩვენთან უმტკივნეულოდ გავატაროთ. როცა ადამიანი კარზე გიკაკუნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდები. უარის თქმა ძალიან დიდი გულისტკივილია. დეტოქსი ფასიანი, სახელმწიფო დაფინანსებით უფასო პროგრამაც არის, მაგრამ ამ პროგრამაში ჩასართავად დიდხანს ცდა უწევთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი რიგის მოსვლამდე უფრო ღრმად გადაიჩეხება ხოლმე. სახელმწიფოსგან ვითხოვ, სისტემა უფრო სიღრმისეულად დაიგეგმოს.

- ჯანდაცვის სამინისტროს სათანამშრომლოდ ხომ არ მოუმართავს?

- აზრი არასდროს უკითხავთ, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი საქმიანობისადმი სიმპათიით არიან განწყობილნი. შარშან ეკონომიკის სამინისტროსთან შუამდგომლობის წერილიც კი დაგვიწერეს, რომ რომელიმე შენობა დროებით სარგებლობაში გადმოეცათ და ქირის გადახდას გადავრჩენილიყავით. ჯერ ისევ ნაქირავებ შენობაში ვართ. გადამრჩენლად მოგვევლინა ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო". "გლობალ ფონდი" მცირედით, მაგრამ მაინც გვაფინანსებდა. ამ შედეგის მიღწევას შემოწირულობებით ვახერხებთ.

- შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებისთვის საკუთარი თავიც ერთგვარი აღმოჩენაა.

- არასდროს დამავიწყდება ჩვენი ერთი პაციენტის ნათქვამი სიტყვები. ის ბიჭი რომ მოვიდა, ძალიან მალე დააკავეს: ორგანიზმში რომელიღაც ნარკოტიკული ნივთიერების კვალი აღმოაჩნდა. 6 თვე მიუსაჯეს. ვუთხარით, 6 თვე მალე გავა, ფხიზელი გამოხვალ და ძველ მდგომარეობას ახალი ძალით შევუტიოთ-თქო. 6 თვის შემდეგ რომ გამოვიდა, ნახა, ერთი გამოფენა უკვე მოწყობილი გვქონდა. ადამიანები ცენტრში თავგამოდებით მუშაობდნენ, ბევრი რამ იყო შექმნილი და სინანულით ჩაილაპარაკა, თურმე 6 თვე რამხელა დრო ყოფილაო!.. მადლობა ჟურნალ "გზას". უკვე მეორე წელია, ამ გამოფენებზე წერთ. ჩვენს საქმიანობას თვალს ადევნებთ. ადამიანების მხარში დგომა საჭიროა. გამოფენაზე მოსული დამთვალიერებლები "კამარელებისთვის" დღესასწაულს ქმნიან.

ბეგი შარაშენიძე, "ტყისკენ მიმავალი მგელის" ავტორია. 6 თვეა, რაც "კამარელია"...

- ბოლოს ძალიან ცუდად ვიყავი. რას შეიძლება შევადარო ის მდგომარეობა? ჯოჯოხეთში ყოფნას. ამ სიტყვებში გადაჭარბებული არაფერია. ცოტაც და ალბათ იმქვეყნიურ ჯოჯოხეთშიც აღმოვჩნდებოდი. 10 წელი უაზროდ დავკარგე, ახლა მენანება ის წლები. "კამარაში" 6 თვის წინ მოვედი და გადავრჩი. ციხეში ადამიანის გამოსწორება შეუძლებელია. რამდენჯერ მიცდია, კაიფისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ვეცადე, ჩემი მდგომარეობა ამ ნამუშევარში გადმომეცა. ტყე სიცოცხლესთან ასოცირდება. წარსულის კვალი კი ამ მგელს სხეულზე ატყვია, ბევრი ჭრილობა აქვს. ახლა ტყეში შედის ანუ სიცოცხლეს უბრუნდება. იმედია, ყველა ნაიარევი მალე მოუშუშდება.

- რა ხდება მაშინ, როცა საკუთარ თავს შორდები?

- კარგი არაფერი ხდება. სარკეში იხედები და საკუთარი თავი გეზიზღება. "ერთხელ გავიკეთებ და მერე აღარ გავაგრძელებ", - მსგავსი მიდგომა სისულელეა. არ არსებობს, მეორედაც რომ არ გაიკეთო. მერე კი იმ ბნელ ტყეში ხვდები, საიდანაც გამოსასვლელ გზას ვეღარ პოულობ. სამყაროს ზურგს აქცევ და სამყაროც ზურგს გაქცევს. შეიძლება, 1-2 ადამიანი გამოგყვეს, ბოლოს ბრძოლით მაინც ყველა იღლება და არც უნდა გეწყინოს. უბრალოდ, როცა დაბრუნდები, კარგია, თუკი დაგხვდებიან. მე ამ მხრივაც გამიმართლა.

- დაბრუნების ძალა საკუთარ თავში როგორ იპოვე?

- მთავარი - გადაწყვეტილება და მონდომებაა. ისე ცუდად ვიყავი, აღარ მეგონა, თუ გადავრჩებოდი. დღეს ბედნიერი ვარ. ახლა სიბნელიდან სხვების გამოყვანას ვცდილობ და მომავალს იმედით შევყურებ. ჯერ სამსახური არ მაქვს, ბოლო 4 თვე ამ მგელზე ვიმუშავე.

ზღვის ტალღებს სანაპიროზე ნიჟარები გამოურიყავს, იქვე, "ლომკაში" მყოფი კაცი ჩამომჯდარა. ამ ნამუშევარს "ვალსი ა მინორში" ჰქვია და ინსტრუმენტზე სანოტო ხაზებზე გამოსახულ ნოტებს თუ აიღებთ, შოპენის ვალსის ხმასაც გაიგონებთ. ავტორები - ვახტანგ კურტანიძე და ლაშა ფანჯიკიძე არიან. ლაშა მოქანდაკეა, ვახო კი "კამარელებს" არტ-თერაპიას ასწავლის.

ვახო კურტანიძე:

- გახსნის პირველი დღიდან "კამარაში" ვარ. იყო დრო, როცა მეც პრობლემის წინაშე ვიდექი. ფსიქოლოგი მეგობარი მყავს. მან მითხრა, სარეაბილიტაციო ცენტრი იხსნებაო და მოვედი. ახლა განკურნებაში სხვებს ვეხმარები.

ყველა ადამიანს თავისებური მიდგომა უნდა.

გიორგი ჯიშკარიანიც "კამარელია". მის "კარცერ ლუქსსა" და "იქამდეს" დამთვალიერებლებს შორის დიდი მოწონება ხვდა.

- ბავშვობიდან ვკითხულობ. წიგნები ადამიანებს ზრდიან და სამყაროს უფერადებენ. გურამ დოჩანაშვილი გამორჩეულად მიყვარს. "კარცერი ლუქსი" ამ სიყვარულის დასტურად შევქმენი.

- "კამარაში" როგორ მოხვდი?

- დედის თხოვნით მივედი და მეორე დედასთან - ნათიასთან აღმოვჩნდი. ახლა ყველაფრისგან თავისუფალი ვარ.

- ეს დაბრუნებაა?

- ეს ხელახლა დაბადებაა. ოჯახის დანგრევა, სიბნელე, ყველაფერი, რაც საშინელებათა ფილმებში ხდება, უკვე გამოვიარე. პრობლემა 18 წლის წინ დაიწყო. მაშინ ჩემ ირგვლივ ნისლი იყო, არაფერზე ვფიქრობდი. ახლა სულ მზეა, სულ ბედნიერი ვარ. დღე არ მახსოვს, ცუდად ვყოფილიყავი. დამეხმარნენ, რომ საკუთარ თავს შევბრძოლებოდი. წარსულზე აღარ ვფიქრობ.

- მაშინაც არ გაგონდება, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები?

GzaPress- ვცდილობ, ის პერიოდი არ გავიხსენო. როგორ უნდა შევძლო, "კამარაში" მასწავლეს. თითქოს ახლიდან დავიბადე, ყოველი დღის გათენება მიხარია. ზოგიერთი ამბობს, ყოფილი წამალდამოკიდებული არ არსებობსო. როგორ არ არსებობს?! ერთ დროს მეც ვფიქრობდი, რომ სულ ისე ვიცხოვრებდი. შეუძლებელი არაფერია. მთავარია, სწორ ადგილზე მოხვდე.

- "კამარაში" მოსვლამდე დაბრუნება ალბათ არაერთხელ გიცდია.

- ბევრჯერ ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამოვიდოდი თუ არა, ისევ ჭაობში ვეშვებოდი. ამ დროს ეშმაკი გმართავს, თავის ჭკუაზე ისე დაჰყავხარ, არც კი ეწინააღმდეგები.

- დღეს რა ხდება?

- "კამარაში" 8 საათზე მივდივარ და შინ 8 საათზე ვბრუნდები. ახლობლებისგან პატივისცემას ვგრძნობ.

- ზურგი ბევრმა გაქცია?

- ყველამ იცოდა, როგორც ვიყავი. იბრძოდნენ, იბრძოდნენ და მერე იღლებოდნენ. რაღაც პერიოდის განმავლობაში ისევ მარტო ვრჩებოდი.

- რას ეტყვი ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაშიც დღესაც სიბნელეა?

- იწამონ ღმერთი და მოვიდნენ ჩვენთან.

- შენს ერთ-ერთ ნამუშევარს "იქამდე" ჰქვია ანუ "კამარაში" მოსვლამდე იგულისხმება.

- დიახ. ახსნა ცოტათი ძნელია. უნდა დაუკვირდე, რომ გაიგო. არწივი, ზარმაცი, წელმოწყვეტილი კაცი, რომელსაც ეშმაკი მიაქანებს, ეკლიანი მავთული... მოკლედ, აქ კარგი მხოლოდ არწივია, რომელიც ანგელოზივით ზემოდან დაგყურებს. ნამუშევარს თან ზარდახშა აქვს. ვისაც რა უნდა, შეუძლია დაწეროს, ზარდახშას თავი ახადოს და ჩააგდოს.

ირაკლი დიდია:

- ჩემს ცხოვრებაში პრობლემა დიდი ხნის წინ დაიწყო. სანამ ნათიასთან არ მოვედი, ვერ მოგვარდა. ყოველი მცდელობა ამაო იყო, მხოლოდ ნათიას "ჯადოქრობამ" გაჭრა. ეს დაბრუნებაა, დაბადებაა თუ რაც არის, კარგია. ახლა ფხიზლად ვარ და მუშაობა მიხარია.

- მაგიდა და სკამები, რომლებიც თქვენ დაგიმზადებიათ, ხელოვანის ნამუშევარს ჰგავს. ეს როგორ შეძელით?

- ლითონი, მინა და სმალტა გამოვიყენე. ნახევრად ძვირფასი ქვებია დატეხილი. ნამსხვრევები სათითაოდ ჩავაწებე. მთლიან ტექნოლოგიას ვერ გაგიმხელთ, საიდუმლოა. ორივე მხრიდან მინა აქვს. მომავალშიც ვაპირებ მუშაობას. 2 წელია, "კამარაში" დავდივარ. მაგიდაზე 3 თვე ვიმუშავე.

დავით სერგეენკო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი:

- მალე საბოლოო, შეჯამებული სახით წარმოვადგენთ ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის ერთიან სტრატეგიულ გეგმას, რომელიც იქნება ყოვლისმომცველი. პროექტს წარვუდგენთ საზოგადოებას, გვექნება დებატები, მოვუსმენთ ამ დარგის სპეციალისტებს და შეჯამებული სახით მივიღებთ სამოქმედო დოკუმენტს.

- რა იქნება ძირითადი გზავნილი?

- მიჭირს, ერთი ინტერვიუს ფორმატში ჩამოვაყალიბო. გექნებათ საშუალება, მონახაზის განხილვას დაესწროთ.

- უფრო ლიბერალური იქნება, ვიდრე დღეს არის?

- გადაჭრით ამის თქმაც არ იქნება მართებული. იქნება ადეკვატური. რიგ დეტალებში იქნება უფრო ლიბერალური, რიგ დეტალებში - მკაცრი.

თამუნა კვინიკაძე, ჟურნალი "გზა"