უხმოდ ახსნილი სიყვარული - გზაპრესი

უხმოდ ახსნილი სიყვარული

პროფესიით ექიმი გახლავთ. 17 წლის იყო, როცა ამირან ბატატუნაშვილი (ყრუთა კავშირის პრეზიდენტი) გაიცნო და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, ცოლად გაჰყვა. ეს არჩევანი არასდროს უნანია. ამბობს, რომ 34-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლესთან გატარებული არც ერთი დღე არ ყოფილა უინტერესო.

- 17 წლის ვიყავი, მომავალი მეუღლე რომ გავიცანი. ამირანის და ჩემი კურსელი იყო, ვმეგობრობდით. ის გვიამბობდა, რომ ჰყავდა ძალიან კარგი ძმა, რომელსაც სმენასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. თურმე, 7 წლის იყო, სმენა რომ დაკარგა და ოჯახმა ეს ამბავი რთულად გადაიტანა. იმასაც ხაზგასმით ამბობდა, რომ მისი ძმა ძალიან სიმპათიური იყო, კარგად ხატავდა... მაშინ ყრუ ადამიანი ნანახი არ მყავდა. ეს გოგო ძმაზე იმდენ დადებით რამეს ამბობდა, ეტყობოდა, რომ ამ მდგომარეობას, როგორც ტრაგედიას, არ აღიქვამდა. დედმამიშვილი ისეთი კუთხით გაგვაცნო, რომ ამირანის მიმართ პოზიტიურად განგვაწყო.

- მასთან პირველი შეხვედრა გაიხსენეთ.

GzaPress- დაბადების დღეზე ვიყავით და მეცეკვა. ძალიან სიმპათიური იყო, ვაჟკაცური და საინტერესო. სახლში რომ დავბრუნდი, იმ ღამეს ვერ დავიძინე და ვერც გავერკვიე, რა მჭირდა. მომდევნო დღეებში რამდენჯერმე გამოუარა დას სასწავლებელში, რომ შინ წაეყვანა და მეც თან გამიყოლა. გზაში ვამჩნევდი, რომ სარკეში მიყურებდა ხოლმე. ერთ დღეს მეგობარმა მითხრა, - ჩემს ძმას ძალიან მოეწონეო. ერთხელაც, როცა სახლამდე მიმიყვანა, დას სთხოვა, ცოტა ხნით მარტო დაგვტოვეო. ჩემი მეგობარი მანქანიდან გადავიდა თუ არა, მომიბრუნდა და მკითხა, - ცოლად გამომყვებიო? იმ წუთშივე დავთანხმდი.

- ეს როგორ გითხრათ?

- ლაპარაკობდა, მაგრამ თავისებურად. ბაგეებიდან ამოკითხვის მეთოდით კომუნიკაცია არ გვიჭირდა.

- თქვენ ხომ ერთმანეთს კარგად არ იცნობდით, ცოლობაზე როგორ დათანხმდით?

- არ ვიცი, მაგრამ ასე მოხდა. ხომ აღვნიშნე, რომ ძალიან მომწონდა. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა საზოგადოებრივი აზრის შესახებ, აბსოლუტურად სუფთა გულითა და გონებით მივიღე. დღემდე ვუფრთხილდები ჩემს წარსულს. მერწმუნეთ, თანაცხოვრების 34 წლის განმავლობაში ერთი დღეც კი არ მქონია უინტერესო. გვყავს 3 შვილი და შვილიშვილები. ზუსტად ვიცი, ამირანს რა მოსწონს და რა არა. ის გამუდმებით ჩემზე ზრუნავს და მეც ვუფრთხილდები. ერთმანეთს მუდმივად თავს ვაწონებთ.

- თქვენი ოჯახის წევრებმა სასიძო როგორ მიიღეს?

- ეს მტკივნეული საკითხი იყო... ჯგუფელის დაბადების დღეზე ვიყავი. ამირანი მოვიდა და ბევრი ნამცხვარი მოიტანა. ისეთი მიმზიდველი იყო, ისე ვაჟკაცურად შემოვიდა, მისით ძალიან მოვიხიბლე. იქ არ დარჩენილა. გვითხრა, - მოგაკითხავთო, - ნამცხვრები დატოვა და წავიდა. იმ საღამოს ცოლად გავყევი, მაშინვე "ცივი ომი" დაიწყო: ნათესავები, მეგობრები, პედაგოგები - ყველა ჩემი არჩევანის წინააღმდეგი გახლდათ. ჩემ გარშემო ვერავინ მიხვდა, რომ შესაძლოა, ადამიანს არ ესმოდეს, მაგრამ ის სრულფასოვანი პიროვნება იყოს.

- ქორწილი გქონდათ?

- გვქონდა და ეს ძალიან ემოციური დღე იყო. ლამაზი თეთრი კაბა მეცვა, მაგრამ ქორწილში ჩემი მშობლები, ნათესავები, ახლობლები არ იყვნენ; მხოლოდ ბიძა მოვიდა და ისიც მთელი ცერემონიის განმავლობაში ტიროდა. ყველა მირეკავდა და ერთ კითხვას მისვამდა: რატომ?

- სულ მარტო იყავით?

- მარტო, ჩუმად ვიყავი. ქორწილში დებიც არ მოვიდნენ. დედა იწვა, ცუდად იყო.

- მეგობრებმაც ვერ გაგიგეს?

GzaPress- ამ თემაზე არავინ მესაუბრებოდა... მერე, როცა ჩემმა დებმა ამირანი ახლოს გაიცნეს, ის მათთვისაც ახლობელი გახდა. ყველას აკვირვებდა, რომ კომპლექსი არ მქონდა და ამირანის პრობლემას არავისთან ვმალავდი. მეკითხებოდნენ: სიმპათიურია, ჭკვიანია, კარგად აცვია, კარგი სახლი აქვს და ყრუა? ბუნებაში ხომ იდეალური ადამიანი არ არსებობს. მისი ეს შეზღუდვა ხელს არაფერში მიშლიდა, ამ ადამიანით აღფრთოვანებული ვიყავი და დღემდე ასე ვარ. ერთ მხარეს ის იდგა, მეორე მხარეს - დანარჩენი სამყარო და მაინც, სიყვარულმა გადაძალა. მეტსაც გეტყვით, ჩემები მონდომებულები იყვნენ ერთმანეთს დავეშორებინეთ და ამის გამო უსაყვარლესი ადამიანების დანახვაც კი არ მინდოდა. მათმა დამოკიდებულებამ ჩემი გრძნობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა.

- ჟესტების ენა ადვილად ისწავლეთ?

- ბუნებრივად, თავისთავად ვისწავლე. ჩვენი კომუნიკაციის ფორმა ბაგეებიდან ამოკითხვის მეთოდი იყო, მაგრამ საქმიანი ურთიერთობისთვის ჟესტების ენის დაუფლება საჭირო გახდა და შევისწავლე. ერთი პერიოდი ეს აკრძალული იყო: თავად ვარ მომსწრე, როგორ უშლიდნენ ოჯახის წევრები ადამიანს ჟესტების ენის ათვისებას, სმენდაკარგულებთან დიდხანს ურთიერთობას, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მეტყველება საერთოდ დაავიწყდებოდა. ერთხელ, ჩვენს ოჯახში სმენადაქვეითებულმა ადამიანმა დარეკა და მთხოვა, მეუღლისთვის გადამეცა, რომ საღამოს 11 საათზე შეხვედროდა. როცა ამის შესახებ ამირანს ვუთხარი, მამამისმა მისაყვედურა: ასე გვიან როგორ შეიძლება წავიდესო? მაშინ დავფიქრდი: ამირანი ტელეფონზე თავად რომ დალაპარაკებოდა, გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებდა-მეთქი. იმ დღიდან ვცდილობდი, მისთვის სრულფასოვანი ინფორმაცია მიმეწოდებინა. დღეს გარემო მეტად ადაპტირებულია, ტელევიზიაც ადაპტირებული ხდება, მაშინ კი ხმოვანი ინფორმაციის დეფიციტი იყო.

- 3 შვილი გყავთ. როგორც ვიცი, სმენასთან დაკავშირებული პრობლემა არც ერთ მათგანს არ აქვს.

- არა, რადგან ჩემს მეუღლეს სიყრუე გენეტიკურად არ აქვს. სმენა 7 წლის ასაკში, გენტამიცინის ზედმეტი დოზის მიღების გამო დაუქვეითდა. მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ, დღესაც ხდება. შვილები ისე გავზარდეთ, მამასთან ჩვეულებრივად კონტაქტობდნენ. ყოველთვის ვეუბნებოდი: მიდით, მამას ჰკითხეთ. ერთ დღეს უფროსი გოგო სკოლიდან მოვიდა და გაკვირვებულმა მკითხა, - "დედა, მამა ყრუა?" თანატოლების ლაპარაკისთვის მოუკრავს ყური: ერთმა მეორეს უთხრა, ამის მამა ყრუაო. ეს პრობლემა გარედან დაინახა. ალბათ, თავისებურადაც განიცადა, მაგრამ მაშინ ამას არ ჩავღრმავებივარ.

- თქვენი ორგანიზაცია ბოლო პერიოდში აქტიურობით გამოირჩევა. შთამბეჭდავი იყო თქვენი ბენეფიციარების - კოკასა და ნინოს, ასევე, მოცეკვავეთა ანსამბლის გამოსვლა "ნიჭიერში".

- ჩვენი ორგანიზაცია სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე ადამიანებისთვის ყველაფერია. ვეხმარებით სოციალური პრობლემების, კულტურული ღონისძიებების, ჯანდაცვის საკითხების მოგვარებაში. მათ ხომ სხვადასხვა ინსტანციაში მისვლისას კომუნიკაციის პრობლემა აქვთ. ამიტომ პირველ რიგში, ჩვენთან მოდიან. მათ პრობლემებს ვეცნობით და შესაბამისი გამოცდილების მქონე თარჯიმანს ვურჩევთ. ზოგჯერ პრობლემა თარჯიმნის კომპეტენციას სცილდება და საქმეში პირადად ვერთვები. ამჟამად ორგანიზაციაში 2.000-მდე ადამიანია დარეგისტრირებული, რეალური ციფრი კი გაცილებით მეტია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 5.000-მდე იქნება.

- რეგიონებში რამდენი ფილიალი გაქვთ?

GzaPress- ქვეყნის მასშტაბით 9 ფილიალი გვქონდა, ახლახან დავამატეთ ერთი - საჩხერეში. საერთოდ, ასეთი ბავშვების მშობლებთან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან შვილები სკოლებში არ მიჰყავთ, ჟესტების ენაც აკრძალული იყო და ჩვენი ძალისხმევით, საგანმანათლებლო პროცესში დაინერგა. დაიწყო ჟესტური ენის აკადემიური განვითარება. სხვათა შორის, ქართული ჟესტების ენის განვითარება ჩემი მეუღლის დამსახურებაა. მას ხუმრობით, ყრუების იაკობ გოგებაშვილი შევარქვი. ილიას უნივერსიტეტთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ. ამ თვეში 4.000-სიტყვიანი ახსნა-განმარტებითი ლექსიკონი გვექნება. ქართული ენა უმდიდრესია, ზოგიერთ სიტყვას 4-5 ჟესტიც კი აქვს.

- თქვენთვის ყველაზე მწვავედ რომელი პრობლემა რჩება?

- განათლების პრობლემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან. ცუდია, რომ ადამიანს ცოდნას, ინფორმაციას თავის დროზე და მისთვის გასაგები ფორმით ვერ ვაწვდით. როგორ შეიძლება, მოზარდს გეოგრაფია ასწავლო ბაგეებიდან ამოკითხვის მეთოდით? მწვავედ დგას ფსიქოლოგის საკითხი: საქართველოში ვერ ნახავთ ფსიქოლოგს, რომელიც მათ ჟესტების ენაზე დაელაპარაკება. იმედი მაქვს, ფსიქოლოგები გადამზადდებიან და ამ ენას ისწავლიან. ეს მათთვის კომერციული ინტერესიდან გამომდინარეც, ხელსაყრელი იქნება. ნაკლები ინფორმაცია მენტალურ ჩამორჩენილობას იწვევს. სმენდაკარგული ადამიანები პატარა პრობლემის მიმართაც კი ძალიან მგრძნობიარეები არიან.

- ამ დროს როგორ იქცევით?

- მათთან კვირაში ორჯერ საინფორმაციო შეხვედრა ისედაც გვაქვს. ვისაც ფსიქოლოგი სჭირდება, მასთან პირადად ვმუშაობ. ძალიან მეხმარება ეკლესია: ჟესტურ ენაზე წირვა-ლოცვა აღევლინება, მერე მოძღვარი ქადაგებს... მიხარია, რომ არაერთი ჩვენი ბენეფიციარი დავასაქმე: ზოგიერთი მინის ფასადების მწმენდავად მუშაობს, ზოგიერთი - ბუღალტრად, ფეხსაცმლის მკერავად, დასუფთავების სამსახურში და ა.შ. არიან თვითდასაქმებულებიც. პროფესიულ სასწავლებლებში თარჯიმნები ჰყავთ. შეუძლიათ, კულინარია, კომპიუტერული ტექნოლოგიები შეისწავლონ.

- როგორც ვიცი, თქვენი მოცეკვავეების ანსამბლი საზღვარგარეთ ფესტივალზეც მიიწვიეს.

- დიახ, მიწვეულები არიან ბელორუსიაში. ფესტივალზე კოკასთან და ნინოსთან ერთად, ჩვენი მოცეკვავეების 15-კაციანი ანსამბლი გაემგზავრება. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ მსოფლიო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სმენასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ჩვენი კულტურა გავაცნოთ.

თამუნა კვინიკაძე