გიორგუნას ქალაქური თავგადასავალი - გზაპრესი

გიორგუნას ქალაქური თავგადასავალი

დაბადებისთანავე ყოფილა გოლიათი - ექვსკილოიანი ახალშობილი ძლივს დაუჭერია ხელში ბებიაქალს და მოგვიანებით იმასაც აბრალებდნენ, მოულოდნელობისგან ხელიდან გავარდნია და ამიტომაც არ არის ბიჭი მთლად ნორმალურიო...

არანორმალურობად კი იმას უთვლიან გიორგუნას, რომ სწავლა არ ინდომა და ვერაფრით გააჩერეს მასწავლებლებმა პირველკლასელი - მოშივდა თუ არა, წამოდგა და კარისკენ აიღო გეზი შუა გაკვეთილზე.

- ბებიაჩემი გალო თონიდან ამოყრიდა ცხელ-ცხელ ლობიანებს და მე აქ რას ველოდო, კუჭი კარგა ხანია, პურსა მთხოვსო! - მოიშველია თავისი ჭკუით ყველაზე საპატიო არგუმენტი.

სკოლის კარამდე მასწავლებელმა მისდია, სახლამდე - დარაჯმა, მაგრამ ვერ შეაჩერეს. არც ბებია-ბაბუის და დედ-მამის საყვედურმა თუ დარიგებამ გაჭრა:

- არ მინდა და არ წავალ სკოლაში! - განაცხადა ჯიუტად და აღარც უვლია.

ბოლოს მამამისმაც ჩაიქნია ხელი:

- მეც ტყუილად ვიარე სკოლაში რვა წელიწადი და ქვე, რა გამევიდა ამით? წიგნი მაინც ვერ ვისწავლე და თოხისა და ბარის ხმარება სკოლაში შესვლამდეც არ მეშლებოდა. გიორგუნაც ასე გეიტანს თავს - მიწაზე იმუშავებს და გლეხი კაცი იქნება...

შრომა კი მართლა არ ეზარებოდა არასოდეს, ჯანიც მოსდევდა. ერთხელ ხარი რომ ავად გაუხდათ, მეწყვილედაც კი შეება გუთანში ლაბას და მაინც დროზე მორჩა ხვნას. მიწაც უფასებდა შრომას და იმდენ მოსავალს აძლევდა, გასაყიდი სულ რჩებოდათ, განსაკუთრებით - თხილი და კაკალი. ჰოდა, ამოიდებდა ორ უზარმაზარ ტომარას აქეთ-იქით იღლიაში გიორგუნა და ისე ციმ-ციმ შეყრიდა გაჩერებული "გრუზავიკის" ძარაზე, გეგონებოდა, ბამბითაა გატენილიო. თავიდან ეშინოდათ მისი სავაჭროდ ქალაქში მარტო გაშვება: რადგან სკოლაში არ იარა და გამრავლების ტაბულა არ უსწავლია, ეგონათ, ვერც ფულს დათვლიდა და მოტყუვდებოდა, მაგრამ შეცდნენ: რომ გეთქვათ, ასი ვაშლი გაქვს და კიდევ ორმოცდაათი დაამატო, რამდენი გექნებაო? ტყუილად დაელოდებოდით პასუხს. სამაგიეროდ, ას ლარს თუ ორმოცდაათს დაამატებდი, ასორმოცდაათი რომ გეჭირებოდა ხელში, დაუფიქრებლად ხვდებოდა და ტყუილად შეეცდებოდით მის გაბრიყვებას...

...თექვსმეტი წლის იყო, პირველად სავაჭროდ ქალაქში მარტო რომ წავიდა და მას შემდეგ ისე გაიწაფა, მეზობლებიც კი ანდობდნენ თავიანთ ქონებას და სამაგიეროსაც იმდენს აბარებდნენ, სატვირთო მანქანას ქირაობდა, რომ ყველას სამყოფი ფქვილი და შაქარი ჩამოეტანა რაჭაში. მისი შემხედვარეები სულაც აღარ აძალებდნენ შვილებს სკოლაში სიარულს: ვინც ისწავლა და დიპლომი ეიღო, შიმშილითა და უმუშევრობით კვდება, გიორგუნას "შტერს" ვეძახდით და საბოლოოდ ყველას აჯობაო და აღარც მასწავლებლების ერიდებოდათ, სასოწარკვეთილები რომ იხვეწებოდნენ: გამოუშვით შვილები, თორემ დაგვიხურავს სკოლას ისედაც შარზე მყოფი განათლების სამინისტროო...

...შარშან შემოდგომაზეც დატვირთული გაუშვეს გიორგუნა ქალაქში და გვიანობამდე ელოდნენ მის დაბრუნებას სანახშოზე (რაჭაში ასე ეძახიან "ბირჟას"), მაგრამ არა და არ დაადგა საშველი მის გამოჩენას...

აფორიაქდა ოჯახი და სოფელი:

- დევიღუპეთ და გაქურდეს ვითომ?! - ავიშვიშდა ალიკუნა-მსუქანა.

- ავარია ხომ არ მოუვიდა და ხომ არ გედეიჩეხა რიონში, მეისპობოდა ფქვილი და შაქარი! - წამოროშა "მოკლე" ფრიდონიკამ და ძველი გაზის ბალონივით იფეთქა კოწიამ, გიორგუნას მამამ:

- ფქვილსა და შაქარს ჩივით, თქვე ოჯახქორებო, ბოში დავკარქე?!.

...იმ ღამეს სოფელში არავის უძინია - არ იცოდნენ, რა ქვისთვის ეხეთქებინათ თავები და ვისთან ეძებნათ დაკარგული?!

მეორე დღეს პოლიციელი თემურიკას მეთაურობით გადაწყვიტეს ქალაქში წასვლა: ან მკვდარს ვიპოვით და ან - ცოცხალს, წყალივით ხომ არ აორთქლდებოდაო? მაგრამ ამბროლაურსაც არ იყვნენ გაცილებული, ტომრებით დატვირთული მანქანა რომ შემოხვდათ. მძღოლს გვერდით გიორგუნა უჯდა:

- ქალაქში გავათიე ღამე, რა უნდა მომსვლოდა?! - იქით უსაყვედურა მაძებრებს.

გადაირია მამამისი:

- ნათესავი ჩვენ არ გვყავს იმ ქალაქში და მოყვარე, ღამე ვისთან და რატომ უნდა დარჩენილიყავი? დაგერეკა მაინც, დედაშენი თავის დასახრჩობად გარბოდა, ახლაც დარაჯობენ ქალები...

...თავიდან არ უნდოდა გიორგუნას სიმართლის თქმა, მაგრამ არ მოეშვნენ და გაამხილა:

- ჩევედი თუ არა ქალაქში, დემესიენ ვაჭრები და უცებ გამიცალენ ხელი. ადრე იყო და ქალაქში გავლა მევინდომე, - თვალს წყალს დავალევინებ-თქვა და არ გამიჩერა ვინცხა ქალმა გაზიზინებული ჯიპი ფეხებთან? - წამოდი ჩემთანო...

ყანა რომ არ ექნებოდა გასამარგლი, ქვე მივხვდი, მარა... ალბათ სხვა საქმეა და რავა ვერ შევძლებ, ზედმეტი შემოსავალი ვის აწყენს-თქვა, ვიფიქრე და წავყევი. მზად ვიყავი ცხრასართულიანი სახლიც დემენგრია საღამომდე, თუ ინდომებდა. იმან კიდო... - დაიმორცხვა გიორგუნამ და მიწას დააშტერდა...

- რაიო?! - დაიგმინეს "გამოცდილებმა". მიხვდნენ, რა სამუშაოც დაავალა იმ ქალმა მთასავით ბიჭს.

- მოკლედ, დილამდე არც თავად დეიძინა და არც მე დამაძინა... გუთანში რომ შევები ხართან ერთად, მაშინ არ დავღლილვარ ასე... დილით კი ეს ჩამიკუჭა ჯიბეში, ა! - დაანახა ყველას იმ ქალის სავიზიტო ბარათი - მისამართითა და ტელეფონის ნომრით: - ბოლოს ისიც მითხრა, ოღონდ ხანდახან ჩემთან მოდი ხოლმე და მე ვიცი შენი პატივისცემაო... - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა გიორგუნა, მაგრამ გაცეცხლებულმა კოწიამ სავიზიტო ბარათი ხელიდან გამოგლიჯა, ნაკუწებად აქცია და ღელეში გადაუძახა, წყალს გაატანა: შენი ფეხი არ ვნახო აწი ქალაქშიო!

...გიორგუნას ისე უბრწყინავდა თვალები და ისე აცმაცუნებდა ტუჩებს რძემოწყურებული ჩვილივით, მეეჭვება, კოწიას მუქარამ მოაშლევინოს ქალაქში სიარული.

ინგა ჯაყელი