თვითმკველობას გადარჩენილი მოზარდები - გზაპრესი

თვითმკველობას გადარჩენილი მოზარდები

ბავშვებმა საკუთარ განცდებზე მიამბეს და აღნიშნეს, რომ თვითმკვლელობაზე თავადაც არაერთხელ უფიქრიათ, სხვადასხვა მიზეზის გამო.

კახო, 17 წლის:

- არ ვიცი, ამ ყველაფრის თქვენთვის მოყოლა ღირს თუ არა, მაგრამ იქნებ, ჩემმა ნაამბობმა ერთი ჩემი თანატოლი მაინც გადაარჩინოს. ჩემს თაობას თვითმკვლელობის სურვილი თითქოს, გამძაფრებულად აქვს. პირადად მე, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა ამაზე სერიოზულად დავფიქრდი, მიზეზი კი ხან ის იყო, რომ მამა მეჩხუბა, ხანაც ის, რომ კლასელ ბიჭთან ჩხუბი მომიხდა, სასურველ გოგოს არ მოვწონდი... როგორც უფროსები ამბობენ, მიზეზი არ დაილევა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ საკუთარი თავი გამოვიჭირე, გაბრაზებულს სიკვდილზე ფიქრი მსიამოვნებდა, ეს შვებას მგვრიდა.

- და რა იყო სასიამოვნო სიკვდილზე ფიქრში - შეგიძლია, ამიხსნა?

- მსიამოვნებდა იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაიტანჯებოდა ჩემი სიკვდილის შემდეგ ის ადამიანი, ვინც გამაბრაზა; ახალგაზრდას ყველა ცხარე ცრემლით დამიტირებდა და ვფიქრობდი, რომ ჩემი სახელი დიდხანს დარჩებოდა ამქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, ვიდრე ჩემი ერთი ნაცნობი მაინც იქნებოდა ცოცხალი... მაგალითად, თვითმკვლელობაზე დავფიქრდი მაშინ, როცა ჩემმა შეყვარებულმა არჩევანი სხვა ბიჭზე გააკეთა. ძალიან განვიცადე, სხვაში რომ გამცვალეს და ლამის "ტანსაცმლიდან ამოვვარდი", სახლში გავიქეცი, ბებოს წამლები ავიღე... უნდა დამელია, მაგრამ იმაზე ფიქრში გავერთე, ჩემი სიკვდილის შემდეგ როგორ დაიტანჯებოდა ჩემი რჩეული, როგორ იტირებდა, მერე ჩემს წარმოდგენაში, იმ ბიჭს მიატოვებდა, ვის გამოც ზურგი მაქცია, მერე სინდისი აღარ მისცემდა სხვაზე გათხოვების უფლებას და მე, მართალია უკვე მკვდარი, მაგრამ მაინც, მისთვის დაუვიწყარი ადამიანი გავხდებოდი. ჰოდა, ამ ფიქრებით რომ ვტკებობოდი, წამლების დალევა დამავიწყდა (იცინის)...

GzaPressთუმცა, ერთხელ მართლა დავლიე ბებოს წნევის წამლები და ეს მამამ შენიშნა. ცხადია, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, მაშინვე მანქანაში ჩამტენეს და საავადმყოფში წამიყვანეს, ექიმებმა გადამარჩინეს. მაშინ სწორედ მამაზე გახლდით გაბრაზებული და მეგონა, ვძულდი. რადგან ბევრ რამეში მზღუდავდა, ვფიქრობდი, - არ მენდობა-მეთქი... ძმაკაცები სამდღიან ექსკურსიაზე აპირებდნენ წასვლას, მე კი მამამ უფლება არ მომცა, მათ გვერდით ვყოფილიყავი. - უფროსი თუ არავინ მოგყვებათ, ვერ გაგიშვებო, - გამომიცხადა. ძმაკაცებმა ეს რომ გაიგეს, დამცინეს: გოგოსავით გიფრთხილდებიანო. ეს ყველაფერი ვერ ავიტანე.

- ბოლოს როდის დაფიქრდი იმაზე, რომ შენი სიკვდილი კარგი იქნებოდა სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად?

- ბოლოს სიკვდილი დაახლოებით 2 წლის წინ მინდოდა ანუ მაშინ, როცა წამლებნაყლაპი ექიმებმა გადამარჩინეს. მერე მათვე ურჩიეს ჩემს მშობლებს: ეს ბავშვი ფსიქოლოგთან მიიყვანეთო. ფსიქოლოგი ძალიან დიდხანს მელაპარაკა და ბოლოს, მას ყველაფერი ისევე გულახდილად ვუამბე, როგორც ახლა თქვენ გიყვებთ. მკურნალობის სრული კურსი გავიარე და ვფიქრობ, პრობლემა უკვე დაძლეულია.

იცით, ფსიქოლოგთან რომ დავდიოდი, მეგობრებთან ამასაც ვმალავ. არ მინდა, ამის გამოც დამცინონ, არადა, ეს გარდაუვალია: საზოგადოების დიდ ნაწილს ხომ ფსიქოლოგია და ფსიქიტრია ერთი და იგივე ჰგონია და შესაძლოა, გიჟად ჩამთვალონ... მგონი, გადავლახე "საშიში პერიოდი" და ფსიქოლოგის დახმარების წყალობით, ცხოვრება ისე შემიყვარდა, რომ ახლა სიკვდილზე ფიქრს მივიჩნევ ყველაზე დიდ სისულელედ.

- დაბოლოს, თანატოლებს რას ურჩევ?

- მათ არაფერს ვურჩევ, უბრალოდ, ვთხოვ: თუ საკუთარ თავს შეატყობთ, რომ სიკვდილზე ხშირად გეფიქრებათ, აუცილებლად სთხოვეთ დახმარება მშობლებს, ფსიქოლოგს. სპეციალისტი აუცილებად დაგეხმარებათ პრობლემის დაძლევაში. მერწმუნეთ, სიცოცხლეზე უკეთესი არაფერია და უფლისგან ბოძებული საჩუქრის დათმობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გავამწაროთ, ნამდვილად არ ღირს. ხომ გაგიგონიათ, რომ ამბობენ: ყველაფერ ცუდს მოსდევს კარგი.

ცირა, 19 წლის:

- იცით, მეც ხშირად ვიყავი კლასელების დაცინვის ობიექტი, რადგან ისე კარგად არ მეცვა, როგორც მათ, ისე კარგად ვერ ვსწავლობდი, როგორც სხვები, ჩემი ოჯახი მატერიალურად ისე არ იყო წელში გამართული, რომ მეამაყა და ა.შ. გარეგნობითაც დიდად არასდროს ვბრწყინავდი. ჰოდა, ამდენი დაცინვის ფონზე, მეც არაერთხელ მიფიქრია თავის მოკვლაზე. გამუდმებით დაბოღმილ-ჩაფიქრებული დავდიოდი. მერე კიდევ უფრო ცუდად ჩაცმა დავიწყე, რადგან მეგონა, ასე ყველასთვის შეუმჩნეველი გავხდებოდი, მაგრამ რაც უნდა გამეკეთებინა, ჩემთვის ყველაფერი ცუდად მთავრდებოდა. ოჯახში ჩემს სადარდებელს ვერ ამჩნევდნენ. დედ-მამისგან სითბო არ მაკლდა, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი. მათგან მეტს ვითხოვდი, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ვამბობდი. ჰოდა, ერთხელაც გულში დაგროვილმა ბოღმამ ამოხეთქა და თავის ჩამოხრჩობა ვცადე: არაფერი გამომივიდა, რადგან ჯერ იყო და ჭაღზე თოკი ვერ დავამაგრე, მერე კედელზე მივაჭედე უზარმაზარი ლურსმანი, მაგრამ მასზე ჩამოკიდებული თოკი ამ საქმისთვის არ გამოდგა. მოკლედ, ბევრი ვიწვალე, უშედეგოდ. ბოლოს ისე დავიღალე ამ მცდელობებისგან, რომ ხელი ჩავიქნიე, ეს საქმე სხვა დროისთვის გადავდე.

- არავისთან მეგობრობდი, სატკივარის გამზიარებელი არავინ გყავდა?

- არა, მეგობარი არ მყავდა ძალიან დიდხანს. არავის უნდოდა ჩემთან დალაპარაკება და მეც ყველას გავურბოდი; ამით თითქოს, ზედმეტ დაცინვას ვარიდებდი თავს. იმ თაგვივით ვიყავი, ერთი სული რომ აქვს, სოროში შევარდეს.

- როდის მიხვდი, რომ სიკვდილზე ფიქრი უაზრობაა, რომ სიცოცხლეს არაფერი ჯობია?

- ერთხელაც, ეკლესიაში მივედი. კუთხეში მდგომი მღვდელმა შემამჩნია და მკითხა: რამე ხომ არ გიჭირსო? - არა-მეთქი, - გავბედე და შევხედე. ამ კაცის თვალებში იმდენი სითბო დავინახე, რომ იმ დღის მერე მოსვენება დავკარგე, მასთან მისვლა და გულის გადაშლა მომინდა. ბოლოს, ძალა მოვიკრიბე და ტაძარში მის სანახავად მივედი, რაც მაწუხებდა, ყველაფერი ვუამბე. მან მშვიდად მომისმინა, დამლოცა და მითხრა: ხვალ ამა და ამ დროს, ეკლესიაში მოდიო. მეორე დღეს ძალიან თბილად მიმიღო, ვიღაც ქალი გამაცნო. გვითხრა, დაილაპარაკეთო და დაგვტოვა. თავიდან იმ ქალს არ ველაპარაკებოდი, მაგრამ დედაშვილურად რომ მომეფერე, თბილი სიტყვები მითხრა და კომპლიმენტიც დააყოლა, - რა ლამაზი თვალები გაქვსო, ამაკანკალა. ასეთი სიტყვები ადრე არავისგან მქონდა მოსმენილი. ავტირდი. იმ ქალმა გულში ჩამიკრა. ჰოდა, მეც ამოვხეთქე, ყველაფერი სლუკუნ-სლუკუნით ვუამბე... მასთან ლაპარაკისას თითქოს, შვება ვიგრძენი და მას მერე ამ შესანიშნავ ქალბატონთან ვმეგობრობ. ის მამაოს მეუღლე ყოფილა და ისინი როგორც საკუთარ შვილზე, ჩემზეც ზრუნავენ. მათი წყალობით გამოვიხედე თვალებიდან და შევნიშნე, რომ მეც ლამაზი ვარ. თურმე, გარეგნობა და ჩაცმულობა კი არ არის მთავარი, არამედ შენი შინაგანი მდგომარეობა, განწყობა. ამას რომ მივხვდი, მას მერე ჩემი დაცინვის უფლებასაც არავის ვაძლევ. კლასელები გაკვირვებული არიან ჩემში მომხდარი ცვლილებით და დღეს, როცა ქუჩაში შემთხვევით მნახულობენ, გაოცებას ვერ ფარავენ, - ასე როგორ შეიცვალაო? მშობლებიც გაოცებული არიან ჩემი გარდასახვით და რაც მთავარია, მეგობრები გავიჩინე, მრევლიდან.

- უკვე სტუდენტი ხარ, არა?

GzaPress- დიახ, სტუდენტი ვარ, უფლის წყალობით. მიზანი უკვე დავისახე: ისეთ მოზარდებს უნდა დავეხმარო, რომლებიც საზოგადოებისგან უარყოფილები არიან, რომლებსაც ჩაგრავენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ა.შ. იმედია, მიზანს მივაღწევ და როგორც ერთ დროს მე გადამარჩინეს სიკვდილს, მეც ასევე გადავარჩენ არაერთ მოზარდს. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა. მადლობა თქვენ, ამის საშუალება რომ მომეცით... და კიდევ ერთი რამ: საზოგადოებას ვთხოვ, როცა სხვას დასცინიან და ამას ხედავთ, დაჩაგრულს მხარში ამოუდექით. ნუ შეეცდებით, ისედაც წიხლდაჭერილისკენ ერთი მუჭა ლაფი თავადაც ისროლოთ. ნუ უბიძგებთ ადამიანებს სიკვდილისკენ, თქვენ ამის უფლება არ გაქვთ!

სიცოცხლეს გაუმარჯოს!

მარიტა, 16 წლის:

- იცით, რამდენჯერმე მეც მინდოდა, სიცოცხლე დამესრულებინა და ჩემი ფიქრები თავადვე მაშინებდა. მერე მეგობრის დედას გამოვუტყდი ამ ამბავში, რომელმაც თურმე, ჩემს მშობლებს უამბო ყველაფერი და სთხოვა, მარიტა ფსიქოლოგთან მიიყვანეთ, ოღონდ - ჩემზე არაფერი უთხრათ. არ მინდა, მისი ნდობა დავკარგო, რადგან ძალიან მიყვარსო. მშობლებმა ფსიქოლოგთან კი არ მიმიყვანეს, იმავე დღეს მომიწყვეს დაკითხვა: რა გაქვს სადარდებელი? რატომ ფიქრობ სიკვდილზე? ვინმე ხომ არ გიყვარსო და ა.შ. როგორც იტყვიან, წიხლით ზედ შემდგნენ. ბოლოს კი ამ "სისულელეზე" ფიქრი ამიკრძალეს (იცინის). მთელი კვირა დაბოღმილი დავდიოდი, მეგობრის დედაზე ძალიან ვბრაზობდი, - გული გადავუშალე, ვენდე, მან კი მიღალატა-მეთქი და ამის გამო დაქალსაც ვაწყენინე. ჰოდა, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ყველასთვის მესწავლებინა ჭკუა. ამ მიზნით სამზარეულოდან გამოვიტანე დანა და ვენები გადავიჭერი. მაშინ ოთახში მეზობელმა გოგონამ, ჩემმა თანატოლმა შემომისწრო და მისმა კივილმა შეძრა მთელი სამეზობლო. ცხადია, გადამარჩინეს და იმ გოგოზეც დავიბოღმე, - რაღა იმ დროს შემოვიდა, როცა ჩემს ოთახში მისი ადგილი არ იყო-მეთქი?! გარკვეული პერიოდი "კარგი გოგოს" როლს ვთამაშობდი და მერე, როცა სიტუაცია გაიჩითა, ისევ ვცადე თვითმკვლელობა. თუმცა, ამჯერად მამას ძმაკაცმა გადამარჩინა. ჰოდა, მერე კი შეშფოთდნენ ჩემი მშობლები, იკადრეს და მიმაბრძანეს ფსიქოლოგთან (ცხადია, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ). ექიმს თავიდან ყველაფერს ვუპროტესტებდი: არაფრის მოყოლას არ ვაპირებ, ახლავე წამიყვანეთ სახლში-მეთქი. იმ ქალმა მოახერხა და დროთა განმავლობაში რაღაცნაირად, დამიმეგობრდა. საკუთარი ცხოვრებიდან რეალური თუ მოგონილი არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე ამბავს მომიყვა. მიპოვა სუსტი წერტილი და ამალაპარაკა. წამლებიც მასვეს, ლაპარაკითაც "მბურღავდნენ" და მგონი, ჭკუაზე მომიყვანეს.

- რას გულისხმობ?

- უკვე ვიცი, რომ ჩემი სიკვდილით სხვას ვერ გავაუბედურებ და შურისძიების ასეთ ფორმას აზრი არ აქვს. კი, შეიძლება ჩემი გარდაცვალების გამო ვიღაცამ თავი ცუდად იგრძნოს, დიდხანს იდადოს, მაგრამ დრო ყველაფერს წაშლის - მათ შორის, ჩემს სახელსაც. ჩემზე რამდენიმე წელი იფიქრებენ და მერე ისე გააგრძელებენ ცხოვრებას, თითქოს მათ გვერდით არც არასდროს ვყოფილვარ. თანაც, მივხვდი, სიცოცხლე კარგი რამ არის და მასზე უარის თქმა არ ღირს. ახლა, როცა ეს ყველაფერი კარგად გავაცნობიერე, მეგობრის დედის, მეზობელი გოგონას და მამას ძმაკაცის მადლიერი ვარ იმისთვის, რომ სიკვდილს გამომგლიჯეს ხელიდან. ცხოვრების სიყვარული რომ ვისწავლე, ამაში მათი წვლილიც არის. წარმოიდგინეთ, მეგობრის დედამ ბოდიშიც კი მომიხადა: ვალდებული ვიყავი, შენი მშობლებისთვის ეს ამბავი მეთქვა. მაპატიე, შენი ნდობა რომ ვერ გავამართლე, მაგრამ ჩემი მხრიდან ამ ამბის დამალვაც არ იქნებოდა სწორიო. მართლიც არის: საკუთარი თავისთვის რამე რომ დამეშავებინა, ეს ქალი მთელი ცხოვრება ვერ მოინელებდა ამას. მინდა, ყველას დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ! მერწმუნეთ, ყველა ამქვეყნიური პრობლემა მოგვარებადია. დაგცინიან? - შეუტიე! არ გენდობიან? - შეეცადე და მოიპოვე ნდობა. მიზანს ვერ აღწევ? - შრომა არ დაგეზაროს და თუ საჭირო იქნება, დამხარებაც ითხოვე, ამაში სამარცხვინო არაფერია. ქართველებო, ყველანი მიყვარხართ და გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ლიკა ქაჯაია