ხილული სასწაული, რომელიც ერთი ქართველის სიზმარს მოჰყვა... - გზაპრესი

ხილული სასწაული, რომელიც ერთი ქართველის სიზმარს მოჰყვა...

მართლა რა არ დაიტია ერთმა წელიწადმა და ყველაფერს რაღაც საოცარი მადლი დაჰყვებოდა: ერთხელაც, ადამიანს სიზმრად ივერიის ღვთისმშობელი გამოეცხადა, რამაც შემდგომ ორი პიროვნების - ზურა შიოშვილისა და გიორგი ჭოლოკავას ცხოვრება სრულად შეცვალა, - ისინი ივერიის ღვთისმშობლის დედოფლად წოდებული ხატის მცველები გახდნენ, რომლის ორიგინალი ათონის ივერთა მონასტერშია დაბრძანებული...

ზურა შიოშვილი, რეჟისორი:

GzaPress- ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონზეა დაბრძანებული, ჩემთან სიზმარში მობრძანდა და იმის მერე მოვლენები თანდათან, თავისით, ეტაპობრივად ისე დალაგდა და იქამდე მივედით, რომ ხატი აქ დაწერილიყო... როდესაც ეკურთხა და სამების ტაძრის ეზოში პირველად გამობრძანდა, მაშინვე უამრავი მორწმუნის ყურადღება მიიქცია, რომლებიც იმ წუთებში იქ იმყოფებოდნენ. რომ გადავხედე, მათ შორის უამრავი დავრდომილი და შეჭირვებული ადამიანიც იყო, რომლებიც დიდი სიხარულით შემოგვეგებნენ, გვთხოვეს ხატთან მიახლება და თაყვანისცემა. მაშინვე მივხვდით, რომ ჩვენი ხატი ადამიანების დიდი შემწე იქნებოდა. შემდეგ ის სვეტიცხოველში წავაბრძანეთ, სამთავროს მონასტერიც მოიარა. თავიდან მას ასეთი შეძახილით შეხვდნენ: "დედოფალი მობრძანდება!" და მას შემდეგომ ასეც დაერქავა - "დედოფალი". სხვათა შორის, როდესაც უკვე ათონზე გავემგზავრეთ, მას ათონელმა ბერებმაც ასევე უწოდეს.

- ათონის სავანეში ამ ხატით გამგზავრება როგორ მოახერხეთ?

- ცნობილია, რომ იქ გამგზავრება იოლი არ არის, საბერძნეთის ვიზაა საჭირო. ამასთან, ათონის მთის სპეციალური ვიზაც. მოგეხსენებათ, ის ბერთა რესბუბლიკაა, თავისი ტერიტორიით, მკაცრად განსაზღვრული კანონებით, პოლიციით, მაგრამ ღვთის ნებით, ყველაფერი ისე აეწყო და მოეწყო, რომ წავედით. ასევე ვგრძნობდით, რომ რაღაც მისიასთან გაქვს საქმე, რომ ხატი იქ სწორედ ჩვენ უნდა წაგვებრძანებინა. მოკლედ, ყველა გზა იხსნებოდა, ყოველგვარი პრობლემა ამ გზაზე, ძალისხმევის გარეშე გვარდებოდა, რის შემდეგაც მივხვდით, რომ ჩვენი ღვთისმშობელი უნდა შეხვედროდა ათონზე დედა ხატს...

მოკლედ, 2014 წლის სექტემბრის ბოლოს გავემგზავრეთ, არადა, ყველაფერი 7 აპრილს, შარშან, ხარების დღესასწაულზე დაიწყო და ერთ წელიწადში საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს მთელი ერი უკვე ამ ხატზე ლოცულობს, ვინაიდან უწმინდესის კურთხევით, ამ დღეებში სამების საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. მორწმუნეები და მომლოცველები მიდიოდნენ და პარაკლისსა და დაუჯდომელ ლოცვას კითხულობდნენ, ევედრებოდნენ...

- ე.ი. ამ შედეგამდე სიზმარმა მიგიყვანათ...

- დიახ, ყველაფერი სიზმრითა თუ გამოცხადებით დაიწყო. ღვთისმშობელმა თითქოს თავად გამოამჟღავნა სურვილი, რომ ეს ყველაფერი ასე მომხდარიყო და განვითარებულიყო. მისმა განუზომელმა მადლმა და ძალამ მოახდინა სასწაული! თითქოს ჩვენი იქ გამგზავრება ჩვენი ნების გარეშე იყო გადაწყვეტილი. საელჩოშიც დოკუმენტების მომზადებისას, არანაირი დაბრკოლება არ შეგვქმნია. ყველაფერი თავისით მოგვარდა. ადვილად მივიღეთ ათონის ვიზა, რომელსაც დიომონიტირიონი ჰქვია. ოღონდ, ის ყველასთვის ოთხდღიანია და თუ სტუმარს რაღაც მიზეზით მისი გახანგრძლივება დასჭირდება, მონასტრის წინამძრვრის კურთხევით წყდება.

- როგორ დაიწყო თქვენი მისია ათონის მთაზე?

- თავდაპირველად ვატოპედის მონასტერში ჩავედით, საიდანაც მიწვევა გვქონდა. კელიაში მოგვათავსეს. ისეთი დრო იყო, რომ ლოცვა იწყებოდა. მთავარ ტაძარს კათოლიკონი ჰქვია და როდესაც იქ ლოცვა იწყება, სამეუფო ზარს კი არა, ხის ძელზე ხის ჩაქუჩს ურტყამენ იმავე ჟღერადობით, როგორც ჩვენთან ზარი ირეკება. ადამიანს მხარზე აქვს ძელი გადებული და წრეს ურტყამს ტაძრის ეზოს, რომ ყველამ გაიგონოს. ასე იქცეოდნენ პირველი ქრისტიანები მაშინ, როცა ქრისტიანობა იდევნებოდა, მორწმუნეები რომ მიეხვედრებინათ და ლოცვაზე მოეხმოთ. ძველი ტრადიციაა. მოკლედ, როდესაც ლოცვაზე გვიხმეს, იქ ჩვენი ხატი ჩავაბრძანეთ. ნამდვილად თავლში საცემი იყო ბერების აღელვება. თან, ყურადღებით გვაკვირდებოდნენ, ვინ ვიყავით, რომელთაც ხელში ივერიის ღვთისმშობლის ხატი გვეპყრა, ვინაიდან მათთვის ის სათაყვანებელია. შესაბამისად მათთვის დედოფალია, გერონდისას უწოდებენ და მის მიმართ საოცარ სიფრთხილესა და პატივისცემას იჩენენ. ამიტომ, მოკრძალებით მოდიოდნენ და კითხულობდნენ, საიდან ვიყავით ჩასულები. როდესაც იგებდნენ, რომ საქართველოდან გახლდით, უხაროდათ. გვეუბნებოდნენ, რომ - თქვენ ქართველები ნამდვილი მართლმადიდებლები ხართო. მოკლედ, პირველად ასე შეიმოსა ჩვენი ხატი ათონური მადლით. იმ მონასტერში უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის სარტყელი ინახება, რომელიც თავად ღვთისმშობელმა გადასცა მოციქულებს. პანტანასას ღვთისმშბლის ხატი და კიდევ ბევრი სასწაულმოქმედი ხატია...

GzaPressმიუხედვად იმისა, რომ 4-დღიანი ვიზა გვქონდა, ისევ ამ ხატის აღვლენილი საოცრებით, მე-11 დღეს წამოვედით. ეს იქ საკმაოდ დიდ ვადად მიიჩნევა, რადგანაც საკმაოდ რთულია ათონზე ცხოვრება.

- გაგიჭირდათ?

- არა, რას ამბობთ? უბრალოდ თბილისში უამრავი საქმე გვქონდა, თორემ სურვილი გვქონდა, რომ უფრო მეტხანსაც დავრჩენილიყავით...

- ათონის მთაზე ქალებს არ უშვებენ. მოდი, ამ თემაზეც ვისაუბროთ...

- იქაურობასთან ქალის მიახლება აკრძალულია. გემი, რომელშიც ქალბატონი ზის, იმ კუნძულთან 500 მეტრზე მეტად ვერ უახლოვდება. ათონი ღვთისმშობლის სავანეა და ერთადერთი ქალი, რომელსაც იქ ფეხი დაუდგამს, ეს ღვთისმშობელია! ისტორიას ერთადერთი ასეთი შემთხვევა ახსოვს - ათონზე ბიზანტიის პრინცესა ჩაბრძანებულა, რომ ის ტერიტორია მოენახულებინა. საკუთარ მამულებად მიიჩნევდა. ვატოპედის მონასტერში დღესაც კიდია ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მის დანახვაზე ამეტყველებულა და უკითხვას: - აქ რატომ მოხვედი? მე დედოფალი ვარ! - მიუგია პრინცესას. ერთადერთი დედოფალი ათონზე მე ვარ და ურჩევია, აქაურობას გაეცალეო. მას მერე, იმ სავანეში ქალს ფეხი აღარ დაუდგამს.

- ათონზე ბევრი მონასტერია, ყველას დათვლიერება-მოლოცვა შეძელით?

- იქ ყველაფერი დროშია გაწერილი და დათვალიერების თვალსაზრისითაც ამიტომ გარკვეული სირთულე იქმნება. სულ 20 მონასტერია და თითოეულს მიღების თავისი წესი აქვს. არის კიდევ სკიტები (სამლოცველოები), მათ წარმომადგენელი არ ჰყავთ პროტატში... ზოგ მონასტერში 50 ბერია, ზოგან - ნაკლები და 200-ზე მეტიც. არის კიდევ ცალკე კელიები. ჯამში საკმაოდ მძლავრი რესპუბლიკაა. საოცრად მოწესრიგებული. მონასტრებში შესვლას, როგორც ვთქვი, თავისი განსაზღვრული დრო აქვს და ამისთვის დადის ტრანსპორტი. რომ მიგიყვანს, წამოსაყვანად აღარ მოვა, თავად უნდა იფიქრო, იქიდან წამოსვლაზე. მონასტრიდან მონასტერში ვერ წახვალ, უნდა დაბრუნდე დედაქალაქში. მოკლედ, სირთულეები არის...

- თქვენი ხატი როგორ მიეახლა ათონზე დედა ხატს?

- როდესაც ივერონში (ივერთა სავანეში) უნში უნდა წავსულიყავით, გაავდრდა, საშინლად გაწვიმდა. არანაირი ტრანსპორტის ჭაჭანება არ იყო, ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით... რას ვიზამდით, ავდექით და გზას ფეხით დავადექით. ტყის გავლა გარდაუვალი იყო, სადაც დავიკარგეთ. მშველელად უცნაური გარეგნობის ძაღლი გამოგვიჩნდა, რომელსაც ვუთხარით: წადი ივერონში! შებრუნდა და დაადგა ბილიკს, რომელსაც გავყევით. ის გზადაგზა ხან გაქრებოდა, ხან მოდიოდა. ესეც ნამდვილი სასწაული იყო, - მონასტერთან მიგვიყვანა... ხომ ვამბობ, ყოველ ნაბიჯზე ღვთისმშობლის უდიდეს წყალობას ვგრძნობდით და ამას ათონელი ბერებიც გვეუბნებოდნენ. იქ ასეთი რამ არ უკვირთ, რადგან ათონზე ყველაზე მეტად იგრძნობა ღვთისმშობლის ნება... ათანასე ათონელს, კონკრეტულ ადგილზე ღვთისმშობელი გამოეცხადა, სადაც წყალი არ იყო. უთხრა, - დაჰკარი კვერთხი და წყალი ამოხეთქავსო და ასეც მოხდა. ის წყალი დღესაც მოედინება, რომლის ნახვა ჩვენთვის ამაღელვებელი იყო... ახლა რაც შეეხება ჩვენი ხატის დედა ხატთან შეხვედრას, - როდესაც ივერთა სავანეში ჩავედით, ვიცოდით, რომ ხატი იყო ცალკე სავანეში, რომელიც მუდმივად დაკეტილია და იმ დროს ხსნიან, როდესაც პარაკლისი იკითხება. თავისი მცველი ჰყავს, რომელიც პარაკლისს კითხულობს. თავიანთი მკაცრი კანონების შესაბამისად, მომლოცველი რომ შედიხარ, დგები ერთ კონკრეტულ ადგილას და როდესაც ლოცვა სრულდება, მცველი გეუბნება, - ხატს ემთხვიე და იქაურობა სწრაფად დატოვე. დედა ხატთან ჩვენი შეხვედრა იმაზე ამაღელვებელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ხატის მცველს ჩვენ მიერ ჩაბრძანებული ხატი გადავეცით (მისი კურთხევისა, მადლის გადმოსვლის თავისებური წესი არსებობს: პირისახით დააბრძანა ჩვენი ხატი დედა ხატთან, ჯვარი გადასახა და სპეციალური ლოცვა წაიკითხა). ამ ყველაფერმა იმდენად იმოქმედა, თუ რაიმე ქართული გენი არსებობდა ჩემში, ამოხეთქა და ტირილი ამივარდა. ასეთი რამ საერთოდ, არასდროს მემართება, მაგრამ იმ წუთებში საკუთარ თავს ვერ ვმართავდი. ამან ხატის მცველზე იმოქმედა, რადგან უპრეცედენტო რამ მოხდა: მან დატოვა პარაკლისი (ასე უწოდებენ იმ ადგილს). არადა, არ ტოვებენ და ორნი დაგვტოვა, სადაც 2 საათ-ნახევრის მანძილზე დაჩოქილები ვიყავით დაYცრემლები ჩამოგვდიოდა. ბერები არ შემოდიდოდნენ... ბოლოს მცველი შემოვიდა, ბერძნულად დაგვლოცა და რაც თქვა, ისე მეგონა, ყველაფერი ზუსტად გავიგე... თვითონაც თვალცრემლიანი იდგა...

GzaPress- საქართველოს პატრიარქმა როდესაც თქვენი მოგზაურობის შესახებ შეიტყო, რა გითხრათ?

- 16 დეკემბერს მისმა უწმინდესობამ მოილოცა ხატი და დეტალურად მოისმინა ჩვენი იქ ყოფნის ამბავი. ბოლოს აღნიშნა, რომ ამ ხატის გამოჩენა არის სიხარულის მაუწყებელი და ბრძანა, - ხატი იქნება თქვენთან ბოლომდე! სხვათა შორის, ათონზეც ასე გვითხრეს. უწმინდესის გადაწყვეტილებით, ხატი ცოტა ხნის წინ, სამების საკათედრო ტაძარშიც დაბრძანდა, რომელიც უამრავმა ადამიანმა მოილოცა... აი, უფლის ნებით ასეთი სასწაულები მოხდა ზუსტად ერთი წლის განმავლობაში...

ლალი ფაცია