აღდგომის სასწაულები - გზაპრესი

აღდგომის სასწაულები

ჩვენს დროში ხილულ სასწაულებს ხშირად ვაწყდებით და მას მორწმუნენიც და ურწმუნოებიც კარგად ხედავენ. ამ უკანასკნელთაგან ზოგი იჯერებს, ზოგი - არა; ზოგი - გულში აღიარებს, ზოგიერთი - არაფრით ტყდება... ამქვეყნიური სასწაულები კი მაინც ყოველთვის ხდებოდა და ხდება.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და ამჯერად სწორედ ამ უდიდეს სასწაულთან დაკავშირებულ ამბებს მოგითხრობთ. მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ღვთაებრივი ცეცხლის შესახებ ყველამ იცით და წელსაც მოუთმენლად ველოდებით ღვთის ამ წყალობას.

ახლა კი რამდენიმე ამბავი, რომელიც მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება:

თავდაპირველად, წმინდა იონა წინასწარმეტყველზე მოგიყვებით. საქართველოში, კერძოდ, ზემო სვანეთის სოფელ ლატალში არსებულ მისი სახელობის ეკლესიაში 2008 წელს მოვხვდი. ამ ეკლესიის მცველის ოჯახს ვსტუმრობდით და ეკლესიაც მანვე დაგვათვალიერებინა. იქ იონა წინასწარმეტყველის ცხოვრებასთან დაკავშირებული უნიკალური ფრესკა ვნახეთ, მის შესახებ კი მოგვიანებით წავიკითხე.

GzaPressწმინდა წინასწარმეტყველი იონა ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ, დაიღუპებოდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა. ღვთის ბრძანებით უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდზე მყოფებს ძალიან შეეშინდათ და გადარჩენას თავის ღმერთებს შესთხოვდნენ, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ მათ წილი ყარეს, რომ გამოერკვიათ, ვის გამო მოევლინათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. წინასწარმეტყველმა აღიარა დანაშაული ღვთისა და თანამგზავრების წინაშე და ამ უკანასკნელთ უთხრა, წყალში ჩაეგდოთ და ქარიშხალიც ჩადგებოდა. იონა ჩააგდეს ზღვაში და ქარიშხალიც დაცხრა. იონა ვეშაპმა გადაყლაპა, მის მუცელში იყო იგი სამი დღე და სამი ღამე და ღმერთს გამოხსნას სთხოვდა. ბოლოს ღვთის ბრძანებით ვეშაპმა იგი ნაპირზე გამოაგდო. იონას კვლავ ებრძანა ნინევეში წასვლა და სინანულის ქადაგება. ამჟამად მან შეასრულა ღვთის ნება, მივიდა მტრების ქალაქში და იწყო ქადაგება, რომ სამ დღეში მათი ქალაქი დაიქცეოდა. ეს რომ ნინეველებმა გაიგეს, სინანულში ჩაცვივდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვა დაიწყეს, პირუტყვსაც კი არ მისცეს საზრდო და წყალი. უფალმაც შეიწირა მათი სინანული, მიუტევა შეცოდებანი და ქალაქი გადარჩა.

იონა წინასწარმეტყველის ვეშაპის მუცელში სამი დღის განმავლობაში ყოფნა და მისი ხსნა მოასწავებდა იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას და მის დიდებულ აღდგომას. მაცხოვარმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებიც სასწაულს ითხოვდნენ მისგან, მიმართა: - ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისა? (მათეს სახარება).

მეორე ამბავი არცთუ დიდი ხნის წინ, მაკედონიის დედაქალაქის - სკოპიეს ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში, აღდგომის წინ მომხდარ სასწაულზეა: აღდგომის წინაღამეს ტაძრის კედლებზე არსებულმა ყველა ძველმა, გაცრეცილმა და მტვრით დაფარულმა ფრესკამ და ხატმა თავისით დაიწყო გასუფთავება, ხოლო წმინდანთა გამოსახულებების მოოქრული ნაწილები ღვთაებრივად გაბრწყინდა. წმინდა დიმიტრის ტაძრის მღვდელი, დიმჩო მალინოვი ასე ჰყვებოდა ამ ამბავს: "წმენდა" წინა ღამით, კანკელის შუა წელიდან დაიწყო და მეორე დღესაც გაგრძელდა. ეს ნამდვილი სასწაულია. ეკლესიის მსახური დარწმუნებული იყო, რომ ამას ანგელოზები აკეთებდნენ. მისი თქმით, მოოქრული ნაწილები თავდაპირველად წითლდებოდა, ხოლო შემდეგ ღია ოქროსფერს იღებდა და ბრწყინადა. წმინდანთა სახეებს ღვთაებრივი ნათელი ედგა. ტაძართან რიგები იდგა, რათა თითოეულს ენახა, მათ თვალწინ ზემოდან ქვემოთ მიმართულებით როგორ იწმინდებოდა ფრესკები და ხატები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აღდგომისწინა სასწაულის მოწმენი იყვნენ.

GzaPressმესამე ამბავი რამდენიმე წლის წინ მომხდარა საქართველოში, დადიანების სალხინოს რეზიდენციის ტაძარში და მასზე სალხინოს დადიანების კარის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის დეკანოზს, სერაფიმეს (დანელია) მოუყოლია: დიდი შაბათის საღამოს ცხრა საათისთვის, მრევლი ეკლესიაში უფლის ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად რომ იკრიბებოდა, საკურთხეველში სადღესასწაულო მსახურებისთვის სამზადისში მყოფ მამა სერაფიმეს გარედან ჩოჩქოლი შემოესმა: მოხუცებული ქალი ხევში გადავარდნილაო! ტაძრამდე მისასვლელად თურმე პატარა ღელეზე გადებული ხიდი იყო გადასავლელი, რის შემდეგაც ცხრა მეტრი სიღრმის ხევის პარალელურად უნდა გევლო. სწორედ ამ ხევში ჩავარდნილა ამ ტაძრის მრევლი, იმხანად 78 წლის ვერა ბებო. სასწრაფოდ გაუშვიათ მანქანა ექიმის მოსაყვანად, ვერა ბებო კი ამოუყვანიათ და ხელში ატატებული შეუყვანიათ ტაძარში. დანახვისთანავე, მოხუც ქალბატონს მამა სერაფიმესთვის მომხდარით და არა - ფიზიკური ტკივილის გამო გამწარებულს უთქვამს: - ეს რა გიქენი, მამა სერაფიმე, ჩაგიშალე აღდგომის დღესასწაულიო?! დეკანოზის თქმით, ვერა ბებო მრევლში ყველაზე ხანდაზმული, მაგრამ ყველაზე მხნე ყოფილა: - რომ იტყვიან, ,,კლდის ნატეხი", იშვიათი იუმორის გრძნობითა და ადვოკატის სიტყვა-პასუხით. მთელი ცხოვრება სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და ქვრივობაში გამოზარდა ოთხი შვილი... მოხუცი, თურმე, წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძრისკენ მიმავალი აღმართის დასაწყისში ცხოვრობდა. მისი ნამოწაფრებს ახსოვთ, ვერა მასწავლებელს რამდენჯერ დაუსჯია და დაუცინია მათთვის აღდგომას კვერცხის საღებავით დასვრილი ხელებისა და ეკლესიაში სიარულის გამო. თუმცა, ერთ კონკრეტულ დღეს, მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვლილა: ახლობელს ეკამათებოდა და უცებ, თვალწინ ეკლესია წარმოდგომია, თანაც ისეთ ადგილას "დაუნახავს", სადაც ტაძარი არასდროს მდგარა. - ეკლესიას აქ რა უნდაო?! - გაჰკვირვებია, პირჯვარი გადაუწერია და თავი დაუხრია. სწორედ იმწამს გადაუქროლია თავს ზემოთ მასთან გააფთრებული მოდავის ნასროლ საკმაოდ მოზრდილ ქვას.

ვერა ბებო მიმხვდარა, რომ გარდაუვალ სიკვდილს ღვთის სასწაულმა გადაარჩინა. მეორე დღესვე ეკლესიაში მისულა და უთხოვია: უვარგისი ვიყავი აქამდე, არა ვარ ღირსი აქ ვიდგე, მაგრამ ეკლესიამ გადამარჩინა და თუ მიმიღებთ, ყოველთვის ვივლიო. ასე დაწყებულა მისი ახალი - ეკლესიური ცხოვრება. იმ აღდგომა ღამეს, ხევში რომ გადავარდა, მშრალ ადგილას თავით დაცემულა და არაფერი დაშავებია. სანახავად მისულ მეზობლებს უთქვამთ, - არც ახლა მოეშვები ეკლესიაში სიარულსო? ვერა ბებოს უპასუხია: - პირიქით, ახლა სულაც იქ უნდა დავრჩე... წადით და ნახეთ, საიდან გადავვარდი, თუ შეიძლება იქიდან გადავარდნილ კაცს არაფერი სჭირდეს? ცოცხალი რომ დამტოვა ღმერთმა, ვივლი კი არა, ყოველდღე იქ ვიქნებიო...

ჟურნალ "გზის" რედაქცია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ. უფლის მფარველობა არ მოგკლებოდეთ.

ირმა ხარშილაძე