"არ წახვიდე, არააა" - გზაპრესი

"არ წახვიდე, არააა"

- ამაზე მაშინ დავფიქრდი, როცა ჩემი უსაყვარლესი დიმიტრი პაპა გარდაიცვალა და სამწუხარო ამბავი რომ შემატყობინეს, მართლაც, ცხარე ცრემლით ავტირდი და დილასაც არ დაველოდე, ისე გავიქეცი სამძიმარზე...

დიმიტრი პაპა 92 წლის ასაკში გამოგვეცალა ხელიდან. როგორც თავად ამბობდა, ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დოლაბის ქვაც კი დატრიალებულა მის თავს. დიდი სამამულო ომის მონაწილე იყო და ყველაზე მეტად, ფრონტზე გატარებული წლების გახსენება არ უყვარდა: ვინ მკითხა, თვარა, ნებით რავა წევიდოდი იმ ომში? სული მძვრებოდა შიშით. არ მინდოდა სიკვტილი და როგორც შემეძლო, ისე ვემალებოდი მტრის ტყვიასა და იარაღს. ყველა გმირები ხართ, ვინც იმ სასაკლაოს გოუძელითო, რომ შეგვაქებდენ, არ ვიცოდი, სა გავპარულიყავი სირცხვილით. გმირი კი არა, ერთი მშიშარა ბიჭი ვიყავი, ხშირად ცხვირსაც რომ არ ჰყოფდა სანგრიდან, ვიდრე სროლა და ცეცხლი არ შეწყდებოდა. ვისაც გინდათ, გამამტყუნეთ და დამანამუსეთ, მარა, მაინც არ ვნანობ ამფერ საქციელს, რადგან სული შევინარჩუნე პირში და ჩემს საყვარელ ცოლ-შვილს დოვუბრუნდი...

ნადია ბებოც ბედნიერი იყო ქმარი ცოცხალი და უვნებელი რომ დაუბრუნდა და ომამდე დაბადებული ორი შვილის შემდეგ, კიდევ ოთხი გაუჩინა დიმიტრის. ახლა ექვსივეს შვილებისა და შვილიშვილების მთელი არმია ჰყავს...

გარდაცვლილის წინ დასკუპულმა ნადია ბებომ რომ დამინახა, შემომტირა:

- არ გეიგონა არაფერი და მაინც მოკვტა შენი საყვარელი ბაბუა, დამტოვა მარტვანე წუთისოფელში. მარა მე რა მიჭირს, კაი პატრონის ხელში ვარ. მაგან იკითხოს, ყველა გაჭირვებული და ავანტყოფი იქით მისახედი რომ დახვთება საიქიოში. წამალს ბევრს გავატან, მაინც დოულეველი დარჩა, მარა ექიმს ვინ მიუყვანს იქინე, ვინ?!

ჭირისუფალის ტირილზე სხვების მსგავსად, მეც მიჩუყდება გული და მეტირება, მაგრამ ნადია ბებოს სიტყვებმა ლამის გამაცინა და კიდევ კარგი, დროზე გააჩუმა ქალიშვილმა:

- კაი, დია, შენც არ წეიღო წერილი ამდენი ნერვიულობით და გზაში არ მიეწიო მამაჩემს, შეირგე შენი წილი სიცოცხლე...

- არ მოვკვტები, არა... დიმიტრიმ დამიბარა: შვილებსა და შვილიშვილებს მიმიხედეო და არ გოვუწბილებ იმედს...

- ეგ კი არა, ის დაუბარა: დიდხანს არ მალოდინო და დროზე გამომყევი უკანო! - გვერდზე მომიჯდა თამრო, ჩემი ბიძაშვილი და ყურში ჩამჩურჩულა, მაინც მოერიდა ბებიის წყენინებას.

- გაჩუმდი, თორემ გამეცინება! - მუჯლუგუნი ვკარი ფერდში. იმ წუთში კი შემეშვა, მაგრამ მომდევნო დღეებში ისეთი რაღაცები გავიგონე პანაშვიდზე მჯდომმა, გარდაცვლილზე მეტად იმას ვდარდობდი, დიქტოფონის ჩართვა რატომ არ შემიძლია-მეთქი...

პანაშვიდზე მომსვლელებს ერთნაირად ეგებებოდნენ ნადია ბებო, მისი რძალ-ქალიშვილები და რატომღაც, ადგომას "აძალებდნენ" გარდაცვლილს:

- ადექი და შეეგებე ამდენ უცხო სტუმარს, გოუძეხი მარანში, რავარც იცოდი და მოხადე ჭურებიიი...

განსაკუთრებით ერთი ბერიკაცის მოსვლისას გამოიდეს თავი:

- დომენტი მევიდა და შეეგებე. სულ ერთად რომ იყავით, ახლა რავა შეელიე და ტოვებ მარტვა? ადექი, ჩაკიდე ხელი და რავარც ადრე ჭუკჭუკობდით ერთად, ახლაც არ მეიშორო გვერდიდააან...

დომენტის ხმა არ ამოუღია, მაგრამ ისე გამოხედა მოტირლებს, სახეზე ეწერა: თქვენ არ მეიყარეთ ჩემი ხნის, თქვენ გაყევით დიმიტრის, თუ კაიაო...

- რა მოუვიდა ჩემს კაი ბიძაშვილს?! - ტირილით შემოვიდა ასაკოვანი ქალბატონი და მაშინვე შეაგება პასუხი ნადია ბებომ:

- გულმა უტია, გულმა, იმ ჩემი ცოდვით სავსემ...

ყურები ვცქვიტე და მოგვიანებით დავადგინე, რომ "გულმა უტია" გულმა უღალატას ნიშნავს იმერულად. მოგვიანებით კიდევ ერთი კუთხური მარგალიტი აღმოვაჩინე ჭირისუფლის ლექსიკონში - ამჯერად ქალიშვილმა "დაანამუსა" მამა:

- რა გაჩერებს კუბოში, რას დაგიკრებია შენი მოუსვენარი ხელები გულზე... ადექი და დეიარე შენი კარ-მიდამო, რავარც აქამომდის აკეთებდი. ფეხები კი გტკივა, მარა, არ იდარდო, მოგიკიკებენ ზურგზე შვილიშვილები და სადაც გინდა, იქ წაგიყვანენ...

"ზურგზე მოკიკება" იგივე ზურგზე მოკიდება ყოფილა და სანამ ეს დავადგინე, ცნობისმოყვარეობამ გარდაცვლილიც დამავიწყა...

მერე კი იყო სასაფლაო და გამოსათხოვარი წუთები:

- მე უნდა ჩავწვე შენთვის გათხრილ სამარეშიიი! - ძლივს აკავებდნენ შვილიშვილები ნადია ბებოს და მანამ არ დაიწია უკან, ვიდრე ერთ-ერთმა არ შეუბღვირა:

- ზედმეტადაც ნუ გაიქაჩები, თვარა, გამეშვება ხელი და მართლა ტკუცავ თავს ქმრის სამარეში...

მერე კი გუნდურად დაიწყო ჭირისუფალმა მოთქმა-მოძახილი:

- არ წახვიდე, არააა... გატყუებენ და არ გიშობენ კაი საქმეზეეე... ადი აწი, სანამ დროა, შე გაჭირვებულო და წამოი შენს თბილ სახლშიიი...

- ხომ არიენ ღირსები, მართლა ადგეს დიმიტრი და მეითხოვოს სახლში დაბრუნება! - იანგლა ჩემს უკან მდგომმა და რომ წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მართლა რომ წამოეყო თავი კუბოდან დიმიტრი პაპას, უკან დავიხიე ღიმილის დასაფარავად...

ღმერთმა გაანათლოს კეთილი მოხუცის სული, მართლა დამენანა სიკვდილისთვის, მაგრამ... ნეტავ, როდის ვისწავლით ზომიერებას ქართველები, თუნდაც - გლოვისას?!

ინგა ჯაყელი