91 წლის ქალის აუხდენელი ოცნება - გზაპრესი

91 წლის ქალის აუხდენელი ოცნება

ქუჩის თავსა და ბოლოში ორი პატარა სკვერია, აქვეა ადმინისტრაციული და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.

რუფა ცისფერთვალება ხანდაზმული ქალბატონია. გამართული ქართულით ვერ ლაპარაკობს, ზოგჯერ რუსულსაც გაურევს ხოლმე და ასეთ დროს მორიდებით გკითხავს, - ხომ იგებთ ჩემს საუბარსო?

რუფა "ლატიშკაა" (ლატვიელი ქალი). ის 91 წლის წინ დაბადებულა. იან იურიევიჩ ბერზინს (მამას ასე მოიხსენიებს რუფა) სამსახურიდან გამომდინარე, ზოგჯერ დასავლეთ ევროპაში უწევდა ცხოვრება. ახალგაზრდა ინჟინერი, რომელმაც თურმე, ხუთი ენა იცოდა, ცხრა ათეული წლის წინ პარიზში იყო და იქ დაიბადა პატარა რუფაც. პირველი გოგონას შემდეგ, ქალ-ვაჟიც გასჩენია ბერზინს, მაგრამ ტიფით მეუღლე და უმცროსი ქალიშვილი გარდაცვლია. ოთხი წლის რუფას ბებია ზრდიდა. ეკატერინა ბებია რევოლუციონერი ყოფილა, წიგნიერი ქალი. სახლში, მაღალი საწოლების ქვეშ წიგნები ელაგა და შვილიშვილს უკითხავდა. ბებიის გავლენით, გოგონას ზედმიწევნით კარგად შეუსწავლია რუსული ლიტერატურა და ენაც. კარგი მოსწავლე ვიყავი და სკოლაში მუდამ პირველობა მინდოდა. სულ უკვირდათ, ეს ობოლი როგორ ახერხებს ამდენსო? - ჩიქორთული ქართულით იხსენებს რუფა.

პირველი კურსი მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში დაუხურავს, მერე კი მეორე მსოფლიო ომი დაწყებულა. რუფას, სიცოცხლით სავსე გოგონას გადაუწყვეტია, რომ "მედსესტრა" გამხდარიყო და საექთნო კურსების დასრულების შემდეგ, წინა ხაზზე მოხვდა. ვინ იცის, რამდენი დაჭრილისთვის ადგილზე აღმოუჩენია დახმარება და ვერც იმას მოთვლის, რამდენი სასიკვდილოდ განწირული გადაუყვანია სტაციონარამდე. ამბობს: დაბომბვის დროს თავს სამალავებს ვაფარებდით, მერე კი ბრძოლის ველზე დაზარალებულებსა და დაჭრილებს ვშველოდიო.

GzaPressომში გაიცნო მომავალი მეუღლე - გიორგი ღონღაძე. საჩხერეში წამოჰყვა მომხიბვლელ ქართველს და მას მერე საჩხერეში ცხოვრობს. მას მერე აქედან ფეხი არ გამიდგამს, - ამაყად ამბობს ცისფერთვალება ბებო. გათხოვების მერე ქუთაისში დაუსრულებია რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და საჩხერეში ასწავლიდა რუსულ ენას; არდადეგების დროს კი ადგილობრივი კადრების გადამზადებაც მისი საქმე იყო. ომგადახდილ ცოლ-ქმარს არც სამოქალაქო ცხოვრებისას ჰქონიათ მშვიდი ცხოვრება, ქვეყანაში ბევრი რამ იყო ასაშენებელი და შესაცვლელი.

XX საუკუნის დასაწყისში საჩხერე ერთ პატარა დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა და იქ მხოლოდ კერძო პრაქტიკის მქონე ექიმები მკურნალობდნენ ავადმყოფებს. თუ სტაციონარული მკურნალობა იყო საჭირო, საჩხერლები ჭიათურაში უნდა ჩასულიყვნენ. სტალინურ პერიოდში კერძო სამედიცინო პრაქტიკა სასტიკად აიკრძალა და გიორგი ღონღაძემ ომის დროინდელ მეგობარს, მაშინდელ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს მიმართა თხოვნით, საავადმყოფო გაგვახსნევინეთო. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და პირველი სტაციონარიც გაიხსნა საჩხერეში. ბუნებრივია, გიორგი დაინიშნა მთავარ ექიმად. ის წლების შემდეგ, მოხუცობის ჟამს, დიაბეტით დაავადებული გარდაცვლილა. მეუღლის გახსენებისას რუფას ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან; ძველებური, გაქათქათებული ცხვირსახოცი აიფარა სახეზე...

ორი შვილი გაზარდეს გიორგიმ და რუფამ. ვაჟი, რუსლანი, რომელიც სამწუხაროდ, ნაადრევად გარდაიცვალა, არქიტექტორი იყო და ძეგლთა რესტავრაციით გახლდათ დაკავებული. თურმე, ზვიად გამსახურდიასთან მეგობრობდა და "მრგვალი მაგიდის" წევრიც იყო. მას პირველი ცოლი უკრაინელი ჰყოლია, რომლისგანაც ტყუპი ვაჟი შესძენია - ერთი მაშინვე დაღუპულა, ხოლო მეორე, გიორგი ღონღაძე უკრაინაში ცნობილი ჟურნალისტი იყო.

- ჩემი შვილიშვილი უკრაინის მთავრობას აკრიტიკებდა და სულ ვეუბნებოდი: ფრთხილად იყავი, ხალხის აზრის დაცვაც კარგია, დამნაშავეთა მხილებაც, მაგრამ ეს ომის ტოლფასია და ცხენი მუდამ მზად უნდა გყავდეს-მეთქი, - თქვა ცრემლის ყლაპვით რუფა ბებომ: - ერთ-ერთმა უკრაინულმა გაზეთმა გიორგიზე სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც დღემდე ვინახავ. მასში წერია: "მას კარგი ქართველის ყველა თვისება ჰქონდა, სამოქალაქო ომის დროს ორივე მხარეს ერთნაირად გვპატრონობდა, ორივე მხარეს ქართულ-უკრაინულად გვარიგებდა. ასეთი იყო გიორგი ღონღაძე..."

რუსლანის მეორე შვილი, რომელიც ქართველი მეუღლისგან ეყოლა, ამჟამად "იმედში" მუშაობს. რუფა წუხს, რომ შვილიშვილთან ერთად არ უწევს ცხოვრება. ქალიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით, სამსახურიდან გაათავისუფლეს, - რუსული ენის გაკვეთილების რაოდენობა შემცირდა და ამიტომო....

GzaPressყოველწლიურად, 9 მაისს, გმირთა მემორიალთან მიდის, ყვავილებს მიიტანს ხოლმე და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა საფლავებსაც აკითხავს. მოძრაობა უჭირს, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას იჩენს და მემორიალამდე მანქანით მიჰყავთ. ერთჯერადი თანხა, რომელსაც ყოველ 9 მაისს აძლევენ, ბევრი არ არის, მაგრამ რუფას ყურადღება სიამოვნებს.

ნატვრა და ოცნება ყველა ასაკში შეიძლება. რუფა ბებოს საწიგნედ დაწერილი აქვს "რუსული ენის თვითმასწავლებელი", რომლის გამოცემაზეც ფიქრობს. 250 ნაწილისგან შემდგარი "თვითმასწავლებელი" ორ უზარმაზარ რვეულშია მოქცეული. გარკვეული, ოდნავ დახრილი კალიგრაფიით დაწერილი მასალა თემატურად დაულაგებია. "ლატიშკა" ამბობს: მართალია, ახლა რუსები საქართველოს ემტერებიან, მაგრამ რუსული ენა დამნაშავე არ არის! მომავალმა თაობამ რუსული ენის კარგად შესასწავლად ასეთი სახელმძღვანელოები უნდა გამოიყენოს, თორემ ახალი სახელმძღვანელოებით ამას ვერ შეძლებენო.

"მეგობრები მეუბნებიან, 120 წელი იცოცხლებო. ძალიან მინდა, სტალინგრადში ჩავიდე და ძმის საფლავი მოვინახულო", - ეს ცალკე ოცნებაა. ამის გამგონე რუფას შვილს სახე უსიამოვნოდ ეცვლება და ეუბნება: "დედა, მაგას ვერ შეძლებ!" რუფა ტუქსავს "გოგოს" და მოძველებულ სკამზე ისე ჯდება, თითქოს უზარმაზარ ლაინერში მოკალათდა, რომელიც სტალინგრადამდე მიიყვანს.

როლანდ ხოჯანაშვილი