წერილები - მთავრობის წევრებს - გზაპრესი

წერილები - მთავრობის წევრებს

ამბობს, რომ თბილისში არის სახლები, სადაც საშინელი სიღარიბეა და ადამიანებს რწყილები, მღრღნელები ტანჯავენ. "ამის ატანა შესაძლებელია, მაგრამ გაუსაძლისია იმის დანახვა, რომ ადამიანების ბედი არავის აინტერესებს. ეს დემოკრატია მხოლოდ ერთეულებისთვის ყოფილა სახარბიელო"...

წერილში ქალბატონი ქვეყნის პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და როგორც ამბობს, მისი შვილების კეთილდღეობისთვის ლოცულობს (სტილი დაცულია):

"რა დრო გასულა თურმე, ისევ ფიქრები მტანჯავს, სადა ხარ, ჩემო სოფელო, სადაც მომეცი ტანჯვა...

GzaPressმადლობა უფალს, დავბერდი. მადლობა იმიტომ, რომ წარსულიდან მხოლოდ მწარე მოსაგონარი მაქვს და ალბათ, მალე გავა კიდევ უფრო მწარე დღეები ჩემი ცხოვრებისა - მე ხომ ახლა არც სახლი მაქვს, არც - კარი, არც არავის ვუნდივარ მოხუცი...

ვიგონებ ყველაფერს და ვცხოვრობ ამ მოგონებებით. უპატრონო და ობოლი, მე თქვენგან ვითხოვ შველას. ცივია წუთისოფელი, ჩემს სულში ურევს ნაღველს და მაინც, მადლობელი ვარ, როცა ღმერთს ვუნთებ სანთელს.

არ ვიცი, რა ძალამ ამაღებინა ხელში კალამი, რომ დამეწერა ზოგი რამ ჩემს ცხოვრებაზე. დილით როცა ვდგები, დავილოცები, პირჯვარს გადავიწერ და მადლობას ვამბობ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დღე მშვიდობიანად გამითენდა, მაგრამ რას ველოდები აწი კარგს? რაც დრო გავა, მით უფრო დავიჯღანები, სახე დამეპრანჭება, მუხლები მიმტყუნებს, სიბერის ავადმყოფობა დამჩემდება, მერე კი ყველასგან კიდევ უფრო მეტად მოძულებული ერთ კუთხეში უნდა დავჯდე და...

ამ წუთისოფელში საწადელი ვერ ავისრულე და იცით, რატომ? ყველგან ფულია საჭირო. ფულია შენი ძმაკაცი, ფულია შენი დიდება...

დასაკარგი დრო არ გვაქვს. დრო ოქროზე ძვირად ფასობს და მას გონივრულად გამოყენება სჭირდება. თუმცა, თავის დროზე მე ეს არ ვიცოდი; თავის დროზე ჭკუის დამრიგებელი არავინ მყავდა, ჰოდა, ალბათ ამიტომაც, შიშითა და კანკალით დავდიოდი დედამიწაზე. მტანჯავდა შიში იმისა, რომ ჭიანჭველისთვის ფეხი არ დამეგდა და ბალახიც არ გამეთელა. მშიერ-მწყურვალმა დავამთავრე სასწავლებელი და შევუდექი ფიზიკურ შრომას. ვებრძოდი ცხოვრების ქარიშხალს, მაგრამ ვერ ვიპოვე სამართალი; ადამიანური სითბოც ვერ ვიპოვე...

GzaPressახლა? ახლა კი დავდივარ კარიდან კარზე. მთავრობის წევრებს კი, იმის ნაცვლად, რომ მათი ამომრჩეველი ანუგეშონ, თბილი კერა მისცენ, ჩემს გულისტკივილზე ეცინებათ. ჰოდა, ჩემი წერილები "დაფრინავს" მერიიდან მთავრობის სახლში და პირიქით, მერე ქონების მართვის სააგენტოშიც "გადაფრინდება" და ვინ მოსთვლის, კიდევ სად. მაინც ვერ გავიგე, ვის შეუძლია რეალურად ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის დახმარება...

მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს: მე ვარ სოციალურად დაუცველი, უბინაო, სიღარიბის ზღვარს დაბლა მყოფი შვილმკვდარი დედა. 16 წელია, ვარ უბინაოდ. ახლა, როცა თავად ვიპოვე მიგდებული შენობა და ამ გამოთავისუფლებულ ფართში ვითხოვ დროებით შესახლებას, ამის უფლებას არ მაძლევენ. ლაპარაკია დაწყევლილ პოლიციის შენობაზე, რომლის საფუძველი მიწასთან არის გასწორებული, იქ სიბინძურე და სინესტეა, მარამ ჩემისთანებისთვის თავშესაფრად გამოდგება. ჰოდა, რა მოხდება, რომ ეს შენობა უპატრონოებს დროებით მოგვცენ?ირაკლი, შვილო, შენთვის არაფერი მითხოვია, ისე გავაკეთე ჩემი ჭკუით სიკეთე: მოვიძიე შენი ვაჟების სურათები და ჩემს პატარა საბავშო ლოცვის წიგნში შევიტანე, რადგანაც მწამს, ყველა ხატი მკურნალია და შენს შვილებსაც დაიცავს ყველაფერი ცუდისგან... უფალმა შენც დაგიფაროს. იცოდე, ვინც სიკეთეს აკეთებს, მისთვის ყველაფერი მსუბუქი გახდება. მოგვაქციე ცოტაოდენი ყურადღება უპოვრებს და მერწმუნე, ოდესმე ეს აუცილებლად დაგიფასდება.

იცით, ქონების მართვის სააგენტოში მითხრეს: ეს შენობა აუქციონზეა გატანილი და შეგიძლიათ, შეიძინოთო, მაგრამ მე რისი გადამხდელი ვარ? ჩემი პენსია პურის ფულად არ მყოფნის, წამლებსაც კი ვერ ვყიდულობ ადამიანი და როგორ მივცე სახელმწიფოს ფული შენობაში, რომელიც საცხოვრებლადაც კი არ ვარგა? ფული რომ მქონდეს, პატარა თბილ ბინას ვიყიდდი და დანგრეულ შენობაში არ შევიდოდი..."

ელპიტეს აღმოჩენილი დემოკრატია

GzaPressლალი:

"ჩემს ბავშვობაში დემოკრატია არ იყო, მაგრამ იყო მყარი მეგობრობა, სიყვარული და ერთმანეთისთვის თავგანწირვა. ახლა კი...

დემოკრატია ზოგისთვის ბაირამობაა, ზოგს - ძვალივით ეჩხირება ყელში; ზოგისთვის დედაა, ზოგისთვის დედინაცვალი. თანამდებობის პირებისთვის დემოკრატია არის სიხარბე, მომხვეჭელობა, სხვისი ცრემლების ხარჯზე დაგროვილი ფული, სასახლეების შეძენა ლარად, მოგზაურობა საზღვარგარეთ, მეფურ რესტორნებში დროს ტარება. აი, როგორი ბედნიერება ყოფილა ეს დემოკრატია...

მთავრობის წევრების შვილები ძვირად ღირებულ უნივერსიტეტებში სწავლობენ, ჯიპებით დასეირნობენ, მათია ბაღიც და ბოსტანიც.

ახლა ცალი თვალით შეგახედებთ ერთ-ერთ იტალიურ ეზოში: გათენდება თუ არა, ბებერი ელპიტე გარეთ გამოდის და კრუხივით კრიახს იწყებს. ერთხელ ონკანთან მივიდა, გახსნა, მაგრამ წვეთი წყალიც რომ არ წამოვიდა, დაიწყევლა, - შენი არგამომშვები შენსავით დაშრეს და გაქრესო. მიზეზი მიეცა და რაღა გააჩერებდა, აქაქანდა: ეს რა დროში ვცხოვრობთ? აღარც წყალი გვაქვს და აღარც - გაზი ნორმალურად, გადასახადი კი მაინც ყელში ისე გვიჭერს, რომ მერე ვფიქრობთ, - ამხელა თანხა რისთვის უნდა გადავიხადოთ? ამდენი რა დავხარჯ-გავაკეთეთ? ცოტა ხანი გაჩუმდა, ეტყობა, შეისვენა და მერე მარიამს გასძახა: ქალო, შენს ქვითარზეც ამოდენა თანხაა დარიცხულიო? მარიამმა უპასუხა: თავი დამანებე, ქალო, ამ დილაადრიან რამ აგაქოთქოთაო?

- რამ და, ეს არის თქვენი დემოკრატია. ამ დემოკრატიამ ხალხი დაამშია. ადამიანებმაც რა ქნან და პური რომ იყიდონ, ჩემსავით, ბანკში ჩადეს ბინები. ცოტა ხანს ამ ფულით ირჩენენ თავსაც და ოჯახსაც, მაგრამ მერე ბანკში ფულს ვეღარ იხდიან და საწყალი ხალხი ქუჩაში რჩება. მათ სახლებიდან ისე ყრიან, არც ეკითხებიან, წასასვლელი აქვთ თუ არა სადმე. არც ბავშვები ეცოდებათ, არც - მოხუცები თუ ავადმყოფები. ცოტა ხანში შეიძლება, მეც ასე დამემართოს და ვინ დამიცავს, ჰა? აგერ, ჩვენს მეზობლად "პალატკა" რომ გაშალა ვიღაც საწყალმა, იქაც კი არ აჩერებენ. შენ კიდევ, გაიძახი, ეს მთავრობა კარგიაო. ეს სიკარგე ღმერთმა არ გამოულიოს მათ ოჯახებს, - ქაქანებდა ელპიტე შეუჩერებლად. - კარგი, რა, ბაბო, - ამაოდ ცდილობდა 12 წლის გოგონა აღელვებული ბებიის დაწყნარებას.

სეირის საყურებლად მთელი ეზოს მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ზოგმა ელპიტე შეაქო და კვერი დაუკრა, ზოგმა კი უსაყვედურა: დაგვაცადე, ადამიანო, გამოძინებაო.

თუმცა, ელპიტე ისე იყო როლში შესული, არავინ ედარდებოდა და ხმამაღლა ქადაგებდა:

- პარლამენტია და მუშტი-კრივზე არიან გადასული, არც ნამუსი აქვთ, არც სირცხვილის გრძნობა. რას უნდა ელოდო ასეთი მთავრობისგანო? - ამბობდა და ვნებათაღელვა სხვა მეზობლებსაც გადასდო: ზოგი რას ჩურჩულებდა, ზოგიც - რას:

- ჩვენისთანა მოხუცები ვერ დაუპურებიათ, ვერ დაუბინავებიათ. ხალხი მათხოვრად იქცა.

- წამლის ფასს არ იკითხავთ? - თავი გამოჰყო მეზობელმა ფანჯრიდან: - ადამიანი რომ კვდებოდეს, ურეცეპტოდ წამალს არ მისცემენ. ჰოდა, ვიდრე ექიმთან ჩაეწერები და მასთან შეაღწევ, ვიდრე ის რეცეპტს გამოგიწერს, დაგარტყამს ეს ოხერი წნევა და ის იქნება.

GzaPress- აი, მაგალითად, მე, ბინა არ მაქვს და მიტოვებულ მიწურში ვცხოვრობ. მთელი მთავრობა ფეხით მოვიარე, როგორც ოთარაანთ ქვრივმა, მაგრამ რა ხეირი? შენც არ მომიკვდე, ხომ არ გგონიათ, ვინმე შეწუხდა? ერთი მეორისკენ იშვერს ხელს, - ეს ჩემი კი არა, იმის საქმეაო, იმასთან მისულს კიდევ სხვასთან მგზავნიან და ასე უსასრულოდ... რომ მოგაბეზრებენ თავს, მერე შეუკურთხავ და დაანებებ ბრძოლას თავს, აბა, რა იქნება?! - ეს რომ იციან, ასე ამიტომაც აწვალებენ ხალხს.

- ჰო, ახლა პატრონიანი თუ უპატრონო ძაღლები უკეთესად ცხოვრობენ საქართველოში, ვიდრე ადამიანები. სანაგვე ურნებში რომ იქექება დიდი თუ პატარა, ეს არის დემოკრატია? ანდა მეტროში ბავშვები სამათხოვროდ რომ დარბიან - ეს? უყურებ ამ ყველაფერს და გული გტკივა, მაგრამ არაფერი შეგიძლია...

- ხომ გახსნეს თავშესაფრები, მოხუცებისა და სოციალურად დაუცველებისთვის სასადილო? უმადურები ხართ, რა...

- ჰო, იმ სასადილოში დღეში ერთხელ აჭმევენ ადამიანს, რათა შიმშილისგან სული არ გასძვრეს.

თვითონ უზარმაზარი ხელფასი არ ჰყოფნით და კიდევ დანამატებს იღებენ და ჩვენ 150 ლარით როგორ ვიცხოვროთ? მოხუცებმა კვირაში ერთხელ მაინც არ უნდა ვჭამოთ ხორცი? ეს ხომ ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია?! მხოლოდ ლაქლაქით გვაბრუებენ და გვაჯერებენ, - უკეთესობა იქნებაო. აჩუ, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა მოვაო, - ასეა ჩვენი საქმე. ჰოდა, დაველოდოთ გაზაფხულს.

- დემოკრატიაზეა ნათქვამი: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. ამ ივანიშვილმა კიდევ, აიშენა მთაზე საბუდარი და იქიდან იძლევა ბრძანებებს. იძახის, გლეხის ოჯახში გავიზარდეო და ის არ იცის, სოფელს ძროხა და ქათამი რომ უყვარს? აქაოდა, პირუტყვი გყავსო და დახმარება მოუხსნეს 5-სულიან ოჯახს. ეს არის სამართალი? იმპორტულ კვერცხს და გაყინულ ბარკლებს რომ ვყიდულობთ ქართველები, ეს არის საქმე? - ისევ "იფეთქა" ელპიტემ...

კიდევ დიდხანს ლაპარაკობდნენ მეზობლები დემოკრატიის ავკარგიანობაზე, მთავრობის წევრების მუშაობაზე, მერე წარმოიდგინეს, რომ მათ ხელში იყო ქვეყნის მართვის სადავეები და ქვეყანა თავისებურად დაალაგეს კიდეც. მთავრობის ლანძღვით გული რომ იჯერეს, საკუთარ სახლებში შევიდნენ და გააგრძელეს იმ რეალობისთვის თვალის გასწორება, რომელიც ამ ეზოში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის ძალიან მძიმეა, რადგან ბევრი მათგანი არ მუშაობს, ზოგი სარდაფს არის შეფარებული, ვიღაცას ბანკში აქვს ბინა ჩადებული და გასახლების შიში დასჩემდა, რადგან ბანკს ფულს ვეღარ უხდის და ა.შ. ეს ყველაფერი რისთვის მოგწერეთ? იმისთვის, რომ მინდა, მთავრობის წევრებმა კიდევ ერთხელ დაინახონ, როგორია რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ვიღაც ფუფუნებაზე და მოგზაურობაზე ოცნებობს, ვიღაცას კი საოცნებოდ პური აქვს; დიახ, სუფთა, ახალი პურის ჭამა და არა - ურნიდან ამოღებულის".

ლიკა ქაჯაია