"შვილი ისე მენატრება, ლამის გული გამისკდეს"
font-large font-small
"შვილი ისე მენატრება, ლამის გული გამისკდეს"
რას უკრძალავდა მამუკა ონაშვილი ყოფილ მეუღლეს
მშვენიერი ირინა ჩიხლაძე აზერბაიჯანში ცხოვრობს და რესტორანში მღერის. ამბობს, - ეს ის ქვეყანაა, სადაც ქართველები ძალიან უყვართ და მე, როგორც მომღერალს, დიდ პატივს მცემენო.

ცნობისათვის, ქალბატონი ირინა მომღერლის - მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე გახლავთ. ალბათ გახსოვთ, რომ წლების წინ წყვილმა სიმღერა - "უკარება" ჩაწერა, რომელიც საზოგადოებას ძალიან მოეწონა. მერე ოჯახი დაენგრათ და როგორც ირინა ამბობს, მას მერე ყოფილი მეუღლე ეკრანზეც არ უნახავს. მას "სკაიპის" მეშვეობით დავუკავშირდი. ირინა საკმაოდ გულახდილი, საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

- როგორ ხართ?

- ცოტა არ იყოს, მოწყენილი ვარ.

- რატომ?

- მენატრება ჩემი საქართველო და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი შვილი - 4 წლის გიორგი.

- რამდენი ხანია, რაც საქართველოში არ ყოფილხართ?

- 3 თვეა. იანვარში ჩამოვედი აქ და ვმღერი, ვმუშაობ...

- საქართველოდან რატომაც წახვედით, ამას ვხვდები, მაგრამ არჩევანი მაინცდამაინც აზერბაიჯანზე რატომ შეაჩერეთ?
GzaPress- საქართველოში ერთ-ერთ რესტორანში ვმღეროდი, როცა აზერბაიჯანული რესტორნის მეპატრონეები სპეციალურად ჩემი სიმღერის მოსასმენად შემოსულან. ეტყობა, მათი მოწონება დავიმსახურე და საინტერესო შემოთავაზება მივიღე. ცხადია, დავთანხმდი. ხომ იცით, დღესდღეობით საქართველოში რთულია, სიმღერით თავი გაიტანო. იქ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვერ ვიქნებოდი. მე კი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შვილის კეთილდღეობაზეც მიწევს ზრუნვა და საქართველოდან წამოსვლის გადაწყვეტილება ამიტომაც მივიღე. თუმცა, ვაღიარებ, სამშობლოს მიტოვება ძალიან გამიჭირდა.

- როგორც ვიცი, რესტორნის მომღერლებს საქართველოშიც კარგად უხდიან...

- გააჩნია ობიექტს. პირადად მე, "მეტეხის ჩრდილში" ვმღეროდი და სიმართლე გითხრათ, უკმაყოფილო არ ვიყავი. იქ ისეთი ადამიანები შემოდიოდნენ, რომლებსაც მომღერლებისთვის ე.წ. "შაბაში" არ ენანებოდათ, ეს კი მოგეხსენებათ, დამატებითი შემოსავალია... როგორც ვიცი, ახლა სიტუაცია არეულია: ბევრ რესტორნის მომღერალს არ ვიცნობ, მაგრამ ვისაც ვიცნობ, მეუბნება, - ცუდ სიტუაციაში ვართო.

- ირინა, ქართველი მსმენელი გიცნობთ სიმღერით - "უკარება", რომელიც მამუკა ონაშვილთან ერთად, დუეტში ჩაწერეთ. საინტერესოა, რატომ ვერ მოიკიდეთ ფეხი შოუბიზნესში? ხომ არ ფიქრობთ, რომ ადრე მამუკას ჩრდილში იდექით?
- როცა მამუკას ცოლი ვიყავი, სცენაზე სიმღერას ის მიშლიდა და, სხვათა შორის, ამის გამო არაერთხელ გვიკამათია.

- ეს ეჭვიანობა იყო თუ...

- (მაწყვეტინებს) ნამდვილად ვერ გეტყვით ამის მიზეზს, ეს თავად მამუკას უნდა ჰკითხოთ. ფაქტი ის არის, რომ არ მიშვებდა, არ უნდოდა, მემღერა და მეც ზედმეტ კონფლიქტს ვერიდებოდი. საერთოდ, არ ვარ კონფლიქტური და მით უმეტეს არ მომწონს, როცა ჩხუბის ხმა ოჯახიდან ისმის. ჰოდა, ვიყავი ჩემთვის...

- შეიძლება, არაფერს იმჩნევდით და მამუკას არ აგრძნობინებდით, მაგრამ გულში არ გქონდათ ხინჯი ამის გამო?

GzaPress- როგორ არა, ამას განვიცდიდი და მითქვამს კიდეც მამუკასთვის ჩემი გულისტკივილი. "უკარება" იცით, როგორ ჩავწერეთ? - რაღაც მიზეზის გამო პატარა კონფლიქტი მოგვივიდა. მერე ვითომ ხუმრობით ვუთხარი: თუ გინდა, შევრიგდეთ, სიმღერა ჩამაწერინე-მეთქი. ერთხელ მამუკა სტუდიაში იყო, ჩაწერა ჰქონდა. მეც თან ვახლდი და ნუგზარ ერგემლიძემ შემოგვთავაზა: ისეთი დუეტი მაქვს, თქვენ რომ მოგიხდებათ და იქნებ ჩაწეროთო. ჰოდა, უცებ, ექსპრომტად მოხდა ამ სიმღერის ჩაწერა (იცინის). მერეც სულ მქონდა სურვილი და ვეხვეწებოდი, სცენაზე ვიმღერებ-მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა... მერე, როცა მამუკას დავშორდი, სიმართლე გითხრათ, თავად აღარ მქონდა სცენაზე ასვლის სურვილი და როცა ამ თემაზე ვინმე სიტყვას ჩამომიგდებდა, ვპასუხობდი: რაღა დროს ჩემი სიმღერაა? ესტრადაზე ფიქრსა და ძალების მოსინჯვას აზრი აღარ აქვს-მეთქი.

- რესტორანში სიმღერა რატომ გადაწყვიტეთ?

- ჩემი შვილი დაახლოებით წლინახევრის იყო, როცა ზურა კობეშავიძის ოჯახში სტუმრად ვიყავი. მის მეუღლესთან ვმეგობრობ. საუბრისას დავიწუწუნე, ფიზიკურად ძალიან მიჭირს მუშაობა და ისეთ სამსახურსაც ვერ ვნახულობ, რომ ღამით ვიმუშაო და თან, შვილს ყურადღება არ მოვაკლო-მეთქი. მაშინ მითხრეს, - შენ რომ მღერი, ისე კარგად ბევრი ვერ მღერის. გარეგნულადაც კარგი ქალი ხარ და აბა, სცადე რესტორანში სიმღერა, ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთო. მერე ზურამ მითხრა: ხვალ შენი ლეპტოპი მოიტანე, მინუს ფონოგრამას ჩაგიწერ და სახლში ივარჯიშეო. დავუჯერე, რადგან ძალიან მიყვარს ზურა და მისი მეუღლეც. საოცრად კეთილი ადამიანები არიან.

მართლაც, ისე მოვიქეცი, როგორც მირჩიეს და სახლში მეცადინეობა დავიწყე. ზუსტად 2 კვირაში ზურამ დამირეკა, - ახლა ნუგზარ ერგემლიძე დაგირეკავს. გოგოს ეძებენ რესტორანში სამღერადო. ნუგზარმა რომ დამირეკა, მითხრა: გუჯა ბუბუტეიშვილს რესტორანი აქვს მცხეთაში და მომღერალს ეძებენ. მოემზადე, ხვალ მასთან მიგიყვანო. გუჯამ მომისმინა, მოვეწონე და მიმიღეს. 2 თვე იქ ვიმუშავე და ამასობაში, დამატებით რამდენიმე სიმღერა ვისწავლე. მერე "მეტეხის ჩრდილში" გადავედი, რადგან მცხეთაში სიარული გამიჭირდა. წელიწად-ნახევარი ვიმუშავე ამ დაწესებულებაში და შესაბამისად, კარგად მოვერგე იქაურ სიტუაციას, რეპერტუარიც გავიმდიდრე. ცოტა სპეციფიკურია რესტორნის სიმღერები. შეიძლება, ისეთი რაღაცის შესრულება მოგიხდეს მომღერალს, რაც არ მოგწონს, მაგრამ შეკვეთა უნდა შეასრულო.

- მეორე მეუღლესაც დაშორდით, არა?

GzaPress- კი, სამწუხაროდ, ასეა. სამაგიეროდ, შვილი მყავს - ეს კი ყველაზე დიდი შენაძენია ქალისთვის.

- დაშორების შემდეგ მეუღლე მატერიალურად არ გეხმარებოდათ? ძნელია, პატარა გყავდეს და პარალელურად - მუშაობდე.
- ალიმენტს იხდიდა მხოლოდ. ვინაიდან მატერიალურად უზრუნველყოფილი არ ვიყავი, ამიტომაც ვმუშაობდი. ხომ იცით, ბავშვს რამდენი რამ სჭირდება.

- როცა სამუშაოდ მიდიოდით, პატარას ვისთან ტოვებდით?

- მამაჩემთან ან დებთან ვტოვებდი. ახლაც ბაბუასთან და ჩემს უმცროს დასთან - სალომესთან ერთად არის. უკვე 2 თვე არ მინახავს და ამას ძალიან განვიცდი. თავიდან აქ წამოვიყვანე, რადგან მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა. მაგრამ მერე აქ შემეცოდა: რთული სამუშაო რეჟიმი მაქვს, რესტორანში მუშაობას 7 საათზე ვიწყებ და 12-ზე ვამთავრებ. ბაღიც ვერ ვნახე შესაფერისი: ჩემს შვილს ცოტა მეტყველების პრობლემა აქვს და მითხრეს: რუსულენოვან ბაღში თუ შეიყვან, შესაძლოა, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაურთულდესო. ჰოდა, ამის გამო გადავწყვიტე, თბილისში გამომეშვა. ახლა ბაღში დადის, ლოგოპედთანაც დაჰყავთ, მე კი აქედან მატერიალურად ვეხმარები. თვეში მარტო ლოგოპედს 300 ლარს ვუხდი... მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ეს "სკაიპი", რომლის წყალობითაც შვილთან ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს. ხშირად ველაპარაკებით ერთმანეთს. მეუბნება ხოლმე: დედა, გეხვეწები, მოდი ჩემთან, მენატრები და მიყვარხარო. თუმცა, უჩემობას ჩემიანები არ აგრძნობინებენ. მე კი ძალიან მიჭირს და ლამის დეპრესიამდე მივიდე. მაგრამ ისევ შვილის გამო, უნდა გავუძლო. მისი კეთილდღეობისთვის ასეა საჭირო!

- მამასთან აქვს ურთიერთობა?

- როცა ვახერხებდი, ბებიასთან, მამიდებთან თავად მიმყავდა. რომ გითხრათ, მამასთან ხშირი ურთიერთობა აქვს-მეთქი, მოგატყუებთ.

- მეორე მეუღლესთან რამდენხნიანი ურთიერთობა გაკავშირებთ?

- აბა, რა გითხრათ... ორსულად ვიყავი, როცა მიმატოვა და მასზე ლაპარაკი არ მინდა...

- თქვენს ფეხმძიმობას ვერ შეეგუა? ზედმეტად პრეტენზიული ორსული ხომ არ იყავით?

- არა, არა. მე თვითონაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენ რა გითხრათ?

- მამუკასთან თანაცხოვრების პერიოდს ხომ არ გაიხსენებთ? თქვით, რომ სცენაზე დგომას გიკრძალავდათ. კარგი რა გახსენდებათ?
- მამუკა ცუდი ადამიანი არ არის. ძალიან თბილი, მეგობრულია. ჩვენს ოჯახში ხმამაღალი ლაპარაკი არ ყოფილა, რაც, ერთი მხრივ, ჩემი დამსახურება იყო, მეორე მხრივ - მამუკასიც. სცენაზე რომ არ ვიდექი, ესეც ალბათ, ჩემი ბრალი იყო - ისე არ "ვაწვებოდი", როგორც საჭირო იყო, თორემ შესაძლოა, ამის საშუალებაც მომცემოდა. სულ იმას ფიქრობდა, რაღაცნაირად ესიამოვნებინა ჩემთვის და შეიძლება ითქვას, რომ ხელისგულზე მატარებდა... ჩვენი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ შვილი არ გვყავდა, ეს ოჯახის სიმყარისთვის მნიშვნელოვანია.

- ბოდიში ამ შეკითხვისთვის, მაგრამ ბევრი უშვილო წყვილი ცდილობს, ბავშვი აიყვანოს. თქვენ ამ თემაზე არასდროს გისაუბრიათ?
- იყო ლაპარაკი ხელოვნურ განაყოფიერებაზე, მაგრამ მამუკა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

- ახლა მასთან არ მეგობრობთ?

- სხვათა შორის, დაშორების შემდეგ ტელევიზორშიც არ მინახავს. ჩვენ ჩვენი საქმეებით ისე ვართ დაკავებულები, რომ რაღაცებისთვის არ გვცალია.

- შერიგების მცდელობა არ გქონიათ? როგორ შეეგუა ასეთ ლამაზ ქალთან დაშორებას?

- ეს კითხვაც მამუკას უნდა დაუსვათ (იცინის). არა, შერიგების მცდელობა არც ერთს არ გვქონია. ბოლოს ისე დავშორდით, რომ ორივემ დაზუსტებით ვიცოდით, ერთმანეთის გარეშე უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება, ჩვენი ერთად ყოფნა აღარ შეიძლებოდა.

- თანაცხოვრების პერიოდში სიურპრიზებს თუ გიწყობდათ?

GzaPress- კი, ეხერხებოდა ასეთი რაღაცები. პატარ-პატარა სიურპრიზი გსიამოვნებს ქალს. მამუკა კი მოვიდოდა და მეტყოდა, - ხვალ ესპანეთში მივფრინავთ, ან ისრაელში მივდივართო. ცხადია, ასეთი ყურადღება მახარებდა... 12 წელი ვიყავით ერთად და ჩვენს ურთიერთობაში ბევრი კარგიც იყო და ბევრი ცუდიც... ცოლად ისე გავყევი, ფაქტობრივად, ერთმანეთს არც ვიცნობდით - მხოლოდ ერთი თვე დაგვჭირდა საიმისოდ, რომ თანაცხოვრების გადაწყვეტილება მიგვეღო.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ბაზალეთზე ვისვენებდი. მამუკა იქ მეგობრებთან - ძმებ გვასალიებთან ჩამოვიდა. ამ ბიჭებთან მე და ჩემი დებიც ვმეგობრობდით. მერე ისე მოხდა, რომ თბილისში რაღაც საქმე გამომიჩნდა და სასწრაფოდ უნდა წამოვსულიყავი. მამუკას მაშინ "ვოლგა" ჰყავდა და შემომთავაზა, მე წაგიყვანო. უარი არ მითქვამს. მას მერე გვერდიდან არ მომშორებია: მეორე დღეს რესტორანში გვაქეიფა მე და ჩემი დები, ლამის ყოველდღე ვარდების დიდი თაიგულით მაკითხავდა და ხან სად მივყავდით, ხან - სად. კარგ დროს ვატარებდით.

- მაშინ გამხდარი იყო?

- როცა გავიცანი, პუტკუნა იყო, მაგრამ ასეთი მსუქანი - არა. მერე ეტყობა, ორგანიზმში რაღაც დაერღვა და წონაში ძალიან მოიმატა.

როცა მას ვხვდებოდი, ქალაქში კომენდანტის საათი გახლდათ დაწესებული. მამუკამ მალე ჩემი მშობლებიც გაიცნო. მოგეხსენებათ, ძალიან კომუნიკაბელურია, სითბოს ასხივებდა და ყველა ჩაეხუტა. გაცნობიდან დაახლოებით ერთ თვეში შინ მომაკითხა და ჩემს მშობლებს უთხრა: თუ შეიძლება, თქვენს გოგონას წავიყვან, სახლში პატარა სუფრა გვაქვს გაშლილიო. გამიშვეს. სუფრას რომ მივუსხედით, გვადღეგრძელეს და მამუკამ იმ საღამოს თავისთან დამტოვა (იცინის).

- მაშინ რამდენი წლის იყავით?

- მე 20-ის, მამუკა - 27 იყო. სხვათა შორის, მაშინ არ მღეროდა. მოსკოვიდან ახალი ჩამოსული გახლდათ და ბიზნესმენობდა, რაღაც სერვის-ცენტრის დირექტორი იყო.

- იმ პერიოდში თქვენ სწავლობდით?

- კი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ფილოლოგიურზე, მაგრამ ისე მოხდა, ბოლო კურსი ვერ დავხურე.

- რამ შეგიშალათ ხელი?

- გაგიკვირდებათ და, მამუკა არ მიშვებდა... ტრაგიკული ინტერვიუ გამოდის, არა (იცინის)?

- მიზეზად რას გეუბნებოდათ, უნივერსიტეტში რატომ არ გიშვებდათ?

- ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბოლო კურსზე პრაქტიკაზე უნდა მევლო სკოლაში. ჰოდა, მითხრა: აუ, არ გინდა, რა. იცი, პრაქტიკანტებს ჩვენ როგორ ვექცეოდით და რაებს ვეუბნებოდით, როგორ ვუყურებდითო?!. რაღაცებზე თავისი შეხედულებები ჰქონდა... დიპლომი რომ არ ავიღე, ამაშიც საკუთარ თავს ვადანაშაულებ. მისთვის წინააღმდეგობა რომ გამეწია, არა მგონია, არ გავეშვი.

- ასეთი მორჩილი ცოლი იყავით?

- მორჩილი ნამდვილად ვიყავი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია.

- მუსიკალური განათლება გაქვთ?

- კი, ათწლედი დავამთავრე. ბავშვობიდან ვმღეროდი. ტელევიზიის გუნდში დიდხანს ვიყავი და იქ ყოფნისას ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, სიმღერის ხმებში გაშლა და ა.შ. 2 და მყავს და მათთან ერთად, ტრიოში ვმღეროდი სულ. ჩემს მშობლებს უნდოდათ, სცენაზე გვემღერა, მაგრამ არ გამოვიდა.

- მამუკა ჩაცმულობაშიც გზღუდავდათ?

- თავიდან უფრო მქონდა შეზღუდვები და აკრძალვები, მერე კი, დროთა განმავლობაში, როცა უკეთ გავიცანით ერთმანეთი, აკრძალვები აღარც იყო, სხვანაირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

- მისი წყალობით, ალბათ, შოუბიზნესის ბევრ წარმომადგენელს იცნობდით. მამუკასთან დაშორების შემდეგ რატომღა არ სცადეთ ამ ნაცნობობის გამოყენება და ოცნების ასრულება?
- ჯობია, ამ თემაზე არ ვილაპარაკოთ... მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოში (ალბათ, სხვაგანაც ასეა) ბიჭები ანგარიშს უწევენ ერთმანეთს. ყველამ იცოდა, მამუკა ჩემი სიმღერის წინააღმდეგი რომ იყო, მასთან ურთიერთობის გაფუჭება კი არ ენდომებოდათ.

- ვიდრე მეორედ გათხოვდებოდით, თქვენს ცხოვრებაში რა ხდებოდა?

- ასე გეტყვით: ვიდრე ჩემს ცხოვრებაში გიორგი გაჩნდებოდა, ძალიან ბევრ ადგილას ვიმუშავე: სტომატოლოგიურ კლინიკაში მენეჯერად, ერთ-ერთ ბანკში რეგიონული გაყიდვების მენეჯერად, კვების ობიექტში დირექტორად, რადიო "უცნობში" (სარეკლამო განყოფილებაში) და თქვენ წარმოიდგინეთ, პიარ-გოგონადაც კი მიმუშავია... მას მერე, რაც გიორგი გამიჩნდა, აეროპორტში დამასაქმეს, ღამის ცვლაში. მერე უკვე რესტორანში დავიწყე სიმღერა (იცინის).

- ამ ყველაფერს, რაც ჩემოთვალეთ, სჭირდება განათლება...

- (მაწყვეტინებს) მართალია, უნივერსიტეტი ვერ დავამთავრე, მაგრამ პერიოდულად ვსწავლობდი რაღაცებს. მაგალითად, მამუკასთან დაშორების შემდეგ ინგლისურის კურსებზე დავდიოდი, შემდეგ კომპიუტერის შესწავლა დავიწყე. რაც მთავარია, ნებისმიერ ღირსეულ სამსახურს ვთანხმდებოდი - უკადრისობა არ მჩვევია.

- რესტორანში საქეიფოდ შემოსული ადამიანები მომღერალს როგორ გექცეოდნენ?

- სადაც მე ვმუშაობდი, იქ ყველა ისე მიყურებდა, როგორც ნამდვილ მომღერალს და თვალებში შემოგციცინებენ, შემოგნატრიან, კომპლიმენტს გეუბნებიან. არასდროს მოუმართავთ უხეშად. აქ, აზერბაიჯანში - მით უმეტეს, ძალიან კეთილგანწყობილები არიან ყველა მომსახურე პერსონალის მიმართ. ძალიან თბილები არიან, ქართველები უყვართ. წყნარი, მორიდებული, კეთილი ხალხია.

- აზერბაიჯანში თქვენი სასიმღერო რეპერტუარი რა ენოვანი სიმღერებისგან შედგება?

- ყველა ენაზე ვმღერი. საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა, ძირითადად - პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და მიწევდა უკრაინული, მოლდოვური, ყაზახური, რუსული სიმღერების შესრულება. ტურისტს უხარია, მისთვის გასაგებ ენაზე თუ უმღერებ. ასე რომ, 2 აზერბაიჯანული სიმღერა ისედაც ვიცოდი, ახლა კიდევ ორი ვისწავლე (იცინის). თუმცა, რომ გითხრათ, აქ აზერბაიჯანულ სიმღერებზე დიდი მოთხოვნაა-მეთქი, მოგატყუებთ. 2-3 სიმღერა საკმარისია - სიამოვნებთ, ქართველი მათ ენაზე რომ ვმღერი. აი, როცა შეზარხოშდებიან და ცეკვა უნდებათ, მერე უკვე ხშირად ითხოვენ "აბბას" და "ბონი ემის" სიმღერებს.

- "შაბაშები" იქაც იციან?

- აქ იციან, თუ იციან ადამიანის პატივისცემა... მიხარია, რომ ამ რესტორანში ჩემ გარდა, ბევრი ქართველი მუშაობს და ჩვენ ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. აქ კარგი მეგობრები მყავს.

- თქვენს შვილს ჩვენი ჟურნალის მეშვეობით რას ეტყვით?

- ისე მენატრება, ლამის გული გამისკდეს. "სკაიპში" რომ ველაპარაკები, ცუდად ვხდები, - ასეთ დროს მიმძაფრდება სურვილი, ჩავეხუტო. ვოცნებობ მის კეთილდღეობასა და იმაზე, რომ ქართველებს სამუშაოდ საზღვარგარეთ გადმოხვეწა არ გვჭირდებოდეს.

- საკუთარი მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

- მაქვს რაღაც გეგმები, მაგრამ ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ მინდა. ღვთის წყალობით, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება... ყველა მირჩევს და მეც მინდა, ერთი სიმღერა მაინც ჩავწერო, ჩემი ჭიის გასახარებლად, და იმედია, ამასაც შევძლებ. ჯერჯერობით კი უნდა ვიმუშაო, რათა მატერიალურად მყარად დავდგე ფეხზე, ოღონდ ეს რის ხარჯზე მიწევს, ეს სხვა საკითხია. მერწმუნეთ, ძალიან მიჭირს საქართველოდან შორს ყოფნა და ეს უბრალოდ ნათქვამი სიტყვები არ არის. მენატრება ჩვენებური ჰაერი და წყლის გემოც კი. მინდა, ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული! უფალი შეგვეწიოს ყველა ქართველს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (38)
06.06.2015
qartvelebs rato arasdros gveshveleba icit? imito vart brbo am qalbatonis visac gjerat igive tqvenze ro tqvas daetanxmebit :D romeli adamiani ityvis tavis tavze aseti da iseti varo kide kai cxvvrebi ar xart tore mgeli 5wutshi gagaqanebdat bunagshi :D
xanxu
06.06.2015
მამუკა არ იკადრებს თორემ ნეტა იმისი ინტერვიუც დაიბეჭდოს,რას ამბობს შენზე
123
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
რამდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, რომ ანტისაბჭოთა ტექსტი არ გაპარულიყო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი