წარსული, რომლის გარეშეც არ არსებობს მომავალი... - გზაპრესი

წარსული, რომლის გარეშეც არ არსებობს მომავალი...

არადა, თუ შვილს არ დაიბრუნებს, მისთვის ყველაფერი აზრს კარგავსო...

მას ახლა ნინა კოსინი ჰქვია და იტალიის მოქალაქეა. ოდესღაც იმერეთის მთიან სოფელში ცხოვრობდა და დედის გარდაცვალების შემდეგ, კოშმარად უქციეს ცხოვრება გალოთებულმა მამამ და ავმა დედინაცვალმა:

- დედაც მამის ლოთობასა და უზნეობას ემსხვერპლა. გალოთებული კაცი ხშირად და უმიზეზოდ სცემდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მახსოვს. მამაჩემისთვის რომ გეკითხათ, ცოლი ჰყავდა უნამუსო და თუ მკაცრად არ მოექცეოდა, მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ექვსი წლის ვიყავი, დედამ თავი რომ ჩამოიხრჩო. საცოდავი, ბოსელში ნახეს მკვდარი. შეიძლება ვცოდავ, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ დედა ცემისას შემოაკვდა მამას და მკვდარი ჩამოკიდა თოკზე. ეს საქმე არავის გამოუძიებია და არც მიკვირს - ჩვენ ხომ ღვთისა და კაცისგან მივიწყებულ სოფელში ვცხოვრობდით!

რვა წლისას უკვე დედინაცვალი მყავდა. მამა არც მას აკლებდა ცემას და ამისთვის ქალმა მე შემიძულა: დამცირებული, ჩემზე იყრიდა ხოლმე ჯავრს - არც ცემას მაკლებდა და არც ლანძღვა-წყევლას...

როცა წამოვიზარდე, სულ სახლიდან გაქცევაზე ვფიქრობდი. სოფლის პატარა მაღაზიაში პური და სხვა პროდუქტი ახალგაზრდა მძღოლს ამოჰქონდა, რომელმაც თვალი დამადგა. თავიდან გავურბოდი, რადგან ჩემზე ათი წლით იყო უფროსი და მისი მეშინოდა, მაგრამ მერე ისეთი აუტანელი გახდა სახლში დარჩენა, რომ გავრისკე იმ კაცთან ერთად გავიპარე - მაშინ მხოლოდ თხუთმეტი წლის ვიყავი. მამას არ მოვუკითხივარ. თურმე, როცა გააგებინეს, სად ვიყავი, მხოლოდ წყევლა შემომითვალა: ჯანდაბამდე გზა ჰქონია, დედამისის შვილმა თავი რომ არ მომჭრა და ოჯახში შეიყვანეს, ეგეც ხეირიაო...

რომ მიხვდნენ, უპატრონო ვიყავი, ქმარმაც და მისმა მშობლებმაც შემიძულეს და როგორც შეეძლოთ, მამცირებდნენ. ისე გამოვიდა, რომ ამბობენ: ვაის გავეყარე და უის შევეყარეო. ქმარს თუ ვეტყოდი, - ის მაინც მითხარი, რა დაგიშავე, ასე ცუდად რატომ მექცევი-მეთქი? - საცემრადაც იწევდა...

პირველად მუცელი ცემისას მომეშალა, მაშინ ხუთი თვის ორსული ვიყავი. ექიმმა კი მითხრა: ქმარს თუ უჩივლებ, დაიჭერენო, მაგრამ არ გავაკეთე ეს და სანანებელიც გამიხდა...

ამის შემდეგ სამი წელი აღარ დავორსულდი და ახლა ამის გამოც მლანძღავდნენ, ბერწს და უჯიშოს მეძახდნენ, ვითომ მათი ბრალი არ ყოფილიყო პირველი შვილი რომ დავკარგე...

როგორც იქნა, დავორსულდი და ვაჟი გავუჩინე ქმარს, რომელსაც სიხარულიც კი არ გამოუხატავს: შენისთანა შტერი დედის შვილი რა ხეირს დამაყრისო?! - და ისევ ჯოჯოხეთში მაცხოვრებდა...

მივხვდი, თუ თავს არ ვუშველიდი, დედაჩემის ხვედრს გავიზიარებდი და სახლიდან გაპარვა გადავწყვიტე. ძალიან მიჭირდა შვილის დატოვება, რომელიც მაშინ ხუთი წლის იყო მხოლოდ, მაგრამ იქ დარჩენილიც ვერ მივცემდი რაიმე სიკეთეს...

მეზობლის რძალმა, რომელიც ჩემზე უფროსი იყო და ვეცოდებოდი, თავისი დის მისამართი მომცა, - ქალებს საზღვარგარეთ წასვლაში ეხმარებაო. არც ფული მქონდა და გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი არ წამომიღია ქმრის სახლიდან...

მოკლედ, იმ ქალმა საკუთარი ხარჯებით გამიშვა იტალიაში და მერე მთელი წელიწადი ვიმუშავე მისი ვალის გასასტუმრებლად. არც იმის მოყოლას ვაპირებ დაწვრილებით, რა საშინელებები და დამცირება გადავიტანე, ვიდრე იმ მდგომარეობას მივაღწევდი, როგორიც ახლა მაქვს, მაგრამ იტალიაში ცხოვრების მეშვიდე წელს ავარიის შემდეგ დაინვალიდებული კაცის მომვლელად დამიქირავეს, რომელიც ისე კარგად მექცეოდა, თავი ადამიანად მაგრძნობინა და როცა ცოლობა მთხოვა, არც დავფიქრებულვარ, რომ ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული კაცი შეიძლებოდა, ტვირთად მქცეოდა...

ჯაკომო ნამდვილი ანგელოზი აღმოჩნდა. სიგიჟემდე ვუყვარვარ და ძალიან უნდა, ბედნიერი მნახოს. რომ გაიგო, შვილი მყავს საქართველოში, დაუფიქრებლად მითხრა, რომ მზადაა, იშვილოს და ორი წლის წინ გამომიშვა პირველად მასთან შესახვედრად. ფულიც გამომატანა, რომ ქმარყოფილისთვის შემეთავაზებინა შვილის სანაცვლოდ. სხვათა შორის, ის სულაც არ არის უარზე, თუ "ზედმეტ ტვირთს" მოვაშორებ, რადგან სხვა ქალი შეურთავს და ორი სხვა შვილიც ჰყავს. ჩემი გიორგი დიდად არ ანაღვლებს, მაგრამ თავად გიო არ მიკარებს სიახლოვეს, რადგან ჩემი სიძულვილით გაზარდა მამამ: კახპა და ქუჩის ქალი მიძახა შვილმა, მასთან მიახლოებაც ამიკრძალა. განადგურებული წავედი მაშინ იტალიაში, ახლა კი მეორედ ჩამოვედი: გავიგე, რომ ჩემი ცხრამეტი წლის შვილი ქურდობისთვის დაუჭერიათ და მამამისი სასამართლოზეც კი არ მისულა, თორემ ციხეში მიკითხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია...

მე, რადგან გვარიც შევიცვალე და აღარც საქრთველოს მოქალაქე ვარ, მასთან შეხვედრის ნებართვას არ მაძლევენ და ეგეც არ იყოს, შვილმა შემომითვალა, რომ ვეზიზღები და თუ კიდევ შევეცდები მის ნახვას, როგორც კი მომწვდება, ფეხქვეშ გამიგდებს და მცემს... არ მპატიობს, რომ მამასთან დავტოვე და გავიქეცი...

ვიცი, თქვენი ჟურნალი ხელმისაწვდომია პატიმრებისთვისაც, ამიტომ გიყვებით ჩემს ამბავს. იმედი მაქვს, გიო წაიკითხავს. მან უნდა იცოდეს სიმართლე: მაშინ რომ არ გავქცეულიყავი, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. მასაც ვერ წავიყვანდი, რადგან შესაძლებელი იყო, სადმე ქუჩაში შიმშილით ამოგვხდომოდა სული...

ერთხელ მაინც შემხვდეს და მომისმინოს, მოვუყვები ყველაფერს და მიხვდება, რომ მის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს. იმ საშინელი წარსულის გამო, რომელმაც ასე მოუწამლა სული და ცხოვრებაც დაუნგრია, რომელშიც ყველაზე ნაკლებია ჩემი დანაშაული, ნუ დამსჯის და თავსაც ნუ დაიღუპავს. შანსი მომცეს მეც და საკუთარ თავსაც...

თავისი ამბის თხრობისას ქალს ცრემლი არ შეშრობია თვალზე. ვფიქრობ, მართლაც რომ სასტიკად მოექცა ცხოვრება. იმედია, ჩვენი პუბლიკაცია მიაღწევს მის შვილამდე და ის აუცილებლად მოუსმენს დედას, რომელიც მართლა არაფრით ჰგავს დამნაშავეს; ის აშკარად, მსხვერპლია ჯერ მამის და შემდეგ - ქმრის ძალადობის.

ინგა ჯაყელი