მიზანდასახული გოგონას რჩევები აბიტურიენტებს - გზაპრესი

მიზანდასახული გოგონას რჩევები აბიტურიენტებს

გადავწყვიტე, 19 წლის ნინი მუჩიაშვილი გაგაცნოთ: მართალია, გოგონა მატერიალურად ძლიერი ოჯახიდან არ არის, მაგრამ დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის პირველკურსელი გახლავთ. მონდომებისა და შრომის შედეგად, ნინომ სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. მისი აზრით, ადამიანს სიზარმაცე მხოლოდ მაშინ ეძალება, როცა არ იცის, ამა თუ იმ საქმეს რისთვის აკეთებს.

- ვიდრე ეროვნულ გამოცდებს ჩავაბარებდი, ყველა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი "გადავჩხრიკე". ბოლოს, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერების სკოლას წავაწყდი და მივხვდი, ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა. სასწავლო გეგმებიც ვნახე, გაცნობით პროგრამებსაც დავესწარი და დავრწმუნდი, ეს ფაკულტეტი ნამდვილად მაინტერესებდა.

- გამოცდებისთვის როგორ ემზადებოდი?

- სკოლაში, პირველი კლასიდანვე კარგად ვსწავლობდი. როგორც ყველა, აბიტურიენტობისას მეც ძალიან დატვირთული ვიყავი. მეცადინეობა დილის 3-4 საათამდე მიხდებოდა. სამწუხაროდ, მასწავლებლებთან კარგად მომზადება ვერ მოვახერხე, მაგრამ გამიმართლა და ალბათ, ჩემი შრომის შედეგიც არის, რომ საბოლოოდ, მიზანს მივაღწიე და ამ უნივერსიტეტში სწავლის ოცნება ამიხდა.

- დამოუკიდებლად მომზადება არ გიჭირდა? ალბათ, გართობისკენ უფრო მიგიწევდა გული...

GzaPress- კი, მეც ზარმაცი ვარ, მაგრამ როცა ადამიანს მიზანი გაქვს და წარმატების მიღწევა გინდა, სიზარმაცესთან ბრძოლას იწყებ. სტიმულს ის მაძლევდა, რომ ვიცოდი - თუ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის შანსი მომეცემოდა, წარმატებული გავხდებოდი, ბევრს ვიმოგზაურებდი... ამიტომ გართობა "გვერდზე გადავდე". ნელ-ნელა მეცადინეობის პროცესი უკვე სასიამოვნოც კი გახდა ჩემთვის.

- ხომ შეიძლებოდა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ვერ ჩაგებარებინა და სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსება ვერ მოგეპოვებინა?

- ფრაზა - "ვერ შევძლებ" ჩემს ლექსიკონში არ არსებობდა და არც ახლა არსებობს. როცა რაღაც მინდა, "თავს მოვიკლავ" და გავაკეთებ!.. თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის საფასური ძვირია, სახელმწიფო გრანტითა და "ცოდნის ფონდის" დაფინანსებით, გადასახადი ცოტა მრჩება.

- ანუ სწავლის საფასურის ნაწილს მაინც იხდი?

- 7 ათასის ნაცვლად, 1.800 ლარს ვიხდი.

- ნინი, შენს სკოლაში სწავლის როგორი დონე იყო?

- პატარძეულის საჯარო სკოლა დავამთავრე, სადაც ძალიან მაგარი მასწავლებლები არიან. მათი და ჩემი ერთობლივი შრომის შედეგია, ეროვნული გამოცდები წარმატებით რომ ჩავაბარე. ხდება ხოლმე ისე, რომ მოსწავლეს სწავლა უნდა, მაგრამ მასწავლებელს საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვს. ჩემს შემთხვევაში, ასე არ ყოფილა - უძლიერესი პედაგოგები მყავდა. არ ვიცი, ოდესმე მათი ამაგის გადახდას თუ შევძლებ.

- შენი ოჯახის წევრები რას საქმიანობენ?

- მშობლები, ბებია და 2 უმცროსი ძმა მყავს. ცხოვრებაში თუ რამისთვის მიმიღწევია, ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რადგან ყველანაირად ხელს მიწყობდნენ: როცა რაიმე პროექტში ვმონაწილეობდი, ფული თუ არ ჰქონდათ, ისესხებდნენ და მაინც გამიშვებდნენ... საკუთარ თავს წარმატებულად ჯერ არ მივიჩნევ, მაგრამ იმედი მაქვს, ასეთი გავხდები (იცინის). ოჯახის წევრების საქმიანობას რაც შეეხება, მამა მუშაობს - ელექტროშემდუღებელი გახლავთ.

- შენი სტუდენტური ცხოვრების შესახებ გვიამბე.

- აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდი: ახალი ადამიანები, ახალი გარემო... თავდაპირველად, ცოტათი შემეშინდა - არ ვიცოდი, როგორ შევეგუებოდი ამ ყველაფერს. ახლა უკვე "დავლაგდი" და ძალიან დატვირთული სტუდენტური ცხოვრება მაქვს. მოგეხსენებათ, თავისუფალ უნივერსიტეტში ძალიან მაღალი დონის სწავლაა და გვიანობამდე ვმეცადინეობ. პარალელურად მოსწავლეებს მათემატიკაში ვამზადებ. ჩემს ცხოვრებაში გართობა მცირე დოზით არის. ზოგჯერ მინდება, ამის გამო ვიწუწუნო, მაგრამ ასეთი ცხოვრება ხომ თავად ავირჩიე, არავის არაფერი დაუძალებია.

- ბავშვების მომზადება რატომ გადაწყვიტე?

- ალბათ, მატერიალურად დამოუკიდებელი რომ ვყოფილიყავი, ამიტომ. მშობლები მეხმარებიან, მაგრამ მათ იმ 1.800 ლარის (სწავლის საფასურის) გადახდაც უჭირთ. მინდა, დედ-მამას რაღაცით მაინც შევეშველო. სამსახურს ძალიან დიდხანს ვეძებდი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე - პირველკურსელს არსად იღებენ. ბოლოს, მოსწავლეების მომზადება გადავწყვიტე.

- კურსელებს დაუმეგობრდი?

- დიახ, თავისუფალ უნივერსიტეტში უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი (არა მხოლოდ ჩემს ფაკულტეტზე), ნამდვილი მეგობრებიც შევიძინე. აქ მოსვლა მიხარია ხოლმე.

- მოგზაურობასთან დაკავშირებული ოცნება ნაწილობრივ მაინც ხომ არ აგიხდა?

GzaPress- ამ ზაფხულს, ერთ-ერთი საერთაშორისო პროგრამის საშუალებით, ხორვატიაში გამგზავრებას ვგეგმავ (ორგანიზაციასთან - "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა" ვთანამშრომლობ). საშუალება რომ მქონდეს, სიამოვნებით ვიმოგზაურებდი დედამიწის გარშემო.

- უკვე გადაწყვიტე, რომელ პროფესიას აირჩევ?

- ბიზნესი, საჯარო მართვა მაინტერესებს. რამდენიმე სფეროში ტრენინგები, სტაჟირება გავიარე. მიუხედავად ამისა, ჩამოყალიბებული მაინც არ ვარ... ისეთი საქმე მხიბლავს, რაც აქეთ-იქით სიარულთან არის დაკავშირებული (იღიმის)...

- იმ მცირე თავისუფალ დროს, რომელიც გრჩება, როგორ ატარებ?

- ძირითადად, მეგობრებს ვხვდები ან წიგნს ვკითხულობ. სეირნობა და მუსიკის მოსმენაც მიყვარს. შეიძლება, ინტერნეტშიც "ვიხეტიალო"... გააჩნია, როგორ განწყობილებაზე ვარ.

- როგორ მუსიკას უსმენ?

- ბლუზი ძალიან მიყვარს, ასევე - ჯაზი, სოული. ძალიან მომწონს ჯენის ჯოპლინი. ჯული ლონდონსაც სიამოვნებით ვუსმენ... პოპშემსრულებლებიდან ბიონსეს გამოვარჩევ.

- თავადაც ხომ არ მღერი?

- კი, მაგრამ ამჟამად ამის არც საშუალება მაქვს და არც - დრო, არადა, ყველაფერზე მეტად სიმღერა მიყვარს. იმიტომაც ვსწავლობ, რომ შემდეგ, ვოკალის პედაგოგთან მომზადების მატერიალური შესაძლებლობა მქონდეს. რამდენიმე მუსიკალურ პროექტში ვმონაწილეობდი, მაგალითად - "ახალ ხმაში". "ბრმა კასტინგზე" კარგად ვერ ვიმღერე, მომზადებული არ ვიყავი... ირინა ბაირამაშვილი მეხმარება, მაგრამ ის ახლა საგარეჯოშია, მე - თბილისში. ამიტომ, ერთად მუშაობას ვერ ვახერხებთ. არადა, სიმღერის "ლომკა" მაქვს ხოლმე... 15 წლის ვიყავი, როცა პატარძეულში ვოკალის პედაგოგთან 6-7 თვე ვემზადებოდი, მაგრამ მატერიალური პრობლემის გამო შევწყვიტე...

- სწავლის დასრულების შემდეგ, კონკრეტული გეგმა თუ გაქვს?

- ძალიან მინდა ოქსფორდში სწავლა. თუ ამას ვერ მოვახერხებ, საჭირო განათლებას საზღვარგარეთ, რომელიმე სხვა უნივერსიტეტში მივიღებ. საერთაშორისო პროექტები არსებობს, რომლებიც სტიპენდიის მოპოვებისა და სწავლის უფასოდ გაგრძელების საშუალებას აძლევს მსურველებს.

- თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტებს არ გასაქმებენ?

- კი, მაგრამ ძირითადად, მესამე და მეოთხეკურსელებს. იმედია, შემდეგ კურსებზე მეც დავსაქმდები.

- ნინი, აბიტურიენტებს რას ურჩევ?

- არასოდეს იფიქრონ, რომ რაღაც არ გამოუვათ, თორემ მართლა არაფერი გამოვა. წარმატების მისაღწევად, საკუთარი თავის რწმენა და თავგამოდებული შრომა აუცილებელია! საკუთარ თავზე სისტემატური მუშაობა აუცილებელია. როცა ცოდნის საფუძველი გაქვს, აბიტურიენტობისას ცოდნას უფრო გაიღრმავებ და სასურველ შედეგს მიიღებ.

ეთო ყორღანაშვილი