კაცი, რომელიც ქალის ფსიქოლოგიას სწავლობს - გზაპრესი

კაცი, რომელიც ქალის ფსიქოლოგიას სწავლობს

ვერ გავიგე, ეს ადამიანი როგორ წარმოგიდგინოთ. ის 8 შვილის მამა გახლავთ; ამაში უჩვეულო თითქოს არაფერია, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა რიგით მე-6 ცოლი ჰყავს. სასიყვარულო ურთიერთობებზე გულახდილად საუბრობს, ამდენი ცოლის "დაგროვების" მიზეზს კი იმით ხსნის, რომ ქალებთან ერთჯერადი ურთიერთობა არ იზიდავს. ქალის "შებმის" მისეული მეთოდები, 3 ცოლის თანხლებით მომხდარი კურიოზი და ნეფედ 150-კაციანი ქორწილში, მაშინ როცა შინ მეუღლე და შვილი ელოდებოდა... ეს ყველაფერი სერიალის სცენარს ჰგავს. ჩემი რესპონდენტი - მსახიობი, შოუ-გასართობი ცენტრის ხელმძღვანელი ოლეგ თავაძე გახლავთ.

GzaPress- ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში დავიბადე. ბავშვობიდანვე ცელქი ვიყავი. რომ წამოვიზარდე და კაზანოვას და დონ ჟუანის ამბები გავიგე, დავფიქრდი - მათ შორის რა განსხვავება იყო. კაზანოვას ჰქონდა ხარისხი, დონ ჟუანს - რაოდენობა. ამ ორს შორის ვხედავდი ჩემს ადგილს. ქალის ბუნება, ხასიათი, ფსიქოლოგია მათთან ურთიერთობისას ყოველთვის მიზიდავდა და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. ერთჯერადი ურთიერთობები ნაკლებად მხიბლავს.

- პირველად რა ასაკში შეგიყვარდათ?

- 4 წლის ვიყავი. ბაღში ის გოგო თუ არ დამხვდებოდა, სახლში ვიპარებოდი. სკოლაში 2 გოგოზე ვიყავი შეყვარებული, ვაკვირდებოდი მათ რეაქციას, როცა პირველად ვეტყოდი სიტყვას - "მიყვარხარ". პირველი მეუღლე - ნუნუ არჩვაძე 17 წლის ასაკში მოვიყვანე. მოგვიანებით მივხვდი, ცოლი კი არა, უბრალოდ, საპისირპირო სქესთან ურთიერთობა მინდოდა. 7 თვის ფეხმძიმე იყო, ერთმანეთს რომ დავშორდით. მერე დედამისმა მითხრა, მკვდარი ბიჭი დაიბადაო. ბუნებრივია, მისი ნათქვამი არ დავიჯერე. რამდენჯერმე ბავშვის ნახვის მცდელობაც მქონდა, მაგრამ - უშედეგოდ. ერთხელ, ჩვენი მეჯვარის დაბადების დღეს, მათთან სტუმრად მივედი. შინ მხოლოდ მეჯვარის მეუღლე და მისი ძმა დამხვდნენ. თავად იუბილარი და ჩემი ყოფილი მეუღლე გასულები იყვნენ. ოთახში ბავშვები თამაშობდნენ. ერთი ბიჭი იმდენად მეცნობოდა, ვთქვი, ეს ბავშვი სადღაც მინახავს და ვერ ვიხსენებ-მეთქი. მეჯვარის ძმამ მითხრა, შენი შვილიაო.

- რა რეაქცია გქონდათ?

- ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, მაგრამ ბავშვისთვის, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, არაფერი მითქვამს. ჩემი მეუღლე მეორე ქორწინებაში იყო. ბავშვმა იცოდა, რომ მამა ავარიის დროს ჰყავდა დაღუპული... მალე მოსკოვში წავედი, იქ ვსწავლობდი. საქართველოში რომ დავბრუნდი, მერე გავიცანი ქეთევან თოლორდავა. ის და ჩემი დეიდაშვილი ერთად მუშაობდნენ. იმ პერიოდში "გორკის კლუბში" ვცეკვავდი. ქეთევანი მალე ჩემი მეუღლე გახდა, მასთან ბიჭი შემეძინა. ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდებოდა, მაგრამ ბორჯომში გასტროლზე ყოფნისას ლამაზი გოგონა, ლუიზა შანიძე გავიცანი. არ გავუმხილე, რომ ცოლი და შვილი მყავდა. ქალის მოტყუებას რა უნდა?!.

- ქალს გააჩნია.

GzaPress- ნაბიჯ-ნაბიჯ ქალის გულის მოგებას რა უნდა, მთავარია, შენ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ ის ქალი შენი ღირსია. დღეს ყვავილი მიუტანე, ხვალ მესიჯი მიშწერე, ზეგ დაურეკე. თუნდაც ქმარი ჰყავდეს. ზოგჯერ ისე ხდება, ქმარს მნიშვნელოვანი თაღიღებიც კი ავიწყდება. უნდა თუ არა, ქალის მეხსიერებაში ეს ყურადღება მაინც ამოტივტივდება. ცოლებს დაბადების, გაცნობის, ქორწინების დღეებს ყოველთვის ვულოცავ, გამორიცხულია დამავიწყდეს.

- ლუიზასთან ურთიერთობა როგორ გააგრძელეთ?

- ლუიზა მალე დაფეხმძიმდა. ექიმთან რომ მივედით, მან გვითხრა, პირველი შვილი რომ მოიშოროს, მერე შვილი შესაძლოა, საერთოდ აღარ გაუჩნდესო. ლუიზას ხომ არ ვანერვიულებდი. მოვილაპარაკეთ, რომ ოჯახში მივიდოდი, მშობლებს მის ხელს ვთხოვდი, ბეჭედს მივუტანდი. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც დავგეგმეთ. ერთი ბიძაშვილი, ერთი მამიდაშვილი წავიყვანე და 150-კაციანი ქორწილიც გადავიხადე.

- სახლში ცოლ-შვილი გყავდათ და სხვა ქალთან ქორწილი გადაიხადეთ?

- დიახ. ლუიზასთან მართალი კაცი მინდოდა ვყოფილიყავი. მის სახელს გავუფრთხილდი.

- ქორწილში თქვენი მშობლები, სხვა ახლობლები რომ არ იყვნენ, თავი რით გაიმართლეთ?

- ლუიზას ოჯახში ვთქვი, რომ ჩემი მშობლები ჩემზე საშინლად განაწყენებულები არიან, რადგან მათ სარძლო ჰყავდათ შერჩეული, რომელიც ძალიან უყვართ და მის შერთვაზე უარი ვთქვი. თან დავაყოლე, მართალია, დღეს გაბუტულები არიან, მაგრამ შვილიშვილი რომ შეეძინებათ, შემირიგდებიან-მეთქი.

- ხელი როგორღა მოაწერეთ? თქვენ ხომ უკვე ქორწინებაში იყავით.

- ჩემი ძმის პასპორტიდან ამოვიღე ოჯახური მდგომარეობის ფურცელი, ჩემი პასპორტიდანაც ამოვიღე ის ფურცელი, სადაც ბეჭედი იყო დასმული და მმაჩის ბიუროში ამ გადაკეთებული პასპორტით გამოვცხადდი. ხელმოწერამ უპრობლემოდ ჩაიარა. ფოტოები გადაგვიღეს, მოგვილოცეს და ცოლ-ქმრად გამოგვაცხადეს. 1982 წლის 9 თებერვალს მეორე მეუღლესთან ქალიშვილი ნათია შემეძინა, ხოლო ლუიზასთან ამავე წლის 24 ნოემბერს შემეძინა თამუნა.

- და რომანი თქვენს მოცეკვავესთანაც გააბით...

- ამავე პერიოდში ჯგუფში მყავდა მოცეკვავე გოგო, გულიკო აბრამიშვილი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. ერთ შაბათ-კვირას თბილისში ვიყავი მარინასთან, მეორე შაბათ-კვირას ლუიზასთან მივდიოდი ბათუმში.

- მათ ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ?

GzaPress- თავდაპირველად არაფერი იცოდნენ. პირველად ლუიზამ გაიგო, რომ თბილისში ცოლ-შვილი მყავდა. ამასობაში რომანი ამ მოცეკვავესთანაც გავაბი. დიდ გაწამაწიაში ვიყავი. გულიკოც დაფეხმძიმდა. მის ოჯახში იცოდნენ, რომ ცოლ-შვილი მყავდა. გულიკოს დეიდამ უთხრა, ბავშვი გააჩინე და მე გავზრდიო. დათანხმდა. ბავშვი ვინმესთან დასატოვებლად ვერ გავიმეტე. აღარ ვიცოდი, რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს ასეთი რამ მოვიფიქრე: მარინასთან შინ მივედი და ვუთხარი, - ბავშვთა სახლში ისეთი ლამაზი ბავშვი ვნახე, ხომ არ ავიყვანოთ-მეთქი? - რატომ უნდა ავიყვანოთ, შვილები გვყავს და თუ გინდა, კიდევ გავაჩინოთო. ჩაფიქრებული მქონდა და ვამზადებდი: გულიკო ბავშვს რომ გააჩენდა, მინდოდა, გასაზრდელად შინ წამომეყვანა. მარინას იმდენი ველაპარაკე, რომ დავითანხმე, მაგრამ... გულიკომ მითხრა, - ძალიან რთული მშობიარობა მქონდა, ნაყოფი დაიღუპაო. ტყუილს ხომ მოკლე ფეხები აქვს, ბოლომდე არასდროს არაფერი იმალება და ერთ დღეს სიმართლე მეც გავიგე. ბავშვი 3 000 მანეთად გაუყიდიათ. გავიგე, ჩემი შვილი სად და ვისთან ცხოვრობდა. სკოლაში რომ მივიდა, იმ დღეს იმ სკოლაში კონცერტი ჩავატარე, მეორე და მესამე კლასებში რომ სწავლობდა, დავდიოდი და ბავშვებს კონცერტებს ვუტარებდი. მერე ვეღარ ვნახე, აღარ ვიცი, სად არის. ჩემი პირველი შვილი არჩვაძის გვარზეა, როგორც ვიცი, რუსთავში ცხოვრობს.

- როგორ შეგეძლოთ, ერთდროულად 2-3 ქალთან გქონოდათ ურთიერთობა და თითოეული მათგანი გყვარებოდათ? ერთგულება არ შეგიძლიათ?

- ერთი ნახვით შეყვარება არ ხდება, ერთი ნახვით ხდება მოწონება. შეიძლება გაგიჩნდეს ურთიერთობის დაწყების სურვილი. ყველა ქალი თავისებურად მიყვარდა, ყურადღებას არც ერთ მათგანს არ ვაკლებდი. რატომ უნდა გერქვას "საყვარელი"? ეს სიტყვა ქალისთვის დამამცირებელია. ქეთევანთან იდეალური ურთიერთობა მქონდა. ლუიზა ავარიაში დამეღუპა. პირველ მეუღლესთან დაშორება დედაჩემის ბრალიც იყო, ამას თავად აღიარებდა. ის გოგო იმდენად მიყვარდა, შესაძლოა, სხვა ცოლი აღარც მომეყვანა.

- თქვენი ცოლები ერთმანეთს შეხვედრიან?

- ერთი კურიოზი შემემთხვა. ხაშურში კონცერტი მქონდა, ბორჯომის მე-4 სამმართველოში საქმე ისე მოვაგვარე, ბათუმიდან ლუიზა და ბავშვი დასასვენებლად ჩავიყვანე. იმ დღეებში ჩვენს ერთ ბორჯომელ ნათესავს ქორწილი ჰქონდა. სახლში ფოსტით წერილი გაუგზავნიათ. დედაჩემს ჩემი ცოლისთვის უთქვამს, - ქორწილში შენ წადი, შენი ქმარი მაინც იქ არის და ერთად მიხვალთო. მოკლედ, მარინა ბორჯომში თბილისიდან ჩამოვიდა, ლუიზა - ბათუმიდან, მე კონცერტიდან გულიკოსთან ერთად სასტუმროში დავბრუნდი. შევედი და ადმინისტრატორი მეუბნება, - შენი ცოლები მოვიდნენ, ვერ გავიგე, რა ვქნა; ერთი პირველ სართულზე დავაბინავე, მეორე - მეორეზეო. მე ჩემს მოცეკვავესთან ერთად, მესამე სართულზე ვცხოვრობდი. რაღა უნდა მექნა? ჯერ ქეთევანთან შევედი, დავუბარე, ბილეთების საკითხი მაქვს მოსაგვარებელი და მალე მოვალ-მეთქი. მერე ლუიზას მივაკითხე, მასაც იგივე ვუთხარი და გულიკო გავაფრთხილე, - ჩუმად იყავი, ცოლები ჩამომივიდნენ და არ მინდა, ჩვენი ურთიერთობის შესახებ რამე გაიგონ-მეთქი. ქეთევანმა არ იცოდა, რომ გულიკოსთან რომანი მქონდა. ლუიზას ეჭვი ჰქონდა. რამდენიმე დღე სულ გადარბენაზე ვიყავი.

- ღამე რომელთან რჩებოდით?

- ქეთევანთან. დილით ადრე ვდგებოდი, ვითომ ჩემი საქმეების მოსაგვარებლად და ლუიზასთან მივდიოდი. მერე გულიკოსთან ერთად, კონცერტებს ვატარებდი. ერთხელ დილით ფოიედან ქალების ჩხუბის ხმა მომესმა. მივხვდი, საქმე რაშიც იყო. ახლა დიდი ამბავი ატყდება-მეთქი, ვიფიქრე, და კედლისკენ გადავბრუნდი. მალე კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ჩემი ცოლები ერთმანეთს შეხვდნენ. ადვილი წარმოსადგენია, რა დიალოგიც იქნებოდა. ქეთევანმა უსმინა, უსმინა და, - ბოლოს და ბოლოს, ჩემთან რა გინდათ, ჩემს ქმარზე მედავებით, აქ არის და პასუხი თავად მოსთხოვეთო. მათი დაწყნარება არ გამჭირვებია. ლუიზა ამბობდა, ჩვენ, ქალები ვართ შტერები, კბილები ამას არ აქვს, ტვინი, ხელზე თითები აკლია და სამი ქალი დავმდგარვართ და ამის გამო ვჩხუბობთო.

- თქვენი რიგით მეხუთე რომანი როგორ დაიწყო?

- 1989 წელს მონაკოში ილუზიონისტთა და იოგათა საერთაშორისო კონკურსში მე-3 ადგილზე გავედი. მესამე ადამიანი ვარ მსოფლიოში, ვისაც პირში ადუღებული ტყვიის ჩასხმა შეუძლია. ამ წარმატების შემდეგ, ხელი მოვაწერე კონტრაქტს და სამუშაოდ ვარშავაში დავრჩი. იქ გავიცანი პოლონელი ქალბატონი, ბოჟელი. მას თავი მოვაწონე.

- ვარშავაში მეუღლის გარეშე იყავით?

- არა, ოჯახთან ერთად ვიყავი. მე და ქეთევანმა იქ ქორწინების 20 წლისთავი გადავიხადეთ. ბოჟელი ჩვენთან სახლში მოდიოდა და ჩემს მეუღლეს "უფროს დას" ეძახდა. ქეთევანმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ თავდაპირველად არაფერი იცოდა, მოგვიანებით, რა თქმა უნდა, გაიგო. საქართველოში ვიყავით და ლუიზა არ მომაშორე, აქ ჩამოვედით და ამ ქალს გადაეკიდე, ჯანდაბამდე გზა გქონია, რაც გინდა, ის გიქნია, ბავშვები უყურადღებოდ არ დამიტოვოო, - მითხრა. დავამშვიდე, - ყურადღებას შენც არ მოგაკლებ-მეთქი. 4 წელი ვიყავი ვარშავაში. ბოჟელიმ ბიჭი გამიჩინა. მერე საცხოვრებლად მოსკოვში გადავედი. იქ კიდევ ერთი გოგო გავიცანი, ირინა. ის ლეონტიევის მასაჟისტი იყო. მასაც თავი მოვაწონე, ურთიერთობა ადვილად ავაწყვეთ. შვილი ირინამაც გამიჩინა. ჩემს ყველა ყოფილ მეუღლესთან კავშირი მაქვს, ერთმანეთს მოვიკითხავთ ხოლმე.

- როგორც ვიცი, დაპატიმრებულიც იყავით. რისთვის?

- ლუიზასთან და ჩვენს შვილთან ერთად ავარიაში მოვყევი. ლუიზა დაიღუპა, მე დამიჭირეს და 6 წელი მომისაჯეს. საპროცესო შეთანხმებით 6 თვეში გამოვედი, 6.000 ლარი გადავიხადე. მერე ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მდგომარეობიდან ისევ ჩემმა საქმიანობამ და ამ საქმიანობის სიყვარულმა გამომიყვანა. მხარში ამომიდგნენ მეგობრები.

- ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორ წარიმართა?

GzaPress- 2012 წლის 21 აგვისტოს ახალქალაქში ჩავედი. კონცერტები უნდა ჩამეტარებინა. საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად და კონტრაქტის გასაფორმებლად, ახალქალაქის კულტურის სახლში დირექტორთან მივედი. იმ დღეს მშვენიერი ქალბატონი, ანაიდა მინასიანი გავიცანი. მასთან დაახლოების სურვილი გამიჩნდა. მოვიმიზეზე, - სომხური არ ვიცი, კონცერტებზე თარჯიმნად წამომყევი-მეთქი. - ჩემს ძმას უნდა შევეკითხოო, - მიპასუხა. რამდენი წლის ხარ-მეთქი? 41-ისო. მერე რაღა დროს შენი ძმაა, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებ-მეთქი? მოკლედ, მის ძმასთან მივედი. გავეცანი, - მსახიობი ვარ და თქვენი დის დახმარება მჭირდება, ენა არ ვიცი-მეთქი. რამდენიმე კონცერტი ჩავატარეთ. მერე ჩემს შვილებს დავურეკე: - ყველას თქვენ-თქვენი ცხოვრება გაქვთ, მე პატრონი მჭირდება, ადამიანი, რომელიც ყურადღებას მომაქცევს-მეთქი, - და ანაიდას შესახებ ვუთხარი. მერე ანაიდას მამასთან მივედი, თქვენი ქალი მომწონს-მეთქი. ეგ ქალი არ არის, გოგოაო... მე-4 წელია, მე და ანაიდა ჩემი მშობლების სახლში, სოფელ ნასაგურში ერთად ვცხოვრობთ.

- თქვენს შვილებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- მეგობრობენ. მეუბნებიან, კარგად მოიძიე, იქნებ სადმე და-ძმა კიდევ გვყავსო... ჩემი ქალიშვილი თამუნა ჟურნალისტია. ის ხუმრობს ხოლმე, - შენს ცხოვრებაზე ერთი კარგი სერიალის გადაღება შეიძლებაო. შარშან ზაფხულს ჩემი შვილები ახალქალაქში ანაიდას ოჯახშიც მივიყვანე.

- ამდენ ქალთან ურთიერთობის შემდეგ რა დაასკვენით?

- ყველა ქალში ხასიათის თავისებურებებს ვეძებდი: რა უხაროდა, რა აბრაზებდა, რაზე იბუტებოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ შემრიგებოდა... ქალის მოხიბვლა მამაკაცისთვის არ არის პრობლემა. ქალს უნდა მისცე საშუალება, ბოლომდე გაიხსნას. თმა რომ გადაიწია, ისიც კი უნდა აღნიშნო. ახალი პერანგის ჩაცმაც კი არ უნდა გამოგრჩეს. ის ხომ ყველაფერს შენთვის აკეთებს. ყურადღება არასდროს უნდა მოაკლო. დეტალებიდან ყალიბდება ურთიერთობა. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაუახლოვდე.

- თქვენთვის უღალატიათ?

- უღალატიათ. მერე მოსულან, უტირიათ, ბოდიში მოუხდიათ.

- გიპატიებიათ?

- არა. ღალატის პატიება არ შემიძლია.

- რატომ? თქვენც ხომ ღალატობდით.

- არ ვთვლი, რომ ვღალატობდი.

- მიუხედავად დიდი მცდელობისა, ქალის მოხიბვლის წარუმატებელი შემთხვევა გქონიათ?

- იშვიათად, მაგრამ მქონია. მარჯანიშვილის თეატრში "ეიფელის კოშკში" შეყვარებულის როლს ვთამაშობდი, რუსთავში კი, სპექტაკლში - "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"... წარუმატებელი შემთხვევა ჩემი გაუბედაობის გამო მქონია.

- ამდენი ცოლი გყავდათ და კიდევ გაუბედაობაზე ლაპარაკობთ?

- ის იმდენად ცნობილი პიროვნებაა, ვერ შევბედე, ჩემი განცდების შესახებ დავლაპარაკებოდი. უარი რომ ეთქვა, ჩემი დასამარება იქნებოდა. მგონია, რომ დადგება ჩემს ცხოვრებაში მომენტი, როცა მას ჩემს სათქმელს მაინც ვეტყვი. იმ ქალბატონს ყველა იცნობთ, ძალიან პოპულარულია.

- როგორ ფიქრობთ - ანაიდა თქვენი "ბოლო გაჩერებაა"?

- ჩემს ძმას რომ დავურეკე, ნიშნობა მაქვს და ახალქალაქში უნდა წამოხვიდე-მეთქი, ვუთხარი, - რაც მე შენს ქორწილებსა და ნიშნობებში გზაში ფული ვხარჯე, 2 მანქანას ვიყიდდიო (იცინის), - მიპასუხა. ჩემები მეხუბრებიან, - ამას "დაგავორი" როდის გაუვაო? - ჯერ არ გაუვა-მეთქი.

- თქვენი ყოფილი ცოლები მეგობრობენ?

- კი, ერთმანეთს იცნობენ და კარგი ურთიერთობა აქვთ.

- ამდენ ცოლსა და შვილს მხოლოდ ჯამბაზობით არჩენდით?

- ფილარმონიაში ვმუშაობდი, ჩემი საცირკო-საესტრადო ჯგუფი მყავდა, წარმოდგენებს ვმართავდი. თენგიზ ჩანტლაძესთან თეატრშიც ვიმუშავე. იმდენს ვშოულობდი, ყველას გვყოფნიდა.

- ახლა რას საქმიანობთ?

- შოუ-გასართობი ცენტრი "სატირონი" შევქმენი, ამავდროულად, საცირკო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარ. მომავალში წიგნის დაწერას ვაპირებ, სახელწოდებით "ჩემი ცხოვრების ქალები". დღესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ ვმგზავრობ, ქალბატონებს ვაკვირდები; შემიძლია, მივიდე და ვკითხო: "თქვენი ქმარი ცოლიანია?.."

თამუნა კვინიკაძე