ნათელა იანქოშვილი - "მომავლის მხატვარი"
font-large font-small
ნათელა იანქოშვილი - "მომავლის მხატვარი"
თბილისის შუაგულში, რუსთაველზე, ოპერის მოპირდაპირე მხარეს, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვარ-პორტრეტისტისა და პეიზაჟისტის, ნათელა იანქოშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს.
სამწუხაროდ, ამის შესახებ ბევრმა თბილისელმა არ იცის. არადა, ბევრ ქვეყანაში კრიტიკოსებს იანქოშვილი გოგენის, გრაბარის, კონჩალოვსკის, დალის, მატისის, პიკასოს გვერდით უხსენებიათ, რამდენიმე ქართველი ხელოვნებათმცოდნე კი მას ფიროსმანის შემდეგ, "მომავლის მხატვრად" ასახელებს. იანქოშვილი ავტორია "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების სერიისა, რომლის ხილვისას ჰოლანდიელ მოქანდაკეს, ფრიდერიკ ზიგერს შეუნიშნავს: "მიყვარს ეს ხელოვნება, სწორედ ამ მხატვრისა, ეს კარგი, თანამედროვე ხელოვნებაა".

ქალბატონ ნათელასა და მის მეუღლეს, მწერალ ლადო ავალიანს შვილი არ ჰყოლიათ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მხატვარი ახალგაზრდა კოლეგას - თემურ დვალიშვილს დაუკავშირდა და უცნაური რამ უთხრა: - მინდა, შვილად აგიყვანოო... ბატონი თემური ნათელა იანქოშვილს იხსენებს და მათი შვილობილ-დედობილად ქცევის ამბავს მოგვითხრობს:

- ბავშვობა კახეთში გაატარა. სამხატვრო აკადემიის სტუდენტობისას მისი პედაგოგი, დავით კაკაბაძე გაოცებული ყოფილა ქალბატონი ნათელას "კოლორისტული სიჯიუტით": დიდხანს და გულმოდგინედ მუშაობდა ფერზე... სწავლისა და საკუთარი ხელწერის ძიების პერიოდში ისეთი კოლორისტებით იყო გატაცებული, როგორებიც არიან: ელ გრეკო, გოგენი, ფიროსმანი. მაგრამ, როგორც ხელოვნებათმცოდნე ლია ჭავჭავაძე მიიჩნევს, ყველაზე დიდი ზემოქმედება მასზე ქართულმა ფრესკებმა და ფიროსმანის სადა და ელვარე ტალანტმა მოახდინა. ფიროსმანთან მას სულიერი სიახლოვე აკავშირებდა. ეს სიახლოვე გამოიხატება სისადავესა და აზროვნების ლაკონიზმში, ძუნწ პალიტრაში, განსაკუთრებით კი - შავი და მწვანე ფერების დიდოსტატურ გამოყენებაში. ახალ ქართულ მხატვრობაში ნიკო ფიროსმანაშვილის შემდეგ იანქოშვილი პირველია, ვინც ფერთა ამ კონფლიქტს მიმართა. ეს არ არის უშუალო გავლენის ფაქტი, არამედ - ორი მხატვრის სულიერი ნათესაობის საუცხოო ნიმუში. სიმბოლურია ფიროსმანის გარდაცვალებისა და იანქოშვილის დაბადების ქრონოლოგიური დამთხვევა - 1918 წელი... 1960 წელს, ქალთა საერთაშორისო დღის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ქალბატონი ნათელას 17 ფერწერული ტილო იყო წარმოდგენილი, მათ შორის, "მამის პორტრეტი". იმ დროიდან მხატვართა წრეებში შემორჩენილა ქობულაძის ნათქვამი: მამის ამგვარი პორტრეტი, ვგონებ, მეორე არც უნდა იყოსო.

- თქვენი, როგორც უკვე დედობილისა და შვილობილის გზები როდის და როგორ გადაიკვეთა?
GzaPress- მეექვსე კლასში სწავლისას, პიონერთა სასახლეში ხატვაზე დავდიოდი. დედამ იქ გაიცნო ქალბატონი ნათელა. დამეგობრობდნენ. მარჯანიშვილზე, თავის სახლში მიგვიწვია. დამარიგა, რჩევები მომცა. დედა რომ გარდაიცვალა, პანაშვიდზე მოვიდა. მას შემდეგ მხოლოდ გამოფენებისას თუ ვხვდებოდით ერთმანეთს. მხატვართა კავშირში, სამხატვრო ფონდში ვმუშაობდი. მისი მეუღლე, ლადო ავალიანი იქ ხშირად მოდიოდა, ზოგჯერ ქალბატონი ნათელაც ახლდა. ლადო უნივერსალური პიროვნება გახლდათ, მრავალმხრივად განათლებული იყო და არაჩვეულებრივად საუბრობდა. სამხატვრო ფონდმა მათ სახლში რემონტი დაუფინანსა. საერთოდ, სურათებს არ ყიდდნენ, მაგრამ გაჭირვების გამო, რამდენიმეს შეელია ცოლ-ქმარი და მათ გაყიდვაში ჩვენ დავეხმარეთ...

- როგორც ცნობილია, ლადო ავალიანმაც სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ცოლ-ქმარმა ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნო. ბატონი ლადო არ ხატავდა?

- დიახ, ლადო ნათელაზე ორი კურსით წინ, გრაფიკაზე სწავლობდა, მაგრამ რაც აკადემია დაასრულა, აღარ დაუხატავს, მხოლოდ მწერლობით იყო გატაცებული. თუკი ლადო სტატიას დაწერდა ან ნაწარმოებს გამოაქვეყნებდა, ჰონორარით ნათელასთვის საღებავებსა და ტილოს იძენდა. თითქმის მშივრები იყვნენ. მათი მთავარი საზრუნავი იყო, შეეძინათ საღებავები და ნათელას ემუშავა. ლადო ძალიან უწყობდა ხელს, სხვაგვარად, ნათელა ვერაფრით შეძლებდა მუშაობას. შვილი არ ჰყავდათ. ნათელა ხშირად ამბობდა, ნახატებია ჩემი შვილებიო. ისიც უთქვამს, შვილი რომ მყოლოდა, ამდენ მუშაობას ვერ შევძლებდიო. 1998 წელს ლადო გარდაიცვალა. ნათელამ დამირეკა და მითხრა, - სულ მარტო დავრჩი და მინდა, შვილად აგიყვანოო. ვუპასუხე, - არ არის საჭირო; თუ რამე შემიძლია, ისედაც დაგეხმარებით-მეთქი. მთხოვა, მომვლელი მომიძებნეო.

- რა ნიშნით შეგარჩიათ შვილობილად? ნათესავები არ ჰყავდა?

- ვერ გეტყვით. ალბათ მენდობოდა. ახლო ნათესავებიც ჰყავდა და ფართო სანაცნობო წრეც ჰქონდა. ბევრმა გამოიჩინა კიდეც მის მიმართ ყურადღება, მაგრამ თავად არავისთან მოისურვა ურთიერთობა. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ სახლის ნაწილი მაინც ნათესავებისთვის დაეტოვებინა, მაგრამ არაფრით დამთანხმდა. როგორც კი ამ თემაზე დავუწყებდი საუბარს, ძალიან ბრაზდებოდა. არ მომეშვა, სანამ კანონით დავაფიქსირეთ შვილობილობა. საერთოდ, უხეში საუბარი იცოდა. კეთილი იყო, მაგრამ თუ ვინმე არ მოეწონებოდა, პირდაპირ ეტყოდა და სახლიდანაც დაითხოვდა. როცა სტიპენდიას აიღებდა, მომცემდა ხოლმე, ოჯახს მიხედეო. მე კი საკვებს არ ვაკლებდი. ხშირად ვეძებდი ახალ-ახალ მომვლელს, რადგან, როგორც მოგახსენეთ, რთული ხასიათი ჰქონდა და ამის გამო მომვლელები ხშირად ტოვებდნენ სამსახურს.

- ნათელა იანქოშვილი სიცოცხლეშივე ცნობილი მხატვარი იყო. როგორი ურთიერთობა ჰქონდა სახელმწიფო მოხელეებთან და რამდენად შუქდებოდა მისი მოღვაწეობა მედიასაშუალებებით?
GzaPress- პრესისგან განებივრებული იყო. მის შესახებ, როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრესაში ძალიან ხშირად იწერებოდა. რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეებთან მის ურთიერთობას, შევარდნაძესთან ახლობლობდა. ნელი გურგენიძე მაშინ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე იყო, ეს ფართობი სწორედ მისი დახმარებით მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ საზღვარგარეთ გასვლა არც ისე ადვილი იყო. მას კი ხშირად უშვებდნენ მოცეკვავეებთან, სხვადასხვა ჯგუფთან ერთად. ასე ნახევარი მსოფლიო შემოიარა.

- როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას შეიქმნა მისი ნამუშევრების კუბური სერია, არა?
- დიახ, ფიდელ კასტროს პირადად შეხვდა, თავისი ორი ნამუშევარი აჩუქა და ის ნატურიდან დახატა. არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ მოგზაურობდა. არაჩვეულებრივად იცნობდა საქართველოს ყველა კუთხეს, სტუმრობდა და ხატავდა ეკლესიებს. იქვე ჩანახატს აკეთებდა, შემდეგ კი სახლში ხატავდა. თუკი გაიგებდა, რომ საზღვარგარეთ რაიმე ქართული ძეგლი იყო, აუცილებლად მოინახულებდა და დახატავდა.

- თანამედროვე მხატვრებთან ურთიერთობდა?

- ზოგიერთი დიდი მხატვარი არ წყალობდა. გუდიაშვილი და ქობულაძე კი განსაკუთრებულად აფასებდნენ მის შემოქმედებას. ლადო გუდიაშვილმა ის "დიდი თვითმყოფადი ტალანტის მხატვრად" მოიხსენია. ხელოვნებათმცოდნე შალვა ამირანაშვილი კი მას ფიროსმანის შემდეგ მომავლის მხატვრად ასახელებდა. ამბობდა, - როგორც ფიროსმანს ვერ იგებდნენ თავის დროზე, ისე ვერ აფასებენ ჯერჯერობით იანქოშვილსო. მისი სიტყვებია: "ნათელა იანქოშვილის შემოქმედება აღბეჭდილია გულწრფელი სიყვარულით, დიდი შემოქმედებითი მღელვარებით, რასაც ძველად საქართველოში აღნიშნავდნენ სიტყვებით: "მდუღარება სულისა".

- ცნობილია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარ-პორტრეტისტი შედევრებს 2-3 საათში ქმნიდა...
- მხატვრები პორტრეტის შექმნას ხშირად, მინიმუმ, რამდენიმე დღეს ანდომებენ. ქალბატონ ნათელას ჩვევად ჰქონდა: ვის დახატვასაც აპირებდა, ერთ დღეს 1-2 საათი ესაუბრებოდა; თუ მოეწონებოდა, მეორე დღისთვის დასახატავად იწვევდა და 1-2 საათში სურათი მზად ჰქონდა. ცდილობდა, ესკიზები მათთვის პროფესიის შესაფერისად მოერგო. ეს ესკიზები ახლაც შენახული მაქვს.

- ამ სახლს სახელმწიფო მუზეუმის სტატუსი აქვს თუ კერძო მფლობელობაშია?

GzaPress- მუზეუმია, მაგრამ სახელმწიფო სტატუსი აღარ აქვს, ამჟამად კერძო საკუთრებაშია. 2000 წელს შევარდნაძის ბრძანებით, ოფიციალურად, მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. ქალბატონი ნათელა ამ გადაწყვეტილებას ერთი პირობით დათანხმდა: დირექტორი თემური უნდა იყოს და ჩემი გარდაცვალების შემდეგ სახლი არა მთავრობას, არამედ მას უნდა დარჩესო. მთავრობამ მაინც დანიშნა მოადგილე, მაგრამ ნათელა მას სახლში არ უშვებდა. ამის გამო მალე ის შტატი გააუქმეს, მუზეუმის ოფიციალურ ხელმძღვანელად კი მე გამაფორმეს. 2006 წელს მუზეუმში წყალი ჩამოვიდა და ნამუშევრები დაზიანდა. ნათელა ძალიან განაწყენდა და განცხადება დაწერა, რომ მუზეუმი სახელმწიფო აღარ ყოფილიყო. თუკი რამ ტიტული არსებობდა, ყველაფერს ფლობდა და თვეში 60 ლარს უხდიდა სახელმწიფო. 2003 წელს 85 წლის იუბილე გადაუხადეს და საზეიმოდ გადასცეს 600 ლარი. იმ თანხით საღებავები ვიყიდეთ. საბოლოოდ, მუზეუმს სახელმწიფო სტატუსი გავუუქმეთ, თუმცა, ამის გამო 8 წელი გვქონდა სასამართლო დავა. რემონტი ჩემი ძალებით გავაკეთე. როიალი და ორი დიდი სატვირთო მანქანა წიგნები პირველ სკოლას ვაჩუქე. ლადოს დაუმთავრებელი ლექსები და პიესები, ასევე - ჟურნალები, სადაც ქ-ნი ნათელას შესახებ სტატიები იყო დაბეჭდილი, არქივს ჩავაბარე. რუსთაველზე სახლების რეკონსტრუქციის შემდეგ მუზეუმში წყალი ჩამოდის. წელიწადში მინიმუმ ორჯერ ამწე მომყავს და რადგან მიუდგომელი ადგილია, თითო ჯერზე 500-600 დოლარის გადახდა მიწევს.

- სიცოცხლის ბოლო პერიოდი როგორ გაატარა ქალბატონმა ნათელამ?

- გაზაფხულის ერთ საღამოს ეზოდან ვეძახდი, მაგრამ პასუხი არ გამცა. მაშველები გამოვიძახე, აივანზე ამოვიდნენ და ფანჯარა გატეხეს. საწოლთან წაქცეული ვნახეთ. თურმე ჩემი ხმა ესმოდა, საწოლიდან წამომდგარა, მაგრამ ფანჯარასთან მოსვლა ვეღარ შეძლო. "სასწრაფომ" საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორი კვირა გაატარა. მითხრა, მშვიდად ვარ, რადგან ვხვდები, რომ შენში არ შევმცდარვარო. 2007 წელს მოულოდნელად, მძინარე გარდაიცვალა. ბოლომდე სულ მუშაობდა, ზოგიერთ სურათს ხელმეორედ ხატავდა - იმდენი ძალა და შთაგონება აღარ მაქვს, რომ ახალი ნამუშევარი შევქმნაო... ბოლოს, ინსულტის გამო, ხელი უკანკალებდა. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ყველა ნახატზე თავისი ხელმოწერა გამაკეთებინა. ხშირად ნაწყენი ამბობდა, ჩემს ნამუშევრებზე ზოგიერთი ამბობს, მათში მხოლოდ შხამიანი მწვანე და შავიაო. ფიროსმანსაც ხომ უყვარდა შავი ფერი, ჩემს შემოქმედებასაც მსოფლიო სწორედ ამ ფერების სწორი შეხამების გამო აფასებს; დადგება დრო, ფიროსმანის შემდეგ ჩემს ნამუშევრებს დაასახელებენო. ბოლო რამდენიმე ნახატი, ჩემი რჩევით, მხიარული ფერებით შექმნა და სხვათა შორის, დამთვალიერებლები ყოველთვის გამოარჩევენ ხოლმე ამ ნამუშევრებს.

- რამდენად არის დაინტერესება მისი ნამუშევრებით დღეს - ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს მიღმა?
GzaPress- სულ ახლახან ვუმასპინძლეთ ინგლისელების ჯგუფს. თქვეს, - სად არ ვყოფილვართ და ყველა მხატვრის ნამუშევარი ვიღაცისას ოდნავ მაინც წააგავს, ამ ნახატებს კი ვერავისას მიამსგავსებ, მათ ნებისმიერი მხატვრის ნამუშევრებში ამოიცნობო. უცხოელები ამბობენ, ისეთი ძლიერი მონასმები აქვს, მამაკაცის შექმნილი გვეგონაო.

- სურათებს საზღვარგარეთ გამოფენებზე ხშირად გზავნით?

- დღე არ გავა, რომ მათი შეძენის მსურველმა არ დამირეკოს. რეკავენ ქართველებიც და უცხოელებიც, მაგრამ არ ვყიდი. მათ ვერც ქალბატონი ნათელა ელეოდა. რამდენიმე ნახატზე მითხრა, თუ დაგჭირდება, გაყიდეო. ერთ-ერთი რემონტისთვის დავთმე. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნას, - თავად ყოველთვის, ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანისა და დაკარგვის ეშინოდა. ესეც რომ არ იყოს, გზაში დაზიანდებაო, ამბობდა ხოლმე. ამ მიზეზით, ტრეტიაკოვის, დრეზდენის გალერეებს, ინგლისის სამეფო მუზეუმს უარი ვუთხარით. ახლახან გერმანელები და ინგლისელები იყვნენ ჩამოსული, გერმანიაში აწყობენ გამოფენას. "სოთბიზეც" მიაქვთ და იქ თუ გაიყიდა, შეიძლება დავთანხმდე, მუზეუმის კეთილმოწყობისთვის.

- თქვენს შემოქმედებაზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა.

- მე, ძირითადად, აბსტრაქციაზე ვმუშაობ. ჩემს ნახატებს ხშირად ვგზავნი საზღვარგარეთ გამოფენებზე. ახლახან ბაქოსა და ერევანში მქონდა გამოფენილი.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
25.10.2015
რა ღირს ამ მხატვრის ნახატები?
პაატა
17.04.2015
Visats q-no natelas namushevrebi Ar unaxia bevri daukargia,saotsari silamazea.mostsavleebi unda dakavdet DA achvenebdnen ra didebuli mxatvari iko.
dodo
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2164 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი