"არხოტიონი" ლელას მესხური თავგადასავალი - გზაპრესი

"არხოტიონი" ლელას მესხური თავგადასავალი

მესხეთში გადასახლებულ ხევსურს, 70 წლის არხოტიონ ლელა ნაროზაულს ახალციხეში ვესტუმრე. მუდამ ხალისიანი, ენერგიული, ათასნაირი ხალხური საკრავით გარშემორტყმული მასპინძელი ანთებული მიამბობდა თავისი ხევსურობის, მუსიკის სიყვარულისა და პედაგოგობის ამბავს და შიგადაშიგ ხან ფანდურს აჟღერებდა, ხან ჩონგურს, ხან სალამურს და ხანაც გარმონს.

- ამხელა კავკასიონის მთები გადმოვიფრინე და მესხეთში ჩამოვედი - ეს ვარ მე, 70 წლის არხოტიონი ლელა, "დაბადებით რომ თან დამყვა ბადე... უფალს ყოველთვის მადლობას ვწირავ, ქვეყნად ხევსურად რომ დავიბადე!" ხომ მაგარია? ჰოდა, მესხეთში რომ ჩამოვედი, აღარ ვბერდები, არ ვიცი, რა ხდება...

- ვერ მოგერიათ მესხეთის მკაცრი ბუნება?

- ვერ მომერია. ისეთი ძლიერი ჩამოვედი იქიდან, რომ ვერაფერი მომერევა.

GzaPress

- არაჩვეულებრივად გამოიყურებით ხევსურულ სამოსში. მოდი, გადავავლოთ თვალი თქვენს ცხოვრებას. ამბობთ, ხევსურეთიდან "გადმოფრინდიო"...

- არხოტელი ხევსური ვარ. იქ დავიბადე. 1958 წლიდან კომუნისტების მთავრობამ ქისტებთან საზღვრის გამო არხოტი დაშალა და ხევსურები აქეთ-იქით დაგვფანტა. ჩემი ოჯახი სხვა ნათესავებთან ერთად, წითელწყაროში (ახლანდელ დედოფლისწყაროში) ჩასახლდა. ვცხოვრობდით კახეთში. 7 და-ძმა (5 და და 2 ძმა) ვყავდით მშობლებს. ჩემი ტყუპისცალი ძმა 20 წლისა ვიეტნამის ომში დაიღუპა. მაშინ მეორე კურსზე გადავდიოდი. არც ძმის სიკვდილმა შემაშინა, რადგან ჩემში მუსიკა იყო იცი, როგორ? სულ ვუკრავდი და ვმღეროდი. სკოლაშიც არ დავდიოდი, ჩემს უფროს დებს რომ ვპარავდი ხოლმე ყველა სახის ინსტრუმენტს - გარმონს, ფანდურს და სხვა საკრავებს (მშობლებიც მუსიკალურები იყვნენ და შინ ყველანაირი ინსტრუმენტი გვქონდა), ჩავიტანდი საძროხეში, ჩავყრიდი ბაგაში, სადაც ძროხა ჭამდა და იქ ვუკრავდი ხოლმე. რომ წამოვიზარდე, სწორედ მუსიკის სიყვარულმა შთამაგონა და გავიპარე შინიდან. თბილისში ჩამოვედი, ასე, ოჯახისგან ჩუმად, უპატრონოდ - მხოლოდ უფალი მყავდა პატრონად, - ჩავაბარე თეატრალურში, საორკესტრო-სადირიჟორო ფაკულტეტზე და 1968 წელს დავამთავრე სწავლა. იმავე წლის პირველ სექტემბერს შევაღე ახალციხის პირველი სკოლა-ინტერნატის კარი, მერე კულტურის სახლსაც "დავეუფლე", სასოფლო ტექნიკუმშიც მივედი და ასე "მოვერგე" მესხეთს, როგორც ფოლკლორისტი. დიპლომი უნდა გამეკეთებინა, მთლად ეგრე დასრულებული კი არ მქონდა სწავლა (იცინის)! თანაც, მაშინ ჩაკეტილი ზონა იყო მესხეთი, აწყურიდან იოლად ვერ გადმოხვიდოდი აქეთ. მესხეთის თეატრიც კი არ იყო იმ ხანად. ჩემი ისტორიის ლექტორმა, მიშა მეძმარიაშვილმა ჩამოიყვანა პირველი დასი, ჩემი პარალელურკურსელები სამსახიობო ფაკულტეტიდან. ჩემი ხევსურობა საშუალებას არ მაძლევდა, მსახიობის გზას დავდგომოდი, ამიტომ თავიდანვე უარი ვთქვი თეატრზე. ბავშვებთან მუშაობა ვარჩიე, რათა მათთვის ის მესწავლებინა, რაც ბავშვობიდან კარგად ვიცოდი.

- როგორ მიგიღოთ მესხეთმა?

GzaPress- ძალიან კარგად. ყველანაირი საკრავი შეიძინეს, რადგან კარგად მიხვდნენ მისი სწავლების აუცილებლობას. ჩემი დიპლომის დაცვაზე კომპოზიტორები თავად ჩამოვიდნენ ახალციხეში. უკვე ჯგუფები მყავდა, მუსიკალური სკოლის პედაგოგი გოგონებიც ავიყვანე, მეც ვუკრავდი და ვმღეროდი და ასე შევრჩი ახალციხეს - აღარ გამიშვეს აქედან. მწერალთა კავშირიდან ხშირად ჩამოდიოდნენ ხოლმე პოეტები და მათთან შეხვედრებზე ყოველთვის მე მეძახდნენ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ვიღაც პოეტის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. თურმე ხევსური ყოფილა და ჩემი გვარი რომ გაიგონა, გაგიჟდა, ჩანს, არ ელოდა, ახალციხეში ხევსურს თუ ნახავდა. ის ახალგაზრდა პოეტი მინდია არაბული აღმოჩნდა. მახსოვს, იქვე მაგიდას მიუჯდა და ექსპრომტად ლექსი დამიწერა, რომელიც დამიტოვა კიდეც და თავის კრებულშიც შეიტანა: "გზაში შემთხვევით შეყრილო,/ ჩემო მზევ, ჩემო ყველაო,/ სულ გულში ჩასახუტებო,/ სულ მუდამ საკოცნელაო./ მთების ლამაზო ასულო,/ სწორთაზე მეტო ლელაო,/ ერთი თვალდაკვრით მამხიბლე,/ გულს მოხვდი, როგორც ელვაო.../ დაყვავებასაც არ ფიქრობ,/ არცა გწადია შველაო./ თუნდ ხელდაკრულიც იყავი,/ გზას მაინც მაგიყელაო.../ - "ხელდაკრული" იცი, ხომ, რას ნიშნავს? - დანიშნულს (განაგრძობს ლექსს. - ავტ.)... ისე აგრილდა ჩემს გულში,/ ჭიუხებში რომ გრილაო,/ გიკრეფ მთის ლამაზ ყვავილებს,/ თან სინანულით ვგმინავო./ არ მემეტები სხვათა და/ ქალმიწავ, ჩემო კბილაო,/ წყაროვ ანკარავ, ჩავლილო,/ გასახსენებლად ტკბილაო...

- თქვენც ხომ წერთ ლექსებს?

- ერთადერთი, რაღაც რომ მომადგება გულზე, თითო სტროფი შეიძლება დავწერო, თორემ, ჩემი საქმე, ცხოვრება - სიმღერაა... მუსიკაა... რომ იცოდე, მარტო საერო საქმეს კი არ ვემსახურები. მე ხევისბერის შვილი ვარ ანუ მღვდლის შვილი - ხევსურეთიდან. მამაჩემი მთის გაგებით, მღვდელი იყო, ხუცესი. იქ ხომ ასეთი ტაძრები არ არის, ნიშები და პატარა სამლოცველოები გვაქვს. მამაჩემს კომუნისტებმა სახარება დაუწვეს, რადგან კოლმეურნეობის თავმჯდომარეც ის იყო (საგურამოში სოფლის მეურნეობის სააგრონომო კუთხით რაღაც ფაკულტეტი დაამთავრა) და ამავე დროს, ნიკოლოზის დროინდელ სასულიერო სემინარიაშიც სწავლობდა. ყველაფრის მცოდნე იყო და ყველაფერს თვითონ აკეთებდა. იმ დამწვარი სახარებიდანაც ისევ თვითონ კითხულობდა თავებს. ჩემი ოჯახი - მშობლები და და-ძმა უჩემოდ ვერ გაჩერდნენ დედოფლისწყაროში და ისინიც მესხეთში დასახლდნენ, მზითვად გამომყვნენ, რა (იცინის). მშობლები აქ განისვენებენ და ბედნიერი ვარ, ახლოს რომ მყვანან. მესხეთმა ჩამიხუტა და მეც ჩავიხუტე. ამიტომ მესხ ბავშვებს ყველაფერს ვასწავლი, რაც ვიცი.

- ცოტა ხნის წინ, 70 წლისთავთან დაკავშირებით, საკმაოდ მასშტაბური იუბილე გადაგიხადეს, ხომ?

- დიახ, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, და ძალიან გამაბედნიერეს ამით. ჩვენი მერის - გია კოპაძისა და ჩემი ახალციხელების ძალიან მადლობელი ვარ. თეატრსა და სხვა ადგილებში აღდგომის შემდეგ გაგრძელდება ღონისძიებები. საიუბილეო წელი რადგან არის, ბორჯომშიც მიმიწვიეს. მე ხომ იქაც ვმუშაობდი და როგორც საერო, ისე საეკლესიო სიმღერებსაც ვაკეთებდი ჯგუფებთან. ხონის ეპარქიაც მეპატიჟება საიუბილეო ღონისძიებაზე. აპრილის ბოლოს სოლო კონცერტს მოვაწყობ ახალციხის თეატრში. მისმა ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა დამირეკა და მითხრა, ყველაფერს გაგიკეთებო. სცენა მჭირდება, ჩემი ანსამბლები რომ შევიყვანო. რამდენიმე ჯგუფი მყავს ახალციხეში: "ბინდი" უკვე გავუშვი, მყავს "ხმაურიანი სიმები" და "საუნჯე", ვალეში - "სამანი", მყავს ჯგუფი "სალამურა", ტრიო "არხოტელა", მოფანდურე ვაჟთა ჯგუფი "არხოტიონი"; სომხებსაც კი ვასწავლი და ძალიან მოსწონთ ქართული ფოლკლორი... ჩემს სახლში ვმუშაობთ, სხვა ადგილი არ მაქვს სამეცადინოდ. პენსიის ასაკის რომ გავხდი, მესამე წელიწადია, სკოლიდან გამიშვეს, როგორც ჩანს, ეგონათ, ვეღარაფერს გავაკეთებდი.

- ვინ გაგიშვათ?

- სკოლის დირექტორმა, მე-5 სკოლის დირექტორი ვინც იყო...

- სახელსა და გვარს რატომ არ მეუბნებით? მთელმა საქართველომ იცის, რომ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ვანო მერაბიშვილის დედა, ქალბატონი ჟენია მერაბიშვილი იყო. მან გამოგიშვათ?

GzaPress- კი, ჟენიამ გამიშვა პენსიაზე და ჟურნალისტებმა რომ ჰკითხეს მაშინ, რატომ გაუშვითო, თავისუფლად უთხრა, არაფრის გამკეთებელი არ არისო. პენსიის ასაკს ვერ დაასახელებდა, რადგან 80 წლის პედაგოგები ჰყავდა სკოლაში და თვითონაც ჩემზე ერთი წლით უფროსია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჟენიამ მგონი, წლებიც მოიკლო და ახლა თითქოს უმცროსი გამოდის... წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით, მე მისი შვილების მასწავლებელი ვიყავი. ვანიკო ჩემი ანსამბლის წევრი იყო, უკრავდა და მღეროდა. აქვე ცხოვრობს ახლოს და ვმეგობრობდით და ვმეზობლობდით. თავად ჟენია ჩემს შვილებს ასწავლიდა, მაგრამ რაც მისი ვაჟი ხელისუფლებაში მოვიდა, ძალიან გამოიცვალა. არც "დიდი კაცის" შვილი ვიყავი, არც მფარველად მყავდა ვინმე და, სამწუხაროდ, მეგობრობა საკმარისი არ აღმოჩნდა. მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია, მაინც ბევრი საქმე მაქვს. საფარის სასულიერო სემინარიაშიც ვმუშაობ წლების განმავლობაში, რაბათის წმინდა მარინეს ეკლესიაში მამა სტეფანესთან ერთად ვმოღვაწეობდი, ვგალობდი ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა გაიხსნა ეგ ეკლესია. მამა სტეფანემ საგალობლების ნოტები მომცა, გავარჩიე და ძალიან მოვიხიბლე - იმხანად ხომ არც ეკლესიები იყო და სადაც იყო, იქაც არ დავდიოდი. საეკლესიო წიგნები რომ დავინახე, ვიცანი - გამახსენდა, მამაჩემი რომ კითხულობდა და სხვათა შორის, ყველაფერი სწრაფად ავითვისე. მომეჩვენა, რომ ხევსურული სიტყვებით იყო... აი, ასე ვცხოვრობ და ვმუშაობ. ჩემი მეუღლეც ყველანაირად მიწყობს ხელს. ჩემნაირი ახტაჯანა კი არ არის, ძალიან მშვიდი ბუნებისაა. არაფერს მიკრძალავს, ოღონდ ის ვაკეთო, რაც მინდა. შვილები საქართველოში არ ცხოვრობენ. ჩემი ბიჭი, მაგალითად, ოჯახით ესპანეთში არის, მაგრამ იცი, ამით რისი თქმა მინდა?.. უშვილობას არ განვიცდი, რადგან მიმაჩნია, რომ მრავალი შვილის დედა ვარ; ჩემი ქვეყნის შვილებისა და შვილიშვილების დედა და ბებია ვარ. ბავშვების ნაწილი ბებოსაც კი მეძახის.

- რაც ხევსურეთიდან წამოხვედით, მოგიხდათ იქ ჩასვლა?

- მას შემდეგ არ ვყოფილვარ. ჩემი ტყუპისცალი ძმა ჯარში რომ გავაცილე, იქიდან მწერდა: რომ ჩამოვალ, მეც მუსიკალურ განათლებას მივიღებ და მერე ერთად წავიდეთ ჩვენს სამშობლოში - ხევსურეთშიო. ის ცოცხალი აღარ დაბრუნდა და აღარსად მინდოდა წასვლა, რაღაც ძალიან მეტკინა სულში... მაგრამ ახლა მითვლიან ხევსურები, ჩვენს შვილებსაც სჭირდები და დაგვიბრუნდიო. განა ვნანობ აქ ყოფნას, მაგრამ რაღაც სულის შიგნიდან მაწუხებს და მიხმობს. ჩემს ხევსურობას არც აქ ვკარგავ, მაგრამ... ხანდახან სარკეში რომ ჩავიხედავ, ვფიქრობ, რომ მაინც სხვა ვარ და მაშინვე ხევსურულ სამოსს ვიცვამ ან ხევსურულ ყაიდაზე ვქარგავ. ლაპარაკისას შეამჩნევდით, რომ ინტონაციაც კი მთის ხალხის მაქვს. მოკლედ, იქით ხევსურეთი მეძახის, ესპანეთიდან შვილი მიხმობს, აქ კი ბავშვები მეხვეწებიან, ლელა მასწ, არ მიგვატოვოო. საცხოვრებლად სად ვარ წამსვლელი? ჩემი მშობლები აქ დავასაფლავე, აქაურობა მიყვარს და ასე მგონია, ჩემი წილი საქართველოც აქ არის, ამიტომ სიკვდილიც აქ მინდა, მესხეთის მიწაზე.

ირმა ხარშილაძე