მოლაშქრე ექიმის ექსტრემალური გატაცება - გზაპრესი

მოლაშქრე ექიმის ექსტრემალური გატაცება

მოგზაურობა და ლაშქრობები დიდი ხანია მისი გატაცებაა და ძირითადი საქმიანობის გარდა, საქართველოს ფეხით შემოვლასაც ახერხებს. რამდენიმეჯერ საზღვარგარეთაც იყო, ნეპალში ლაშქრობისას, მართალია, 8848 მეტრზე მდებარე ჯომოლუნგმა (ჯერჯერობით) არ დაუპყრია, მაგრამ მწვერვალისკენ მიმავალ მყინვარზე და მწვერვალ კალაპატარზე, ზ.დ.-დან 5657 მეტრზე საქართველოს დროშა ააფრიალა და ბუნებრივია, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. ლევანი თავისი საქმიანობისა და ჰობის შესახებ გვესაუბრება. ლაშქრობა, როგორც სპორტის სახეობა ჯერჯერობით აღიარებული არ არის, თუმცა მოლაშქრეები ამაზეც ზრუნავენ და სპორტის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შემდეგ, ალბათ სასურველ შედეგსაც მიიღებენ.

- ლევან, სანამ ლაშქრობის თემაზე ვისაუბრებთ, მოკლედ შენი ძირითადი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ გვიამბე. როგორც ვიცი, შენი და რამდენიმე თანამშრომლის სასწრაფოდან წამოსვლას გარკვეული მიზეზები ჰქონდა...

GzaPress- ექიმი გახლავართ, ჩემი ძირითადი სპეციალაზაცია სპორტული მედიცინაა. "სასწრაფოში" 7 წელი ვიმუშავე, მაგრამ "ნაციონალების" დროს, რამდენიმე თანამშრომელმა არასწორი ჰოსპიტალიზაციის საკითხები რომ გავაპროტესტეთ, გამოგვიშვეს. მაშინდელმა უფროსმა რამდენიმე კლინიკასთან გარიგება დადო და სჭირდებოდათ თუ არა, ყველა პაციეტი იქ მიჰყავდათ, რითაც ბევრი მათგანი დაზარალდა. ფაქტობრივად, დანაშაულს სჩადიოდა. ამასთან დაკავშირებით არაერთი პრესკონფერენცია ჩავატარეთ, ერთი კვირა ვშიმშილობდი კიდეც. ის უფროსი არ დაუჭერიათ, მოხსნეს, მაგრამ ჩვენ აღარ დაგვაბრუნეს, სასამართლოს მიმართეთო. საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში პროცესები მოვიგეთ, მაგრამ სამსახურში მაინც არ აღგვადგინეს, არც კუთვნილ თანხას გვინაზღაურებენ. მაშინ "სასწრაფოში" ბევრი საშინელება გააკეთეს, ვადაგასული მედიკამენტები შემოიტანეს... მოკლედ, ვრცელი თემაა და თუ დაინტერესდებით, სხვა ინტერვიუს ფორმატში ბევრი შემიძლია გესაუბროთ. სიმართლე გითხრა, იქ მუშაობა აღარც მინდა იმდენად რთული და დამღლელია. ტექნიკური უნივერსიტეტის ექიმად მანამდეც ვმუშაობდი, მერეც იქ გავაგრძელე და გარდა ამისა, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ექიმიც ვარ. მთა და მოგზაურობა ძალიან მიყვარს, საქართველოს რთულად მისასვლელ ადგილებში მანამდეც სულ დავდიოდი და როცა მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდა, ჯგუფი ჩამოვაყალიბე, რომელსაც დავარქვი "ჩემი საქართველო აქ არის" და სხვადასხვა ადგილებში დავიწყეთ სიარული.

- ერთხელ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ დაკარგულებად გამოგაცხადათ, რა მოხდა მაშინ?

- სინამდვილეში არც არაფერი. ტობავარჩხილის ტბებზე ერთ-კვირიანი ტური გვქონდა და 18-კაციანი ჯგუფი წავიყვანეთ. თურმე, რომელიღაცას სახლში დაუბარებია, სამ დღეში ჩამოვალთო, იქ კი არანაირი სატელეფონო კავშირი არ არის და ამ დროში რომ ვეღარ დაუკავშირდნენ, ქალაქში პანიკა ამტყდარა, დაკარგულებად ჩაგვთვალეს და მერე, სიუჟეტი ისეთნაირად დაამონტაჟეს, ვითომ მაშველებმა გვიპოვეს და გადაგვარჩინეს... არადა, რა დაკარგულები?! მეექვსე დღეს სვანეთში გადავედით და მთიდან დაშვებულები, პირველივე სოფლის ერთ-ერთ ოჯახში მასპინძელმა შეგვიპატიჟა, საჭმელების მზადება და მთელი მოლხენა მიდიოდა და ამ დროს, ხაიშურას მხრიდან გასროლის ხმა გვესმის (რომ ჩვენი ყურადღება მიექციათ)... მდინარის იქით, მაშველები იდგნენ, გადმოსასვლელი გზაც კი ჩვენ მივასწავლეთ და გვეუბნებიან, 18 კაციანი ჯგუფია დაკარგული და ვეძებთო. მოკლედ, ბევრი რომ გავაგრძელო, ჯგუფი იმ ოჯახში დავტოვე და იმ ღამესვე ფეხით წავედი ქვემო ვედში, რომ მათი ოჯახის წევრებისთვის დამერეკა. იქ კი პოლიციით დაწყებული, ყველა მობილიზებული დამხვდა. დილით ტელევიზიამ ჩემი კომენტარი ჩაწერა და მოვუყევი, საიდან მოვდიოდით, რომ არსად დავკარგულვართ და შევატყვე, რომ ჩემი პასუხი არ მოეწონათ... გავიხედე, რომელიღაც პოლიციელი ინტერვიუს აძლევს - ვიპოვეთ დაკარგულები და ვახორციელებთ მათი უსაფრთხოდ გამოყვანის ოპერაციას. გადავირიე, - შენ ვინ იპოვე-მეთქი?! დავეტაკე და გაშტერებული მიყურებდა (იცინის). მოკლედ, საბოლოოდ, გავიდა სიუჟეტი ამ პოლიციელის, მაშველის ინტერვიუებით, აჩვენეს, როგორ ვსხდებით თვითმფრინავში, რომ თბილისში დავბრუნდეთ და ჩემი კომენტარიდან დატოვეს მხოლოდ ეს - სამეგრელოდან წამოვედით, ეგრისის ქედი გადმოვიარეთ და... აქ გაწყვიტეს. მოკლედ, ასე "გადაარჩინეს" მაშველებმა "დაკარგული" 18-კაციანი ტურისტული ჯგუფი.

GzaPress- მაღალმთიან სოფლებში ლაშქრობისას, იქაური ტრადიციებიდან რას მიუქცევია თქვენი ყურადღება?

- საქართველოში ბევრი ლამაზი ადგილი გვაქვს და ყველას თავისებური ხიბლი აქვს. სვანეთში კუბდარი უნდა გასინჯო, რაჭაში - ლობიანი და ლორი, ხევსურეთში - დამბალხაჭო, თუშეთში - ყველი, ცხვარი, იქაურს სულ სხვა გემო აქვს. ფშავში ხატობის დღესასწაულს აღნიშნავენ ხოლმე და დავსწრებივარ. სამდღიანია, ჯერ ხოშარობაა - ხოშარას მთაზეა სალოცავი და იქ ადიან, ლაშარობას - ლაშარის მთაზე, თამარობას კი - თამარის სახელობის ტაძარში. ძველი დროიდან მოყოლებული, ტრადიციაა, რომ ხევისბერი წარმოთქვამს სადიდებელს, დროშით ხელში, ფშავ-ხევსურეთის წმინდა გიორგის სალოცავებს მოიხსენიებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს. ამას დიდებას ეძახიან. ქადები იჭრება, საკლავს კლავენ, ეს ტრადიცია მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ... სხვათა შორის, თვითონ იმ სალოცავთან ქალებს არ უშვებენ. მაღალ მთაში თითქმის ყველგან ასეა. თამარის სახელობის ეკლესიაში თურმე ქალი არასდროს იყო ნამყოფი და როგორც თქვეს, ხევისბერმა ერთ წელიწადს დაგვრთო ნებაო. ამით ძალიან ამაყობდნენ, თამარ მეფის შემდეგ, პირველი ქალები ვიყავით, ვინც იქ ფეხი დავდგითო. მთაში განსაკუთრებით ბევრი ტრადიციაა შენარჩუნებული. ზოგი მომწონს, ზოგი - არა. ადგილზე უნდა ნახოთ და მიხვდებით... ხულოს რაიონში უმეტესობა მუსლიმანია და შესაბამისად, სხვა ტრადიციები აქვთ. ღორის ხორცს არ ჭამენ, მწვადი რომ შეგვითავაზებია, უარი უთქვამთ. სხვათა შორის, ღორის ხორცს თუშეთშიც არ ჭამენ, უწმინდურ ცხოველად მიაჩნიათ. თუშეთში სოსისი და ძეხვი არ უყვართ, ეს რომ სუფრაზე ამოიღო, შეიძლება, შეურაცხყოფად მიიღონ.

- ჯავახეთში რომელი ადგილებია სალაშქროდ უფრო საინტერესო?

- ძალიან საინტერესო და ლამაზია დიდი აბული და პატარა აბული, იდუმალ ადგილებს უწოდებენ, აბულებს შორის ნისლი თუ ჩამოწვა, კომპასიც ირევა და ყოფილა შემთხვევები, რომ ხალხი ჯიპიეს ნავიგატორითაც კი დაკარგულა. პირადად მე - არა, მაგრამ მოლაშქრეებისგან მსმენია. ასევე, ძალიან საინტერესოა კლდეკარის ციხე, მოგეხსენებათ, ბაღვაშების რეზიდენცია იყო, მათ ეჭირათ და ერთგვარი ჩამკეტის ფუნქციას ასრულებდა სამცხესაჯავახეთსა და ქართლს შორის. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პროექტი, მთელი მოლაშქრეთა სამყაროს ერთად დგომით მოვიგეთ, კლდეკარი-რკონის ბილიკის მარკირებაზე. ხეებზე ნიშნულები დაყენდება, თუ რამდენი კილომეტრიც დარჩა, სად ხარ და ა.შ. რაც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას მისცემს, ყოველგვარი გამყოლის გარეშე დაადგეს გზას და არ დაიკარგოს. ვარ ასევე საქართველოს მოგზაურთა და მოლაშქრეთა ასოციაციის დამფუძნებელი, მოლაშქრეთა ჯგუფების ხელმძღვანელები გავერთიანდით და ასეთ საკითხებზე ვმუშაობთ - ბილიკების მარკირებები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ლაშქრობის პოპულარიზაცია და ა.შ.

- რა პრობლემებს აწყდებით ხოლმე მოლაშქრეები ლაშქრობების დროს? რა არ მოგწონთ? მაგალითად, დანაგვიანებული ადგილები ბევრგან გხვდებათ?

GzaPress- ეს საშინელებაა, ფიზიკურად რისი წამოღებაც შეგვიძლია, მოგვაქვს ხოლმე და ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ვინც ასეთ ადგილებში დადის, არ დააბინძუროს. იმედი მაქვს, ნელ-ნელა ვისწავლით, რომ ბუნებასა და გარემოს უნდა მოვუფრთხილდეთ. თვითშეგნების მომენტია, სხვა არაფერი. პრობლემები შეგვქმნია, მაგალითად, ტრანსპორტირების მხრივ, ლაშქრობის დროს, ზოგადად, გზა ნაკლებად გაინტერესებს, მაგრამ თუშეთსა და ხევსურეთში როცა ადიხარ, 70 კილომეტრი მანქანით უნდა გაიარო და ისეთი დანგრეული გზაა, 5 საათი გჭირდება. მსუბუქი ავტომობილები იქ ისედაც ვერ დადის, მაღალი გამავლობის უნდა იყოს. ტურისტულ რეგიონებში უცხოელების მიმართაც დადებითად არიან განწყობილნი, რადგან იციან, რომ პატარა გადაცდომაც, მათ რეპუტაციასა და შემოსავალზე უარყოფითად აისახება.

- რომელი მხარე უფრო იზიდავთ იმ ტურისტებს, რომლებიც შენთან ჩამოდიან?

- ძირითადად, პოლონური ჯგუფები მყავს, ჩემი იქაური სამეგობრო უწევს ორგანიზებას და მიგზავნიან. ცხენებით გასვლებიც გვქონია, საფეხმავლო, ალპინისტური - ორი ჯგუფი მყინვარწვერზეც წავიყვანე, თუმცა ბოლომდე ვერც ერთი ვერ ამოვიდა.

- მყინვარწვერზე ბევრჯერ ხარ ნამყოფი?

- შვიდჯერ, თუმცა ცდა ბევრჯერ მქონია, რადგან როცა ჯგუფები მიმყავს და ვერ ამოდიან, უკან ვბრუნდებით. ასვლა, რა თქმა უნდა, რთულია. გაიშვიათებული ჰაერი, აკლიმატიზაცია მოქმედებს. იქ ყოფილი მეტეოსადგურის შენობაა, სადაც ახლა სასტუმროა, 3650 მეტრზე, ძირითადი საბაზო ადგილი იქაა, უფრო ზემოთ, კარვებში თოვლზე დაბანაკება ხდება და იქ უკვე ვერ ქაჩავენ, ამიტომ სასტუმროში ვტოვებთ ხოლმე და იქიდან უკვე ერთი ასვლით უნდა ავიდნენ, რაც საკმაოდ რთულია. ღამის 2 საათზე გამოგვყავს, მწვერვალზე ასასვლელად ჯგუფს 7-8 საათი სჭირდება. უმეტესობა ფსიქოლოგიურად ტყდება, მთავარი ძალა გონებიდან მოდის. ყოფილა შემთხვევები, როცა ამინდის გაუარესების გამო მოგვიბრუნებია, რომ საფრთხე არ შექმნოდათ. მე პროფესიონალი ალპინისტი არა ვარ, მოყვარული ვარ და იქ ისეთი ნისლი იცის, მე კი არა, ჩვენს უძლიერეს ალპინისტებსაც კი ძალიან გასჭირვებიათ სიარული.

- პირველად რომ ადიოდი, შიშის მომენტი არ გქონდა?

- არა, რას ამბობ! იმხელა ადრენალინი განვიცადე, შიშის კი არა, დაღლის მომენტიც არ მქონდა, გიჟივით ავვარდი (იცინის). მეორე ასვლაზე ფიზიკურად გამიჭირდა, რაც პირველად საერთოდ არ მიგრძნია. მყინვარწვერზე გასვლა ერთ-კვირიანია, პირველ დღეს ყაზბეგში ვბანაკდებით, მეორე დღეს - საბერწეზე, მესამე - მეტეო სადგური, მეოთხე, მეხუთე დღეს აკლიმატიზაცია, მეექვსე დღეს მყინვარზე ასვლა და მეშვიდე დღეს ისევ ყაზბეგში ვეშვებით. ეს კარგ შემთხვევაში, თორემ მეტეოზე შეიძლება ერთი კვირაც ვისხდეთ ამინდის მოლოდინში...

- როგორც ვიცი, გასვლითი ტურები საზღვარგარეთაც გქონდა, რომელი მწვერვალი დალაშქრე?

- ჩემთვის მთავარი ნეპალია, ასე ვთქვათ, ოცნების ქვეყანაა მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. მათთან შედარებით ჩვენ შუაგული ევროპა ვართ - ჩაბნელებული ქუჩები, შუქი არ არის და ა.შ. ყოველთვის მინდოდა ნეპალში წასვლა, მე თვითონ დავგეგმე გასვლა ევერესტის საბაზო ბანაკში, გპს ნავიგატორით მოვძებნე ყველა ადგილი, სად რა უნდა გამეკეთებინა, ხუთი მეგობარი შევკრიბე და გავფრინდით. პირველ დღეს კატმანდუში გავჩერდით. მეორე დღეს მთაში გადავფრინდით და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ აეროპორტში დავეშვით - ლუკლას აეროპორტი, ზღვის დონიდან 2 800 მეტრზეა და მხოლოდ ერთი ბილიკი აქვს, რომლის სიგრძე 600 მეტრია და წარმოიდგინე, იმ მონაკვეთში უნდა დაჯდეს და აფრენის დროს, თუ ვერ მოასწრო, ქვემოთ უზარმაზარი უფსკრულია და შეიძლება იქ ჩავარდეს. სასწაული ადრენალინი იყო იქ დაჯდომა-აფრენა, ინტერნეტშიც შეგიძლიათ ნახოთ, რა ემოციები აქვს ხალხს ამ დროს. იქიდან ევერესტის საბაზო ბანაკში ასვლამდე 10 დღე ფეხით ვიარეთ. ეს ადგილი ზღვის დონიდან 5 300 მეტრზეა და მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი ალპინისტი იქ იკრიბება, ამაღლებული შეგრძნებაა. ასევე დავიპყარით საბაზო ბანაკთან ახლოს მდებარე მწვერვალი კალაპატარი, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 5 657 მეტრია. ჩემი ოცნება, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობაა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არის, ევერესტზე ინდივიდუალური წასვლა რომ დაგეგმო, 60 ათას დოლარამდე ჯდება, მხოლოდ ლიცენზიას უნდა 40 ათას დოლარამდე. საბაზო ბანაკიდან ყინულები იწყება, საიდანაც ბილიკი მიდის, ჩვენ ამ ყინულებზე ავედით, საქართველოს დროშა გავშალეთ, ფოტოები გადავიღეთ და ამ დროს მოგვადგნენ კიდეც - ამ ყინულზე ფეხი რომ გიდგათ, უკვე ლიცენზია გჭირდებათო...

GzaPress

- უახლოეს პერიოდში სად აპირებ წასვლას?

- ახლა მაღალ მთაში თოვლი დნობას იწყებს, არაპროგნოზირებადი თოვლია, შესაბამისად, თავს ვიკავებთ, ცოტა დაბლა კი ტალახია, ამიტომ მაისამდე ალბათ არაფერს დავგეგმავთ. ძირითადა სეზონი მოყვარულთათვის მაისის ბოლოსკენ იხსნება ხოლმე. ბილიკების მარკირება ვახსენე, ახლა ამ საქმეზე ვართ ორიენტირებულები. მოხალისეებიც მიგვყავს. მერე კი მოლაშქრეთა ჯგუფები საერთო ღონისძიებას გავაკეთებთ, მეგობრებს დავპატიჟებთ და ვაჩვენებთ, თუ რა გავაკეთეთ. სხვათა შორის, ძალიან სახალისოა, როცა ლაშქრობაში ბევრნი მივდივართ ერთად, ტობაზე 53-კაციანი ჯგუფი წავიყვანე და ძალიან საინტერესოდ გავატარეთ დრო. გვიცეკვია კიდეც, პოეზიის საღამოებიც მოგვიწყვია, მიდის ხოლმე შეჯიბრი ლექსებში, სიმღერაში და ა.შ. ჯანსაღად ვერთობით, იქ ვერ მოიწყენ და ისეთი სიტუაციაა, უცხოდ თავს ვერ იგრძნობ, ყველა ყველას მეგობარია, საერთო დაბრკოლებები გვაქვს, ერთად უნდა გადავლახოთ და იქიდან ძალიან დამეგობრებულები ჩამოდიან ხოლმე.

- იმდენად დამეგობრებულები, რომ ზოგი ოჯახსაც კი ქმნის ლაშქრობაში გაცნობის მერე, არა?

- კი, რამდენიც გინდათ, მეც მყავს ასეთი მეგობრები, საკუთარი მოლაშქრეთა კლუბიც ჩამოაყალიბეს და ახლა ლაშქრობებში პატარა თაიაც თან დაჰყავთ ხოლმე. სხვათა შორის, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია კონსულტაციებს აწარმოებს სპორტის სამინისტროსთან, რომ მოლაშქრეობა სპორტის სახეობად იქნას აღიარებული. ეს ძალიან კარგი იქნება, პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ, სახელმწიფომ მეტი ყურადღება მიაქციოს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ, მათ შორის, სკოლები, არაფრისმომცემ ექსკურსიებს ზოგჯერ ლაშქრობა ჩაენაცვლოს, რომ მაგალითად, ბავშვი მცხეთის ჯვარზე რომ ავა და ზედაზენს დაინახავს, იმისი სურვილი და ინტერესი გაუჩნდეს, რომ იქ ფეხით ავიდეს და ზოგადად, უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს.

თამთა დადეშელი