სად იზრდებიან ე.წ. "ჩმორი" და მოძალადე მამაკაცები? - გზაპრესი

სად იზრდებიან ე.წ. "ჩმორი" და მოძალადე მამაკაცები?

დღეს, როდესაც ქალთა უფლებების დაცვაზე ამდენს ლაპარაკობენ, ძალაუნებურად ჩნდება კითხვა - ვინ იცავს მამაკაცთა უფლებებს? ერთი წუთით წარმოიდგინეთ მუდმივი სტრესი სამსახურში, ბუზღუნა, წარბშეკრული ცოლი, სიდედრი, რომელიც ფიქრობს, რომ მისი ნებიერა ვიღაც უიღბლო, ხელმოცარულ "მანიაკს" გაჰყვა ცოლად, დედა, რომელიც უკმაყოფილოა თავისი "განუმეორებელი" ვაჟის არჩევანით, ამას დაუმატეთ შვილები, რომლებიც მამას ერთგვარ ფულის საჭრელ მანქანად მიიჩნევენ და მიხვდებით, რომ დაცვა და თანაგრძნობა მამაკაცებსაც სჭირდებათ. ყოველივე ამის გაანალიზების შემდეგ იქნებ შევძლოთ, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ნაკლებად კრიტიკული თვალით შევხედოთ და მათ მიღმა 8-10 წლის დაბნეული ბიჭუნა დავინახოთ, რომელიც ახლახან დატუქსა საყვარელმა დედამ ან მამამ.

ძლიერი სუსტი სქესი

როგორც "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" იურისტი, მანანა ფურცხვანიძე ამბობს, საქართველოში მამაკაცთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია არ არსებობს, თანაც ისინი ამგვარ ორგანიზაციას დახმარებისათვის იშვიათად მიმართავენ, თუმცა, ძალადობის მსხვერპლი შეიძლება მამაკაციც გახდეს. ძალადობა კი, მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფით არ გამოიხატება, ის შეიძლება იყოს ემოციური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და ა.შ...

მანანა ფურცხვანიძე:

- ჩვენ მარტო ქალთა უფლებებს როდი ვიცავთ. ძალადობის მსხვერპლი ქალია თუ მამაკაცი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მარტო ქალებზე არა ვართ ორიენტირებული. თუ მამაკაცი მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლია, თავისუფლად შეუძლია მოგვმართოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ კაცები იშვიათად გვაკითხავენ. მამაკაცს განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია უნდა ჰქონდეს, რომ დახმარებისთვის მოგვმართოს. თანაც, ქალები მაშინ მოგვმართავენ, როდესაც ოჯახში ვინმე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ამ ტიპის ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი იშვიათად ხდება. მამაკაცების უმრავლესობა ძალის გამოყენებით ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას. ამიტომ ძნელია გაარკვიო, ვისგან დაიწყო კონფლიქტი, ვინ იყო მაპროვოცირებელი, მაგრამ ცემა გამოსავალი არ არის. ფაქტია, რომ უფრო ხშირად მაინც ქალია დაზარალებული, რადგან ფიზიკური ძალადობა ქალზე უფრო ხშირად ხდება. მე მხოლოდ ერთეული შემთხვევა ვიცი, როდესაც მამაკაცი ქალის მსხვერპლი გამხდარა, რადგან ზოგადად კაცი ქალზე ძლიერია. ამიტომ ის უფრო მეტად ეკონომიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდება. ზრდასრული მამაკაცისთვის არანაკლებ საზიანოა ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც ცოლები ფარულად იყენებენ მამაკაცის მიმართ, თუმცა, ის ზოგჯერ დაუფარავ ხასიათსაც იღებს - ეს შეიძლება იყოს დამცირება: დღევანდელ პირობებში მამაკაცებს ცოლები ხშირად საყვედურობენ იმის გამო, რომ ის არ მუშაობს, ოჯახს ვერ არჩენს, უსუსური და უმაქნისია და ა.შ... ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც მამაკაცის აგრესიასა და სიბრაზეს იწვევს, რის შემდეგაც შეიძლება მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენოს.

სასჯელი სახელად - შვილი?!

GzaPress- ერთხელ მოგვაკითხა ახალგაზრდა კაცმა, რომელზეც ცოლი ფსიქოლოგიურად ძალადობდა: მუდმივად აკონტროლებდა, მხოლოდ მის ოფისში უნდოდა მუშაობა, ოჯახში რომ ბრუნდებოდა, უმოწმებდა სატელეფონო ზარებს, მესიჯებს. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც ოჯახში ხშირად ხდებოდა კონფლიქტი. ამიტომაც ქმარმა გადაწყვიტა განქორწინება და ისინი ერთმანეთს გაშორდნენ. მართალია, ქალს თავისი არგუმენტები ჰქონდა და თავს იმართლებდა, მაგრამ - მაინც. ასაკოვანი მამაკაცები უფრო ხშირად შვილებისა და რძლებისგან იჩაგრებიან. ერთმა ასაკოვანმა, ინტელიგენტმა კაცმა მოგვაკითხა, რომელსაც შვილი ბინას უყიდდა და სასოწარკვეთილმა არ იცოდა, სად წასულიყო! ოჯახში ყოველდღიური კონფლიქტი ჰქონდათ, მოხუცს შვილიშვილებიც დაუპირისპირდნენ და საშინელ დღეში აგდებდნენ. ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ერთი ქუთაისელი კაცი, რომლის შვილიც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, ფულს აგებდა და თანხას მამისგან ითხოვდა. ისიც ყველაფერს ყიდდა და ბოლოს, როცა გასაყიდი არაფერი დარჩათ, ვაჟმა ბინის გაყიდვაც მოინდომა. ამის გამო მამა-შვილს ყოველდღე კამათი ჰქონდა. - შვილი უნდა მოვკლა ან თავი მოვიკლაო, - საბრალო კაცი ცრემლებს ვერ იკავებდა. საერთოდ, შვილების მხრიდან მამებთან ჩხუბისა და ძალადობის შემთხვევები ხშირია. არის შემთხვევები, როდესაც ხანდაზმულ კაცს შვილმა ბინა გაუყიდა, ბანკში ჩადო, მერე ვალი ვეღარ გადაიხადა და უბინაოდ, ღია ცის ქვეშ დატოვა. როდესაც ცოლ-ქმარს შორის დაძაბული სიტუაციაა, ბიჭები ხშირად ექომაგებიან დედას. უკვე გაზრდილი, დავაჟკაცებული ვაჟი მამას რომ დაუპირისპირდება, არავინ იცის, იქ რა მოხდება. ასეთ დროს ვაჟი ხშირად ხდება მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი: ასეთ შვილს ხშირად უწოდებენ "ლაჩარსა და დედის კალთას გამოკერებულს"... ასეთ ოჯახში ძირითადად ძალადობის მსხვერპლი იზრდება ან - მოძალადე, რადგან ბავშვები მუდმივად ძალადობას უყურებენ. დედა, რომელსაც ქმარი მუდმივად ჩაგრავს და შეურაცხყოფას აყენებს, გამწარებული და გაღიზიანებულია. მას მთელი აგრესია ბავშვებზე გადააქვს. ხშირად ასეთ დროს ისჯება ბავშვი, რომელიც დამნაშავე სულაც არ იყო.

მოძალადე დედები

- სამწუხაროდ, მოძალადის როლში დედებიც გვევლინებიან: როდესაც დედა მოზარდ ბიჭს სცემს, ის შესაძლოა, მომავალში მოძალადე მამაკაცად ჩამოყალიბდეს. თუმცა, არანაკლებ საშიშია დედის ეგოიზმი: ზოგიერთ დედას სურს, შვილი თავის ჭკუაზე ატაროს, ცოლიც მისი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით შერთოს და ვერ აუტანია, თუ ოჯახის შექმნის შემდეგ ვაჟი იმდენ ყურადღებას ვეღარ აქცევს. დედებს ხშირად უნდათ, რომ შვილი მუდმივად თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდეთ და არსად გაუშვან. ასეთ დედას ერთადერთი სურვილი ამოძრავებს - შვილი მარტო მისი იყოს. ასეთ დროს ხშირია შემთხვევა, რომ მამაკაცს ოჯახში თავისი ადგილი ვერ უპოვია. ასეთი კი, ვერც სხვებს მიუჩენს კუთვნილ ადგილს. მოძალადე დედის გაზრდილი ვაჟები ძალიან ხშირად სუსტები გამოდიან და ოჯახის შენარჩუნება უჭირთ. ასე რომ, მამაკაცებზე ძალადობის ფაქტები ყველგან გვხვდება: სკოლაშიც, ქუჩაშიც, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მაინც ოჯახებში ხდება. ამიტომაც არის საშიში კონფლიქტური ოჯახები, რადგან იქ სრულფასოვანი ადამიანები არ იზრდებიან. საზოგადოებას კი, არც მოძალადე სჭირდება და არც - მსხვერპლი. ზოგჯერ მეტისმეტი მზრუნველობაც ძალადობის ნიშანია და ისეთივე საშიშია, როგორც ზედმეტი სიმკაცრე და დაუნდობლობა.

ფსიქოლოგის თვალით დანახული სინამდვილე

"ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" ფსიქოლოგი, ელენე სამუშია:

- ბიჭებზე ძალადობა შეიძლება ხდებოდეს ოჯახში დედის ან მამის მხრიდან, ასევე ოჯახის გარეთაც, ეს კი მამაკაცის ფსიქიკაზე ძალიან მძიმე კვალს ტოვებს. ბიჭებს ხშირად ჩაგრავენ სკოლაში თანატოლები. ამას თანამედროვე ტერმინოლოგიით ე.წ. ბულინგს უწოდებენ. ბულინგის მსხვერპლად ყველაზე ხშირად ბიჭები გვევლინებიან. რაც შეეხება ოჯახს, როცა ცოლ-ქმარს შორის ძალადობა ხდება, ბავშვებს თუნდაც ფიზიკურად არავინ ეხებოდეს, ირიბი ძალადობის მსხვერპლად მაინც გვევლინებიან, რასაც აუცილებლად მოჰყვება უარყოფითი შედეგი როგორც იმ ეტაპზე, ასევე - სამომავლოდ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ძალადობა მოზარდისთვის უკვე ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენაა. ისინი ხედავენ ძალადობას ოჯახში და მერე თვითონაც ძალის გამოყენებით აგვარებენ კონფლიქტებს. არაერთი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ბიჭები, რომლებიც ძალადობრივ ოჯახებში იზრდებიან, უფრო ხშირად ხდებიან მოძალადეები, უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება კრიმინალისა და სხვადასხვა დანაშაულისაკენ. ეს ერთგვარი, ჯაჭვური რეაქციაა, რომლის შედეგები გადაეცემა როგორც ჰორიზონტალირად, ასევე ვერტიკალურადაც: ბავშვები ითვისებენ ძალადობრივ ქცევას. ისინი ალბათ თავიანთ მომავალ ოჯახშიც გამოიყენებენ ურთიერთობის ამ სტილს. კომპრომისზე წასვლა და დათმობა მათთვის უცხოა. ბიჭები, რომლებიც ძალადობრივ ქცევას ხედავენ, თვითონაც მოძალადეები ხდებიან, ხოლო გოგონები, რომელთა ოჯახშიც ძალადობა ხდება, უფრო მეტად მსხვერპლის როლს ირგებენ.

როდესაც ცემა აღზრდის მეთოდია...

- ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ცემა სასარგებლო გზაა და ბავშვს ჭკუას ასწავლის, მაგრამ ცემა ნებისმიერ ასაკში უარყოფით შედეგს იძლევა. რატომ? - მშობელი ბავშვისთვის უპირველესი ავტორიტეტია და თუ ის ვინმეს სცემს, ე.ი. ეს ნებადართულია და შეიძლება ვიღაცას იმანაც სცემოს. ისინი ამას ითვისებენ და თვითონაც ძალადობენ თანატოლზე, რომელიც მათზე სუსტია. სწორედ ასე ყალიბდებიან მამაკაცები, რომლებიც თავისზე სუსტს ჩაგრავენ და ამცირებენ. ფიზიკური დასჯის შემდეგ ბავშვი აგრესიული ხდება, მის გულში ბოღმა გროვდება, რაც მერე ასოციალურ და საზოგადოებისათვის საზიანო ქცევაში ვლინდება. ოჯახში შეიძლება ვერ გაბედოს, მაგრამ შემდეგ ეს აგრესია საზოგადოებაში, თანატოლებთან და კლასელებთან გამოავლინოს. სხვათა შორის, ამერიკის ერთ-ერთ ციხეში ჩატარდა კვლევა - ძალადობრივი მუხლით გასამართლებულ პატიმრების საქმეები საგანგებოდ შეისწავლეს და მათი 80% ბავშვობაში სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი იყო. ეს ერთგვარი კანონზომიერებაა. გადაჭარბებული მზურნველობაც ძალადობის ერთ-ერთ ფორმად არის მიჩნეული. ეს მოვლენა კი, საქართველოში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული - დედა სიცოცხლის ბოლომდე მართავს შვილს და 50 წლის ასაკშიც "ბავშვს" უწოდებს. ასეთი დედის მიერ გაზრდილი შვილი კარგავს დამოუკიდებლობას, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს. იმის ნაცვლად, რომ თვითონ წარმართოს თავისი ცხოვრება, ასეთი კაცი ეძებს ადამიანს, ვინც ყველაფერს მის ნაცვლად გააკეთებს. ის მუდმივად სხვაზეა დამოკიდებული, რადგან სჭირდება ვიღაც, ვინც მის ნაცვლად აიღებს პასუხისმგებლობას. დედის ან მამის ჰიპერმზრუნველობის გამო ადამიანი პიროვნულობას კარგავს და მასზე ძალადობაც უფრო ადვილი ხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე