ვანო და თბილისი - გზაპრესი

ვანო და თბილისი

კრიტიკულ სიტუაციებში რატომღაც, დედაჩემის ფრაზეოლოგიით ვიწყებ საუბარსაც და ფიქრსაც. ჰოდა, როგორც დედაჩემი ანუ ბაბუაჩემის შვილიშვილი ლენა იტყოდა, მემცხეთა... ჩვენი ძვირფასი მეზობლები, ამამჩიანები ხომ წინა საუკუნეში გადაბარგდნენ ჩვენი იტალიური ეზოს მიფხავებული ორსართულიანი სახლიდან სულ სხვა უბანში.

ახლა რაღა ვქნა?! - ვკითხე საკუთარ თავს. დედაჩემიც ასე ამბობს ხოლმე, როცა დაბნეულობისგან შველას ელის. ოღონდ ის ხმამაღლა შეჰღაღადებს ჭერს, მე კი გულში ჩავიკალი თავს დატეხილი დარდი, ფეხზე წამოვვარდი და სამზარეულოსკენ გავიქეცი, თან - ხმამაღლა ვთქვი: ბაბუ, ძალიან მშია და მერე ჩავიდეთ, რაა! ბაბუამ, ჩემდა გასახარად, ვითომ აქაც არაფერი, მზრუნველად დაიწყო სუფრის გაწყობა. რაღაც მომენტში, ეჭვიც კი შემეპარა, - მისი წინა გამოხდომა ხომ არ მომჩვენებია-მეთქი? მაგრამ როცა მშვიდად მომიტრიალდა და მომახალა: არჩილ, საუზმე სუფრაზეა, რაღას უცდიო? მივხვდი, რომ სამწუხაროდ, მე საღ გონზე ვარ და არაფერი მეჩვენება... ვერ მიმიხვდით? ჰო, რას გაიგებდით, ჯერ ხომ არ მითქვამს, რომ მე ათულა, იგივე ავთანდილი ვარ, არჩილი კი დედაჩემის ძმა, სამი წლის წინ საცხოვრებლად ამერიკაში გადასული ბაბუაჩემის შვილიშვილია.

მოკლედ, მივუსხედით მე და ჩემი დიდი ბაბუა - ვანო სამზარეულოს მაგიდას და ჩემდა გასახარად, ამ ერთსაათიანი ტრაპეზის გასრულებამდე ანუ მანამ, ვიდრე ბაბუა იმ საკითხს განიხილავდა, თუ რა კარგი და შრომისმოყვარე ხალხია, როგორი გულისხმიერი მეზობლები არიან ამამჩიანები, დედაჩემიც მოვიდა.

საღამოს ექიმმა გვითხრა, რომ ბაბუას დემენცია დაემართა. როგორც მე გავიგე, ამ ავადმყოფობის მთავარი "თვისება" ის გახლავთ, რომ ადამიანს თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი ავიწყდება და წარსულში გადადის საცხოვრებლად... რა უცნაურია, როცა დიაგნოზს უმხელდა ექიმი, ჩემი "უსვეცკესი" დედა საოცრად დაემსგავსა ბებიას, რომელმაც მწუხარების ჟამს თავზე თავსაფრის გაკვრა და ღაწვების დახოკვა იცის ხოლმე... მერე ექიმმა ორიოდე წამალი გამოწერა და ჩვენი ოჯახის მოქმედების გეგმაც ამოთქვა: დემენციასთან ბრძოლას მხოლოდ ერთ მუშტად შეკრული ოჯახები თუ მოიგებენო.

იმ ღამეს მხოლოდ მე მეძინა. დილით მითხრეს, რომ თურმე, დანარჩენები ბაბუას აწყნარებდნენ, რომელიც ეზოსკენ მიიწევდა, - ზუბასთან ნარდში ნაძლევი წავაგე და სამი ბოთლი შავი ღვინო მაქვს ჩასატანიო... ზუბასთანო, ზუბასთანოოო, - მოთქვამდა დედა, მამა კი ცდილობდა გაეხსენებინა, რომელი წელი იყო, როდესაც ის ჩემთვის უცნობი კარგი კაცი ბოლო გზაზე გააცილეს...

- ლიდა, - შემოვიდა ბაბუა სამზარეულოში, რომელიც წუხანდელი საღამოს შემდეგ საომარ შტაბს ჰგავს, - ლეო და შალვა ბაზარში მიდიან და ხომ არ გავყვე? - განგიმარტავთ, ლიდა ბაბუაჩემის მეუღლე გახლდათ. იგი ოცი წლის წინ გარდაიცვალა; ლეო და შალვა კი, როგორც ვიცი, ჩვენი სახლის მეორე და პირველ სართულებზე გარდაიცვალნენ წლების წინ. დედა არ დაიბნა, - არა, ვანო, ყველაფერი გვაქვს სახლში და ბაზარში რაღა გინდაო? - უთხრა. მართალი ხარ, - უხარია ბაბუას: - მოდი, დღეს თემურის ვნახავ, რამდენი ხანია არაფერი გამიგონია მასზე...

- ვავააა! - ზმუის დედა. ბაბუა წასასვლელად ემზადება, დანარჩენები კი ტვინს იჭყლეტენ, როგორ გადააფიქრებინონ ოცი წლის წინ გარდაცვლილ თემურისთან სტუმრობა. ბაბუასთან შევდივარ. არა, ამისი სახლიდან გასვლა მართლა არ შეიძლება! გადმოუწყვია კარადიდან ტანსაცმელი, ჩამოუცვამს ერთმანეთზე რაც ხელში მოჰყვა, წაღმა და უკუღმა, ფეხზე სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი აცვია და დიდ, საყვარელ მასხარას ჰგავს.

- ბაბუ, არ დაიღალე? - ვეკითხები, რადგან "შუშის თვალებით" მიყურებს და რამე აუცილებლად უნდა ვუთხრა.

- თქვენ ვინ ბრძანდებით, ახალგაზრდავ? - მაბნევს შეკითხვით...

- მე ამამჩიანების შვილიშვილი ვარ, ალბერტი, - ვამშვიდებ ბაბუს.

- ღმერთო, როგორ ვერ გიცანი, ეს რა სტუმარი მყოლია! ლიდა, ნახე, როგორი სტუმარი გვყავს. სადილობის დროა, გაშალე სუფრა!

- გადავრჩით? - მეკითხება დედა ჩურჩულით. ყველანი მაგიდის გარშემო ვიკრიბებით, მე საპატიო სტუმარი ვარ. ვსაუბრობთ. ბაბუა "ჩვენების" ამბებს მეკითხება, მე მისსავე ნაამბობ ისტორიებს ვიხსენებ და შიგადაშიგ დედაც მეხმარება - მანაც ბევრი რამ იცის იმ დროიდან, ბაბუა ნაღდი თბილისის ბედნიერ პერიოდს რომ უწოდებს. ვთამაშობთ თუ დროს ვიგებთ, არ ვიცი, მაგრამ ეს ქმედება განწირულობისგანაა... ავადმყოფობითა და ასაკით დასუსტებული ბაბუა მალე იღლება და დიდი მობოდიშებით გვტოვებს ახალგაზრდებს... მივდევ, თავთან ვუზივარ ლოგინში წვალებით ჩაწოლილს და დიდი მწუხარებით ვაკვირდები, როგორ ბორგავს და ბოდავს, რადგან მკვდარი ბავშვები, სისხლით ავსებული ტიკჭორები ელანდება. ბაბუ, ექიმმა, ჭამის შემდეგ, ნახევარ საათში უნდა დალიოს ეს წამალიო, - ვაწვდი აბს ანუ იმედს. - კარგი, ბაბუ, - საბედნიეროდ, მემორჩილება მოხუცი. - ვითომ მიცნო? ვითომ წამიერად დაბრუნდა?

ეზოში გავდივარ. ერთ დროს ულამაზესი ჩვენი ეზო ახლა სიღარიბის დაღდასმული ქვეყნის ტიპური ნიმუშია. ამბობენ, რომ ის ყველაზე პრესტიჟული ეზო იყო უბანში - მოვლილიც, თავმომწონეც და იმედიანიც. ხალხი?! ლეო, შალვა, ელენე, მზიულა, ლავრენტი, ქეთო, შოთა, ზუბა, გიგა, ეთერი, ნოდარა, ლიდა, ლამარა, არჩილი, ვიქტორა, ვაზგენა, ნოვართა, პავლე... მე ისინი არასდროს მინახავს, მაგრამ მათზე ბევრი რამ ვიცი. ზუბა ქირურგი ყოფილა და ეზოში ვინმე ცუდად თუ იყო, ყველაზე ზრუნავდა. ეთერი მეგარდერობე ყოფილა თეატრში. ჰოდა, მისი წყალობით, ეზოს ბავშვებს თეატრის ბილეთები არასდროს აკლდათ. ჩვენი ინტელიგენციის გენოფონდი რომ გაანადგურა, იმ გადასახლებიდან დაბრუნების მერე, გიგა ამ ეზოს თვითნასწავლი მებაღე გამხდარა. ის, ლავრენტი და ლენა ერთმანეთს ეცილებოდნენ თურმე ბაღის მოვლა-პატრონობაში... ტკბილი ლეო, როგორც ბაბუაჩემი იხსენებს ხოლმე, გადასახლებიდან დაბრუნებული, გადარჩენილი, დიდებული გვარის თავაწეული შთამომავალი ყოფილა... სხვები?! მეცნიერები, ექიმები, ჟურნალისტები, პედაგოგები, მხატვრები, მსახიობები... მავიწყდება ვინმე? ჰო, ორი სამხედროც ცხოვრობდა თურმე ამ ეზოში - ერთი რუსი ეროვნების იყო, მეორე - სომეხი. რუსი მაშინაც ოკუპანტი იყო ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ვინც იცოდა, მაშინ ყველა გადაასახლეს ან დახვრიტეს, ამიტომაც ვინ იტყოდა რამეს?.. თითქოს დაივიწყეს, თითქოს აპატიეს მშვიდობას, მშვიდობის წილ. მთავარი, რაც ამ ხალხს, ამ ეზოს, ამ ქალაქს ალამაზებდა, ის იყო, რომ აქ დაბადებულ თუ საცხოვრებლად ჩამოსულ ადამიანებს სიგიჟემდე უყვარდათ ქალაქის თითოეული გოჯი მიწა და მას საკუთარ სახლად, შესაბამისად ზრუნვის საგნად მიიჩნევდნენ; ქალაქელის ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ქალაქის გულისცემა ამიტომაც, მაშინ სულ სხვაგვარი იყო. ახლა?

- გამარჯობა! - მესალმება მეზობელი. სხვა დროს გავუღიმებდი და უბრალოდ, სალამს დავუბრუნებდი ქალბატონს, მაგრამ იმ ფიქრების შემდეგ, რაც ბაბუას მოულოდნელმა ავადმყოფობამ ამიშალა, ახლა მეც ვეცდები, თბილისელი ვიყო.

- იცით, ბაბუაჩემია ცუდად... - სალმის მერე ვეუბნები ქალს, მის დაბნეულ მზერას თვალს ვარიდებ და ვაგრძელებ: - იმდენად ცუდად არის, ექიმი დღის განმავლობაში ოთხჯერ-ხუთჯერ გვირეკავს. ღამით კი რიგრიგობით გვძინავს ოჯახის წევრებს, როგორც ომში, თორემ მარტო თუ დავტოვეთ, ბაბუამ შესაძლოა, თავს დაუშავოს რამე... ჰო, ვდარაჯობთ... ის ახლა ჩვენ გვერდით არის, მაგრამ თავისი ცხოვრების ბოლო ორმოცდაათი წელი დაავიწყდა და ისევ ძველ, საყვარელ თბილისში ჰგონია თავი. იცით, რა გაგვიჭირდა ყველაზე მეტად? მარტოობა... არა, ბევრნი კი ვართ ოჯახში და ხან ერთი მეზობლის როლს ვასრულებთ, ხანაც - მეორის, მაგრამ...

- მაგრამ? - მეკითხება ეს ქალი. ეტყობა, რაღაც მისთვის ძალიან ფაქიზს შევეხე ამ ჩემი მონოლოგით. - ეს რა დამართნია ბატონ ვანოს?!

- მე კი მეგონა, მისი სახელიც არ იცოდით, - შემრცხვა უცებ. მე ხომ ამ ეზოს, ამ გაციებული, ჭუჭყიანი ეზოს დასჯა მსურდა ჩემი მონოლოგით, ამ ქალმა კი მართლა გულწრფელად და პატივისცემით მოიკითხა ბაბუ.

- ამ დაავადებას უკან დაბრუნება ჰქვია, - მეც გამიკვირდა ჩემი ანალიზი. მეზობელს დავემშვიდობე და ჩემივე მოულოდნელი გულწრფელობით აღელვებული, სახლისკენ გავიქეცი.

ოჯახის წევრები ისევ ბაბუს შემოხვევიან. ის ხელს მიწვდის, - გამარჯობათ, ბატონო, კი ვერ შეგიცანით, ეგება გამომეცნაუროთ?!

ჩემს დაღლილ მშობლებს, გაფითრებულ ბიძას, ატირებულ მამიდას ვათვალიერებ და ვხვდები, თუ ახლა სასწაული არ მოხდება, დავმარცხდებით...

შემდეგი დილა შაბათია. საწოლიდან კარგა გვარიანად გალახული ვდგები. ბაბუას მთელი ღამე ვდარაჯობდით. ამ ღამეს ვიღაც უცხო კაცებს "ვიგერიებდით", ამიტომ ისიც დაღლილია და ჩვენც. ჩვენ ყველანი ავადა ვართ. კარზე ზარია. ვაღებ. ის ქალია, წუხელ ჩემი გასაჭირი რომ შევჩივლე, - შეიძლება?

- ქალბატონო ზინა, როგორ გამახარეთ, - მოაფრატუნებს ჩუსტებს ბაბუა.

- იცნო? - გაოცებულია დედა.

- ცოტა გავცივდი, - საოცრად გახარებულია ბაბუ.

მერე ისევ რეკავს ჩვენი სახლის ჟღარუნა ზარი. მერე ისევ...

- მეზობლებმა მოვილაპარაკეთ და დღისით მორიგეობას დავაწესებთ ბატონი ვანოსთვის, - ეუბნება დედას ქალბატონი ზინა. - სამწუხაროდ, სხვა არაფერი შეგვიძლია... ჩვენ დღე ვიმორიგევებთ, თქვენ - ღამე, ჰოდა, ყველაფერი მოგვარდება...

კარგა ხნის შემდეგ, როცა როგორც ექიმმა თქვა, დაავადება მოვათვინიერეთ, ბაბუმ გაოცებულმა მითხრა: პატარა გრიპი შემხვდა და ფეხზე არ დადგა მთელი ეზო?! არა, ბაბუ, ეჭვიანი არ უნდა იყო კაცი. მე ხომ ვამტკიცებდი, თბილისი ის თბილისი აღარ არის-მეთქი... ის არის, ოღონდ, ახლა ძალიან უჭირს.

დეა ცუცქირიძე