ორი ბედი... - გზაპრესი

ორი ბედი...

ნინო ადგილზევე გარდაიცვალა, გივი მძიმედ დაშავდა და კარგა ხანს იწვა რეანიმაციაში უგონოდ, ბავშვს კი ნაკაწრიც არ ჰქონია. ეგ კი არა, არც გაუღვიძია ავარიის დროს; ღრმად ჩაძინებული ამოიყვანეს დალეწილი მანქანიდან...

ცოლ-შვილი ვის არ უყვარს, მაგრამ გივი მართლა "გიჟი" მამა და ქმარი იყო. ნინო მთელი თხუთმეტი წლით გახლდათ მასზე უმცროსი და კარგა ხანს ვერც უბედავდა დის მეგობარს იმის გამხელას, თუ როგორ უყვარდა. სამაგიეროდ, დას არ გამოჰპარვია უფროსი ძმის გრძნობები და ერთხელაც, პირდაპირ უთხრა:

- მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება და პატივისცემა არასოდეს მოგიკლია ჩემთვის, მაინც თვალში საცემია გამუდმებით ჩემ გვერდით შენი ტრიალი და მე კი არა, ნინოც ხვდება, გულგრილი რომ არ ხარ მის მიმართ. აშკარად, მასაც მოსწონხარ, ისეთ რამეებს მეუბნება. არ გინდა, გაბედო და სიყვარულში გამოუტყდე?!

გაბედა და მალე ქორწილიც გაიმართა. გივის საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა, მდიდარ კაცად მიიჩნეოდა და ამიტომაც არ დაიწუნეს საპატარძლოს ოჯახში, რომელიც მაშინ მხოლოდ ოცი წლისა იყო. თეონა რომ გაჩნდა, კიდევ უფრო დააფასა "პატარა ცოლი", როგორც თავად ეძახდა და სულ მის გახარებაზე ფიქრობდა, ყველა სურვილსა და ნატვრას უსრულებდა. ავარიის დღესაც ბათუმიდან შინ ბრუნდებოდნენ. ნინოს ზღვა ძალიან უყვარდა და დაბადების დღეზე სახლი აჩუქა ზღვისპირა ქალაქში. ის სახლი გადაიფორმეს, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ამ დროს ვერ მოითმინა და საკოცნელად გადაიწია საყვარელი მეუღლისკენ, ჰოდა... სატვირთო მანქანას შეუვარდნენ ბორბლებში...

დაახლოებით სამი წელი იყო გივი საწოლს მიჯაჭვული. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ფეხზე დადგომა და ყავარჯნებით გავლა შეძლო. ათი წელი შავები არ გაუხდია. ბავშვს მარტო ზრდიდა. თავიდან ძიძა დაიქირავა, მოგვიანებით დამხმარე ქალი - ელისო, რომელმაც ისე უერთგულა, რომ გივის დედად მიაჩნდა, თეონას - ღვიძლ ბებიად. ცოლის შერთვას ვერავინ უხსენებდა, ყველას აუკრძალა ამ თემაზე საუბარი...

23 წლის იყო თეონა, ელისომ მათი სახლიდან წასვლა რომ გადაწყვიტა: მოვხუცდი და აღარ შემიძლია ამოდენა სახლის მოვლა-პატრონობა. თანაც, ერთადერთი ქალიშვილი მყავს და მინდა, მის გვერდით ვიცხოვრო, ვეღარ ვუძლებ ამდენ მონატრებასო...

ძალიანაც არ ეთმობოდათ, მაგრამ რას იზამდნენ და ახალ დამხმარეს დაუწყეს ძებნა. გივიმ სააგენტოში გაგზავნა მოთხოვნა. სისუფთავის მოყვარულ, გამრჯე ქალს ეძებდა, რომელიც კარგი მზარეულიც იქნებოდა.

ეკა გამოსაცდელი ვადით მიიღო. თუ ერთი თვის განმავლობაში შეეგუებოდნენ ერთმანეთს, ხანგრძლივ კონტრაქტს ამის შემდეგ გაუფორმებდა.

ორიოდე კვირაც საკმარისი აღმოჩნდა იმის დასანახავად, რომ მართლა კარგი ადამიანი გამოუგზავნა განგებამ: ეკა კარგი მზარეული იყო და მთელი დღე მუხლჩაუხრელად ფუსფუსებდა სახლში. მხოლოდ რვა საათზე მიდიოდა სამსახურიდან. ერთხელაც არ დაუგვიანია, ყოველთვის ყველაფერს ასწრებდა...

ერთხელაც, ძალიან სცადა გივის თვალს არიდებოდა, მაგრამ მაინც შეამჩნია კაცმა მის ფერმკრთალ სახეზე სილურჯეები და ძალიან შეწუხდა - ქალი აშკარად, ნაცემი იყო. აღშფოთება ვერ დაფარა და აიძულა, სიმართლე ეთქვა: აღმოჩნდა, რომ ქმარი გასწორებია ასე სასტიკად:

- ჩემს თავს არ დავეძებ, მაგრამ ხუთი წლის შვილი მყავს და ის მეცოდება. როცა მამამისი მცემს, ტირილსაც ვერ ბედავს, შეშლილი თვალებით მიყურებს და მეშინია, არ გამიგიჟდეს უმწეობის შეგრძნებით. ჩემი ქმარი სათამაშოდ კაზინოში დადის. დიდი ხნის წინ გაყიდა სახლიც, მანქანაც... ახლა ბებიაჩემის ნაანდერძევ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ და იმის გაყიდვას მთხოვს. არ ვეთანხმები. შვილს ქუჩაში ხომ არ დავტოვებ და ამიტომ მცემა გუშინ! - ტიროდა გულამომჯდარი ეკა.

- ბავშვი ახლა სად არის?! - იკითხა გივიმ.

- საბავშვო ბაღშია და ჩემს მისვლამდე გახანგრძლივებულ ჯგუფში უვლიან...

კაცმა საათს დახედა. ჯერ მხოლოდ ოთხი იყო, მაგრამ მტკიცედ მოსთხოვა ქალს:

- წავიდეთ. ბავშვი წამოვიყვანოთ, აუცილებელი ნივთები წამოვიღოთ თქვენი სახლიდან და აქ გადმოხვალთ საცხოვრებლად. საბედნიეროდ, ადგილი ბევრია და ყველას გვეყოფა...

ეკამ უარის თქმა დააპირა, მაგრამ გივიმ მკაცრად უთხრა:

- საკუთარი თავი თუ არ გეცოდება, შვილზე იფიქრე. შენს ქმარს კი მე მოვურიგდები...

ეკას ქმარი ცოლ-შვილს იოლად შეელია და განქორწინებაზეც აღარ უთქვამს უარი, როცა ეკამ ერთოთახიანი ბინა აჩუქა და გივიმ ფული დაუმატა...

სამი წელიწადი ისე გავიდა, არც გივის შეუმჩნევია, რომ ეკა შეუყვარდა და ეკაც ცდილობდა იმის დამალვას, რომ სიცოცხლეს ერჩივნა "თავისი გადამრჩენელი". თუ პირველ შემთხვევაში დამ გააბედვინა სიყვარულის გამხელა, ახლა შვილმა წააქეზა მამა:

- ხომ იცი, შეყვარებული ვარ და მალე საკუთარ ოჯახს შევქმნი, შენგან წავალ. არ მინდა, მარტო ცხოვრობდე და სხვისი ცოლ-შვილის მფარველი გერქვას. ვიცი, ეკა გიყვარს და არც ის არის შენდამი გულგრილი. რეზიკოსაც მამად მიაჩნიხარ, სულ უკან დაგდევს...

დაუჯერა შვილს და იქორწინეს. თეონაც გათხოვდა და ისე მოხდა, რომ ერთი კვირის სხვაობით იმშობიარეს გერმა და დედინაცვალმა ერთსა და იმავე სამშობიაროში: ჯერ თავად გააჩინა თეონამ ვაჟი და მერე ეკამ გაუჩინა ძმა...

ინგა ჯაყელი