კრემლში დაბადებული გოგონას საოცარი თავგადასავალი - გზაპრესი

კრემლში დაბადებული გოგონას საოცარი თავგადასავალი

მერე ერთ ქალბატონთან ერთად, სასტიკ რეალობას გამოექცა და საქართველოში ჩამოვიდა. ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა, შემდეგ პროფესიულ სასწავლებელში გაუშვეს და როცა ეგონა, ცხოვრებას ავიწყობო, სწორედ მაშინ გადაეშვა თავით იმ ჭაობში, რასაც ქურდულ სამყაროსან კავშირი ჰქვია. ბევრი ტკივილი გადაიტანა, მთელი ცხოვრება საკუთარი წარსულის მალვა უხდებოდა, ახლა კი გადაწყვიტა, აღსარება "გზის" მკითხველს ჩააბაროს და იმედია, მკაცრად არ განსჯით...

ქალბატონი რიმა ჭყონიას ამბავი უთოდ დაგაინტერესებთ (მისი ერთი წერილი "გზის" ფურცლებზე უკვე დაიბეჭდა). მან თავის საცხოვრებელში მიმიპატიჟა. თავიდან ვიფიქრე, - ალბათ, იმიტომ დამიბარა, რომ დახმარება ესაჭიროება და სურს, ხალხს მიაწვდინოს ხმა-მეთქი, მაგრამ ქალბატონმა საკუთარი თავგადასავლის მოყოლა დაიწყო და... ძალიანაც გამაკვირვა.

GzaPressძველებურ ეზოში, ზედ შესასვლელთან მიშენებაა, რომელიც ორი საოცრად პატარა ოთახისგან შედგება: ერთი უსინათლო მოხუცი კაცი ცხოვრობს, მეორეში - ქალბატონი რიმა. მოხუცი კაცის ოთახის კედლებზე ე.წ. "კარდონია" აკრული. ჩანს, ახალი გამოცვლილია. აი, ქალის ოთახში კი მხოლოდ საწოლთანაა მიფარებული გაზეთები, ერთგან - მომცრო ხალიჩაა, სხვა ადგილები კი მოშიშვლებულია და თვალში გეცემათ დაბზარული, წყლისგან დახეთქილი კედლები, ჭერი.

- ნუ შეგეშინდებათ აქაურობის. ბოლოს და ბოლოს, სიღარიბე ხომ გინახავთ? სამაგიეროდ, ყველაფერი სუფთაა და შემიძლია, ყავა შემოგთავაზოთ, - მეუბნება ქალბატონი.

გამოვფხიზლდი და ძალიან მომერიდა კიდეც. ეტყობა, გაოცებული სახით ვათვალიერებდი ოთახს და ისეთი შთაბეჭდილება დავტოვე, თითქოს ერთი სული მქონდა, ამ სახლიდან როდის გავიდოდი. თუმცა, გამოგიტყდებით და ასეც იყო: შეუძლებელია, ასეთ ოთახში შეხვიდე და შიშის შეგრძნება არ დაგეუფლოს. მოსალოდნელია, ჭერი ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.

აი, ქალბატონ რიმას კი არ ეშინია, შეეჩვია ასეთ ყოფას. დიდი ხანია, ბინის მისაღებად იბრძვის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოუვიდა... თუმცა, ახლა ამ ყველაფერზე სასაუბროდ არ დავუბარებივარ - მან საკუთარი თავგადასავალი დაუფარავად მიამბო. სიმართლე გითხრათ, მის ნათქვამში ეჭვი შევიტანე და უამრავი კითხვა დავუსვი, ასე ვთქვთ, "გამოსატეხად", მაგრამ არაფერი გამომივიდა. დარწმუნებული ვარ, რასაც ახლა წაიკითხავთ, სიმართლეა, მაგრამ ბევრი რამ ისევ საიდუმლოდ შეინახა...

- როგორც გადმოცემით ვიცი, დედა სამეგრელოდან იყო. ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ქმრის ოჯახიდან გამოგდებული ფეხმძიმე ქალი საქართველოში გავლით მყოფ კაცს მოსკოვში, კერძოდ - კრემლში წაუყვანია და დედა სტალინთან მოსამსახურედ მუშაობდა ისევე, როგორც ბევრი სხვა ქართველი თუ რუსი. მე დავიბადე 1936 წელს. დედა არ მახსოვს - თურმე, ჩვილს კი მივლიდა, მაგრამ მერე სადღაც გაქრა, მისი ასავლ-დასავალი არავინ იცოდა. შეიძლება, მოკლეს კიდეც. მაშინ ხომ ადამიანების ხოცვა არავის უკვირდა...

პატარა გოგონას მძიმე ცხოვრება მქონდა. დაახლოებით 4 წლის ბავშვს მევალებოდა გრძელ და ბნელ სარდაფში ჩასვლა, სადაც იყო ბევრი თეთრი "ვანა" და მასში მოფართხალე ან უკვე გაცივებული ადამიანების სხეული. ეს გახლდათ ოთახი, სადაც კრემლისთვის არასასურველ ხალხს კლავდნენ. მაშინ ამ ყველაფერს ცხადია, ვერ ვაცნობიერებდი. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამ სარდაფიდან უამრავი მიწისქვეშა გასასვლელი იყო, ჩვენ კი ამ სასაკლაომდე რომ მივსულიყავით, გზას ტაძარიც უნდა გაგვევლო და მახსოვს, ყოველი გავლისას ვლოცულობდით ხოლმე.

- იმ სარდაფში მარტო ჩადიოდით თუ სხვებთან ერთად?

GzaPress- ერთ რუს ქალს ჩავყავდი და ვედროს მაძლევდა, რომელშიც სისხილის სუნით გაჟღენთილი ტილო ეგდო და მეუბნებოდა, - იატაკი გაწმინდეო. მოკლედ, სისხლის წმენდა მევალებოდა...

თუმცა, მაშინ ისიც არ ვიცოდი, სისხლი რა იყო. მახსოვს, იქ ლამფები ბჟუტავდა ხოლმე. ხშირად, უნებურად, ხელით შევხებივარ ცივ სხეულს და შემშინებია, არაერთხელ მიტირია კიდეც. ჩემი ბავშვობა კოშმარულ სიზმარს ჰგავდა.

- თქვენთან ერთად ვინც ალაგებდა სარდაფს, ის ქალი როგორ დაგამახსოვრდათ?

- იმ ქალის სახე კარგად მახსოვს, მაგრამ უკვე ცოცხალი აღარ არის... ძალიან ცელქი, მაგრამ ამავდროულად, დამჯერი ვიყავი. ერთხელ სტალინის ოთახის დალაგებაც კი დამავალეს. დაგვის დროს მაგიდის ქვეშ რაღაც ოქროსფერი, გრძელი "ტრუბკა" ვნახე და ისე მომეწონა, ავიღე, საგულდაგულოდ შევინახე. რამდენიმე საათის შემდეგ აჩოჩქოლდნენ მოსამსახურეები, - სატლინმა ყალიონი დაკარგაო. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ მივხვდი: ახლა რომ გაიგონ, მე ავიღე, მაწამებენ-მეთქი და მოპარული ნივთი საპირფარეშოში ჩავაგდე. ძალიან "ქვა" ვიყავი და რომ მოგეკალი, ვერ გამომტეხავდი. ხომ მაწამეს, მცემეს, მუხლებზეც დიდხანს დამაყენეს ქალებმა, - ოთახი ხომ შენ დაალაგე და იპოვიდიო, მაგრამ ვერაფერი დამაცდევინეს.

- სტალინს ხშირად ხვდებოდით?

- ცხადია, ზოგჯერ ვხვდებოდი ხოლმე დერეფანში. ის მოსამსახურეებს ცუდად არ გვექცეოდა. მაგრამ რაც იქ ვნახე, ეს საშინელება იყო. სხვათა შორის, ებრაელებს შტამპს რომ უკეთებდნენ, ხომ იცით? ჰოდა, მეც დაშტამპული ვარ - ზურგზე ახლაც მეტყობა ნიშანი.

- რა ნიშანზე ლაპარაკობთ?

- არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ კრემლში ასეთი დაღი ბევრ ადამიანს ჰქონდა...

- საქართველოში როგორ ჩამოხვედით?

- საერთოდ, კრემლში ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო და იქიდან ცოცხალი არავინ უნდა გასულიყო, მაგრამ ომის პერიდიოდში სიტუაცია იქაც აირია და მახსოვს, ერთ დღეს რუსმა ქალმა ხელი ჩამჭიდა და კრემლიდან გამოვიპარეთ. ჩავჯექით მატარებლში, რომელსაც ევაკუირებულები საქართველოში უნდა ჩამოეყვანა. კარგად მახსოვს, მატარებელს თვითმფრინავი აედევნა და უკანა ნაწილი დაბომბა, მაგრამ გამოვასწარით. შიგნით დაჭრილები იყვნენ და თუ ვინმე მოკვდებოდა, პირდაპირ ფანჯრიდან აგდებდნენ, ტრანსპორტის გაჩერების საშუალებაც კი არ ჰქონდათ...

საქართველოში ჩამოსულ მატარებელს ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ე.წ. ევაკუირებულებს სხვადასხვა ადგილას ანაწილებდნენ. ზამთარი იყო, ძალიან ციოდა და მე, სხვა ბავშვებთან ერთად, "ტაჩკით" წამიყვანეს სამტრედიაში, ეწერის საბავშვო სახლში, სადაც დეიდა მოგვიანებით მოვიდა - ირ, როგორც მზარეული, სამტრედიის "პრიუტში" გაანაწილეს. მიუხედავად იმის, რომ მარიამი ჩემზე ზრუნავდა, სხვების მსგავსად, შიმშილი მეც მტანჯავდა. პატარებს პური გვენატრებოდა და საბალახოდ დავდიოდით მინდორში, ტყეში. დიახ ბალახს ვძოვდით! ერთხელ ამოვთხარეთ რაღაც და გვეგონა, ბოლოკი იყო. ცხრა ბავშვმა გავიყავით "სასუსნავი" და მოვიწამლეთ. თურმე, ბოლოკი კი არა, "ჭიაფერის ძირი" (ასე ეძახდნენ) გახლდათ.

ჩვენი საპირფარეშო საცხოვრებელი შენობიდან 8-10 მეტრის მოშორებით მდებარე მდინარეზე იყო გადაყუდებული. იქ რომ მივდიოდით, ხშირად ვხვდებოდა წყლისგნ მოტანილი კარტოფილის ნაფრცქვენები. ჩვენი თავშესფრიდან ოდნავ მოშორებით, სამხედრო ნაწილი იყო და ისინი ნაფრცქვენებს პირდაპირ მდინარეში ყრიდნენ. ეს ყველაფერი ჩვენი საპირფარეშოს შენობასთან გროვდებოდა და ბავშვებს ამის დანახვა გვიხაროდა: ნათალი მიგვქონდა, ღუმელზე ვდებდით და როცა გაცხელდებოდა, ვჭამდით. აი, ასეთ მძიმე პირობებში გვიხდებოდა ცხოვრება.

ერთხელ თვითმფრინავმაც გადმოიარა და ბომბები ჩამოყარა, მაგრამ ბოსტანში ჩამოვარდა, შენობას არ დასცემია. თავშესაფრის დირექტორი იყო პარმენ სტურუა. მისი შვილი ახლა სამტრედიაში პროკურორად მუშაობს. მახსოვს, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა...

- ამ თავშესაფარში რამდენი ხანი იყავით?

- იქ რომ მიმიყვანეს, ქართულად ვერ ვლაპარაკობდი, რუსულ ყაიდაზე ვიყავი გაზრდილი. 8 წლისამ ძლივს ვისწავლე მშობლიური ენა და შვმიყვანეს ეწერის 8-კლასიან სკოლაში. როცა წამოვიზარდეთ, ბავშვები თავშესაფრიდან პროფესიულ სასწავლებლებში გაგვანაწილეს. მე მოვხვდი სართავ-სატრიკოტაჟო კომბინატის პროფესიულ სასწავლებელში. ბამბას ვრთავდით, ვქსოვდით და ა.შ. მაშინ ელენე თავაძე იყო სატრიკოტაჟო კომბინატის დირექტორი, მოადგილე კი გიორგი სანოძე გახლდათ. ერთ დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს კლუბში წარმოდგენა გაიმართებოდა. "ციმბირელის" სანახვად ჩვენც დაგვპატიჟეს. გოგონები შევიკრიბეთ და წავედით. სპექტაკლი რომ დასრულდა, ერთი გოგონა მოვიდა ჩემთან და მითხრა, ვიღაც კაცი გიბარებს საგრიმიოროშიო. შევედი. იქ დამხვდა კაცი, რომელიც "ციმბირელში" მთავარ როლს ასრულებდა და გრიმის გარეშე მისი დანახვისას უცნაური შეგრძნება დამეუფლა, აღელვებული უკან გამოვბრუნდი. დაქალმა მკითხა, - რა მოხდაო? არ ვიცი, უცნაური შეგრძნება მაქვს, ასე მგონია, ის კაცი მამაჩემია, მაგრამ ეს ხომ სისულელეა-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ის კაცი კომბინატის მთავარ ინჟინრად მუშაობდა.

- და თქვენ რატომ დაგიბარათ?

- ის მართლა მამაჩემი ყოფილა და ჩემი გაცნობა უნდოდა. გაუგია, ამა და ამ გვარის, ამდენი წლის გოგონა მოიყვანეს თავშესაფრიდანო და უფიქრია, - შეიძლება ჩემი შვილი იყოსო.

- ანუ გეძებდათ?

GzaPress- არა მგონია, მანამდე ჩემი მოძებნა ეცადა. ბოლოს და ბოლოს, მან იცოდა, რომ რუსეთში ვიყავი... მოკლედ, მაინც შევხვდით ერთმანეთს, მან რამდენიმე კითხვა დამისვა, მერე ხელი გადამახვია და მითხრა: შვილო, მე მამაშენი ვარ. საერთო საცხოვრებელში აღარ გაგაჩერებ, ჩემთან უნდა წაგიყვანოო. მაშინაც მამის გვარი მქონდა, სამტრედიაში, თავშესაფარში ჭყონიათი ვიყავი გაფორმებული. მერე მამამ მიამბო, რომ მისი დედა გათხოვილი ყოფილა სოფელ ჩიბათში, ზუგდიდის რაიონში. მერე იქიდან თურმე, ყაჩაღმა მოიტაცა და ზესტაფონში ჩაიყვანა. იმ კაცისგანაც ორი შვილი ეყოლა. მამაჩემი კი პირველი ქმრისგან ჰყავდა (12 წლისას გაუჩენია პირველი შვილი)...

მამას დედა ცოლად რომ მოუყვანია, როგორც ჩანს, ეს ამბავი ბებიას არ მოეწონა და როგორც წლების შემდეგ ერთმა ნათესავმა მითხრა, რძალი სახლიდან გაუგდია. მამამ კი ამბობდა: ფეხმძიმედ იყო, როცა მოულოდნელად დაიკარგაო. წლების შემდეგ, ყოფილი ქმრისთვის რუსეთიდან წერილი გამოუგზავნია: გოგო მეყოლა და შენი გვარი მივეციო...

სხვათა შორის, უკვე ვიცნობ მამის მხრიდან ნათესავებს, დედისიანებზე კი არაფერი ვიცი და ამის გამო გული მწყდება.

- მამის გაცნობის შემდეგ, საცხოვრებლად მასთან გადახვედით?

- სიმართლე გითხრათ, მამასთან ურთიერთობა არაფერში გამომდგომია. მისი სითბო ვერ ვიგრძენი... მის სახლშიც არ მიმიღეს და ალბათ, ამიტომაც ამიცრუვდა ნაპოვნ მშობელზე გული. მას ჰყავდა პოლონელი მეუღლე. თურმე, ერთ დღეს სადგურზე სწორედ იმ დროს გაიარა, როცა ევაკუირებული ხალხი ჩამოიყვანეს. ერთ ქალს მისთვის უთხოვია: ბინა ხომ არ გაქვთ, დროებით რომ ვიცხოვროთო. მამას ეს ქალის მოსწონებია და სახლში წამოუყვანია, მას კი თან და და დედაც გამოჰყვნენ.

თავიდან მამას სახლში არ მივყვებოდი: მე მშობელი არ მყავს-მეთქი და გავურბოდი. ერთხელაც, როცა დობილთან ერთად რაღაცაზე ვლაპარაკობდი, ოთახში შემოვიდა: ახლავე ჩაიცვი, ჩემს სახლში უნდა წაგიყვანოო. მეგობარს ვუთხარი, - წამომყევი-მეთქი. მისი ცოლი მაშინ სატრიკოტაჟო კომბინატში, ტელეგრაფისტად მუშაობდა. სახლში დამხვდა ორი ქალი: ერთი მოხუცი, ერთიც - ახალგაზრდა. მამამ გამაცნო, ეს ჩემი სიდედრია, ეს - ცოლის დაო. კარტოფილის ღვეზელი გამოგვიტანეს. მივირთმევდით, როცა მამაჩემის ცოლი მოვიდა და ჯერ კარში არ იყო შემოსული, ქმარს ჩხუბი რომ დაუწყო: რას მოიყვანე, ეგ აქ რად მინდაო? მისი სიტყვები კი გავიგე, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. მოგვესალმა, მერე მოფერება დამიწყო, - რა კარგი გოგო ხარო. ცოტა ხანში იქიდან წამოვედი... მთელმა ქარხანამ გაიგო, რომ მყავდა მამა და მაინც საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. რა გვექნა, თუ დედინაცვალს არ ვუნდოდი? მეც ახალგაზრდა, თავმოყვარე გოგო ვიყავი და მამაზე ვბრაზობდი. ერთხელაც დირექტორმა თავაძემ დამიბარა: ძალიან კარგი მამა გყოლიაო. - არ ვიცი, ეგ მართლა მამაჩემია თუ არა-მეთქი. - როგორ არა, ამაში თავად გამოგვიტყდაო. ბევრი მაქეზებდა: ინჟინერი კაცის შვილი აქ რატომ ცხოვრობო? ჰოდა, ერთხელაც გაბრზაებული, "ცხელ გულზე" გავიპარე.

- სად წახვედით?

- 2 დღე ქუჩაში ვიყავი, ღამეს კი მშენებარე ბინებში ვათევდი. მაშინ მშიშარა არ ვიყავი, მარტოობის ან სიბნელის რომ შემშინებოდა. ამასობაში თურმე, ჩემზე ძებნა გამოაცხადეს. 2 დღის შემდეგ ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიპოვა და რამდენიმე დღეს მასთან ვიყავი, მერე კი უკან დამაბრუნეს. მამამაც ამითვალწუნა: სად იყავიო? მეც მივახალე, -შენ როგორი მამა ხარ, ჩემზე რომ არ ზრუნავ-მეთქი? ახლა ვფიქრობ, რა ექნა იმასაც? სახლში ვერ მივყავდი და იმდენი ფულიც არ ჰქონდა, ჩემთვის ბინა რომ ეყიდა. მითხრა: ცოტა ხანს დამაცადე, წელი რომ მოვიმაგრო და თავშესაფარი მოგცეო... სხვათა შორის, რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი პოლონელი დედინაცვალი გარდაიცვალა და მამამ მესამე ცოლი მოიყვანა. ის ქალი პატიმარი გახლდათ, კომბინატში იყო მიმაგრებული და მამას გადაეკიდა. ჰოდა, მასაც შეეცოდა და შინ მიიყვანა. ამ ქალს შვილიც ჰყავდა.

ერთ დღეს კომბინატის დირექტორმა დამიძახა: შენ საიდან ჩამოხვედი საქართველოშიო? - ეგ მეც არ ვიცი- მეთქი, - ვუპასუხე, რადგან მარიამისგან (დეიდასგან) ვიცოდი, რომ სიმართლის თქმა საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანის ტოლფასი იქნებოდა. - მილიცაიმ დაგიბარაო, - მითხრა ცოტა ხნის შემდეგ. - არაფერი დამიშავებია და ნეტავ, რა უნდათ-მეთქი? - გავიკვირვე. მეორე დღეს მოვიდა გამომძიებელი და დაიწყო ჩემი დაკითხვა: როგორ მოხვდი საბავშვო სახლში, საიდან ჩამოხვედი, ვინ მოგიყვანაო? ვუთხარი: არ ვიცი. მახსოვს მხოლოდ ის, რომ ზამთარში, სიცივეში ცხენებით მიმიყვანეს, სხვა არაფერი ვიცი-მეთქი. რა გამოეპარებოდა და გამაფრთხილა: ამ საერთო საცხოვრებლიდან არსად წახვიდეო. ამის შემდეგ თავაძემაც მითხრა: როგორც ვიცი, რაღაც მძიმე დანაშაულზეა ლაპარაკი. შეიძლება, სხვამ დააშავა და შენ გბრალდება, ამიტომ გამომძიებელს ყველაფერი უნდა უამბოო. ეს რომ მითხრა, გონება ამერია. ვიფიქრე, ახლა მართლა დამიჭერენ-მეთქი და საერთო საცხოვრებლიდან გავიპარე. მას მერე ამერია გზა-კვალი...

- ალბათ, მამასთან მიხვედით დახმარების სათხოვნელად...

- არა, იმ საღმოს კიკვიძის ბაღში ვიჯექი და ვტიროდი. წვიმდა. ამ დროს გამოიარა ერთმა ქალბატონმა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. ძალიან მოხუცი იყო. მკითხა: აქ რატომ ხარ? თუ გინდა, ჩემთან წამოდი, აქვე ვცხოვრობო. გავჯიუტდი, - არა-მეთქი. - აქვე ვცხოვრობ, ხომ ხედავ, წვიმს, ცოტა ხანი ჩემთან იყავი და როცა გამოიდარებს, მერე სადაც გინდა, წადიო. გავყევი. თეთრად შეღებილი პატარა კოხტა ბინა ჰქონდა. კედლებზე ხატები, ბავშვების სურათები ჰქონდა. ამ ქალმა სუფრა გააწყო და მიამბო: კიევიდან წამოვედი ომის პერიოდში. ორი შვილი მყავდა და ორივე ხელში ჩამაკვდაო. ძალიან შემეცოდა...

იმ საღამოს იქ დავრჩი. დილით წამოსვლა რომ დავაპირე, მითხრა: სახლი შენ არ გაქვს და კარი. აქ იყავი მანამ, ვიდრე თავშესაფარს იპოვი, ეს მეც მჭირდებაო. დავრჩი. საცოდავი, ხშირად ავადმყოფობდა. მან კიდევ ერთი სიკეთე გააკეთა და სიკვდილის წინ თავისი ბინა გადმომიფორმა, - შვილი არ მყავს, შენ გქონდეს. დიდი ვერაფერია, მაგრამ თავშესაფარი გექნებაო. ამ ქალს ბოლომდე ვუპატრონე და მისი დამარხვაც ჩემს თავზე ავიღე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ლიკა ქაჯაია