ფერადი სამყარო და ცხოვრების წესად ქცეული სიკეთე - გზაპრესი

ფერადი სამყარო და ცხოვრების წესად ქცეული სიკეთე

მას შემდეგ ორი წელი გავიდა. ამასობაში, პატარა ნინის ბენეფიციარებთან მუშაობა და მათზე მზრუნველობა ცხოვრების წესად ექცა და მათი ფერადი სამყაროს ნაწილიც გახდა. ამბობს, რომ სიამოვნებას ჰგვრის და ენერგიით ავსებს გულწრფელ, მოსიყვარულე ადამიანებთან ურთიერთობა. მოუთმენლად ელოდება ყოველ ხუთშაბათს, როცა გაკვეთილების შემდეგ დღის ცენტრის კარს შეაღებს, იქ კი უფროსი მეგობრები ჟრიამულით შეხვდებიან.

- 63-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასში ვსწავლობ. 12 წლიდან "ჰელფინგ ცენტრის" მოხალისე ვარ. ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ღონისძიებაში, ფორუმებსა და გამოფენებშია ჩართული, რაშიც მეც აქტიურად ვმონაწილეობ. ამ არასამთავრობო ორგანიზაციიდან გავიგე ასოციაცია "ანიკას" არსებობის შესახებ და გამიჩნდა სურვილი, მეც მქონოდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება. ახლა იმდენად აღარ, მაგრამ არც თუ შორეულ წარსულში ჩვენი საზოგადოება გულგრილი იყო შშმ პირების მიმართ. მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა მათთან ურთიერთობას და როგორები იყვნენ ისინი სინამდვილეში? დავწერე სამოტივაციო წერილი და გავხდი ამ სკოლის მოხალისე. ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ.

- როგორ ფიქრობ, გამოგივიდა მათთან ურთიერთობა?

GzaPress- ჩემამდე ცენტრში ჩემზე უფროსი მოხალისეები იყვნენ, ძირითადად ისეთები, რომლებიც ინკლუზიურ განათლებას იღებდნენ. მე ვიყავი პირველი მცირეწლოვანი მოხალისე - საქართველოში კი ეს კულტურა სიახლეა. შენობაში შემოვედი თუ არა, ვიგრძენი, ამ ადამიანებისთვის უცხო გახლდით და დაიბნენ... მასწავლებელმა წარმადგინა. მათ უთხრა, რომ 12 წლის ვიყავი. მოსწავლეებმა გაიკვირვეს, - ჩვენზე პატარა ხარ, შენ რა უნდა გვასწავლოო? ვიფიქრე, მათ ვერ შევეგუებოდი, მაგრამ მერე თანდათან დავახლოვდით და ახლა, როცა აქ მოვდივარ, ბავშვები სიხარულით მხვდებიან. ამ ადამიანებთან ურთიერთობა ძალას, ენერგიას მმატებს, მაბედნიერებს.

- რა მოგცა ბენეფიციარებთან ორწლიანმა ურთიერთობამ?

- მათთან არ არის ჩემი და შენი. ეს ძალიან თბილი სამყაროა, უბოროტო. აქ ყველანი თანასწორები და გულწრფელები არიან. ცდილობენ, სითბო გაგინაწილონ, მოგაწონონ და შეგაყვარონ თავი. ჩემთვის მათთან გატარებული თოთოეული წამი ძალიან კარგ ემოციასთან ასოცირდება. მათთან ურთიერთობამ ბევრი რამ შემმატა. პირველ რიგში, გავხდი კომუნიკაბელური, მანამდე კი ცოტა არ იყის, ჩაკეტილი ვიყავი, არ მქონდა საკუთარი თავის იმედი.

- როგორ შეხვდნენ მშობლები შენს გადაწყვეტილებას? ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ხარ და ბუნებრივია, ბევრი სამეცადინო გექნება...

- მშობლებს ძალიან გაუხარდათ და შემაქეს. დედას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ბავშვებთან კარგი ურთიერთობა დავამყარე. აი, მეგობრები კი მეუბნებოდნენ: მოგცლია, ტყუილად კარგავ დროს; არ ჯობია, ჩვენთან ერთად გაერთოო? ახლა ბევრ მათგანს სურს მოხალისეობა, ამ საქმით დაინტერესდნენ.

- კონკრეტულად როგორ მუშაობ "ანიკას" ბინადრებთან, მათ რით ეხმარები?

- მომაქვს ზღაპრები, მოთხრობები და იგავ-არაკები. ბავშვებს ჯერ ვუკითხავ, შემდეგ ერთად ვაანალიზებთ, ვმსჯელობთ, ვაჯამებთ, ვსვამთ კითხვებს: ვინ იყო კეთილი პერსონაჟი, ვინ - ბოროტი, რა მოეწონათ, რა - არა, რა გვასწავლა, რა არ უნდა გავაკეთოთ და ა.შ. მერე ვყვებით გასული დღის ან კვირის მნიშვნელოვან ამბებს. ეს ადამიანები დილის 10 საათიდან 6-ის ნახევრამდე ცენტრში არიან, მათთვის აქაურობა მეორე ოჯახია. ამ ადამიანებს სხვადასხვა სასკოლო საგანსაც ვასწავლით; ძირითადად, მეხუთე-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებით ვმეცადინეობთ მათემატიკაში, ქართულში, ბუნებასა და ინგლისურში. აქ ყველას ინდივიდუალურად, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა მიუდგე ისევე, როგორც ჩვეულებრივ სკოლებში ხდება... სხვათა შორის, ახლახან ჩართული გახლდით პროექტში - "ლიდერი გოგონები მშვიდობის მშენებლობაში", რომელშიც აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც მონაწილეობდნენ.

GzaPress

- რას აპირებ სამომავლოდ, რისთვის ემზადები?

- როდესაც მეკითხებიან, ვინ უნდა გამოხვიდეო, ყველას ჰგონია, რომ არჩევანს გავაკეთებ ინკლუზიურ განათლებაზე, ფსიქოლოგიაზე ან ფსიქოთერაპიაზე, მაგრამ სრულიად განსხვავებული სფერო მაქვს არჩეული - მინდა, დიპლომატი გავხდე. სხვათა შორის, ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრიც ვარ. ახლახან თავისუფალი პარლამენტის მართვის სკოლაში მოვაწყვეთ ღონისძიება "გაიღიმე", რომელშიც "ანიკას" ბენეფიციარებმა მიიღეს მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, მაყურებელს დაემსხვრა სტერეოტიპები და დარწმუნდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. შშმ პირებს შეუძლიათ ცეკვა, ქარგვა, აქვთ განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში ჩვენნაირ ადამიანებს არც ჰქონდეთ.

ნინისთან საუბრის დასასრულს, ჩემი გაცნობის მომლოდინეებით აივსო ოთახი. ისინი სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ჩემთვის თავის მოწონებას და მომენტალურად მოინადირეს კიდეც ჩემი გული.

მარიამი, 23 წლის:

- დიდი ხანია, აქ ვსწავლობ. მიყვარს ბისერებით ქარგვა. ვხატავთ, წერა-კითხვას და მუსიკას ვსწავლობთ. ცეკვა მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით - "აჭარული". ნინი ძალიან კარგი გოგოა და ჩვენთან რომ მოდის, ყველას გვიხარია. ის ბევრს გვიკითხავს, ჩვენთან ერთად თამაშობს.

მარიამი, 21 წლის:

- ვისწავლე წერა-კითხვა, ხატვა. აქ ყველანი და-ძმები ვართ. სოფო მასწავლებელი მიყვარს ძალიან, ნინიზე კი ვგიჟდები. კარგად ერკვევა ბავშვების ფსიქოლოგიაში და უყვარს ჩვენთან ყოფნა. ბავშვებს სულ გვეფერება.

ანა, 25 წლის:

GzaPress- მიყვარს შრომა, ამიტომაც "მაკდონალდსში" დავიწყე მუშაობა - ბუშტებს ვბერავ. კიდევ, ვთამაშობ მაგიდის ჩოგბურთს, შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა და პირველ ადგილზე გავედი. მიყვარს აქ ყოფნა, ხატვა, წერა. ვაწყობთ გამოფენებს. ნინი გვიკითხავს მოთხრობებს და მერე ვხატავთ პერსონაჟებს. ლექსებსაც გვასწავლის.

სოფიო ჩხაიძე, "ანიკას" დღის ცენტრის პედაგოგი:

- ორი წელია, ნინი ჩვენთან დადის. მას ჩვენ არ ვთავაზობთ განრიგს, გეგმას, ყველაფერს თვითონ არჩევს. ყოველთვის მომზადებული მოდის, სიახლეებით დატვირთული, ბავშვებისთვის მოაქვს გამოცანები, ლიტერატურა... ჩვენს მოსწავლეებს უხარიათ მისი სტუმრობა. თუ დააგვიანდა, წუხან, - ალბათ, საქმე ჰქონდაო. 12 წლის ასაკში ადამიანს მოხალისეობის სურვილი რომ გაუჩნდება და ასეთ რთულ საქმეს შეეჭიდება, ეს მართლაც, გმირობაა. ჩვენ ერთად ბევრ რამეს ვაკეთებთ, ვაწყობთ ზეიმებს და ვცდილობთ, ბენეფიციარებს ცხოვრება გავულამაზოთ. ბავშვებიც ძალიან მონდომებულები არიან და ცდილობენ გაგვახარონ, ითვალისწინებენ პედაგოგების რჩევებსა და სურვილებს. ჩვენი მიზანი საზოგადოებაში მათი ინტეგრირებაა. ბენეფიციარები საინტერესოდ ხატავენ და ხშირად ვაწყობთ გამოფენას. მათი მონაწილეობით ორი სპექტაკლი დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში.

P.S. დადებითი ემოციებით სავსე, ნინისა და მის მეგობრებს დავემშვიდობე. მასპინძლები სათითაოდ გადამეხვივნენ და საგზლად არნახული სითბო, ჩემთვის სახელდახელოდ დახატული მზე, გულები და ცისარტყელა გამომატანეს.

ნანა ფიცხელაური