"როცა ბინიდან გამოგვასახლეს, ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო..." - გზაპრესი

"როცა ბინიდან გამოგვასახლეს, ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო..."

4 წლის წინ, ისინი კერძო იპოთეკარებმა საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. მაშინ ნინო მეოთხე ბავშვზე ყოფილა ფეხმძიმედ. სარდაფი, სადაც 5 ბავშვი იზრდება, ძალიან პატარაა - სულ 15 კვ/მ. გახლავთ (ამ ფართშია სამზარეულოც, საძინებელიც და საპირფარეშოც). მათთან მისულმა გაკვირვება ვერ დავფარე: ბავშვები ასეთ სინეტეში როგორ ძლებენ-მეთქი? - ბევრს ვწვალობთ და კიდევ უფრო მეტს ვითმენთ. მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მაინც გვიხარიაო, - მითხრა მამა იოანემ. ცნობისათვის, ეს სარდაფი იმ ბინის ქვეშაა, სადაც წინათ ცხოვრობდნენ.

- მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ - ნინო ბერულვამ, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, ერთმანეთი 18 წლის ასაკში, ვარციხეში, ტაძარში გავიცანით. თავად ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. 13-14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მოძღვარი, დეკანოზი მარკოზ სვანიძე გავიცანი. მისი დამსახურებაა, რომ თინეიჯერი ბიჭი ცუდ გზას არ დავადექი.

- მშობლებმა რა გითხრეს, როცა ეკლესიური ცხოვრება აირჩიეთ?

GzaPress- იმ პერიოდში დედა თბილისში იყო, აქ მუშაობდა, თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა, მე კი მამასთან და ბიძასთან ერთად ვიზრდებოდი. დედას, რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილება გაუხარდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ადამიანებს უფლის რწმენა არ ჰქონდათ და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იძახდნენ, - ღმერთის გვწამს და მღვდელის არაო... 14 წლის ბავშვი ახლობლებს ვუხსნიდი, რომ ღმერთი არსებობს და უფლის რწმენის გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევთ... გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩემი მოძღვარის ლოცვა-კურთხევით, სტიქაროსანი გავხდი. დღეს უამრავი ახალგაზრდა ცხოვრობს ეკლესიურად, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. ტაძარში ძირითადად, ასაკიანი ადამიანები დადიოდნენ...

ნინო:

- ვიდრე მომავალ მეუღლეს გავიცნობდი, ტაძარში მანამდეც დავდიოდი, მაგრამ მოგვიანებით რა თქმა უნდა, უფრო მეტად მორწმუნე გავხდი.

- საცხოვრებლად თბილისში რატომ გადმოხვედით?

მამა იოანე:

- დაქორწინების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, ქუთაისში ვცხოვრობდით. 10 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ, მამაო ბესარიონის დახმარებით, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე და მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ისევ მამაო ბესარიონისა და პატრიარქის ხელდასმით დიაკონი გავხდი. შემდეგ, წელიწად-ნახევარში, პატრიარქის ლოცვითა და ხელდასმით მღვდელმსახურების უფლებაც მომეცა. მამაო ბესარიონი ის ადამიანი, რომლის მხარში დგომით გადავიტანე ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი. ის მუდამ ჩემი ოჯახის გვერდითაა და ეს თავშესაფარიც სწორედ მისი დამსახურებით გვაქვს.

GzaPress

- თქვენი უფროსი შვილი რამდენი წლისაა?

- უფროსი 9 წლისაა, მეორე - ნანუკა 8-ის, ილია - 7-ის, ბარბარე - 3-ის, ხოლო ნაბოლარა მარიამი, რომელიც ჩემს დაბადების დღეს მოევლინა ქვეყნიერებას, წლისა და 7 თვის გახლავთ.

- დედათქვენიც აქ ცხოვრობს?

- როგორც ხედავთ, ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთ და აქედან გამომდინარე, დედა ჩემს დასთან გადავიდა.

- როგორც ვიცი, კერძო იპოთეკარებმა სახლი წაგართვეს და 5 შვილით ქუჩაში დარჩით...

- დიახ, ასე იყო. ამ ამბის გახსენებაც კი არ მინდა. რთული პერიოდი გადავიტანეთ და უფლის წყალობით, დღეს ქუჩაში არ ვართ, თავშესაფარი გვაქვს.

- რატომ გახდა აუცილებელი, სახლი იპოთეკით დაგეტვირთათ?

GzaPress- ოჯახის ახლობელს 54 ათასი დოლარი რაღაც საქმისთვის სჭირდებოდა და დედამ სახლი კერძო იპოთეკარებთან ჩადო. დიდი, კომფორტული ბინა გვქონდა და ბედნიერად ვცხოვრობდით. ის კაცი, ვის გამოც სახლი ჩავდეთ, სესხის პროცენტებს რამდენიმე თვე კი იხდიდა, მაგრამ მერე გაუჩინარდა, მისი ასავალ-დასავალი ვეღარ გავიგეთ. არადა, დედა მას ძალიან ენდობოდა... იპოთეკარებიც ძალიან ცუდად მოგვექცნენ: ბინას ყადაღა დაადეს და იმის საშუალებაც არ მოგვცეს, სახლი გაგვეყიდა, მათი თანხა გადაგვეხადა და დარჩენილი თანხით ბინა დაგვეგირავებინა მაინც. გვეუბნებოდნენ: სასწრაფოდ დაცალეთ სახლი, 80.000-დოლარიანი კლიენტი გვყავსო. სულ 4 იპოთეკარი იყო და ყველაზე მეტს ის 2 ქალბატონი ყვიროდა, რომლებსაც ნაკლები თანხა ჰქონდათ ჩადებული. ამ ფაქტით ყველა ჩვენი ახალობელი შეწუხდა. დავტრიალდით, ფული ვისესხეთ, მაგრამ 20 ათასი დოლარი ძლივს შევაგროვეთ ანუ ჩვენი მცდელობა ამაო აღმოჩნდა... იპოთეკარებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ღია ცის ქვეშ დავრჩენილიყავით...

- სარდაფი, სადაც ახლა ცხოვრობთ, მეზობლებმა დაგითმეს?

- დიახ, ჩვენ ირგვლივ უამრავი კეთილი ადამიანი ცხოვრობს, თითოეულმა გულთან მიიტანა ჩვენი მდგომარეობა. აქ, სადაც ახლა ვცხოვრობთ, 5 მეზობლის სარდაფი იყო... სახლის დაკარგვა განსაკუთრებით მძიმედ ნინომ განიცადა. მას ხომ 9 წლის ასაკშიც მოუხდა საცხოვრებლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გადატანა. საბედნიეროდ, ღამის ქუჩაში გათევა არ დაგვჭირდა, რადგან ნინოს მშობლებმა შეგვიფარეს და გარკვეული პერიოდი მათთან ვცხოვრობდით. მანამდე ამ სარდაფს ვასუფთავებდი. აქ ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე, ამოვჭერი ფანჯრები, შევლესე კედლები, შემოვიყვანე ბუნებრივი აირი, შუქი და ამის შემდეგ გადმოვიყვანე ნინო და ბავშვები. გაზაფხულზე, როცა ხშირი წვიმებია, მთელი სარდაფი წყლით ივსება.

ნინო:

- წყალი პირველად რომ შემოგვივარდა, ბავშვები ლამის გაგიჟდნენ შიშისგან... ახლა, როცა წვიმს, დგანან და ლოცულობენ, რომ ჩვენი საცხოვრებელი არ დასველდეს. ბავშვები მთელი ზამთარი ავად გვყავდა, რადგან აქ საშინელი სინესტეა.

- დედისთვის არასდროს გისაყვედურიათ, რომ მის გამო საცხოვრებელი დაკარგეთ?

მამა იოანე:

- ამ თემაზე არაერთხელ გვილაპარაკია და თვითონაც ძალიან განიცდის ამ ამბავს. არ ეგონა, რომ ის ადამიანი, ვისაც ენდო, ასე გაწირავდა. ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ საცხოვრებელს შევინარჩუნებდით.

- ამ ეტაპზე რა არის თქვენი შემოსავალი, რით არჩენთ ოჯახს?

GzaPress- სოციალურ დახმარებას ვიღებთ და კიდევ, მაქვს მცირეოდენი შემოსავალი შემოწირულობიდან. ასევე, გვეხმარებიან კეთილი ადამიანები.

- ახლა რომელ ტაძარში მსახურობთ?

- ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ვეწევი მღვდელმსახურებას.

- რამდენი წლის ბრძანდებით?

- 30-ის გახლავართ და ბედნიერი ვარ, ამ ასაკში 5 შვილი რომ მყავს.

- კიდევ აპირებთ შვილები ყოლას?

- ეს ყველაფერი უფლის წყალობით ხდება. უფალი რამდენ შვილსაც მოგვცემს, იმდენს გავაჩენთ!

- ბავშვებს საკმარისი სამოსი თუ აქვთ?

- იციან, ბევრი შვილი რომ მყავს და ჩემს მრევლს მოაქვს მათთვის სამოსი. ჩვენ ამას არ ვუკადრისობთ. უფლის წყალობით, მთავარია, შიშვლები არ არიან. ამისთვის მადლობა ღმერთს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში გვიდგას.

- ბავშვები როგორი მოსწავლეები არიან?

- კარგად სწავლობენ, მაგრამ უჭირთ ამ ერთ ოთახში მეცადინეობა, ერთმანეთს ხელს უშლიან... საოჯახო საქმეებით ყველაზე დატვირთული ნინოა, მე კი მთელი დღე ტაძარში ვარ. ცუდია, რომ ჯანმრთელობაც არ უწყობს ხელს, თირკმელების პრობლემა აქვს. ზამთარში მთელი 2 კვირა საავადმყოფოში გაატარა, რადგან თირკმელები დაუჩირქდა. სააბოლოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კვალიფიციური ექიმების წყალობით, ახლა ნინოს ავადმყოფობა მკურნალობას ექვემდებარება.

ნინო:

- რომ არა მამა იოანე, ამდენ რამეს ვერ გადავიტანდი. ამ ციცქნა ოთახში 5 შვილს ვზრდით და ერთ ტახტზე 4 ადამიანს გვძინავს, ამ პატარა დივანზე კი სამი ბავშვი წვება.

- პრეტენზიულები არ არიან?

- ხანდახან ითხოვენ რაღაცებს, ძირითადად - ტკბილეულს, მაგრამ როცა ვამბობთ, - "არ გვაქვს", ამის გაგებაც შეუძლიათ.

- ნინო, პროფესიით ვინ ხარ?

- ფარმაცევტი ვარ. თუმცა, არა მგონია, ოდესმე პროფესიით მუშაობის შესაძლებლობა მომეცეს. შვილებს მოვლა სჭირდებათ.

მამა იოანე:

- ნანუკას გრძელი თმა ჰქონდა და შეჭრა ძალიან უნდოდა. ჰოდა, ამას წინათ ნინომ სალონში წაიყვანა და სახლში ფულიც მოიტანეს: თურმე, თმა 35 ლარად უყიდიათ (იღიმის).

ნანუკა:

- მაღალძირიანი "ბოტასების" ყიდვა მინდოდა, მაგრამ დედა მითხრა, - 35 ლარად ვერ იყიდიო...

ნინო:

- წინასაახალწლოდ ბავშვები ეზოში ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ახალ წელს თოვლის ბაბუამ ვის რა უნდა მოუტანოსო? ნანუკას უთქვამს, ჩვენ ახალ წელს ქუჩაში ვხვდებითო. - რატომო? - უკითხავთ ბავშვებს. - იმიტომ, რომ იმ სარდაფში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თოვლის ბაბუა ვერ მოგვაგნებსო. ამის შემდეგ ნანუკას ერთ-ერთ მეგობარს სკოლაში თოვლის ბაბუასთვის წერილი დაუწერია: მე არაფერს გთხოვ, მხოლოდ ერთი სურვილი შემისრულე, ჩემს მეგობარ ნანუკას, რომელსაც სახლი არ აქვს, ახალ წელს საჩუქრები მაინც მიუტანეო... ამ წერილის წაკითხვის შემდეგ კლასში ყველა ატირებულა... თოვლის ბაბუამ ნანუკას მეგობრის თხოვნა გაითვალისწინა და ბავშვებს საჩუქრები მოუტანა.

- იმ ბინაში, რომელიც ადრე თქვენ გეკუთვნოდათ, ახლა ვინ ცხოვრობს?

GzaPress

მამა იოანე:

- არავინ ცხოვრობს. ვინც გაიგო იმ ბინიდან ჩვენი გამოსახლების ამბავი, იქ შესვლა აღარ უნდება... 3 წელია, დაკეტილია.

- გაქვთ იმედი, რომ ოდესმე საკუთარ სახლს დაიბრუნებთ?

- არ ვიცი, ყველაფერი უფლის ნებაა. ყველაზე მეტად იცით, რამ გამაკვირვა? როცა ამ სარდაფს საცხოვრებლად ვაწყობდით და კედელი გავჭერი, სადაც კარის ჩასმას ვაპირებდი, ერთ-ერთმა იპოთეკარმა მერიაში მიჩივლა, - ხედს აუშნოებსო... არ უნდოდათ, რომ აქ გვეცხოვრა. ჩემი დიდი ოცნებაა, თბილისთან ახლოს სადმე სოფელში ერთი პატარა სახლი მქონდეს, სადაც ყველაფერს ჩემი ხელით გავაკეთებ. იმედია, ამ ოცნებას უფლის წყალობით ავისრულებ.

P.S. თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მამა იოანეს ოჯახის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(98) 79.74.91.

სოფო ჭონიშვილი